წაგვექცა თუ ადგა
სპორტზე უიმედოდ შეყვარებულები
უკრაინული მედიის მიერ გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო ჩანაწერები (ჩვენი პრეზიდენტი რომ ჰპირდებოდა ქ-ნ ტიმოშენკოს, გივი და სხვა ბრძოლისუნარიანი დამკვირვებლები გამოგიგზავნეთო) არც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას შეუმჩნევია და არც საერთო მაუწყებლებს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქაჩლის მსგავსად „ბოლოს მოიგლიჯეს“, ანუ არჩევნების მეორე ტურის დასაკვირვებლად არც ერთი დამკვირვებელი აღარ გაგზავნეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზემოხსენებული ჩანაწერების გამოქვეყნებით გული მაინც ეტკინათ. საბოლოოდ, მეორე ტურის შედეგებზე ისეთი მწუხარე სახით საუბრობდნენ, პოეტს რომ უთქვამს: „ვაი, რა ბოძი წაგვექცაო“. მაგრამ, წაგვექცა თუ ისევ ადგა, მეორე ტურის ოფიციალური შედეგები თვით უკრაინის ცსკ-საც არ გამოექვეყნებინა და, ბუნებრივია, არც ქ-ნ ტიმოშენკოს ეღიარებინა დამარცხება, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ბ-ნ იანუკოვიჩს გაპრეზიდენტება მიულოცა. ამ საუბრის ჩანაწერი ჩვენ არ მოგვისმენია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბ-ნმა სააკაშილმა ბ-ნ იანუკოვიჩს ვანკუვერიდან დაურეკა. პრეზიდენტის ოფიციალური საიტის ცნობით, პირველი პირი კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პრეზიდენტის პრესმდივნის განმარტებით კი, ბ-ნი სააკაშვილი იქ არაოფიციალურ ვიზიტადაა, რომ სპორტული ობიექტები დაათვალიეროს და შემდეგ აჭარაში ზამთრის კურორტების მოწყობისას კანადური გამოცდილება მოახმაროს (ესე იგი, აჭარა ზაფხულში იქნება ყველაზე მაგარი საზღვაო კურორტი, ზამთარში კი – საზამთრო). არც პრეზიდენტის საიტს და არც მის პრესმდივანს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ისეთ პროზაულ ფაქტზე, როგორიც ზამთრის ოლიმპიური თამაშებია, რომლებმაც სტარტი სწორედ ჩვენი პრეზიდენტის კანადურ (ოფიციალურ თუ არაოფიციალურ) ვიზიტს დაამთხვიეს (უფრო ზუსტად, ეს ყოველივე პირიქით მოხდა). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნ სააკაშვილს თან ახლავს ბ-ნი ვარშალომიძე (როგორც აჭარის ზამთრის კურორტის, თავი), ასევე, კულტურის მინისტრიც, ოლიმპიადაში კი ქართველი, სულ რაღაც, 8 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მთელი ჩვენი მთავრობა ოკეანის გაღმა გაიხიკებოდა, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ზამთრის კურორტ აჭარას გულშემატკივრობენ და, რაც მთავარია, სპორტზე არიან უიმედოდ შეყვარებული (სიყვარულის განხორციელება კი, განსაკუთრებით, ბიუჯეტის ხარჯზე, მართლაც, შეუდარებელი ნეტარებაა).