„დეგრუზინიზაცია“
ალალად ფეხშეწმენდილები
რაკი ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციებით ვიქცევთ თავს, რომ, თითქოსდა, სეპარატისტები და ოკუპანტები ერთმანეთს ვერ უგებენ (შესაძლოა, ინფორმაციის სანდოობა საეჭვოა, მაგრამ, სამაგიეროდ, გულს ხომ უხარია?!), ბუნებრივია, ვერ დავმალეთ აღტაცება, როდესაც შევიტყვეთ, რომ ვლ. პუტინი ედ. კოკოევს თავიდან იშორებსო (ეს ცნობა გასული წლის ზაფხულის მიწურულს გავრცელდა) და ხატოვნადაც ჩავიქირქილეთ, მავრმა თავისი საქმე გააკეთაო. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჯაყო ისევ იქ ზის, სადაც იჯდა, არც სხვაგვარად ძალუძს და არც სადმე წასვლას გეგმავს (იმიტომ რომ, „აგრე ვიცის ჯაყომა!“). უფრო მეტიც, „იუჟნაია ოსეტიას“ „ტერიტორიული მთლიანობის“ აღმდგენმა (მეორე მხრივ, ვითომ რატომ არ უნდა აღედგინა, როდესაც „იუჟნაია ოსეტიას“ არსებობის ფაქტი თვით საქართველოს ხელისუფლებამ დაუდასტურა, მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩევნები ჩაატარა და სანაკოევიც დაგვისვა?! თუმცა ჩვენ რა, თავად დაისვა!), იმას გარდა, რომ კიდევ აქვს „ტერიტორიული პრეტენზიები“, „დეგრუზინიზაციის“ დიადი პროცესიც წამოიწყო. ამ ჯაყოური ნოვაციის მიზანია „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიაზე მდებარე 200-ზე მეტი სოფლისთვის ქართული სახელების გადარქმევა (თუმცა, სრულიად გაუგებარია, რატომ არის ცხინვალი ოსური სახელწოდება, მაგრამ, აბა, რას გაუგებ ჯაყოს მოპრიალებულ ტვინს?!) და ოსური გვარებისთვის – „შვილისა“ და „ძის“ ნაცვლად, სხვა დაბოლოებების მორგება. ვერც გაამტყუნებ და არც უნდა გაამტყუნო, რადგან, ნაკაცარი თეიმურაზის შთამომავლებზე ფეხის შეწმენდა ალალია!