რა მოთხოვნილებამ ჩამოიყვანა ამერიკიდან თბილისში გიორგი შენგელაია-უმცროსი
მამის მოსახელის ამერიკულ-ქართული ოცდასამწლიანი ცხოვრება უამრავი შთაბეჭდილებით, საინტერესო ეპიზოდებითა და ემოციებით არის სავსე. ნიუ-ლონდონიდან გიორგი შენგელაიამ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ოჯახზე, საკუთარ ცხოვრებაზე და მომავალზე, რომელიც აუცილებლად საქართველოსთან იქნება დაკავშირებული.
გიორგი შენგელაია: ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ორ ქვეყანას შორის გავიზარდე. ორი წლის ვიყავი, როდესაც დედა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და საცხოვრებლად. ქეთი ძალიან კარგი მხატვარია და ამერიკაში, ამ მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, პარსონსში, მოხვდა. ხუთ წლამდე თბილისში, მამასთან და ბებიასთან, დედაჩემის დედასთან ვიზრდებოდი. ხუთი წლის ასაკში წავედი ნიუ-იორკში, რაც რთული იყო ჩემთვის. დედასთან ურთიერთობა არ მახსოვდა, ჩემს აღქმაში დედა ბებიაჩემი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემზე ძალიან ბევრს მიყვებოდნენ და მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, ამერიკული გარემო ძალიან უცხო იყო ჩემთვის, ენაც არ ვიცოდი და თავიდან ადაპტაცია გამიჭირდა.
– როგორი იყო გადასვლა იმ პერიოდის თბილისიდან, სადაც არც შუქი იყო, არც გაზი, მსოფლიო მეგაპოლისში?
– რთული. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში თბილისში გამსახურდიას საწინააღმდეგო აქციები იყო, სამოქალაქო ომი იწყებოდა, თავს ბედნიერად ვგრძნობდი, არ მესმოდა რა ხდებოდა ქვეყანაში ასეთ პატარა ასაკში. პირველ კლასში ამერიკულ სკოლაში მივედი, თანდათან ენაც ვისწავლე. მოგეხსენებათ, ბავშვებს ახალი ენის ათვისება არ უჭირთ.
– როგორია ამერიკული სკოლა, ისეთი როგორიც ფილმებშია, ცივი და სასტიკი?
– მეექვსე კლასამდე ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ძალიან თბილი გარემო იყო, თან ამ ასაკის ბავშვებში ნაკლებად ხდება ხასიათის ცუდი თვისებების გამოვლენა, მაგრამ, მეექვსე კლასიდან გადამიყვანეს ძალიან მკაცრ კერძო სკოლაში, სადაც ფორმები გვეცვა, საშინლად ცივი გარემო იყო. ზუსტად იქ ვიგრძენი რას ნიშნავს ის ამერიკული სიცივე, რომელიც ფილმებშიც არის ასახული. სკოლის დამთავრების შემდეგ, თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი. მოთხოვნილება მქონდა, რომ მამაჩემთან მეცხოვრა.
– დედამ არ გააპროტესტა ეს საკითხი?
– არა, რადგან ორივემ ვიცოდით, რომ როდესაც უკვე უნივერსიტეტში ჩაბარების საკითხი დადგებოდა აუცილებლად დავბრუნდებოდი უკან ამერიკაში და განათლებას აქ მივიღებდი.
– თავად რას საქმიანობს?
– ქეთი, როგორც გითხარით, მხატვარია. როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა და დაიწყო პარსონში სწავლა, მოხდა საინტერესო ფაქტი. არის ამერიკაში ასეთი ძალიან ცნობილი ოჯახი – ანდრეასი, რომელიც ზეთს აწარმოებს. სხვათა შორის, ამ ოჯახის შესახებ შარშან ფილმიც კი გადაიღეს. ერთ-ერთი შვილი, ქალბატონი ტერი, რომელიც არაფერს კონკრეტულად არ საქმიანობდა, უბრალოდ ძალიან დიდი კაპიტალის მფლობელი იყო, განსაკუთრებით დაინტერესდა დედაჩემის შემოქმედებით და მისი სპონსორი გახდა.
– ფერიას ზღაპარს ჰგავს.
– კი, დედაჩემის შემთხვევაში, დაახლოებით ასე იყო – საერთოდ რომ არ ელოდები და უცებ შენს ცხოვრებაში ძალიან კარგი რამ მოხდება. თუმცა, ქეთის არ ჰქონია დიდი გამოფენები და პრეზენტაციები. ის ნახატებს ყიდდა თავის ნაცნობებსა და მეგობრებში. ერთმა მეორეს უთხრა, იმან იმას და ასე გავრცელდა ხმა ქეთის ნახატების შესახებ. ახლა მან აბსოლუტურად შეიცვალა პროფილი, სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ქეთიმ ორი წლის წინ ბიზნესის განხრით ჰარვარდში ჩააბარა და წარმატებით ეუფლება ახალ სპეციალობას.
– მხატვრობაზე რატომ თქვა უარი?
– ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ვფიქრობ ნიუ-იორკში მხატვრობა ძალიან კომერციული გახდა. ეს არის ინდუსტრია, რომელსაც მართავენ ბიზნესმენები და არა მხატვრები.
– მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდა, როდესაც მასთან ცხოვრობდი?
– ძალიან კარგი. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი გამომივა, მაგრამ გიორგი ყველასთვის სამაგალითო პიროვნებაა მორალურად და ინტელექტუალურად. თბილისში ცხოვრების დროს, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქართულ კულტურაზე, მსოფლიო ხელოვნებაზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე. ბევრი რამე ვისწავლე მისგან. ძალიან მაკლია მამაჩემი, როდესაც აქ ვარ.
– თქვენს ოჯახში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იყო და არის. როგორ გაიხსენებ იმ ატმოსფეროს, რომელშიც იზრდებოდი?
– ცხოვრებამ არ მომცა საშუალება, რომ ბებიაჩემი ნატო და ბაბუა ნიკოლოზი პირადად გამეცნო. მაგრამ ვიცნობ ორივეს მათი ფილმებიდან და ჩემი ოჯახის წევრების ნაამბობიდან. ის კულტურა, რაც ჩვენს ოჯახში არსებობს მათგან მოდის. ბიძია ელდარის ნიჭიერებასა და შემოქმედებაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, თორემ მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრების ქება გამომივა. თან, მის შემოქმედებას მთელი საქართველო ძალიან კარგად იცნობს. ჩემი ძმა ნიკუშა ძალიან ნიჭიერი მხატვარია.
– სოფიკოსთან თუ გქონდა ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა. ხშირად მივდიოდი სოფიკოსთან ნიკუშას უფროსი შვილის, ნატაშას სანახავად, რომელიც სოფიკოსთან ცხოვრობდა და იქ იზრდებოდა. შესაბამისად, სოფიკოსთანაც მქონდა ხშირი კონტაქტი. სულ მეუბნებოდა ბაირონს ჰგავხარო. (იცინის) მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბაირონი წაკითხული არ მქონდა, ვიცოდი, რომ მსოფლიოში ცნობილი პოეტი იყო, თან საკმაოდ სიმპათიური და ამას კომპლიმენტად ვიღებდი. სოფიკო ყოველთვის იყო სიცოცხლით სავსე.
– ახლა სად სწავლობ?
– ვსწავლობ კოლეჯში კონეკტიკუტის შტატის, ქალაქ ნიუ-ლონდონში, რომელიც ნიუ-იორკიდან ორი საათის სავალზეა. სპეციალობაა პოლიტიკური მეცნიერება.
– ანუ, არაფერი საერთო ხელოვნებასთან?
– ასეც არ არის საქმე. კოლეჯში შესაძლებლობა გაქვს, აიღო ოცდათორმეტი კურსი, აქედან ათი უნდა იყოს იმ სპეციალობის, რომელსაც საბოლოოდ აირჩევ. რამდენიმე კურსს თავად ლექტორები გირჩევენ – მას, რომელიც მომავალში შენს პროფესიაში გამოგადგება, დანარჩენი კი თავისუფალია. ასე რომ, გარდა პოლიტიკური მეცნიერებებისა, აღებული მაქვს – ასტრონომიის, ბერძნული მითოლოგიის, ამერიკის ისტორიისა და კიდევ უამრავი სხვა საინტერესო კურსი. ძირითადი პროფესიის გარდა ისინიც მაინტერესებს. ასევე გავდივარ კინოკურსს. სხვათა შორის, შარშან დავიწყე და წელს ალბათ, დავამთავრებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას ჩემს მეგობრებზე, რომელთაც მუსიკალური ჯგუფი აქვთ. ეს არის სამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი, ერთ-ერთი მათგანი ჰგავს ბობ მარლის და თამაშობს ფეხბურთის გუნდში. მეორე მაღალი, სიმპათიური ბიჭია, რომელსაც აინტერესებს ჩინური ენა და უნდა ჩინეთში გადასვლა სამუშაოდ. კოლეჯში შესაძლებელია, რომ ერთი სემესტრი რომელიმე სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ან აქ გაიარო. მე რომში ვიყავი, ჩინურით გატაცებული ჩემი მეგობარი კი ჩინეთში წავიდა რომელიღაც სოფელში. ჯგუფის მესამე წევრი უძლიერესია ტექნიკურ საკითხებში, და შესაბამისად, ბალანსირებას უკეთებს მუსიკას, კომპიუტერულად ამუშავებს და სხვა. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა ამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების ისტორია – როგორ აერთიანებს და აკავშირებს მათ მუსიკა. ცოტა ხანში ალბათ, ამ ფილმს დავამთავრებ და მერე კოლეჯში მექნება ჩვენება.
– ანუ, კინოხელოვნება მაინც გიტაცებს.
– ძალიან. სხვათა შორის, ამერიკის ისტორიიდან განსაკუთრებით მიყვარს ჯორჯ ვაშინგტონი, რომელზეც სერიოზული საკვლევი თემა დავწერე. ბოლოს მივხვდი, რომ ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრებიდან ძალიან საინტერესო სცენარის გაკეთებაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სცენარი დაიწეროს, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო ისტორიკოსებთან, რაიმე ფაქტობრივი შეცდომა რომ არ დავუშვათ! მაგრამ, ეს არ იქნება დოკუმენტური ფილმი. ის იმ იშვიათ პოლიტიკოსთა შორისაა, რომელმაც მართლა გულწრფელად დათმო პირადი ცხოვრება ქვეყნის ინტერესებისთვის. ფაქტობრივად, ძალით გახადეს პრეზიდენტი. ძალიან მინდა, რომ ოდესმე ვაშინგტონზე ფილმის გაკეთება შევძლო.
– რეალურად შესაძლებელია, რომ შენ ვთქვათ, დაწერო სცენარი, ვიღაცა ამით დაინტერესდეს და მერე ფილმიც გადაიღონ? „ამერიკან დრიმ“ მართლა არსებობს?
– არ მჯერა „ამერიკან დრიმის”. გამორიცხულია, რამეს მიაღწიო, თუ ძალიან ბევრი არ იშრომე. იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართულებას მივყვები, მყავს ამერიკაში ისეთი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება, დამეხმარონ ან შუამდგომლობა გამიწიონ საჭირო ადამიანებთან. კარგად ვიცნობ პროდიუსერ მაიკლ მაილერს. ის ცნობილი მწერლის, ნორმან მაილერის შვილია და დიდ პროექტებზე მუშაობს. ასევე ჩემთან ახლოს ცხოვრობს ბარტ უოკერი, რეჟისორების აგენტი, რომელიც ფილმ „ფრიდაზე” მუშაობდა. შემიძლია, ბარტსაც ვთხოვო დახმარება. კიდევ ბევრი ხალხია, რომელიც კინოში შეიძლება დამეხმაროს.
– თბილისის მსგავსად კავშირები ყველგან მნიშვნელოვანია.
– რა თქმა უნდა, კავშირები მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, თბილისისგან, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში როგორი მეგობარი და ნათესავიც არ უნდა იყოს, არ არსებობს, საქმეში მარტო ამის გამო დაგეხმაროს ვინმე. თან, ამას სუფთა კომერციული თვალსაზრისით უყურებენ. უნდა დაანახო ხალხს, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ შენი გვერდში დგომით.
– ეს კავშირები როგორ შეიძინე?
– ბევრი ხალხი გავიცანი დედაჩემისგან. ზოგი ასე, ზოგი ისე.
– რომმა რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენა?
– ძალიან რომანტიკული ქალაქია.
– შენს მომავალ გეგმებზეც მოგვიყევი.
– მამაჩემი უკვე სამოცდაცამეტი წლის ხდება, ამიტომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ერთი წლით აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. მინდა, მის გვერდით ვიყო. ახლა ვფიქრობ, საბანკო სექტორში ვიმუშაო. სულ რომ შევიცვალო პროფილი, სცენარები ვწერო, ფილმები გადავიღო, გამოცდილება მაინც გამომადგება. თუმცა, ეს მხოლოდ გეგმებია და შესაძლოა, ყველაფერი ამოტრიალდეს და სულ სხვანაირად მოხდეს. მაისში კოლეჯს ვამთავრებ და ზაფხულში ალბათ, უკვე თბილისში ვიქნები.