რატომ ეშინიათ მამაკაცებს ია ნინიძის და რა მოგონებები აკავშირებს მას ყოფილ ქმრებთან
მრავალი წლის წინ „არ დაიდარდოდან“ და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ პატარა, მხიარული გოგონა, ია ნინიძე, რუსეთის კინოსა და თეატრის საინტერესო სახედ იქცა. ჯერ ისევ პატარა გოგო იყო, როცა ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებაზე ფილმს იღებდნენ და მთავარი როლი შესთავაზეს, მაგრამ ამ შემოთავაზებამ ისე დააბნია, რომ ფილმის მიღმა დარჩა. სულ ბოლოს მრავალსერიიან ფილმში ბერიას ცოლი ითამაშა. თბილისი იამ ყველაზე რთულ პერიოდში შვილებთან ერთად დატოვა. ერთ დროს აქ ნაპოვნი ქალური ბედნიერება მოსკოვში არ გაჰყოლია. როგორც თვითონ ამბობს, სამივე ქმარი თვითონ მიატოვა და მას შემდეგ პირადი ცხოვრების აწყობაზე აღარც უფიქრია.
– თქვენი სამსახიობო კარიერა ბავშვობაში შეიქმნა. თუ გრძნობდით, რომ პატარა, ღარიბი გოგოს როლის შემდეგ ბრწყინვალე მომავალი გელოდათ?
– მართლაც, ისეთი ბავშვობა მქონდა, ალბათ, ბევრს შეშურდება. თავიდანვე არაჩვეულებრივ რეჟისორებთან და მსახიობებთან მომიწია მუშაობა. ეს არის შედევრი, რაც აღარასოდეს განმეორდება. იშვიათად, რომ ბედმა ასე გაგიღიმოს ადამიანს. მოსკოვშიც ძვირფას მსახიობებთან მიწევს ურთიერთობა, მაგრამ ისეთები, როგორებიც მირონოვი და პაპანოვი იყვნენ, აღარ არიან. შვიდი წლის ვიყავი, ჩემი კინოკარიერა რომ დაიწყო. მაშინ პიონერთა სასახლეში დავდიოდი ბალეტზე და მეგონა, რომ ბალეტს გავყვებოდი. დანელია „არ დაიდარდოში“ გადასაღებად პატარა გოგოს ეძებდა, რომელსაც სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი შვილი უნდა ეთამაშა. ძალიან სასაცილო ბავშვი ვიყავი, წიწილასავით გალეული, დიდი „ჩოლკით“, დიდი ყურებით და წინ ორი კიჭით. მახსოვს, ბოლოში ვიდექი, დანელია რომ შემოვიდა და შემამჩნია. შემდეგ უკვე 14 წლის ვიყავი, გიორგი შენგელაიამ „ვერის უბნის მელოდიებში“ რომ მიმიწვია, ნანა მჭედლიძემ – „პირველ მერცხალში“, მერე იყო „მონანიება“ და ასე შემდეგ. ჩემს შვილს, ნინოს ვეუბნებოდი – ღმერთმა კარგი რაღაცეები დაგანათლა და, იცოდე, კინოც აუცილებლად შემოვა შენს ცხოვრებაში-მეთქი და, მართლაც შემოვიდა.
ყველა გმირი ერთნაირად მიყვარს, რადგან ისინი ჩემი შექმნილია, მაგრამ „ვერის უბნის მელოდიები“ ჩემი სავიზიტო ბარათია. „პირველი მერცხლის შემდეგ „ციურ მერცხლებში“ ვითამაშე. მას შემდეგ რუსეთში „ნებესნაია ლასტოჩკას“ მეძახიან.
– გვიამბეთ, მოსკოვში როგორ აღმოჩნდით და როგორ დაიმკვიდრეთ იქ თავი?
– მე ხომ მანამდე მოსკოვში „ვგიკში“ ბონდარჩუკთან ვსწავლობდი. ამდენად, ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო არ იყო.
მოსკოვში თავის დამკვიდრებაზე არასოდეს მიფიქრია, ჩემო კარგო. უბრალოდ, როცა გეძახიან, უარი არ უნდა თქვა. მიმიწვიეს თეატრში. ყველა პოპულარული მიუზიკლი, რაც ბროდვეიზე იდგმებოდა, ამ თეატრიდან იყო. მერე ის თეატრი დაიშალა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც წავედი, იყო ის, რომ აქ საშინელება ხდებოდა – არც შუქი, არც გაზი, არაფერი არ იყო. ძალიან გამიჭირდა ორი პატარა ბავშვით. მშრომელი ადამიანი ვარ და არ შემიძლია, ერთ ადგილზე დავჯდე. ცხადია, ძნელია, როცა ყველაფერს თავიდან იწყებ, მაგრამ მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ბავშვები დამეყენებინა ფეხზე, განათლება მიმეცა. ნინო სკოლაში მიმყავდა, მომყავდა, ცალკე – გიორგი. მერე თეატრში გავრბოდი რეპეტიციაზე, ხანდახან ბავშვებს იქ ეძინათ. მოგვიანებით ჩამოვიდა ჩემი მეგობარი, რომელიც ყველანაირად მხარში ამომიდგა. რაღაც პერიოდის შემდეგ, მუსიკალურ თეატრში რომ დავიწყე მუშაობა, ლუჟკოვმა ოროთახიანი ბინა მაჩუქა. წერილი დავწერე: ფეხი მაქვს მოტეხილი, არ მაქვს საცხოვრებელი პირობები და თუ შეიძლება, დამეხმარეთ, შემიძლია, თბილისის ბინა ჩავაბარო-მეთქი, მაგრამ, მერე მივხვდი, ბინა რომ ჩამებარებინა, აქ აღარაფერი მექნებოდა და გადავიფიქრე. მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ შვილებისთვის არაფერი მომეკლო.
– თქვენ იყავით თბილისში ყველასთვის საყვარელი ადამიანების – გიორგი შენგელაიასა და სოფიკო ჭიაურელის რძალი, ნიკუშა შენგელაიას ცოლი. როგორ გახსენდებათ მასთან გატარებული პერიოდი?
– ნიკუშა ჩემი საყვარელი ადამიანების შვილია. გიორგისა და სოფიკოს უნდოდათ, რომ დავქორწინებულიყავით. მახსოვს, „ვერის უბნის მელოდიებს“ ვახმოვანებდით, გიორგი მოვიდა, თავზე მაკოცა და მითხრა: შენ ჩემი რძალი იქნებიო. სახლში გახარებული მივედი და ვთქვი, ძია გიორგიმ მითხრა, ჩემი რძალი იქნებიო. ბებიაჩემმა თავში წაიშინა ხელები – ეს რა უთქვამსო. თუმცა, რასაკვირველია, მერე ოჯახში ყველას ძალიან უხაროდა, ასეთ ოჯახში რომ შევედი. გიორგი და სოფიკო ამბობდნენ, გოგოზე ვოცნებობდით და ეს ოცნებაც აგვისრულდაო. რომ გავთხოვდი და მოსკოვში მივდიოდით მე და ნიკუშა, ბებიაჩემმა სახლიდან რაღაცეები გამატანა, მათ შორის ლოგინის ლამაზი, მაქმანებიანი თეთრეული და მთხოვა: შვილო, სამრეცხაოში არ ჩააბარო, თვითონ გარეცხე ხოლმეო. მეც ვიდექი და თოვლსა და სიცივეში ვრეცხავდი და ვრეცხავდი. მერე ვინანე, რატომ დავუჯერე ბებიას, ხომ არ ჩამოვიდოდა და მნახავდა-მეთქი. მოგეხსენებათ, რუსეთში ცხოვრება იოლი არ იყო, მით უმეტეს, ისეთი დედისერთა და ფუფუნებაში გაზრდილი გოგოსთვის, როგორიც მე ვიყავი. უცებ მომიწია ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი დიდი საქმეების კეთება. ჩვენი სახლიდან ინსტიტუტი შორს იყო და ძალიან ვწვალობდი: თან ვსწავლობდი, თან ქმარს ვუვლიდი. ყველაფერს ისე ვახერხებდი, ნიკუშას არანაირი პრეტენზიები არ ჰქონდა ჩემთან, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მთავარი – დიდი და უსაშველო გრძნობა. ყველა რომეოს და ჯულიეტას გვეძახდა.
– დავიჯერო, სულ არ დაგწყდათ გული, რომ დაშორდით?
– ორწელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად. რა თქმა უნდა, ორივე ოჯახმა ძალიან განიცადა ჩვენი ამბავი და არც ჩვენთვის იყო ადვილი. არ გვეგონა, თუ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, მაგრამ, ცხოვრებამ მოიტანა ასე. მიუხედავად ამისა, ყველაფერთან ერთად, ძლიერი აღმოვჩნდი, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. მერე ფეხმძიმედ ვიყავი. იმხელა ტრავმა გადავიტანე, გადავწყვიტე, ნიკუშა ბავშვთან ერთად ამომეგლიჯა გულიდან. რა თქმა უნდა, როდესაც პატარა გოგო ამას აკეთებს, საშინელებაა, თუმცა მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი. სულ ინსტიტუტში ვიყავი, ის კი სულ გასული იყო – ხან დასახატავად, ხან – მუზეუმში... მოკლედ, ვერ ელეოდა თავისუფლებას, ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა. ინსტიტუტში არ დადიოდა, არ სწავლობდა, საერთოდ არ მოსწონდა მოსკოვში ცხოვრება. მე კიდევ, მიწიერ, მშვიდ და ლამაზ ცხოვრებას ვუქმნიდი.
– ნიკუშას შემდეგ სხვასთან ყოფნა არ გაგიჭირდათ?
– რუსთაველის თეატრში მუშაობა რომ დავიწყე, გიორგის მამა მაშინ გავიცანი. მერე ის თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და გრიბოედოვის თეატრში მუშაობდა, რადგან სხვანაირად ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით. დღეს ქალაქ ივანოვოს გუბერნატორია. ნინოს მამა მხატვარია. როცა ძალიან მიჭირდა, ძალიან ამომიდგა მხარში. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ძალიან მიყვარდა, მათაც ვუყვარდი და დღემდე დიდი ადგილი უკავიათ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, მაინც წასვლა ვარჩიე. ეს არის ჩემი ცხოვრება, რომელსაც ია ნინიძე ჰქვია. ცხადია, ეს ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ თავისებურად საინტერესო და განათლებულები არიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათგან არასოდეს არაფერს განსხვავებულს არ ველოდი, მით უმეტეს, ერთხელ რომ დავიწვი, რეალობას ცხვირით რომ დავეჯახე, მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ფანტაზიაა და მეტი არაფერი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი სახით ისინი ძლიერ ქალს ხედავდნენ, ძლიერი ქალი კი არავის უნდა.
– როგორ ცხოვრობთ ახლა მოსკოვში, რა გიჭირთ, რა გილხინთ?
– ყველას ჰგონია, რომ ისევ ის პატარა გოგო ვარ, „ანა-ბანას“ რომ მღეროდა. საერთოდ, ჩემი მშობლებიც უკვდავები მეგონა, არ ვიცოდი, რა იყო სიკვდილი. ძალიან ჩქარა, ახალგაზრდები წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან. დიდი და უსაყვარლესი ოჯახი მქონდა. გული მტკივა, რომ ისინი ვერ მოესწრნენ ჩემს შვილებს და მათ წარმატებებს. მენატრება ის დრო, როცა აქ ვცხოვრობდი, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ფესვები მაინც აქ არის. რას წარმოვიდგენდი, თუ იქ შევრჩებოდი! თანდათან რთულდება იქ ცხოვრება ამ კრიზისის ფონზე, არც ერთი ქალაქი არ შეედრება მოსკოვს სიძვირით. ნინო „ვგიკში“ სწავლობს სამსახიობოზე, მეორე კურსზეა, ბიჭი ადვოკატია და თავისი ოფისი აქვს. ნინომ ახლახან ორ ფილმში ითამაშა. ჯერ გახმოვანების პროცესშია ფილმი. თავის ასაკის გმირს თამაშობს, მე კი – დაბერებულ ნინოს. სხვათა შორის, ასე არასდროს გამჭირვებია და მინერვიულია, როგორც ამ ფილმზე მუშაობისას ვინერვიულე. ნინო რაღაც სხვანაირი, თბილი გოგოა. ორივე ქართულ ტრადიციებზე მყავს აღზრდილი. ნინოს თანატოლებს შეიძლება, ასეთი პოპულარობა და ის, რომ ასეთ დიდ მსახიობებთან თამაშობენ, თავში აუვარდეთ, მაგრამ ამან ყველაფერი ისე ლამაზად გააკეთა, რომ არც თავში აუვარდა და არც ინსტიტუტი მიატოვა. მან იცის, რომ იქ თავისი ქართველობა უნდა დაამტკიცოს.
– თქვენ მითხარით, მამაკაცები ჩემი სახით ძლიერ ქალს რომ ხედავდნენ, ალბათ, ეს არ მოსწონდათო. როცა პრობლემებს აწყდებით, „რქებით“ გაგაქვთ თქვენი თუ დინებას მიჰყვებით?
– ბუნებით არ ვარ მებრძოლი, ყოველთვის დინებას მივყვები, საითაც სინათლეს დავინახავ, იქით მივდივარ. წარმოიდგინეთ, რამხელა ფიზიკური თუ სულიერი ტრავმა გადავიტანე. ახალგაზრდა, 37 წლის ქალმა, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება. სამშობლოც დავკარგე, მშობლებიც, ახლობელი ადამიანებიც. მეტი რაღა უნდა დამემართოს. არაჩვეულებრივი ბავშვობის მეგობარი მყავს, მარინა. როცა რამე მიჭირს, მას ვურეკავ და ვეკითხები, როგორ მოვიქცე-მეთქი. ისიც მირჩევს ხოლმე, რომ სადმე ქართულ ეკლესიაში შევიდე და სანთელი დავანთო. ცალკე ეს ლოცულობს ჩემთვის. მაინც სხვაა, როცა შენიანი შენთვის ლოცულობს.
– რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
– ერთი წლის წინ ბერიაზე გადაღებულ ფილმში მისი ცოლი ნინა გეგეჭკორი ვითამაშე, ისიც ძალიან საინტერესო როლი იყო. ასეა თუ ისე, ღმერთი არ მტოვებს, ვიცი, რომ ჩემთვის ყოველთვის მოინახება როლი, იმედს არ ვკარგავ. სხვათა შორის, რას ვფიქრობ ხოლმე, იცით? მსახიობი რომ არა, ალბათ, კარგი ექიმი, ქირურგი ვიქნებოდი. ზოგჯერ მე და ნინო სცენაზე ერთად ვმღერით. ძალიან საინტერესო გასტროლები და ცხოვრება მაქვს.
– საკუთარი თავისთვის თუ გრჩებათ დრო? აქ ქალები ძალიან დაჩაგრულები არიან, გარეთ – სამუშაო, შინ – სამუშაო, ამას უფინანსობაც დაუმატეთ...
– სადაც მივდივარ, პრეზენტაციაა თუ პრემიერა, მომზადებული მივდივარ, მაგრამ ჩემი თავისთვის მაინც ვერაფერს ვიმეტებ. ეტყობა, ეს ქართველი ქალის სენია. გიორგიმ და ნინიმ იციან ხოლმე თქმა, თავს მიხედეო. რაღაცეებს მირჩევენ – სცენაზე რა მომიხდება, სცენის გარეთ... მიხარია, რომ მომესწრო ქალიშვილი და გვერდში მიდგას. კარგი გემოვნება აქვს, თუმცა, თინეიჯერულად ჯინსებს ან მოკლე კაბას ვერ ჩამაცმევს. ყველა ასაკს თავისი პეწი აქვს. მყავს ჩემი მანიკიურისა და პედიკიურის ოსტატი. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სულ იმას ვამბობ, რომ ქალმა უპირველესად თავს უნდა მიხედოს და მერე – სხვა დანარჩენს.
– ფიზიკურ ტრავმაზე საუბრობდით და გამახსენდა, რომ თეატრში 300-კილოგრამიანი დეკორაცია დაგეცათ და დიდხანს მკურნალობდით, რის გამოც წონაში საგრძნობლად მოიმატეთ. როგორ გამოხვედით ამ მდგომარეობიდან?
– საერთოდ, ჩემს წონას არასოდეს ვუჩიოდი და განვიცდიდი, მაგრამ, ის მედიკამენტები, რასაც მაშინ მიკეთებდნენ ძვლების შესახორცებლად, ჰორმონალური იყო. მწოლიარე არ ვიყავი, მაგრამ, ფაქტობრივად, სულ ვიჯექი და ამანაც იმოქმედა ჩემს წონაზე. კარლსონივით ვიყავი. დეკორაცია რომ დამეცა, ფეხი გვერდზე მქონდა გადაგდებული, კიდევ კარგი, თავში არ დამეცა. ორი ოპერაცია გამიკეთეს ფეხზე, ამპუტაციას აპირებდნენ. არასდროს დამიცავს დიეტა, არ მაინტერესებს. რაღაცეები მიყვარს, მაგრამ სიგიჟემდე არაფერი მინდება, ზომა ყოველთვის ვიცი. თუ რაღაც ქართული მომინდება – ჩახოხბილი ან საცივი – ვაკეთებ. მაცივარში სუნელებიც მიდევს, სვანური მარილიც, ტყემალიც, აჯიკაც. შეიძლება არაფერი მქონდეს, მაგრამ პურზე რომ გადავუსვამ, უკვე გემრიელია.
– წლები თავისას შვრება – თმაში ჭაღარა, სახეზე თანდათან ნაოჭები ჩნდება... ამას განიცდით?
– არ შეიძლება, ტუჩები სოფი ლორენივით დაიბერო და კანი რუსული ბარაბანივით ისე გადაიჭიმო, რომ თვალები ფოლაქებივით გაგიხდეს. ჯერჯერობით ერთი ნაოჭიც არ მაქვს სახეზე და, როცა გამიჩნდება, არც მაშინ მგონია, დიდი ტრაგედია იყოს ჩემთვის, იმიტომ, რომ ეს ცხოვრებაა და ამას უნდა შეეგუო.
– პირადი ცხოვრების აწყობაზე აღარ ფიქრობთ?
– საერთოდ არ ვფიქრობ, ხელი ჩავიქნიე, იმდენად ვარ ჩემს შვილებზე გადართული. ნინო მიჯავრდება ხოლმე, ასე ნუ ამბობო. მე უკვე დედამთილობისთვისა და სიდედრობისთვის ვემზადები. გიორგი ამბობს, დიდ სახლს ავაშენებ და ყველა ერთად ვიცხოვრებთო.
– ალბათ, ასეთი მშვენიერი მამაკაცების შემდეგ, რომლებიც თქვენ გვერდით იყვნენ, არჩევანის გაკეთებაც გიჭირთ.
– ჰო, არ ვიცი. გადაჯიშებულები არიან თუ რა არის, ვერ ვხვდები. არც ვუყურებ. ჩვენს დროში რომ მამაკაცები დადიოდნენ, ჯენტლმენური მანერებით, ქალის პატივისცემა იცოდნენ – ასეთები აღარ არიან. გარედან ისე ჩანს, თითქოს ვიღაც მყავს, მაგრამ სინამდვილეში, შიშით ვერავინ მეკარება. რუსეთში ყველამ იცის, როგორი თავშეკავებულია ქართველი ქალი.
– ხანდახან არ გინდებათ, რაღაც დროით ყველაფერს მოსწყდეთ და კარგად დაისვენოთ?
– განრიგი მაქვს ჩამოწერილი, რომელ დღეს რა მაქვს განსაკუთრებული. ჩემი დღე სატელეფონო ზარებით იწყება – ხან გადაღებებია, ხან კონცერტი, სულ ქაოსია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ იმდენად ვიღლები, არაფრის თავი აღარ მაქვს, მაგრამ, რომ გამოვეთიშო, გავგიჟდები, რადგან, უკვე აწყობილი ვარ ცხოვრების ამ რიტმზე და მინდა, არასოდეს დამთავრდეს.