კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კონსტანტინ კოსაჩევი: „ან ვიცხოვრებთ ერთად და ერთად გადავწყვეტთ პრობლემებს, ან ავტომატის ლულიდან შევხედავთ ერთმანეთს“


გასულ კვირას რფ-ის საპრეზიდენტო პარტია „ედინაია როსიამ“ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ზურაბ ნოღაიდელის მტკიცებით, ეს ერთადერთი გზაა საქართველოს გასამთლიანებლად და ასაყვავებლად. რას ფიქრობს ამ საკითხებზე თავად „ედინაია როსია“, ამის გარკვევას „ედინაია როსიას“ წევრთან და რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩევთან შევეცდებით.


– რატომ აირჩიეთ პარტნიორად მაინცდამაინც ზურაბ ნოღაიდელი და მისი პარტია?

– ყველასთვის ცნობილია, რა მდგომარეობაშია დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. შესაძლოა, საქართველოსთვის ისე ცხადი არ არის, რომ რუსეთში ამას გულწრფელად განიცდიან. ჩვენ არ მივისწრაფოდით ამ სიტუაციისკენ, ის ჩვენ არ შეგვიქმნია და ჩვენ ვართ მძევლები იმ ტრაგიკული შეცდომისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა. ამიტომ, ყველა ნორმალური რუსი გულწრფელად ფიქრობს, რომ საქართველოსთან, ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხთან შექმნილი ვითარება ჩიხიდან გამოვიყვანოთ და მოვაწესრიგოთ. პირდაპირი სახელმწიფო კონტაქტებით ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ჯერ ერთი, უშუალოდაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა და, მეორე, მას არ სურს ამ პასუხისმგებლობის აღიარება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსთან, რომელსაც ესმის, რომ დაშვებულია დიდი შეცდომა; რომლის მიზანია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და, რომელიც ორიენტირებულია გამოსავლის ერთობლივ ძიებაზე. ბატონი ნოღაიდელი, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი პირველი ან პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც მონახა საკუთარ თავში ვაჟკაცობა და არსებული ვითარება შეაფასა უემოციოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის პოზიციებიდან გამომდინარე და მიიღო როგორც თავისთვის, ისე თავისი პარტიისთვის სწორი გადაწყვეტილება: რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არის საქართველოს ნაციონალური ინტერესი და, ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ბევრი სხვა პრობლემის გადაწყვეტა, მათ შორის, ურთიერთმისაღები კონსტრუქციების შემუშავება აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“ მიმართებაში. ჩვენ ეს მიდგომა დავინახეთ და მას მხარი დავუჭირეთ.

– ზურაბ ნოღაიდელამდე სხვა ქართველ პოლიტიკოსს თუ შემოუთავაზებია თქვენთვის თანამშრომლობა? თუ, რადგან ნოღაიდელი იყო პირველი, ამიტომ გადაწყვიტეთ მასთან თანამშრომლობა?

– არავის და არც ბატონ ნოღაიდელს არ შემოუთავაზებია თანამშრომლობა, უბრალოდ, მას, კიდევ ვიმეორებ, ეყო ვაჟკაცობა, რომ საჯაროდ გამოეთქვა თავისი პოზიცია. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ მან ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმულა: ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ლოზუნგზე – „დავიბრუნოთ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“; ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ლოზუნგით: დავიბრუნოთ სამხრეთელი ოსები და აფხაზებიო. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მიდგომა, რომ, უნდა ვაკონტროლოთ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ და არ გვაინტერესებს, რას ფიქრობს ამაზე იქ მცხოვრები ხალხი, არის კოლონიალიზმის დროინდელი ლოზუნგი და არა – ოცდამეერთე საუკუნის იდეოლოგია. ამ მხრივ, ბატონი სააკაშვილი უიმედოდ ჩამორჩა საერთაშორისო პროცესების გაგებას და ძალიან მცდარად ესმის საქართველოს ნაციონალური ინტერესები. არ მინდა, მოვყვე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ, საკმარისია, შეხედო, რა მდგომარეობაში ჩაიბარა ბატონმა სააკაშვილმა ქვეყანა და რა მდგომარეობაში ტოვებს, რომ, პასუხი ნათელია. ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ ყველა კონსტრუქციულად მოაზროვნე ქართველ პოლიტიკოსთან, რომლებსაც ესმით, რომ საქართველოს ინტერესია რუსულ-ქართული ურთიერთობის არა საბოლოოდ გაფუჭება, არამედ ის, რომ აღდგეს საქართველოს, როგორც რეგიონში ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს როლი უფრო ფართო ევროპულ კონტექსტში, თანამედროვე აზროვნების დონეზე და არა კონფლიქტების ძალით გადაწყვეტა, როგორც ეს ხდებოდა მეცხრამეტე ან უფრო ადრინდელ საუკუნეებში.

– ბოლო პერიოდამდე რუსი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ საქართველოში პრორუსი ძალის არსებობა გამორიცხულიაო. როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა. რატომ გადაწყვიტა რუსეთმა, რომ იყოლიოს პრორუსი ძალა საქართველოში, მომწიფდა საამისოდ სიტუაცია?

– ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა. 2008 წლის 7 აგვისტოსაც კი, ჩვენი საგანგებო დავალებათა ელჩი, პოპოვი, ცხინვალსა და თბილისს შორის ცდილობდა რაღაც კონტაქტის დამყარებას, რომ თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტი. მეტიც, 7 აგვისტოს თბილისში ამბობდნენ, რომ სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა. ჩვენთვის სამხედრო სცენარი იყო ყველაზე უარესი, რადგან გვესმოდა, რომ ამ შემთხვევაში განზე ვერ დავრჩებოდით. შემდეგ მოხდა, რაც მოხდა და ეს ტრაგედია საქართველოში აღიქვეს, როგორც აგრესია რუსეთის მხრიდან.

– ეს ბუნებრივია, მით უმეტეს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გასცდნენ კონფლიქტის ზონას და იერიში მიიტანეს სრულიად საქართველოზე. ეს ნამდვილად აგრესია იყო.

– მეც არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ, როდესაც ომი იწყება, უკვე მოქმედებს არა პოლიტიკური, არამედ სამხედრო ლოგიკა. თუ სამხედროები ხედავენ, რომ ფოთიდან ან გორიდან მათ უხსნიან ცეცხლს, ისინი ახშობენ საცეცხლე წერტილებს. ამიტომ, მთავარი იყო, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო, მაგრამ, ის დაიწყო ბატონმა სააკაშვილმა და დაიწყო არა იმით, რომ დაებომბა როკის გვირაბიდან მომავალი გზა, საიდანაც თითქოს რუსული ტანკები შემოდიოდნენ, არამედ ცხინვალის დაბომბვით. წარმოვიდგინოთ, ის გულწრფელად ფიქრობდა, რომ როკის გვირაბიდან რუსული ტანკები შემოდიოდნენ, მე არ ვარ სამხედრო, მაგრამ, ჩემთვისაც აშკარაა, რომ უნდა დაბომბილიყო როკის გვირაბი და არა მძინარე ქალაქი ცხინვალი.

– ამ საკითხს ბრალდებად ოპონენტებიც უყენებენ ხელისუფლებას: რატომ არ დაიბომბა რუსული ტანკების კოლონა?

– კიდევ ვიმეორებ, ბატონი ნოღაიდელი ჩვენთვის საინტერესო და პერსპექტიული პოლიტიკოსია. მოიძებნებიან სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც, ასევე, საღად აზროვნებენ და ესმით, რომ მოხდა გამოუსწორებელი რამ და ამის გამოსწორება შესაძლებელია არა კავალერისტული შეტევებით, არამედ, შესაძლოა, ამას დასჭირდეს პოლიტიკოსების თაობები. თუ ჩვენ დავდგებით რეალისტურ პოზიციებზე, შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ. ბატონი ნოღაიდელი მოქმედებს, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ინტერესებით.

– მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც, ბუნებრივია, არ მოსწონს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის გააქტიურება რუსეთთან თანამშრომლობის მიზნით, თქვა ასეთი რამ: ზურაბ ნოღაიდელს არ აქვს არანაირი უფლებამოსილება და არ შეუძლია ზემოქმედების მოხდენა პოლიტიკურ სიტუაციაზეო. ის სიმართლეს ამბობს.

– ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ ორი პარტიის დონეზე, რომ ერთობლივად მოვძებნოთ რაღაც გადაწყვეტილებები. ბატონმა ნოღაიდელმა მონახა საკუთარ თავში ვაჟკაცობა, ჩასულიყო ცხინვალში და იქიდან ჩამოეყვანა დატყვევებული ახალგაზრდები. ბატონმა სააკაშვილმა, მთელი თავისი ძალაუფლებით, ამის გაკეთება ვერ შეძლო, ნოღაიდელმა კი შეძლო.

– თქვენ ხომ იცით, რამ ან ვინ შეაძლებინა ნოღაიდელს და რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა?!

– აი, ასეთი პატარა ნაბიჯებით იწყება ურთიერთობის ნორმალიზაცია არა იმდენად რუსეთ-საქართველოს, რამდენადაც საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და „იუჟნაია ოსეტიას“ შორის. ჩვენ ახლა არ ვლაპარაკობთ სტატუსზე, რადგან, გასაგებია, რომ თავიდანვე ერთმანეთისთვის ულტიმატუმების წაყენება არაფრის მომტანია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ნდობის აღდგენით, რომ არ იყოს ახალი ომი. ამ მიზნის მისაღწევად ასეთი დონის პოლიტიკური კონტაქტები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.

– სიტუაცია, უდავოდ, ჩიხურია. ვთქვათ, რუსეთ-საქართველოს შორის აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა: როგორ წარმოგიდგენიათ, სამი ელჩი იქნება მოსკოვში საქართველოდან? ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაშინაც კი, თუ სტატუსზე არ ვიმსჯელებთ.

– დღევანდელი სიტუაცია უხერხულია მხოლოდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის.

– არა მხოლოდ, გარწმუნებთ.

– საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა ეს სიტუაცია და ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერ შევძლებთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. კითხვა კანონზომიერია, თუმცა, რაღაც მოძრაობა ოფიციალურ დონეზე შესაძლებელი იქნება საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რომელიც აღიარებს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. თუ საქართველო ისევ ისე დაიჭერს თავს, თითქოს არაფერი მომხდარა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისევ არსებობს, ეს იქნება არა მხოლოდ უხერხულობა, არამედ უდიდესი პოლიტიკური ჩიხი, რომელიც, უპირველესად, დააზიანებს სააქართველოს და ეს არის ბატონი სააკაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობა.

– ესე იგი, 2013 წლამდე სიტუაცია გაყინულია?

– არ ვიცი, ეს შიდა ქართული პრობლემაა. თავდაპირველად, ემოციები ჭარბობდა, მაგრამ დღეს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ზუსტადაა აღნუსხული, ვინ რას აკეთებდა 2008 წლის აგვისტოში. მე ვიცი, რომ ბატონმა სააკაშვილმა ტალიავინის კომისიის დასკვნა უარყო, იმიტომ რომ, ის არ შეესაბამება მომხდარის მისეულ ვერსიას. თუ სხვა ქართველი პოლიტიკოსები მიიღებენ და აღიარებენ ამ და სხვა ობიექტურ დასკვნებს, მაშინ რაღაც, შეიძლება, შეიცვალოს. მაგრამ, სანამ არის სოლიდარობა, რომ ჩვენ ვერთიანდებით საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდება რუსეთი, არაფერიც არ მოხდება. რუსეთი არ არის მტერი, სინამდვილეში რუსეთი მეგობარია, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში ცდილობდა, შეეკავებინა კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღმდგარიყო არა დე-იურე, არამედ დე-ფაქტო. ამ მხრივ, ბატონმა სააკაშვილმა ნულამდე კი არ დაიყვანა სიტუაცია, არამედ უფრო უკან დასწია.

– ამბობთ, შემდგომმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ამ ხელისუფლების შეცდომებიო. როდესაც ორნი ჩხუბობენ, თითოეულს აქვს თავისი ბრალი. რუსეთის შეცდომებზე რას გვეტყვით? ამას გარდა, საზოგადოებისთვის რუსეთი მტერია, რადგან თავზე აცვივდებოდა რუსული ბომბები; კოდორში, რეპევში, ახალგორში დგანან რუსული ტანკები.

– ახალგორში ახლა ცხოვრობენ, ძირითადად, ქართველები…

– ქართველები ყოველთვის ცხოვრობდნენ ახალგორში და მთლიანად შიდა ქართლში, რასაც ახლა „იუჟნაია ოსეტიას“ უწოდებთ!

– ძალიან კარგი, მაგრამ, ლენინგორი ეკუთვნოდა სამხრეთ ოსეთს. ჩვენ, შეიძლება, ერთმანეთს უსასრულოდ წავუყენოთ პრეტენზიები.

– ეს არ არის პრეტენზია, ეს ფაქტია.

– სამხედრო ოპერაცია დაიწყო სააკაშვილის სურვილით, რუსეთმა უპასუხა, შესაძლოა, არაადეკვატურად, მაგრამ საჭირო იყო, გვეიძულებინა მშვიდობისთვის ადამიანი, რომელმაც დაიწყო ეს ოპერაცია. ჩვენ ის ვაიძულეთ, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლის ფასად, რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის დაკარგვის ფასად, რუსეთის იმიჯის შელახვის ფასად, მაგრამ, ჩვენ შევძელით მთავარი: ომი აღარ განმეორდება და ამიერიდან საქართველოს ყველაზე ავანტიურისტი ხელისუფლებაც კი, თვით სააკაშვილიც, ამას მეორედ აღარ ჩაიდენს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები აღარ დაიღუპებიან, ადამიანები დაცულად იგრძნობენ თავს, – აი, ეს არის მთავარი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

– ის ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ პერევსა და ახალგორში, კოდორის ხეობაში, გალში, ვერ ვიტყვით, რომ დაცულები არიან.

– ჩვენ სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით ბატონ ნოღაიდელთან: ადამიანებს უნდა შევუქმნათ დაცულობის განცდა იმით, რომ ახალი ომი არ იქნება. ამას დრო სჭირდება, ისევე, როგორც დევნილების დაბრუნებას.

– აქვე გკითხავთ: თითქოს ნინო ბურჯანაძეც მიიწვიეთ, მაგრამ არ ჩამოვიდა?

– მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, შესაძლოა, ასეც იყო, შესაძლოა – არა.

– რაკი ამბობთ, რომ ჩატარდა ოპერაცია მშვიდობის იძულების ეგიდით, ესე იგი, ახალი ომის საფრთხე აღარ არსებობს?

– 2008 წლის აგვისტომდე მოდიოდა ცნობები, რომ ომი მზადდებოდა. გულწრფელად გეტყვით, არ მჯეროდა და მეგონა, რომ ჩვენი სამხედროები და პოლიტიკოსები აჭარბებდნენ, მაგრამ, ისინი, როგორც აღმოჩნდა, სიმართლეს ამბობდნენ. ახლაც ზუსტად ასეთივე ცნობები მოდის. მე არ ვიცი, რა მოუვა თავში სააკაშვილს. ის მთავარსარდალია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.

– რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციასო. თქვენთვის როგორია ეს რეალობა? ანუ, როგორ რეალობას უნდა შეეგუოს ქართველი საზოგადოება, თქვენი აზრით?

– ამ ეტაპზე საქართველომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ აღედგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა ქართული გაგებით. თუ ოდესღაც ეს კონსტრუქცია შეიცვლება, მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან ნებაყოფლობითი შეთანხმებით. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა: ან იქნება რაღაც მოლაპარაკებები და საქართველოს მიეცემა სიტუაციის მოგვარების საშუალება, ან დარჩება არსებული სტატუს-კვო. საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ჩემთვის ძალიან ცხადი რამ: აფხაზური და სამხრეთოსური კონფლიქტები არსებობს თავისთავად და არა ბოროტი რუსეთის სურვილით. მე შევუდექი მეოცე საუკუნის დასაწყისის ისტორიის შესწავლას, ახლაც წინ მიდევს 10-20-იანი წლების „დანოსები“.

– და მეოცე საუკუნის 10-იანი წლებში „იუჟნაია ოსეტია“ არსებობს?

– იქ არის ოსეთი, რომელიც საქართველოს პარალელურად შევიდა რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ერთიანი ტერიტორია.

– ოღონდ ეს მთლიანი ოსეთი კავკასიონის იქით იყო და არანაირი კავშირი აქ აქვს კავკასიონის აქეთ ქართველი ბოლშევიკების მიერ ოსი ბოლშევიკებისთვის საჩუქრად შექმნილ „იუჟნაია ოსეტიასთან“?!

– როგორც ხრუშჩოვმა აჩუქა საყვარელ უკრაინას ყირიმი, ასევე აჩუქა სტალინმა თავის საყვარელ საქართველოს აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“.

– ეს 1921 წლის შემდეგ შექმნილი საბჭოთა რეალობებია.

– ასეა თუ ისე, ეს კონფლიქტები თავისთავად არსებობს. რაც მთავარია, არსებობს ოსი და აფხაზი ხალხი და მათი იძულება ქართველებთან თანაცხოვრებაზე შეუძლებელია, ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ საბჭოთა დროს. ეს არის ოცდამეერთე საუკუნის რეალობა, ეს უნდა გააცნობიეროს ქართველმა ხალხმა და ამის შემდეგ განსაზღვროს სააკაშვილის პასუხისმგებლობის დონე.

– თქვენ ლაპარაკობთ იმ საქართველოზე, რაც დარჩა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ?

– საგნებს დაერქვა თავისი სახელი მაშინ, როდესაც რუსეთმა აღიარა და ეს არ უნდა იყოს სიურპრიზი თქვენთვის.

– სიურპრიზი არ არის, უბრალოდ, მინდა, რომ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს მკაფიოდ უთხრას ჩვენს მკითხველს.

– ეს ახალი რეალობაა, თუმცა, ჰიპოთეტურად ყველაფერი შესაძლებელია, სახელმწიფოები ერთიანდებიან, კავშირებს ქმნიან…

– ვთქვათ, ნოღაიდელმა ვერ შეძლო პოლიტიკური სიმძლავრის აკრეფა და გავლენის მოხდენა საქართველოს საზოგადოებაზე, რა შეიძლება, მოხდეს დღევანდელზე უარესი? არაფერი აღარ დარჩება ჩვენგან?

– ღმერთმა დაგვიფაროს, რას ნიშნავს, საქართველოსგან არაფერი დარჩება?!

– ეს მოსაზრება პირადად ჩემთვისაც უთქვამთ თქვენს თანამემამულეებს და მე გავიმეორე.

– ამაზე უარესი შეუძლებელია და არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა უკეთესობა, ეს დამოკიდებულია ქართველი ხალხის ნებაზე – თვითონ უნდა გაერკვნენ ბატონ სააკაშვილში: თუ მოგწონთ, რაც გაქვთ, განაგრძეთ სააკაშვილის სიყვარული, თუ არ მოგწონთ, აირჩიეთ ვინმე სხვა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თქვენი არჩევანია.

– უკეთესობაში რას გულისხმობთ? უთხარით, ჩვენს მკითხველს, რომ ასარჩევი ჰქონდეს.

– უპირველესად, აუცილებელია მოლაპარაკება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ამის გაკეთება შესაძლებელია ისე, რომ სტატუსის საკითხი არ დადგეს; მეორე, უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური, ჰუმანიტარული, კულტურული კავშირები. საჭიროა, აღიქვათ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“, როგორც პარტნიორები.

– ცხინვალის რეგიონში ამბობენ, ქართველები არ უნდა დაბრუნდნენ არასდროს, იმიტომ რომ ყოველთვის პრობლემებს ქმნიდნენო; აფხაზები ამბობენ, რომ დაბრუნდნენ დემოგრაფიულ სურათს შეცვლიანო. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ფონზე პარტნიორობა?

– მე ხშირად ვყოფილვარ „იუჟნაია ოსეტიაში“ ომის შემდეგ. ძალიან ნაწყენები არიან თავიანთ მეზობელ ქართველებზე, რომლებმაც იცოდნენ, რომ მზადდებოდა ომი და არ გააფრთხილეს ოსები.

– ოსებმაც იცოდნენ, მათი ევაკუაცია მოხდა ცხინვალიდან.

– ეს ძალიან ცუდია. მეორე საკითხი: თქვენ მათ განიხილავთ მხოლოდ როგორც ტერიტორიებს. საერთოდ, ომების შემდეგ ხდება ტერიტორიების გადანაწილება და აგრესორს ეკისრება პასუხისმგებლობა. პოლიტიკოსი, რომელიც იწყებს ომს, ან აგებს, ან იგებს. ამის შემდეგ ხდება კონტროლის გადანაწილება, თუმცა თეორიულად არის მოლაპარაკების დაწყების ალბათობა.

– თუ ამაზე უარესი შეუძლებელია, თუ საქართველო უნდა შეეგუოს იმას, რაც დარჩა, რა მოტივით უნდა უნდოდეს ქართულ სახელმწიფოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა?

– უკაცრავად, მაგრამ თქვენ არ დაგიკარგავთ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ 2008 წლის აგვისტოში, ეს უფრო ადრე მოხდა. საქართველოს ყველა ხელისუფალი ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, მათ შორის ყველაზე უიღბლო სწორედ სააკაშვილი გამოდგა, მან დე-იურეც კი დაკარგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ ახლობელი ხალხი ვართ, გვაქვს საერთო ეკონომიკური ინტერესები, ამიტომ, ან ვიცხოვრებთ ერთად და ერთად გადავწყვეტთ პრობლემებს, ან ავტომატის ლულიდან შევხედავთ ერთმანეთს. ბატონი სააკაშვილის პროექტმა, რომ მაქსიმალურად გააფუჭოს ურთიერთობა რუსეთთან და ამის გამო მაქსიმალურად მოეწონოს დასავლეთს, სრული კრახი განიცადა.


скачать dle 11.3