რა განსხვავებები დაინახა ირინა სარიშვილმა ქალსა და მამაკაცს შორის და რატომ არ მოსწონს მას ფემინიზმი
მამაკაცების საზოგადოებაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. გაბედულია და არც ვაჟკაცობაში ჩამოუვარდება ძლიერი სქესის წარმომადგენლებს – არც არაფრის ეშინია. ყოველ შემთხვევაში, გარეშე თვალისთვის ასე ჩანს. შვილებიც ბიჭები ჰყავს და მათი გაგება არ უჭირს. მაგრამ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ქალბატონი ირინა სარიშვილი სულაც არ არის ქალის და მამაკაცის ზედმეტად გათანასწორების მომხრე და ამაზე ლაპარაკსაც კი საფრთხედ მიიჩნევს.
ირინა სარიშვილი: გამომდინარე იქიდან, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია, მარტო ვცხოვრობ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ „კაცის ტყავში“ ყოფნაც ხშირად მიწევს.
– კაცად დაბადება თუ არის უპირატესობა?
– ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არის. კაცისთვის ბევრად უფრო ადვილია არჩევნის გაკეთება და ის თვითონ განსაზღვრავს თავის ცხოვრებას, გარე ფაქტორებზე დამოუკიდებლად. კაცის გადაწყვეტილებაზე არ მოქმდებს არც ის, რომ რაღაცას გაუწიოს ანგარიში, რაც, ქალისთვის, პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ქალი ყველაფერზეა დამოკიდებული: გარემოებებზე, მამაკაცზე და, შესაძლებელია, მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეეცვალოს ცხოვრება უარესობისკენ – აირიოს, ან ისე არ წავიდეს, როგორც უნდა წასულიყო.
– ამას ამბობს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დამოუკიდებელი ქალბატონი?
– (იცინის) ყველა ქალი ამას ფიქრობს, სუსტიც და ძლიერიც, მიუხედავად იმისა ხმამაღლა ამბობს, თუ არა. იმიტომ, რომ ეს არის ფაქტი.
– მეგონა, რომ კმაყოფილი იყავით საკუთარი სქესით.
– დავიწყოთ იმით, რომ, როგორც ქრისტიანებს, არაფერზე არ გვაქვს, წუწუნის უფლება მით უმეტეს, იმაზე, რატომ კაცად არ გავჩნდი, ან, პირიქით, ქალად რატომ არ დავიბადეო, რაც ძალიან არასწორია და არ შეიძლება. ცხოვრება ისეთი უნდა მიიღო, როგორსაც ღმერთი გაძლევს. უფლის არჩევანია, ქალად დაიბადები, თუ კაცად. პირადად მე, არ მიმაჩნია, რომ, რადგან კაცად არ დავიბადე, ამით ძალიან ბევრი დავკარგე. თუმცა, ჩემი ცხოვრებისეული არჩევნიდან გამომდინარე, კაცი რომ ვყოფილიყავი, ბევრი რამის გაკეთება უფრო გამიადვილდებოდა, მაგრამ, ისიც საკითხავია, ცოცხალი თუ ვიქნებოდი, საერთოდ (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ბევრად ნაკლებ დროსა და ენერგიას დავხარჯავდი, ვიდრე როგორც ქალს დამეხარჯა.
– ანუ, მეტი ბრძოლა დაგჭირდათ თვითდამკვიდრებისთვის?
– მე არ ვიცნობ, ჩემ გარშემო ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბრძოლის გარეშე იმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში. ანუ, თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა სჭირდება ყველას, ვისაც უნდა, რომ რაღაცას წარმოადგენდეს, ამაზე არ არის ლაპარაკი. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ნაკლებად ვიქნებოდი გარემოებებზე დამოკიდებული, გადაწყვეტილებების მიღებაშიც და არჩევანშიც მეტი თავისუფლება მექნებოდა. რადგან, ქალს, რომელიც კაცივით იღებს გადაწყვეტილებებს, ცხოვრებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს იმის ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს.
– კაცები უფრო ადვილად გაურბიან პასუხისმგებლობასაც, თითქოს უფრო ეგოისტებიც არიან...
– მე როცა ვამბობ, რომ კაცის ცხოვრება უფრო იოლია-მეთქი, ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ის უპასუხისმგებლოა. უბრალოდ, რაღაც საკითხში ქალის პასუხისმგებლობა უფრო ძლიერია, რაღაცაში კი, პირიქით – კაცის. ეგოისტი კი ყველაა – ეს არც ქალს აკლია და არც კაცს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს თვისება არ ექნება. ანგელოზი არავინ არის და ფრთები არავის აქვს. დედაა და ეგოისტი ვერ იქნებაო – მცდარი მოსაზრებაა. სწორედ დედური ეგოიზმია განსაკუთრებით ძლიერი. დედას ყოველთვის ეგოისტურად უყვარს თავისი შვილი, მამას – უფრო ობიექტურად. დედისთვის აბსოლუტურად ყველანაირი შვილია მისაღები, კაცის მკვლელიც კი. რაც შეეხება ქალსა და კაცს შორის განსხვავებას, კაცი უფრო მშიშარაა. ამაში იგულისხმება ცვლილებების, ნებისმიერი სიახლის შიში. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება მამაკაცთან – მამასთან, ძმასთან, ქმართან თუ საყვარელთან, მშვენივრად იცის, რა დღეშია ის, როცა ის ავად ხდება. მამაკაცი ნაკლებად ამტანია და ცხოვრებისეულ პრობლემებსაც უფრო გაურბის, ვიდრე ქალი. მოგებულია თუ არა ამით ქალი – ეს ცალკე სასაუბრო თემაა.
– თუ კაცის ფიზიკურ მონაცემებს გავითვალისწინებთ, წესით, ის უფრო ამტანი უნდა იყოს.
– საქმეც ეგაა, რომ აქ ფიზიკურ მონაცემებზე არ არის ლაპარაკი. სწორედ იმიტომ, რომ მამაკაცი ფრთხილი და ძალიან წინდახედულია, ის განსაკუთრებით უფრთხილდება თავს. ერთი შეხედვით ყველაზე დაუდევარი მამაკაციც კი, ნებისმიერ ქალზე მეტად ზრუნავს საკუთარ თავზე. ის ქალზე გაცილებით კონკრეტულად განსაზღვრავს თავის მომავალსაც, ოჯახის შექმნის ჩათვლით. ნებისმიერი რომანის ტიპის ურთიერთობა ქალისთვის შეიძლება იქცეს ტრაგედიად, მაშინ როცა მამაკაცი ამით პრობლემას არ შეიქმნის. აი, აქ უკვე ქალების სისუსტე ჩანს. მამაკაცთან ურთიერთობა ქალების უმრავლესობისთვის ცხოვრების ნაწილია, კაცისთვის კი – პატარა ეპიზოდი და ის ყოველთვის ზუსტად განსაზღვრავს, სად იწყება მისთვის სერიოზული ურთიერთობა. ქალისა და კაცის ურთიერთობის ყველაზე მტკივნეული მხარეც სწორედ ეს არის. ქალის პიროვნული სიძლიერე ისაა, რომ ღირსეულად გამოვიდეს ასეთი სიტუაციებიდან, არ იგრძნოს თავი დათრგუნულად, დამცირებულად, არ გაბოროტდეს და არ დაკარგოს ქალის თვისებები, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც, შეიძლება, მას ამ დროს, ჰქონდეს. კაცს რომ ჰგვანან საქციელით და მანერებით, ისეთი ქალები არასდროს მომწონებია და, ეჭვი მეპარება, რომელიმე მამაკაცს მოსწონდეს. არც კაცი უნდა გახდეს ქალის მაგვარი და არც ქალი უნდა დაემსგავსოს კაცს. მე არ მიმაჩნია, რომ ნორმიდან გადახვევა ორიგინალურია და მისაღები, მით უმეტეს – ამ საკითხში. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მამაკაცები გაცილებით კარგად ინარჩუნებენ სიმშვიდეს, როცა საქმე გრძნობებს ეხება. თუ მის ცხოვრებაში მართლა ძალიან გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ისიც იცის, როდის უნდა მოიყვანოს ცოლი.
– გაუთვალისწინებელი, ალბათ ის არის, ქალი რომ მოინდომებს და „შეგაბამს“.
– თუ ქალმა მოინდომა, მართლა თუ მოინდომა და, თუ სულ „ქათამი“ არ არის, ნებისმიერ მამაკაცს „შეაბამს“. ქალისთვის არ არსებობს „შეუბმელი“ კაცი. იმ მამაკაცსაც კი, რომელსაც თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია და დარწმუნებულია იმაში, რომ ვერავინ აჯობებს, მინდომებული ქალი აუცილებლად „შეაბამს“ (იცინის). არ არსებობს, მან კაცს ის არ გააკეთებინოს, რაც თვითონ უნდა. აქ უკვე ქალის არჩევანზეა დამოკიდებული. ანუ, იცით, რაშია განსხვავება? რა მინდა მე – უპრინციპო სათამაშო, რომელსაც არ ვცემ პატივს, მაგრამ ვაკეთებინებ იმას, რაც მე მინდა, თუ, მჭირდება კაცი, რომელიც საკუთარ „მეს“ პატივს სცემს.
– როცა ქალზე ამბობენ, კაცის ჭკუა აქვსო, არის თუ არა ეს კომპლიმენტი?
– ჩვეულებრივ, ამას ამბობენ იმ შემთხვევაში, როცა უნდათ თქვან, რომ ქალი ჭკვიანია. მაგრამ, არ მგონია, ქიმიური შემადგენლობით ქალისა და კაცის ჭკუა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.
– ამბობენ, რომ ქალის ჭკუა ცოტათი მსუბუქია...
– ეს ის შემთხვევაა, როცა შესაძლებელია, რომ მსუბუქი უფრო ღირებული, მუშა, სასარგებლო და ძვირფასი იყოს, ვიდრე მძიმე (იცინის). ქალის ჭკუა, ჩემი აზრით, არის უფრო ელასტიკური, უფრო დიპლომატიური და მოიცავს თითქმის ყველანაირი კომპრომისის შესაძლებლობას, მაგრამ, მას აქვს ის მინუსი, რომ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ასხვავებს ცხოვრებას ეპიზოდისგან. ანუ, იმ ნაწილში, რასაც ქალისა და კაცის ურთიერთობა ჰქვია, ქალის ჭკუა აშკარად უფრო სუსტია – საკუთარ თავს აზიანებს და იმიტომ. კაცის ჭკუა ქალისაზე ბევრად უფრო ხისტია და მოუქნელი, მაგრამ თავის გადაწყვეტილებებში ძალიან ძლიერი. კაცს ბევრად უკეთესად შეუძლია იმის გარკვევა, რა არის მის ცხოვრებაში მთავარი და რა – მეორეხარისხოვანი. შეცდომებს ყველა უშვებს, ამაზე არ არის ლაპარაკი. ამ ქვეყანაში მამაკაცისთვის ბევრად უფრო თავისუფალი გარემოა, ვიდრე ქალისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ მისთვის დანაშაულად არ ითვლება „გვერდითი“ რომანები, როცა ცოლიც ჰყავს და შვილებიც. ზოგიერთისთვის ეს სატრაბახოც კი არის, რაც ძალიან სასაცილოა. ეს იგივეა, თავმოყვარე მამაკაცმა იტრაბახოს იმით, რომ ცოლს სცემს, ან ხმამაღლა აგინებს. ძლიერი და თავმოყვარე მამაკაცი ქალს არ დაარტყამს. საერთოდ, რაც მეტს ითმენ, მით უფრო ძლიერი ხარ. ბევრი ჭიჭყინი, ხელფეხის ქნევა, ყვირილი – სისუსტის ნიშანია.
– გახდებოდით თუ არა პრეზიდენტი, მამაკაცად რომ დაბადებულიყავით?
– მე?! (იცინის) როცა, მიფიქრია რატომ არ გავჩნდი კაცად-მეთქი, ეს ნამდვილად არ ყოფილა დაკავშირებული იმასთან, რომ მეფიქრა, მაშინ კი აუცილებლად გავხდებოდი პრეზიდენტი-მეთქი. პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ქალიც და კაციც, მაგრამ, მიმაჩნია და უფლისგანაც ასე მოდის, რომ ქვეყნისთვის გაცილებით მომგებიანია, როცა მის სათავეში დგას კაცი. რადგან, კიდევ გავიმეორებ, კაცის გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული, ან, ნაკლებად არის დამოკიდებული გარემოებებზე. მაგრამ, იმასაც ვიტყვი, რომ ამ კაცს, რათა ის არ გადავიდეს ზღვარს, უნდა აბალანსებდეს ქალი – მისი მეუღლე, საყვარელი, დედა, კოლეგა – ის, ვისაც მასზე გავლენა ექნება. მამაკაცის მთავარი ღირსება ისაა, იცოდეს თავისი სუსტი ადგილი და გაითვალისწინოს იმისი აზრი, ვინც ამ საკითხში უფრო ჭკვიანია.
რადგან ქალებზე ვლაპარაკობ, ერთი წუთით არ ვფიქრობ იმას, რომ მე თვითონ არ ვარ ერთ-ერთი მათგანი. უბრალოდ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოში ქალი არ არის დაჩაგრული, მასზე არ ხორციელდება ძალადობა მამაკაცის მხრიდან. ნებისმიერი ფემინისტური მოძრაობა – ეს არის ბოროტება, რომელიც, სამწუხაროდ, კაცობრიობამ უნდა გაიაროს აპოკალიფსამდე. ძალიან ვშიშობ, ჩვენი ქვეყანაც არ მივიდეს აქამდე. ამიტომ ვერიდები ხოლმე იმაზე საუბარს, რომ ქალი უფრო დაჩაგრულია, ვიდრე მამაკაცი. არანაირად არ ვართ დაჩაგრულები. გეტყვით, რა არის ქალის იდეალური მდგომარეობა: ოჯახი და მამაკაცი, რომლის ძლიერ მხარსაც მიეყრდნობა. ქალის ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ მის გვერდით იყოს თავისზე ოდნავ ძლიერი მამაკაცი მაინც, ან, მინიმუმ, ისეთი ძლიერი, როგორიც თვითონ არის. ზოგადად ვამბობ ამას და ქალს უნდა სიამოვნებდეს, რაღაც დოზით მაინც, როცა ამ ძლიერი მამაკაცის წინაშე დათმობაზე მიდის – ასე მესმის მე.