რის გაკეთებას სთხოვს ყოველ დილით ლადო ვარძელაშვილი ირინა ონაშვილს და რატომ აქვთ მათ სულ თაფლობის თვე
ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალია თბილისში, ჰყავს მოსიყვარულე მეუღლე, რომელიც თავადაც ძალიან უყვარს, აქვს საყვარელი საქმე და თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობს. უბრწყინავს თვალები, ხშირად იღიმება და უხარია, რომ წარმატებას საქმეშიც მიაღწია და პირად ცხოვრებაშიც. აღმოჩნდა, რომ მშვენიერი ირინა ონაშვილისთვის არც ისე რთულია გუბერნატორის მეუღლეობა, თუმცა, არც იოლია.
ირინა ონაშვილი: ისევ ვმუშაობ რედაქციაში, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, მედია-სკოლაში და ვეუფლები ფიარ-მენეჯერის სპეციალობას. გაზაფხულზე მინდა ჩავატარო კონკურსი „მის უნივერსიტეტი“. ამჟამად აქტიურად ვარ დაკავებული სამოდელო სააგენტო „შარმში“, რომელსაც სახელი გადავარქვით და დავარქვით „ფეშენ შარმი“, თან, ძალიან ბევრი სიახლეც გვაქვს – გავაკეთეთ პატარების ჯგუფი.
– 2009 წელი შენთვის საკმაოდ კარგი იყო.
– დიახ, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო და იმას ვაბრალებ, რომ „ხარის“ წელში ვარ დაბადებული, ანუ ყველანაირად ჩემი წელი იყო. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ, ხან კარგი რაღაცეები ხდება, ხან – ცუდი. სხვა წლებს 2009 წელს ვერ შევადარებ, ეს ყველაზე კარგი და სასიამოვნო წელი იყო, თუმცა, კიდევ ველოდები კარგ წლებს.
– როგორი ხარ მაშინ, როცა პრობლემები გექმნება?
– მქონია ძალიან რთული პერიოდები, მაგრამ, დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. ბევრი პრობლემა ისე გადამიტანია, რომ ჩემს მეგობრებს უთქვამთ – ეს როგორ მოახერხე, ჩვენ შენს ადგილას რომ ვყოფილიყავით ძალიან ცუდად ვიქნებოდითო. თუმცა, ყოფილა საკითხი, რომელიც ძალიან მძიმედ გადამიტანია და რამდენიმე დღე დამჭირვებია იმისთვის, რომ ცოტა გავხალისებულიყავი. ისეთი მომენტებიც ყოფილა, როდესაც არც სახლიდან გასვლის, არც არაფრის კეთების სურვილი არ მქონია, მაგრამ, ღმერთის წყალობით, ეს ყველაფერი შეიცვალა და, აღარ მგონია, რომ ასეთი დღეები კიდევ განმეორდეს. სულ ვამბობდი, მოვა დრო და მივიღებ იმას, რასაც ვიმსახურებ-მეთქი. ყველაფერს ჩემთვის წყნარად ვაკეთებდი, თუ გულში ჩასაკლავი იყო – ვიკლავდი, თუ სათქმელი იყო – ვამბობდი. საკუთარ თავში ჩაკეტილი არასდროს ვყოფილვარ – თუ არ ამოვიღე, არ ვთქვი ის, რაც მაწუხებს, გამიჭირდება ასე ყოფნა და ვივლი „გაბერილი“. ასეთ დროს ყოველთვის ვიცლები მეგობრებთან, ახლობლებთან, თუმცა, როდესაც პრობლემები მაქვს, ვცდილობ, სხვა არ „დავგრუზო“, ჩემი ცუდი ენერგია არ გადავდო.
– მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა...
– დიახ, გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც სისტემატურად ფიქრობს ჩემზე და მეც სულ მასზე ვფიქრობ. აღარ მინდა პრობლემები და აღარც მცალია პრობლემებისთვის. თანაც, ვერც წარმომიდგენია, რომ მქონდეს ისეთი პრობლემა, რომელსაც ვერ გადავლახავ.
– როგორ მოირგე მეუღლის ამპლუა?
– ძალიან კარგია და მშვენივრად მოვირგე. ყოველთვის ვამბობდი, პირადი ცხოვრება არ ამეწყო, სამაგიეროდ, კარიერაში გამიმართლა-მეთქი, მაგრამ ახლა მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, რომ ყველანაირად ყველაფერში გამიმართლა. წინა წლებში თავს ვიიმედებდი, რომ არ არის აუცილებელი კარგი ქმარი, ვკმაყოფილდებოდი ჩემი საქმით და გონებას არ ვიტვირთავდი იმით, პირად ცხოვრებაში რატომ არ გამიმართლა-მეთქი, გულში სულ მქონდა დანაკლისივით, თუმცა, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. ახლა დავრწმუნდი, რომ, თუ გინდა, სულ ხალისიანი იყო, კარგად გამოიყურებოდე, გაგიჩნდეს იმის სურვილი, სიამოვნებით აკეთო თუნდაც პატარა საქმე, კარგი მეუღლე ძალიან დიდი სტიმულია ამისთვის. ლადო ყოველთვის მეუბნება, როდესაც დილით მივდივარ, როგორც არ უნდა გეძინებოდეს, გამიცინე და ისე გამაცილე, მერე მთელი დღის განმავლობაში კარგ ხასიათზე ვიქნებიო. არადა, დილით ისეთ დროს გადის, რომ მე სიზმრებში ვარ და ვიღვიძებ გაღიმებული. სამაგიეროდ, თუ შემამჩნევს, არ ვარ მხიარულ ხასიათზე, ნერვიულობს და ცდილობს, განწყობა გამომიკეთოს – ვერ იტანს, ოდნავ ცუდ ხასიათზეც რომ ვარ, ჰგონია, რაღაც მოხდა, მოვიწყინე და მეკითხება – რა გჭირსო.
– როგორი დიასახლისი ხარ?
– იმიტომაც მოვიმატე წონაში, რომ რაღაც მოვდუნდი და ეს არ მომწონს. ლადოც არ არის მომთხოვნი, სადილი რომ არ დავახვედრო, არ გამინაწყენდება და ამან უფრო გამათამამა. სანამ დედაჩემთან ვცხოვრობდი, სამზარეულოში არ მიშვებდნენ – შენი საქმე აკეთეო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ დილით ორივე გავდივართ სახლიდან და საღამოს დაღლილი, რომ მოვდივარ, ნამდვილად ვერ დავიწყებ კერძების მომზადებას, თანაც, ლადოც არ მთხოვს.
– როგორი მეუღლეა ლადო, ალბათ, ძალიან არის დაკავებული?
– მართლაც ძალიან დაკავებულია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ როდესაც ჩემ გვერდით არ არის, ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის, ბავშვები ხომ არ ვართ, ერთმანეთს ხომ არ მივეწებებით! ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენი საქმე გვაქვს. ძალიან სასიამოვნო მომენტია, როდესაც საღამოს ვხვდებით, მონატრებული გვყავს ერთმანეთი და მერე უკვე უფრო კარგად ვგრძნობთ თავს. არაჩვეულებრივი მეუღლეა, ჯერჯერობით მის მიმართ პრეტენზია არ მქონია. ისე, არც მე ვარ ცუდი ცოლი.
– როდესაც ლადო წასულია, ნერვიულობ ხოლმე?
– პრინციპში, არა, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და მარტო არ რჩება ხოლმე. როდესაც საქმე აქვს, ჯობია, არ დავურეკო, იმიტომ რომ, მერე ვეღარ ახერხებს კონცენტრირებას.
– რომანტიკულები თუ ხართ?
– არა, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ვარდები არ უყვარს. ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში ლადოს მეგობრებმა ასი ცალი დიდი ვარდი მომიტანეს, გაურკვეველი რეაქცია მქონდა. არც წითელი ვარდი მიყვარს და არც თეთრი, უცნაურ ყვავილებს კიდევ რა უჭირს, მაგრამ, იმხელა თაიგული ნამდვილად არ მომეწონება, ხელში რომ ვერ დავიჭერ და გადამზიდველები დამჭირდება. მთავარი ხომ საჩუქარი არ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. ყოველდღე თუ საჩუქრები მიკეთა ქმარმა და ერთ დღეს ისე მოიქცა, ყველაფერი შემაძულა, რად მინდა ასეთი საჩუქარი?!
– მაგრამ, როდესაც საჩუქარს გჩუქნიან, მაინც სასიამოვნოა.
– ეგ კი მართალია. მაგალითად, პარიზში ყოფნისას მაჩუქა სუვენირი, რომელსაც ეწერა – „სუპერ ვაიფ“, ანუ – „საუკეთესო ცოლი“.
– ტიტულით დაგაჯილდოვა?
– დიახ, თან, ოსკარის ფორმა ჰქონდა. „დისნეი ლენდში“ ბავშვებს რომ ვასეირნებდით, იქ იყიდა და გადმომცა. მეც ვეძებდი „ჰასბენდს“, მაგრამ არ იყო.
– როგორ ვიცი, პარიზში თიკო ნატროშვილის ჯვრისწერაზე იყავით შენ და ლადო და, ისიც ვიცი, რომ თიკომ თავისი მომავალი მეუღლე თქვენს ქორწილში გაიცნო.
– დიახ, გაგამ და თიკომ ერთმანეთი ჩვენს ქორწილში გაიცნეს. გაგა ლადოს მეგობარია, თიკო ჩემი და ძალიან მიყვარს. სულ მინდოდა, რომ კარგი ადამიანი ჰყოლოდა გვერდით, თან, მე რომ გავიგე იმის გემო, რას ნიშნავს გვერდით გყავდეს საყვარელი ადამიანი, უფრო მეტად მინდოდა, მასაც განეცადა ის ბედნიერება. ქორწილში ვაშაყირებდი, რას ზიხარ, მიიხედ-მოიხედე-მეთქი. გაგამ ჯერ ერთხელ გამოიცეკვა, მერე – მეორედ. რომ შევხედე წყვილს, თვალში მომივიდა. თუმცა, არ ჩავრეულვარ მათ საქმეში, იყო შემთხვევა, როდესაც გაგა რაღაცას მიყვებოდა თიკოზე, თიკო – გაგაზე, მაგრამ ინფორმაციები არასდროს „გამიცვლია“. ნამდვილად არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა. ძალიან ლამაზი პატარძალი იყო, პარიზის წმიდა თამარის სახელობის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, დაახლოებით ერთი კვირა ვიყავით იქ.
– რაც შენ და ლადომ ჯვარი დაიწერეთ, მას შემდეგ არსად ყოფილხართ.
– ჩვენ მანამდეც ვიყავით ქემერში, სულ თაფლობის თვე არ გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით?! ვერ ვხვდები, რატომ იწყება თაფლობის თვე ჯვრისწერის მეორე დღეს. თუ ეს სადმე წასვლასთან არის დაკავშირებული, მაშინ მე ძალიან ბევრჯერ მქონია თაფლობის თვე.
– შენ და ლადომ თუ მოახერხეთ პარიზში განმარტოება?
– ბავშვები გვყავდა წაყვანილი – ჩემი დისშვილები და ლადოს შვილები, „დისნეი ლენდში“ გავასეირნეთ. მე ხომ ბავშვებზე ვგიჟდები, ამიტომ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ბავშვებს ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული და ამიტომ გადავწყვიტეთ ისინიც წაგვეყვანა.
– როგორც ვიცი, ლადოს ბავშვებთან მეგობრობ.
– დიახ, ორივე ძალიან საყვარელია, ჩემ მიმართ კარგად არიან განწყობილი, მიჯერებენ. ანასთვის რაც მირჩევია, ყოველთვის გაუთვალისწინებია...