კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ლესბოსელი, ბისექსუალი ქალი და ტრანსგენდერია საქართველოში და რატომ გადაწყვიტა „ქალთა ფონდმა“ მათი დახმარება


არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ 2005 წელს შეიქმნა – აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ფანცულაიას განმარტებით, ქალების ინიციატივების ხელშესაწყობად. ორგანიზაციის საიტზე ვკითხულობთ: „ქალთა ფონდის მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის“. არსებობის განმავლობაში ფონდმა 10 პროგრამა განახორციელა, მათ მიერ გაცემული გრანტები მცირეთანხიანია (არ აღემატება 3 000 აშშ დოლარს). მათგან ერთ-ერთი ჩვენებურ ბისექსუალ ქალებს, ლესბოსელებსა და ტრანსგენდერებს ეხება (ბისექსუალი – ნიშნავს ადამიანს, რომელსაც იზიდავს თავისივე და საპირისპირო სქესის წარმომადგენლები; ლესბოსელი – ნიშნავს მდედრობითი სქესის ჰომოსექსუალს, ანუ ქალს, რომელსაც იზიდავს სხვა ქალი; ტრანსგენდერი – ნიშნავს კაცს ქალის სხეულში ან პირიქით). იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროგრამამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება (ხანდახან – აღშფოთებაც) მიიქცია, ჩვენ შევხვდით ქალთა ფონდის წარმომადგენლებს: აღმასრულებელ დირექტორს, ნანა ფანცულაიასა და პროგრამის კოორდინატორს მარიამ გაგოშაშვილს. მათ საქართველოში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალებსა და ამ პრობლემის შუქჩრდილებზე გავესაუბრეთ.


– რა ეგიდით ჩატარდა ის საგრანტო კონკურსი, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია?

ნანა ფანცულაია: ეს არის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციის, ანუ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული საგრანტო კონკურსი. იცით, რა არის ჰომოფობია?

– შიში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონეთა მიმართ.

– დიახ. ჰომოფობიას დიდი საფუძველი აქვს და არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც. არ გახლდათ აუცილებელი, პროექტის შემომტანი ამ ჯგუფების წარმომადგენელი ყოფილიყო, თუმცა მათაც შეეძლოთ პროექტის შემოტანა. გამოცხადდა კონკურსი. თუ არ ვცდები, სულ 6 პროექტი შემოვიდა და აქედან 3 დაფინანსდა. ერთი კვლევა ეხება საქართველოში ჰომოფობიურ ტენდენციებს. ეს არის სამეცნიერო კვლევა, რომელიც აუცილებლად დაიბეჭდება და გავრცელდება იმ ინსტიტუციებში, რომლებიც სოციალური, გენდერული კვლევებით არის დაინტერესებული; სასწავლო დაწესებულებებში; ბიბლიოთეკებში. მეორე, ჩვენ მიერ დაფინანსებული პროექტი ეხება საგაზაფხულო ბანაკის შექმნას, სადაც შეიკრიბებიან ბისექსუალი ქალები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები. ბანაკს ექნება ლაშქრობის სახე და ამ შეკრების მთავარი მიზანია, გაიმართოს დისკუსიები ჰომოფობიის ტენდენციაზე, არსებულ რეალობაზე.

– ამ ბანაკში ტრადიციული ორიენტაციის მქონე ქალებს, ანუ ჰეტეროსექსუალებს აქვთ მონაწილეობის უფლება?

– რა თქმა უნდა, თუ დაინტერესებული არიან ამ საკითხით.

– ბისექსუალები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები, რამდენიც უნდა იმსჯელონ, როგორ გადაჭრიან ამ თუ სხვა ბანაკში ჰომოფობიის პრობლემას?

– პრობლემის გადაჭრა რთული პროცესია, ეს ბანაკი არის სივრცე, სადაც ისინი ერთად იქნებიან, შეეძლებათ, გამოთქვან თავიანთი აზრი და იმსჯელონ ამაზე დაუფარავად. შეიძლება, ვიღაცას ამ პრობლემის გადაწყვეტის გზაც აქვს, მაგრამ ეს პატარა შეკრება, ბუნებრივია, პრობლემას ვერ გადაჭრის. თუმცა ამ დისკუსიის მასალებიც დაიბეჭდება და გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება საფიქრალი მასალა მათთვის, ვინც ამ საკითხებითაა დაინტერესებული. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ფონდი ადგილობრივია, თავად ვიძიებთ საგრანტო სახსრებს და ისინი დიდი არ არის. ჩვენ მიერ გაცემული საგრანტო თანხა, ჩვეულებისამებრ, 3 000 დოლარს არ აღემატება ხოლმე.

– მესამე პროექტი რას ეხება?

– პროექტის ავტორები სწავლობენ სხვადასხვა ლიტერატურას, საკანონმდებლო დოკუმენტებს, აპირებენ, მათ თარგმნას, გამოცემას და დარიგებას დაინტერესებულ სააგენტოებში. ჩვენ, როგორც წესი, ვინარჩუნებთ პროექტის ავტორების კონფიდენციალობას, ამ სამი პროექტის არც ერთ ავტორს არ აქვს სურვილი, მათი სახელები გასაიდუმლოებული იყოს, მაგრამ არ მინდა, მათი დასახელება, სანამ ჩვენს საიტზე არ დაიდება ინფორმაცია.

– თუ არის ცნობილი, რა რაოდენობის ქალია ჩვენს ქვეყანაში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი?

– მათი რაოდენობა ბევრია, მაგრამ ამის სტატისტიკა შეუძლებელია. ძალიან ცოტა ადამიანი არ მალავს, რომ ჰომოსექსუალია, უმეტესობა არ ამხელს და ეს უპირველესად, საზოგადოების პრობლემაა, რადგან ადამიანი მალავს იმიტომ, რომ იცის, გამჟღავნებას მის მიმართ რეპრესია მოჰყვება. ჩვენს ამ გრანტსაც კი საშინელი აჟიოტაჟი მოჰყვა, ის მედიასაშუალებები, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან სექსისტური ტენდენციებით, კიდევ უფრო მებრძოლები შეიქნენ. არც კი გვკითხეს, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და ძირითადად ინტერპრეტაციებით დაკავდნენ. ამით მათ, ფაქტობრივად, გაილაშქრეს საერთაშორისო კონვენციების წინააღმდეგ და, ჩემი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის წინაღმდეგაც კი.

– კონსტიტუციაში მე ვერ ვიხსენებ ჩანაწერს, რომ ადამიანები თანასწორი არიან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავადაცო. თუ იმას გულისხმობთ, რომ, რაც აკრძალული არ არის, დაშვებულია?

– არ წერია, მაგრამ არც აკრძალულია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ 2 000 წელს საქართველოს კანონმდებლობით მოხდა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია და მას შემდეგ ეს მოვლენა კანონიერია. ასევე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეთანხმდნენ, რომ ეს არც ავადმყოფობაა და არც ფსიქოლოგიური დარღვევა. ეს არის იმ ადამიანის ორიენტაცია და მისი გადასაწყვეტია, იტყვის ამას აშკარად თუ არა. ჩვენ არავის ვუბიძგებთ, მაგრამ გაცნობიერება აუცილებელია.

– და რა შეღავათი ექნება მას, ვინც არ იცის და ჩაღრმავების შემდეგ გააცნობიერებს, რომ ბისექსუალი ან ლესბოსელია?

– ეს დაეხმარება, არ დამძიმდეს და საკუთარი თავის დისკრიმინაცია არ მოახდინოს. ადამიანი თავისუფლად უნდა სუნთქავდეს და ცხოვრება არ უნდა უჭირდეს.

– ჩვენი სტატისტიკის ამბავი გასაგებია, მაგრამ მსოფლიო სტატისტიკა თუ არსებობს?

საუბარში შემოგვიერთდა ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“, პროექტის კოორდინატორი გენერალური კვლევების მაგისტრი მარიამ გაგოშაშვილი: ეს სასაცილო კითხვაა.

– მე არ მეჩვენება, რომ ეს სასაცილო კითხვაა, იმიტომ რომ, თუ ასეთთა რაოდენობა ძალიან მცირეა, არ ღირს ამაზე თავის მტვრევა, მაშინ, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა?

მარიამ გაგოშაშვილი: შეუძლებელია ამ სახის სტატისტიკური კვლევის ჩატარება. ბევრი ადამიანი ამას საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებს, მაგრამ არსებობს დაშვება, რომ დედამიწის მოსახლეობის, დაახლოებით, ათი პროცენტი ჰომოსექსუალია, ბისექსუალთა რაოდენობა კი დაუდგენელია. მაგრამ ამის რეალურად შემოწმება შეუძლებელია, რადგან საკითხი ძალიან მგრძნობიარე მხარეს ეხება. ერთი პრობლემაა, რომ ამ ადამიანებს არ უნდათ საკუთარი ორიენტაციის გამჟღავნება და მეორე, რომ ორიენტაცია შეიძლება, შეიცვალოს. ანუ, როდესაც დღეს ადამიანი ამბობს, ჰეტეროსექსუალი ვარო, ზეგ შეიძლება, თქვას ჰომოსექსუალი ვარო.

– უცნობია, რა ახდენს გავლენას ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე: გენეტიკა თუ სოციალური გარემო. ესე იგი, როდესაც თქვენ წაახალისებთ ლესბოსურ და ბისექსუალურ ტენდენციებს, შეიძლება, ხელს უწყობთ ასეთთა რაოდენობის გაზრდას? ანუ ეს ცდუნებაა?

ნანა ფანცულაია: სიტყვა ცდუნებას უარყოფითი დატვირთვა აქვს.

მარიამ გაგოშაშვილი: არის ქვეყნები, სადაც ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება, მაგალითად, ირანი და ამაზე არახელსაყრელი გარემოს წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ირანში, მართალია, იატაკქვეშეთში, მაგრამ მაინც არსებობენ ჰომოსექსუალები. ნორმა ძალიან სადავო რამაა: სამედიცინო კრიტერიუმით ეს ავადმყოფობა არ არის.

– ტრადიციულად, ნორმა არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა.

– ანუ სტერეოტიპებზე ლაპარაკობთ. არც კულტურულად, არც სამედიცინო-ფსიქოლოგიურად და არც საკანონმდებლო დონეზე, ჰომოსექსუალიზმი არ არის გადახრა. ანუ ეს არის ნორმა.

ნანა ფანცულაია: ირანის საპირისპიროდ, დასავლეთის ლიბერალიზმმა მიაღწია იმას, რომ სამართლებრივად, სოციალურად და კულტურულად ხდება ამ მოვლენის ლეგალიზაცია. მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები, უნდა ჰქონდეთ სტატუსი. ის თქვენნაირი, ჩემნაირი ადამიანია და, თუ მათი ლეგალიზაცია მოხდება, მათი დისკრიმინაციაც შეუძლებელი იქნება.

– არის ჩვენთან ლესბოსელების დისკრიმინაციის შემთხვევები?

– თქვენ როგორ ფიქრობთ?!

– არ ვიცი, არ მქონია ლესბოსელებთან ურთიერთობა.

მარიამ გაგოშაშვილი: რა თქმა უნდა, არსებობს მათი დისკრიმინაციის შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დოკუმენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობით ადამიანს აქვს უფლება, ჰყავდეს თავისი სქესის პარტნიორი, კანონმდებლობა მაინც არ არის სრულყოფილი, რადგან არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ასეთი კანონის არარსებობის გამო შეუძლებელია, ასეთი შემთხვევების დოკუმენტურად აღწერა. ამის გამო არავინ არავის უჩივლებს, მით უმეტეს, ქალები.

– მით უმეტეს, რატომ? ჰომოსექსუალი მამაკაცები იძახებენ პატრულს?

– ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ქალწულობის ინსტიტუტის კულტია, სადაც ქალის სექსუალობა დათრგუნულია…

– ამაში ვერ დაგეთანხმებით, თუ ჩვენს ჩინოვნიკებს ან ყოველდღიურობას გადავხედავთ, მაინცდამაინც, ქალიშვილებზე არ უნდა იყოს წყვეტა?

– ფაქტობრივად, ეს ასეა. ანუ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს. ერთი და იგივეა – როდესაც ქალი იმის გამო იჩაგრება, რომ ჰყავს სექსუალური პარტნიორი, რომელსაც ცოლად არ მოჰყავს და, როდესაც ქალს თავისი ორიენტაციის გამო მშობლები სახლიდან აგდებენ.

ნანა ფანცულაია: არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც მეორეხარისხოვან ადამიანებად არიან შერაცხილი. ვისი ბრალია ეს?! უმცირესობის წარმომადგენლის თუ საზოგადოების?! ჰკითხეთ მათ, გრძნობენ თავს თანასწორუფლებიანად?! ესეც ძალიან საინტერესო საკითხია.

– ერთ-ერთმა უმცირესობის წარმომადგენელმა მითხრა: რა პროცენტით მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ეთნიკურმა უმცირესობებმა საქართველოს ომებში, რით დაეხმარნენ, როდესაც ქვეყანას უჭირდაო. ასე რომ, ეს პროცესი ორმხრივია.

– მაგრამ პასუხისმგებლობა ყოველთვის უმრავლესობას ეკისრება. საზოგადოებრივ აზრს უმრავლესობა აყალიბებს და შემდეგ მისი სტერეოტიპიზაცია ხდება. ბევრჯერ მიფიქრია, როდესაც ადამიანს თავის თავზე არ აქვს გამოცდილი დისკრიმინაცია, უჭირს სხვების გაგება.

– გასაგებია, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ არსებობს კულტურული ტრადიციები, აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ, მაგალითად, პარიზის მერი შესაძლებელია, იყოს ცისფერი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, თბილისის მერი ცისფერი ვერ გახდება. რა ვუყოთ ჩვენს კულტურულ-ტრადიციულ ღირებულებებს?

– ტრადიცია იმდენად არსებობს, რამდენდაც ის გეხმარება ან ხელს გიშლის.

– რაღაც არ მომწონს, თბილისის მერად – გეი, კულტურის მინისტრად – ლესბოსელი, პრეზიდენტად – ბისექსუალი?

– ქართველებს თავი მოგვაქვს, რომ ვართ ტოლერანტები. თუმცა ის, რაც თავის დროზე იყო, ჩვენამდე არ მოსულა პირველადი ფორმით, დროთა განმავლობაში ის იცვლება, მარტივდება, ჩარჩოში ისმება, ემსგავსება ლოზუნგებს და მათგან თავის დაღწევა რთულია. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ თავისუფალი იყოს და მან ეს საკუთარი თავის გათავისუფლებით უნდა დაიწყოს. თუ შენ ოდნავ მაინც შეძლებ საკუთარი თავის გაგებას, მხოლოდ მაშინ გახდები დიდი ღირებულებების გამტარებელი. თუ საკუთარი თავის კვლევა და გარკვევა არ დაიწყო ადამიანმა – ვინ არის, რა უნდა, სტერეოტიპები, რაც უნდა ლამაზად იყოს ჩამოყალიბებული, ყოველთვის ხელშემშლელი იქნება.

– მაშინ ასე ვიტყვი: მე ვარ ეროვნებით ქართველი, აღმსარებლობით – მართლმადიდებელი, ჩემი მენტალიტეტი ეფუძნება ჩემი ქვეყნის კულტურულ და სულიერ ფასეულობებს და ეს ქმნის ჩემს იდენტობას. ჩემი კულტურული ტრადიციით, მამაკაცის სიმბოლო არის ავთანდილი, ჯოყოლა; ქალის – თინათინი, ქეთევან დედოფალი. ამიხსენით, მე და ლესბოსელი ან ბისექსუალი შევძლებთ, გავუგოთ ერთმანეთს?

მარიამ გაგოშაშვილი: სინამდვილეში ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია. სექსუალური ორიენტაცია ისეთივე რამაა, როგორც თვალის ფერი ან ის, რომ ერთს ხაჭაპური უყვარს, მეორეს – ხინკალი. შეიძლება, ერთი ფეხი არ მქონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ავთანდილი ვერ იქნება ჩემი გმირი, თუ მას ორი ფეხი აქვს?!

– ავთანდილი იმიტომ არ არის ავთანდილი, რომ ორი ფეხი აქვს და ხაჭაპური უყვარს, მას ღირებულებათა სისტემა აყალიბებს ავთანდილად?

– ავთანდილი, გეიც ავთანდილი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, ქალთან დაიძინა თუ კაცთან, ის მაინც ავთანდილია.

– გეი ავთანდილი ჩემს ყველაზე თამამ ფანტაზიაშიც ვერ წარმომიდგენია?

– რატომ?! მაგალითად, თუ მე ერთგული ვარ ჩემი მეგობრის...

– როგორი მეგობრის?

– სქესის მიუხედავად. თუ მე ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის, ვარ პროფესიონალი, განათლებული, ჭკვიანი და ვარ ჰომო, ეს ცვლის რაიმეს?!

– ცვლის რადიკალურად. კაცზე შეყვარებული ავთანდილი, რაც უნდა ბრძენი იყოს და ერთგული, ავთანდილი არ არის. შეყვარებული კაცის გულის მოსაგებად უცხო მოყმის საძებნელად წასული ავთანდილი წარმოუდგენელია.

– რატომ?! ის თვისებები, რაც ავთანდილს ახასიათებს, დაიკარგებოდა?! უკავშირდება ეს თვისებები იმას, ქალთან გაქვს სექსი თუ კაცთან?!

ნანა ფანცულაია: ისინი იდეალური გმირები არიან. მათი სექსუალური ორიენტაცია არაფერს შეცვლიდა.

მარიამ გაგოშაშვილი: რატომ ვმსჯელობთ „ვეფხისტყაოსანზე“, სხვა მაგალითს მოვიტან: ვთქვათ, თქვენი რომელიმე მეგობარი, კარგი დედა, კარგი შვილი, ერთგული მეგობარი, პროფესიონალი, აღმოჩნდა, რომ ლესბოსელი ან გეია. ეს ხომ არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ის ძალიან კარგი მეგობარი იყო თქვენთვის?!

– იყო, მაგრამ ვიმეგობრებთ. მეგობრობა ნებაყოფლობითი პროცესია და მე ძალიან ბუნებრივად ვერ ვიმეგობრებ განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანთან.

ნანა ფანცულაია: ანუ სექსუალური ორიენტაცია თქვენთვის მორალთანაა დაკავშირებული.

– ფასეულობებთან. მორალისტად ვერ გამოვდგები.

– ეს იგივე მორალია.

– იყოს მორალი.

– თუ ფასეულობასთან არის დაკავშირებული, მაშინ თქვენი ლოგიკა უმრავლესობის ჰომოფობიური ლოგიკაა. არადა არანაირი კავშირი არ აქვს მორალთან იმას, რომ ადამიანს ჰყავს თავისივე სქესის პარტნიორი. ის ამის გამო არ არის ამორალური ან მოღალატე.

– რადგან მორალის თემა შემოიტანეთ: როდესაც ჰომოსექსუალ წყვილს ბავშვის აყვანის ნებას რთავენ, ამიხსენით, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ის ბავშვი, როგორ უნდა გაიგოს, ვინ არის დედა, ვინ მამა, ვინ შვილი?

– ისევ იმ საკითხთან მივდივართ, რომ საზოგადოება ადამიანს უწესებს რაღაც როლს.

– რა თქმა უნდა, ჩვენ სოციუმში სხვადასხვა როლებს ვასრულებთ: შვილის, დედის, მამის, ქალის, კაცის, მოქალაქის და ასე შემდეგ?

– ამის ჩამოყალიბება ხდება სოციალურად, კულტუროლოგიურად, სამართლებრივად და ამის ყველა დონეზე ლიბერალიზაცია არის ლიბერალური სახელმწიფოების, ანუ დასავლური ქვეყნების ფასეულობები. თუ ჩვენ გვინდა, რომ გავიზიაროთ ლიბერალური ფასეულობები, რაც არა შუა საუკუნეებში შეიმუშავა კაცობრიობამ, არამედ დღეს, ჩვენც უნდა შევძლოთ ამის გაზიარება. ამიტომაც უერთდება ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებსა და ქარტიებს. მათთან არმიერთება ნიშნავს თვითიზოლაციას, საკუთარ თავში ხარშვას და უპირისპირდება იმას, რასაც ეწოდება ადამიანის თვითგამორკვევის თავისუფლება. ჩვენ, ყველანი, დაბადებული ვართ თავისუფალ ადამიანებად.

– ოღონდ ისე, რომ არ შეიზღუდოს სხვათა თავისუფლება.

– რაც მალე გამოვერკვევით, მით მეტად ტოლერანტები ვიქნებით. ადამიანები გაუცხოებისკენ კი არ უნდა წავიდნენ, არამედ ერთმანეთის გაგებისკენ.

P.S. წარმოვიდგინოთ, რომ გავიზიარეთ ლიბერალური ღირებულებები და 2013 წელსვე ავირჩიეთ ბისექსუალი პრეზიდენტი, რომელსაც, ვთქვათ, ჰყავს მეუღლე (შემდგომში პირველ ქალბატონად წოდებული), რაკი ბისექსუალს ქალები და მამაკაცები თანაბრად იზიდავს, ესე იგი, იმ ჩვენს პრეზიდენტს (თავისუფლად რომ იგრძნოს თავი) აუცილებლად უნდა ჰყავდეს მამაკაცი პარტნიორიც. როგორია?


скачать dle 11.3