მცხეთა, ანუ შარდენი და მონმარტრი
ენგურიდან – პერევამდე
მაშინ, როდესაც ედუარდ-ჯაყო კოკოევი ცხინვალის რეგიონში ქართულ კვალს საფუძვლიანად შლის და ახლა უკვე ქართული სახელწოდებების ამოძირკვა ჩაიფიქრა (მას შემდეგ, რაც ქართველები ამოძირკვა), საქართველოს პრეზიდენტი არაგვისა და მტკვრის შესაყართან პლაჟის გახსნას გეგმავს. თუ ამ ნოვაციისადმი საზოგადოების ნაწილის (ნაწილის, ვინაიდან „ნაციონალები“ დუმან, სავარაუდოა, რომ თავიანთ თავებს უკვე ჭვრეტენ ტრუსებში ჯვარსა და სვეტიცხოველს შორის) დამოკიდებულებით ვიმსჯელებთ, იქ, ზემოთ, ისევე ვერ იხილავენ ამ კონკრეტულ პლაჟს, როგორც საკუთარ ყურებს. მეორე მხრივ, შეუქცევადია მცხეთის რეაბილიტაციის პროგრამა (პლაჟების იდეა, აი, ამ რეაბილიტაციის მეორე ეტაპის მონახულებისას გვამცნო პირველმა პირმა), რადგან (ციტატა პრეზიდენტის სიტყვიდან): „ყოველთვის, როდესაც სტუმრად მყავდა უცხოელები, მცხეთაში ჩამოსვლისგან ფეხს ვითრევდი, გარშემო სულ ბარაკები იყო, ამიტომ სიღნაღში უფრო მსიამოვნებდა მათი ჩაყვანა“ (?!). თუმცა, რაკი რეაბილიტაცია შეუქცევადია, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ფეხი აღარ მოეთრევა, როდესაც უცხოელ სტუმრებს სვეტიცხოველსა და ჯვარს დაათვალიერებინებს; სხვათა შორის, სვეტიცხოვლის არქიტექტურა, მით უმეტეს, ჯვრისა, საკმაოდ მოძველებულია და, იქნებ, ამ რეაბილიტაციის პროექტის ეგიდით, საერთოდაც დაგვენგრია და მათ ნაცვლად რაიმე გამჭვირვალე აგვეშენებინა?! მეორე მხრივ, ვიდრე გავმჭვირვალდებით, პრეზიდენტი გვპირდება, რომ მცხეთის შესასვლელში ახალი სავაჭრო ცენტრიც აშენდება (ნეტავ იქ ვინ უნდა ივაჭროს?), რომელშიც, თურმე, იმაზე მეტი მაღაზია იქნება, ვიდრე თბილისში ერთად აღებული (ანუ, მთავარია, გავასწროთ თბილისს, თუნდაც მაღაზიების რაოდენობით). საბოლოოდ კი, „მცხეთაში შარდენი და მონმარტრი გაერთიანდება“.
ერთი სიტყვით, ზოგი მტკვრისა და არაგვის შესართავთან ისეთ ტაძარს აგებდა, რომელიც საუკუნეებს გაუძლებდა; ზოგიც იქ პლაჟის მოწყობაზე ოცნებობდა და, ამიტომაცაა, რომ, იმისგან, რაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ყოფილა, ენგურიდან პერევამდე დარჩენილა.