რის გამო დაასაფლავეს ნომერ პირველი პოლიტიკოსი, მესტუმრე ჯიქური, ულუს კარზე ქალაქის ქვრივ-ობლებმა და ავაზაკებმა
დაბალი სოციალური ფენიდან გამოსული მესტუმრე ჯიქური დავით ულუს მეფობის ხანაში ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო. მან ბევრი პრობლემა მოაგვარა. მესტუმრე ჯიქური მეფისა და მისი ოჯახისადმი დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა, თუმცა, ერთმა ღვარძლიანმა ჭორმა და დედოფლის განწყობამ ამ ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. უფრო მეტიც, მეფემ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, იგი ისნის ციხიდან გაკოჭილი გადმოაგდებინა მცველებს. თუ როგორი გზა განვლო, რა დამსახურება, მადლი და ბრალი მიუძღოდა მესტუმრე ჯიქურს თავისი თანამედროვე საქართველოს წინაშე და რატომ იყო მისი დაკრძალვა გამორჩეული, ამას ჩვენს ინტერვიუში ისტორიკოსი ჯაბა სამუშია გვიამბობს.
ჯაბა სამუშია: მეცამეტე საუკუნის შუა პერიოდში, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაბალი სოციალური ფენიდან გამოსული პიროვნება, რომელსაც მემატიანე მესტუმრე ჯიქურს უწოდებს. მესტუმრე – ამ კაცის თანამდებობა იყო, ხოლო ჯიქური – გვარია მისი თუ სახელი, ამის დადგენა, სამწუხაროდ, ჭირს, ვინაიდან ასეთი სახელიც არსებობს და გვარიც. მესტუმრე ჯიქური მაღალ ფეოდალურ წრეს არ ეკუთვნოდა, ამიტომაც მისი ტიტული სამეფო კარზე მოკრძალებული იყო, თუმცაღა, თავისი გავლენით, იგი მართლაც გამოირჩეოდა იმდროინდელ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს შორის. მეტიც, დავით ულუს კარზე მან პირველობის მოპოვებაც კი მოახერხა და იმდენად განდიდდა, რომ ქვეყანაში „რუხ კარდინალად“ იქცა. მის გარეშე სამეფო კარზე არაფერი წყდებოდა და, ფაქტობრივად, იგი იყო ქვეყნის გამგებელი იმ დროს, როდესაც მეფე ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ყაენის კარზე მიდიოდა ხოლმე.
მესტუმრე ჯიქურის დაწინაურება მეცამეტე საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე უნდა მომხდარიყო. ჟამთააღმწერელი მას ასეთი სიტყვებით ამკობს: „ერთგული მეფეთა, უმეტეს ყოველთა კაცთა”. ეს მნიშვნელოვანი დეტალია მესტუმრე ჯიქურის პიროვნებისა. ის მართლაც გამოირჩეოდა თავისი ერთგულებით მეფისა და მისი ოჯახის მიმართ.
– როდის და როგორ წინაურდება მესტუმრე ჯიქური?
– მესტუმრე ჯიქურის დაწინაურება დაიწყო მას შემდეგ, რაც დავით ულუ და დავით ნარინი დაბრუნდნენ მონღოლთა საყაენოს კარიდან საქართველოში მეფეებად კურთხეულნი. მცირე ხნის შემდგომ, მათი ერთობლივი მეფობა შეწყდა: დავით ნარინი იძულებული შეიქნა, გადასულიყო დასავლეთ საქართველოში, დავით ულუ კი აღმოსავლეთში დარჩა და საფუძველი ჩაეყარა ქვეყანაში ორმეფობას, თუმცა საქართველო ჯერ არ იყო გაყოფილი ორ სამეფოდ, არამედ ის წარმოადგენდა ერთ სამეფოში ორ ხელისუფლებას. საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფა მოგვიანებით ხდება. ამ პერიოდისთვის მესტუმრე ჯიქური აღმოსავლეთ საქართველოს მეფის კარზეა. ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა, ბუნებრივია, ბიძგიც მისცა მესტუმრე ჯიქურის დაწინაურებას. დავით ულუ იძულებული გახდა, გარკვეულ მიზეზთა გამო, წასულიყო ოქროს ურდოში ბათო ყაენთან. ამ დროს, სამეფოში რეალურ ხელისუფლებას ახორციელებს დავით ულუს მეუღლე – ჯიგდა ხათუნი, რომელთანაც საკმაოდ დაახლოებულია მესტუმრე ჯიქური და, ფაქტობრივად, ამ ქალის წყალობით იქცევა ის ქვეყანაში ნომერ პირველ პიროვნებად და იწყება მისი აღზევება. მესტუმრე ჯიქური საკმაოდ ენერგიული და გამჭრიახი პოლიტიკოსია. ჟამთააღმწერელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სწორედ მესტუმრე ჯიქურის წყალობით მოისპო ქვეყანაში ქურდ-ავაზაკობა: „სრულიად სამეფოსა შინა, მპარავი და ავაზაკი არ იპოვებოდა და თუ სადა გაჩნდის, ძელსა ჩამოჰკიდიან”. მან საკმაოდ მკაცრი, პოლიციური ზედამხედველობა დაამყარა. ბუნებრივია, ის ხალხშიც პოპულარული იქნებოდა, ვინაიდან მოსპო ყველაზე მთავარი – ის ფენა, რომელიც უბრალო ხალხს საკმაოდ ავიწროებდა და ცუდად ექცეოდა. ამას დაემატა ისიც, რომ მესტუმრე ჯიქური აღმშენებლობითი სამუშაოებითაც საკმაოდ აქტიურადაა დაკავებული. მისი მეთაურობით აშენდა და აღდგა სამეფო სასახლე ისანში. კიდევ ერთი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და მემატიანეც საგანგებოდ უსვამს ხაზს: მესტუმრე ჯიქურმაო, – ამბობს ის, – დააწყნარა მთის ხალხი. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას სხვადასხვა დროს უსიამოვნებები უხდებოდა მთის მოსახლეობასთან. თამარ მეფემაც კი ვერ მოახერხა, ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა და, მისი მეფობის ბოლო წლებში, ივანე ათაბაგი იძულებული გახდა, საკმაოდ დიდი ლაშქრობა მოეწყო საქართველოს მთიანეთში, რათა იქ მცხოვრები ტომები მორჩილებაში მოეყვანა და ეს პრობლემა მოაგვარა მესტუმრე ჯიქურმა.
მისი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც საოცარ ტრაგიზმს სძენს მის პიროვნებას. შემიძლია, თამამად ვთქვა და არც გადავაჭარბებ, რომ ნებისმიერი პროზაიკოსი აიღებდა ამ ადამიანის ცხოვრებას თავისი ნაწარმოების სიუჟეტად. მეფისა და მისი ოჯახისადმი ერთგულება დიდ მსხვერპლსაც მოითხოვს. ცენტრალურ ხელისუფლებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ბუნებრივია, მონღოლთა შემოსევების შედეგად განვითარებულმა კრიზისულმა პირობებმა, ქვეყნის ფეოდალებს სურვილი აღუძრა, რომ მეტი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო პანკისის ფეოდალი თორღვა. თორღვამ პანკისი ჩაკეტა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სამეფო ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე უარი განაცხადა. თორღვა საკმაოდ პოპულარული კაცია დღესაც – ახმეტის რაიონში არსებობს თორღვას ციხე, პანკისის ხეობაში უამრავ ტოპონიმს შეხვდებით, რომლებიც თორღვას სახელთანაა დაკავშირებული: თორღვას აბანო, თორღვას გზა და სხვა. იგი საკმაოდ ამბიციური ადამიანი იყო. როდესაც მეფე საყაენოდან დაბრუნდა და შეატყობინეს თორღვას განდგომის ამბავი, გადაწყვიტა, მის შემოსარიგებლად მოლაპარაკებები გაემართა. ეს საქმე ულუმ მესტუმრე ჯიქურს მიანდო.
– როგორ მოიქცა მესტუმრე ჯიქური?
– მესტუმრე ჯიქურმა საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ ქვეყნის მოღალატეს შენდობა არ აქვს.
თორღვას შემოსარიგებლად მესტუმრე ჯიქური და სამეფო კარი დაუკავშირდნენ თორღვასთან დაახლოებულ პირსა და ნათესავს – ხორნაბუჯის ერისთავს და მიუგზავნეს მას მოსალაპარაკებლად. ხორნაბუჯის ერისთავმა პირობა მისცა თორღვას, რომ, თუ ის თბილისში მეფის წინაშე წარდგებოდა და პატიებას ითხოვდა, მას შეუნდობდნენ. პანკისელმა ერისთავმა თავის დაზღვევის მიზნით ხორნაბუჯის ერისთავს უთხრა: წავიდეთ, ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესიის წინაშე შემომფიცე, რათა გენდო და ამის შემდეგ წამოვალ თბილისშიო. მართლაც, ხორნაბუჯისა და პანკისის ერისთავები ერთად წავიდნენ ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესიაში, გამოაბრძანეს ხატი, დადეს ფიცი და წამოვიდნენ დედაქალაქში. თორღვა მეფის წინაშე ტაბახმელის სასახლეში წარდგა.
– შეუნდეს თორღვას?
– მესტუმრე ჯიქურმა დაივიწყა ხორნაბუჯის ერისთავისადმი მიცემული პირობა და თორღვა დააპატიმრა, რის შემდეგაც იგი გადააგზავნეს კლდეკარის ციხეში და ქონგურიდან გადმოაგდეს. ასე დამთავრდა სეპარატისტი ერისთავის სიცოცხლე.
ამის შემდეგ იწყება დიდი ტრაგედია, ერთი მხრივ ხორნაბუჯელის და მეორე მხრივ – მესტუმრე ჯიქურისა. თორღვას სიკვდილის შემდეგ ხორნაბუჯელის ოჯახმა ვეღარ გაიხარა: ამ ტრაგედიიდან ცოტა ხანში ხორნაბუჯელის ოჯახი მთლიანად ამოწყდა. მოხუცებულ ხორნაბუჯელს ერთადერთი მემკვიდრე – შალვაღა ჰყავდა ნუგეშად და ისიც მონღოლებმა მოუკლეს. მემატიანე ამბობს, ასე იძია ალავერდის წმიდა გიორგიმ მასზე შურიო.
რაც შეეხება მესტუმრე ჯიქურს, ის, მართალია, ამ დროისთვის პოლიტიკური გავლენის ზენიტში იყო, მაგრამ ძალიან მოკლე ხანში მისი ცხოვრებაც აირია.
– რატომ მოხდა ასე?
– ამ პერიოდისთვის მეფის კარზე დიდი ცვლილებები ხდება. დავით ულუს გარდაეცვალა მეუღლე – ჯიგდა ხათუნი, რის შემდეგაც მეფემ შეირთო ავაგ ათაბაგის ქვრივი – გვანცა, რომელიც მეფემ მისი ქმრის პანაშვიდზე ნახა, როცა ის მისასამძიმრებლად იყო მისული. დავითს მოეწონა გვანცა და, როგორც კი ყველაფერი ჩათავდა, მაშინვე სასახლეში წაიყვანა. სამწუხაროდ, გვანცა დედოფალსა და მესტუმრე ჯიქურს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაიძაბა. შედეგად, მესტუმრე ჯიქური თანდათან კარგავდა გავლენას. ამას დაემატა ისიც, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, მესტუმრე ჯიქურის შესახებ დავით ულუს მოახსენეს, თითქოს იგი მეფის ჩუმად ინფორმაციებს მონღოლებს აწვდიდა. სამწუხაროდ, დავით ულუ საკმაოდ მალემრწმენი იყო და ამიტომაც დაიჯერა.
– არ გადაამოწმა?
– არათუ არ გადაამოწმა, არამედ, დაიბარა მესტუმრე ჯიქური და ყოველგვარი გამოკითხვისა და განხილვის გარეშე ბრძანა მისი მოკვლა. მეფის ბრძანების თანახმად, კარისკაცებმა შეკრეს მესტუმრე ჯიქური და ისნის ციხიდან მტკვარში გადააგდეს. ასე განუკითხავად დაიღუპა იგი. ალბათ, იშვიათად თუ ჰქონია ვინმეს ისეთი დასაფლავება, როგორიც მას: მესტუმრე ჯიქურის ცხედარი ქვიან ადგილას ეგდო მტკვრის ნაპირთან და არავინ ეკარებოდა. ერთ დროს ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირის ჭირისუფლობა და დაკრძალვა ქვრივ-ობლებისა და გლახაკების დელეგაციამ ითავა. მათი წარმომადგენლები ეახლნენ მეფეს და მოსთხოვეს მესტუმრე ჯიქურის გვამი. მესტუმრე ჯიქურს ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული მათთვის და გლახაკებმა და ქვრივ-ობლებმაც სიკეთით სამაგიერო გადაუხადეს. მემატიანე წერს, მრავალითა გოდებითა წარიღეს ჯიქურიო. იგი ქალწულ ქრისტინეს სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
ასე დასრულდა მეფისა და სამეფო კარის ერთგული მესტუმრე ჯიქურის ცხოვრება, რომელიც, თავისუფლად შეგვიძლია, მივიჩნიოთ მეცამეტე საუკუნის 40-50-იანი წლების ქართველ „რუხ კარდინალად“.