კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის განათლების ქართული სისტემა ყველაზე უარესი მსოფლიოში და რა შურისძიებას გეგმავს ხელისუფლება მოსწავლეებზე


ჩვენ არ ვიცით, რა დიად იდეებს გამოადნობს სამი მინისტრის (ჯანდაცვის, თავდაცვისა და განათლების) ერთობლივი მუშაობა, მაგრამ ფაქტია, რომ რეფორმის მეორე ტალღის ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სამხედრო-პატრიოტული აღზრდაა, სწორედ მათ უნდა შეიმუშაონ. ამის პარალელურად, ჩვენმა სკოლებმა უკვე გადმოიღეს ამერიკული „ალუმნაი“ და ცნობილ ადამიანებს (მაგალითად, ნინა წკრიალაშვილს) მშობლიური სკოლების დახმარება სთხოვეს, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც (ესე იგი, ნინა წკრიალაშვილი ჩვენს მომავალ თაობას აუხსნის, როგორ უნდა გახდე მომღერალი, თუ ხმა და სმენა ხელს არ გიწყობს და რა როლს ასრულებს გაშიშვლება, ზედაც საქართველოსდროშიანი აზღუდის მორგება, ერთი მხრივ, ღირსების ორდენის მოპოვებასა და მეორე მხრივ, კულტურის სამინისტროში დასაქმებაში). ამის პარალელურად, პრეზიდენტი ჩინოვნიკებს ავალდებულებს, რომ თავიანთი მრავალათასიანი ხელფასებიდან სკოლებისთვის 50-100 ლარი გაიმეტონ. ლევან ბერძენიშვილი გვესაუბრება, რატომ ფოკუსირდა ხელისუფლების მაღალი ყურადღება განათლების აწ უკვე ორტალღიან რეფორმაზე.


ლევან ბერძენიშვილი: ის ფაციფუცი, რაც ახლა განათლების სისტემაშია, დაკავშირებულია იმ შეფასებასთან, რაც მივიღეთ როგორც შიდა, ისე გარე გამოკვლევებით. ის, რომ ილიას უნივერსიტეტი ბოლო ადგილზე გავიდა, მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოში განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უარესი, თუ ყველაზე უარესი არა. ამ წუთას ვითარება დრამატულია, საქართველოს პრეზიდენტს რომ ყველაფერი ეშლება, რასაც ისტორიიდან ახსენებს, ეგ ერთი პრობლემაა; ის, რომ საქართველოს განათლების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არიან ისტორიკოსები, რომლებმაც არ იციან, როდის მოხდა ბოროდინოს ბრძოლა, არ არის დიდი ტრაგედია, მაგრამ ის, რომ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების უმეტესობამ არ იცის, რომ პირველი მსოფლიო ომი 1914-1918 წლებში მოხდა, რომ იყო თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები, მნიშვნელოვანია, რადგან ამ ახალგაზრდებმა მომავალში ეს ქვეყანა უნდა ჩაიბარონ და ქვეყანას კარგი არაფერი ემუქრება განათლების ასეთი კრახის შემთხვევაში. საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ის კი არ არის, რომ ცოდნა გვაკლია, არამედ ტრაბახი, რომ ცოდნა გვაქვს და ყველაფერი ვიცით. ის, რასაც სააკაშვილი ამბობს თავის თავზე, ეს ყველასთვისაა დამახასიათებელი: ჩვენთან ტაქსის მძღოლი, გამარჯობის თქმის შემდეგ, იწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ რამდენიმე უმაღლესი აქვს დამთავრებული. განათლების სისტემა საბჭოთა კავშირთან ერთად დაინგრა და ეს ბუნებრივია. ის აწყობილი იყო ცოდნის გადაცემაზე და უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის განათლების ამოცანა.

– მაგრამ ის ჯობდა იმას, რაც დღეს არის?

– დღევანდელს ყველაფერი ჯობია, მაგრამ საბჭოთა სისტემა აგებული იყო ცოდნის გადაცემაზე და ორიენტირებული იყო, ძირითადად, საბუნებისმეტყველო დარგებზე, მაგრამ ის სკოლა იძლეოდა იმას, რასაც იძლეოდა. ეს იყო რაღაც მიდგომა პლუს დისციპლინა, რომელიც გარანტირებულ უნარ-ჩვევას იძლეოდა, სკოლაში მაინც დადიოდა ბავშვი. დღეს მეთორმეტეკლასელები სკოლაში არ დადიან ან რა უნდათ, რომ იარონ?! მაგრამ, რაკი არ დადიან, ეუბნებიან 10 გამოცდა უნდა ჩააბაროთო, რაც არის შურისძიება ბავშვებზე. გასაგებია, რომ 90-იან წლებში დაინგრა განათლების საბჭოთა სისტემა, მაგრამ ამას მოჰყვა განათლების რეფორმა, რომელშიც იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები. დადებითი იყო ის, რომ შემოვიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეა, მოგვარდა მისი ორგანიზაციული ნაწილი და ძალიან სერიოზულად შეიზღუდა კორუფცია. მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქნა, რომ ყველა ხდება სტუდენტი, საქართველოს სჭირდება 1 000 სტუდენტი, მაგრამ ჰყავს 25 000. თავიდანვე არასწორი იყო უნარ-ჩვევების გამოცდა, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა და სახელმწიფო გრანტს არიგებდა. თვითონ ამ საგნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამ საგანში უნდა იყოს ჩათვლა და სკოლა, საერთოდ, უნარ-ჩვევებს უნდა ავითარებდეს და ეს უნარ-ჩვევები ყველა საგანში უნდა გამოვლინდეს. რატომღაც ბრძოლაა გამოცხადებული რეპეტიტორების წინააღმდეგ, თუმცა რეპეტიტორებს მადლობა უნდა ვუთხრათ, იმიტომ რომ მხოლოდ ისინი მუშაობენ და მადლობა უნდა ვუთხრათ მშობლებს, რომ მათ ფული ემეტებათ, რათა ბავშვებმა რაღაც მაინც იცოდნენ, ის საგნები მაინც, რომლებსაც აბარებენ და, ბოლოს და ბოლოს, აქამდე მოწმდებოდა რეპეტიტორების მუშაობა. ამ პირობებში სკოლა დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. ანუ განათლების რეფორმა ისე ჩატარდა, ისე იქნა მოფიქრებული, რომ სკოლა არაფერ შუაში ყოფილიყო და ბევრ სკოლაში არც არაფერი ხდება, არც ცოდნის გადაცემა და არც უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ერთი სიტყვით, პრობლემებია და გადაწყდა, რომ პრობლემები უნდა მოგვარდეს, თანაც ერთ თვეში. და ვინ აგვარებს ამ პრობლემას? განათლების სისტემაში ისეთი შემთხვევითი ადამიანები, როგორებიც არიან მიხეილ სააკაშვილი, რადგან პრეზიდენტია; ციხიდან მოყვანილი და განათლების მინისტრად დანიშნული შაშკინი, რადგან განათლების მინისტრია და მისი ციხის ზედამხედველი მოადგილეების ნაწილი და ზოგიერთი ყოფილი პარლამენტარი, რომლებსაც განათლების სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. თუ ვიღაც ციხიდან მოგყავს განათლების მინისტრად, ხომ შეიძლება, ვინმე სკოლიდანაც მოიყვანო?! ეს არის რეფორმა, რომელიც გამოადგება ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში. ადგილობრივი არჩევნები რომ არ იყოს, ეს ფაციფუციც არ იქნებოდა.

– როგორ? ვერ ვიჭერ ლოგიკას?

– დაიჭერთ ახლავე. გაირკვა, რომ განათლებაში პრობლემებია, თუ ამას ასე დავტოვებთ, ეს ხალხი იქნება უკმაყოფილოო. მარტო ლოტოტრონი რად ღირს?! მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც უნდა მოყვეთ ეს ამბავი, ყველა იცინებს, როგორც ანეკდოტზე. სააკაშვილიც ხვდება, რომ 25 000 სტუდენტი ბევრია, მაგრამ ამავდროულად სტუდენტები ბევრი უნდა იყვნენ, რადგან ხელს აძლევს იმავე მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ კმაყოფილი ჰყავს მშობლები. ჩვენს მშობლებს კი არ ესმით, რომ არ უნდა იყვნენ კმაყოფილი იმით, რომ მათი შვილი სტუდენტია – თუ უნდოდა, გამხდარიყო ბიოლოგი და გამოდის პარიკმახერი. უმეტესობა ვერ ხვდება იქ, სადაც უნდა და არ მოსწონს, სადაც სწავლობს. არც ის არის სწორი, რომ ასე დაბალია ბარიერი, არც ის, ხუთ სპეციალობას რომ ჩაწერ და სადმე მოხვდები და არც ის, რომ ათი გამოცდა იქნება.

– რვა იქნებაო.

– ნელ-ნელა შეიძლება, კიდევ უფრო შემცირდეს. ეს კეთდება მასწავლებლების გულის მოსაგებად. რატომ, არ ვიცი, მაგრამ ყველა მასწავლებელი, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა ხმას. ასეთია ეს პროფესია.

– რატომ? თუ მასწავლებელი არ არის შინაგანად თავისუფალი პიროვნება, მან რა მოქალაქე უნდა აღზარდოს ან რაიმე როგორ უნდა ასწავლოს?

– მასწავლებლის პროფესია ისეთია, რომელშიც თავისუფალი მოქალაქის აღმოჩენა ტრაგედიაა სკოლისთვის. ჩვენი ამ 80 000 მასწავლებლიდან თავისუფალი მოქალაქე შეიძლება, იყოს 100. ეს ასეთი ავტორიტარული პროფესიაა. ისევე, როგორც ორკესტრის დირიჟორი ვერ იქნება დემოკრატი და ვოლტორნა თუ თავის დროზე არ უკრავს, ვერ იტყვის, მერე რა, როცა მოუნდება, მაშინ დაუკრასო. მასწავლებელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებისადმი ლოიალურია. ეს ჩვეულებრივი რამაა და ასე ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუმცა კარგი იქნებოდა, მეტი თავისუფლება ჰქონოდათ. ერთი შეხედვით, ელექტორალურად გაუგებარია, რატომ აწრიალდნენ ასე, მაგრამ ნახეთ, რა მოხდება: შეიძლება, ზედ არჩევნების წინ სააკაშვილმა თქვას, რა ამბავია 10 გამოცდა, რვაც რა ამბავია, ექვსიც რა ამბავიაო. შეიძლება, ეს იყოს კახური ანეკდოტი ტუფლის შესახებ: რომელსაც ერთი ზომით ნაკლები ტუფლი იმ ლოგიკით აცვია, რომ გავიხდი, რა კარგი იქნებაო.

– სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასაც საარჩევნო დატვირთვა აქვს?

– მსგავს სისულელეზე თავად სააკაშვილმა დაიხია უკან და თქვა, აქ ავტომატი კი არ იგულისხმება, არამედ სამოქალაქო თავდაცვაო. თუ იმას გულისხმობდა, სად დავიმალოთ დაბომბვის დროს, ეს სხვა საგანში შეიძლება, ვასწავლოთ. საერთოდ, ხელიც უნდა დაიბანოს ადამიანმა და შეიძლება, ცალკე საგნად შემოვიტანოთ. მოკლედ, სკოლა არ არის მომზადებული არც იმ ათი გამოცდისთვის და არც რვა გამოცდისთვის. გარწმუნებთ, მსოფლიოში არსად არავინ ცდილობს, გამოიჭიროს ბავშვები და დაყურსოს მსოფლიო ცოდნით. მათ ასწავლიან ამ ცოდნის მოპოვების უნარებს, ჩვევებს და ცოდნის სტრუქტურას, რომ ამ თაროებზე რაღაც დაეწყოს. როდესაც სკოლაში არაფერს ცვლი და გამოცდებს ატარებ, რა შეიცვლება ამით, იმის გარდა, რომ ბავშვები იწვალებენ?! მე გამოცდების მომხრე ვარ, თუმცა ათი ნამეტანია, მაგრამ რვას ჩვენც ვაბარებდით და რაღაც ცოდნა გამოვიტანეთ სკოლებიდან. საერთოდ იდეა, „სწავლა, სწავლა და სწავლაო“, ამხანაგმა ლენინმა მისწერა ლუნაჩარსკის იმ კონტექსტით, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს სხვა რაიმეზე ფიქრის საშუალება.

– ეს ლოზურგი პრეზიდენტმა არაერთხელ გაიმეორა.

– მისი ხსენება განათლების სისტემაზე ლაპარაკისას უხერხულია. თვითონაც შეასრულებდა ამ ლოზუნგს, ერთში რომ ესწავლა და არა – ათში.

– უკვე ორჯერ გახდა პრეზიდენტი, ესე იგი, რაღაც ისწავლა?

– არ მგონია, პრეზიდენტად გახდომა სწავლასთან იყოს დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ განათლებაში მისი წინამორბედიც მოიკოჭლებდა მაგრამ პოლიტიკაში არა უშავდა. ასევე, უნდა გითხრათ, რომ სწავლის თვალსაზრისით, აშშ-ის ყველა დროის ყველაზე კარგი პრეზიდენტი რეიგანი, არ იყო კარგი სტუდენტი. მე არ ვითხოვ პლატონივით, აკადემოკოსები იყვნენ ქვეყნის სათავეში, მაგრამ ვამბობ იმას, რომ, როდესაც არ იცი რაღაც სფერო, ნუ ახდენ მის რეფორმირებას. დაიტრაბახა, შვილის განტოლებებს ვხსნიო. ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და დაადგინეთ, რა განტოლების ამომხსნელია. მაგ განტოლებებს კი არა, ამ მარტივ რაიმეს, ათი გამოცდის ამოცანასაც ვერ ამოხსნის.

– „ალუმნაის“ რა მიზნით შეუერთდნენ ჩვენი სკოლები, ან რას მისცემს ჩინოვნიკთა მიერ გადარიცხული 50-100 ლარი ამ ჩვენს განათლების სისტემას?

– ამერიკაში კიდევ ბევრი რამეა კარგი. იქ არის რეზერვაციები მკვიდრი მოსახლეობისთვის. რეზერვაციაში მაინც დაგვაყენონ და დაგვანებონ თავი. არ შეიძლება, ყველაფრის ხელოვნურად გადმოღება. კი ბატონო, დავეხმარებით ჩვენს სკოლებს, მაგრამ, თუკი განათლების სისტემას მრავალი მილიონი ლარი სჭირდება და ჩვენ ხელფასებიდან 100 ლარს მივცემთ, ეშველება ამით განათლებას?! პრეზიდენტმა თავისი ერთი თვის ხელფასი გაუნაწილა ორ სკოლას, რომელთაგანაც, როგორც ახლა გაირკვა, ერთი მეტად ჰყვარებია, ვიდრე მეორე. რა თქმა უნდა, ის სკოლა უფრო მოსწონს, სადაც ძნელად იყო ხუთოსანი და არა ის, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, გლეჯვა ხუთოსანი იყო. იმის სანახავად, რა „გლეჯვა ხუთოსანიც“ იყო, აიღეთ მისი ხელნაწერი. არა მხოლოდ მისმა ქართულის მასწავლებელმა, მაშინდელმა განათლების მინისტრმაც უნდა მოიკლას თავი, რომ სააკაშვილს ოქროს მედალი აქვს აღებული, რომლითაც ის ტრაბახობს. არ არის ჩინოვნიკთა მიერ ხელფასიდან ფულის გადარიცხვა სერიოზული იდეა, ცუდიც არ არის, მაგრამ არც არაფერს ნიშნავს. თუ თვითონ არ მიჩნდება აზრი, რომ დავეხმარო ჩემს სკოლას, მინისტრის ბრძანებით როგორ გამიჩნდება?! სხვათა შორის, ჩემი სკოლა მინისტრის ბრძანებით მოსპეს, გაანადგურეს ის ადგილი და სხვა სკოლას მისცეს მისი ნომერი, როგორ მოვიქცე? არადა ძალიან მინდა, „ალუმნაი“ ვიყო. თუ საშუალება მექნა, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს დავეხმარები, მაგრამ მაინტერესებს, მიშა სააკაშვილი რომ დაეხმარება თავის უნივერსიტეტებს აშშ-სა და კიევში, მერე ჩვენ, რა?! გასაგებია, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებლებს გაუხარდათ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დაუბრუნა მათ სახელი და რამენაირად პირველი ისევ დაერქვათ. ბათუმში, მაგალითად, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მეორე სკოლა გახდა პირველი და პირველი – მეორე.

– რა პრინციპით?

– მეორე სკოლა იყო ის, რომელიც გახსნა ილია ჭავჭავაძემ, მაგრამ ისტორიულად სხვა სკოლა გახდა პირველი, მეორემ იბრძოლა და დაიბრუნა ნომერი. მაგრამ თბილისში ხომ არის პირველი სკოლა, მე მაქვს ჩემი აზრი, რა სწავლა და განათლებაა იქ, მაგრამ იმ სკოლაში მაინც ყოველთვის იქნება ის კიბე, რომელზეც ნიკოლოზ ბარათაშვილმა ფეხი მოიტეხა. რაღაცეების მოჩვენებითად გაკეთება შეიძლება, მაგრამ, სანამ ისეთი ადამიანები არ დაინიშნებიან, რომლებმაც განათლების საქმე იციან, არაფერი გამოვა. საბჭოთა დროს ყველა სკოლის დირექტორი არ იყო პარტიის წევრი, სააკაშვილი კი საბჭოთა კავშირზე წინ წავიდა და ყველა დირექტორი „ნაციონალი“ აქტივისტია, სამეურვეო საბჭოები კი, სააკაშვილის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „დააჩმორეს“. საბოლოდ, ბავშვებს არც უნარები აქვთ, არც ჩვევები, არც ცოდნა.

– ამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს მცირე რაოდენობის სტუდენტის აღზრდის რეალური პოტენციალი…

– მაქსიმუმ 5 000-ის.

– დიახ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მზარეულობა, მენეჯერობა, დამლაგებლობა, გზის დაგება, ბარმენობა არის ის ჩვენი ნიშა, რომელიც უნდა დავიკავოთ ამ მზის ქვეშ?

– რესტორნის და სასტუმროს მენეჯერი უკვე უმაღლესი განათლებაა.

– ჩვენთან უმაღლესი პროფესიულიც.

– კონკურენტულ სფეროში ეს სპეციალობა ითხოვს განათლებას. რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს პროფესიები გვჭირდება, მაგრამ ჩვენი დრამატული მდგომარეობა ის არის, რომ გვყავს 25 000 სტუდენტი და არც ერთი მზარეული. ისინი უმაღლეს განათლებას მიიღებენ, მათგან არც ერთი მზარეული არ გახდება და საბოლოოდ, იქნება უმუშევარი. ანუ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, გვყოლოდა მზარეულები და 5 000 სტუდენტი. 25 ათასივეს რომ ვაძლევდეთ ნამდვილ განათლებას, სად წავიდოდნენ შემდეგ ისინი?! ჩვენი დიპლომი არსად არ არის აღიარებული, აქ კი ამდენი მოთხოვნა არ არსებობს. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ ისეთი რაოდენობის, მაგალითად, იურისტებს, რომლებსაც ვერასდროს დავასაქმებთ. ან სად დავასაქმებთ ყოველწლიურად 1 000 საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, როდესაც სულ 13 საელჩო გვაქვს?! ეს ნიშნავს ერთ რამეს: რა თქმა უნდა, სააკაშვილები დამნაშავეები არიან, ასევე, დამნაშავეები არიან მშობლები, მასწავლებლები, ყველა, ბავშვის გარდა. საქართველოში მშობელთა დიდი ნაწილი მზადაა, გადაიხადოს დიდი ფული იმისთვის, რომ მისმა შვილმა არაფერი იცოდეს. ასეთი რამ არ ხდება არსად, არც მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება, საქართველოში არის ტერმინები: მოვაწყვე, ვასწავლე.

– ცოლი მოვაყვანინე, გავათხოვე...

– შორს ვერ წავალთ, სანამ ორმოცი, სამოცი წლის კაცი და ქალი ბავშვები არიან და მამები და დედები ფულს იხდიან იმაში, რომ მათმა შვილებმა მიიღონ ნიშანი. გურამიშვილმა, რომელიც ძალიან შეკვეცეს სკოლაში, თქვა: „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“, იხუმრა?! მე არ ვარ იმის მომხრე, რასაც არისტოტელედან მოყოლებული ამბობენ, ცემე ბავშვიო, მაგრამ სიმკაცრე და დისციპლინა აუცილებელია. მშობლების დიდი ნაწილისთვის კი სულ სხვა კრიტერიუმები არსებობს: დიპლომი და უცხოეთში გაშვება სასწავლებლად. დიდი ოცნებაა, ფული მქონდეს, ბავშვს გავუშვებდი უცხოეთშიო. კარგია უცხოეთში, ხანდახან შენც ჩააკითხავ, მაგრამ ადამიანი გარკვეულ ასაკამდე ყალიბდება და სასურველია, რომ მშობლიურ გარემოში ჩამოყალიბდეს. რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ მოღვაწეს, როგორიც ბატონი სააკაშვილია, რომელსაც ყოველთვის, როდესაც ქართულ სინამდვილეზე ლაპარაკობს, აუცილებლად ეშლება. თამარ მეფეს ახსენებს, შეეშლება; დარეჯანს ახსენებს, მარიამში აერევა; „ვეფხისტყაოსანზე“ ხომ ლაპარაკი არ არის, გრიგოლ ორბელიანში ერევა. იმიტომ რომ, არ იცის, რადგან თავის ქვეყანაში არ ჩამოყალიბებულა მოქალაქედ. ფაქტია, რომ დღეს პრობლემა აქვთ მშობლებს, სკოლას, სახელმწიფოს და ეს ყველაფერი თავზე ატყდება პატარა ბავშვს. არავინ ფიქრობს ბავშვებზე, ყველა ფიქრობს სხვა რამეზე და შედეგი არის სავალალო. იმით, რომ სამი მინისტრი შეიკრიბება და დანის წინააღმდეგ გაილაშქრებს, არაფერი გამოვა.


скачать dle 11.3