მარიამ გველესიანი: „შეყვარებულმა თავზე არ უნდა დამისვას, რაღაცეები უნდა დამიშალოს“
დამწყები მოდელი მარიამ გველესიანი ამჟამად სკოლაში სწავლობს, დამთავრებული აქვს მუსიკალური სასწავლებელი. მას ბავშვობიდან უნდოდა მოდელობა, თუმცა უფრო მეტად უყვარს, როდესაც თავად იღებს ფოტოებს.
მარიამ გველესიანი: ძალიან მომწონს მოდელობა, მიყვარს პოდიუმზე გამოსვლა, ფოტოების გადაღება. როდესაც მოდელი ხარ, უფრო მეტი დაფასება გაქვს, ყურადღების ცენტრში ხარ. ფორტეპიანოზეც ვუკრავდი, ვმღეროდი, მაგრამ აღარ გამიგრძელებია სწავლა.
– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.
– ძალიან მხიარული ვარ, გადამეტებულადაც კი. ზოგჯერ სერიოზულ სიტუაციებსაც მხიარულად აღვიქვამ და ცანცარას მეძახიან. არასდროს ვიწყენ და არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. განსაკუთრებულად მიყვარს სეირნობა დღისით და ღამეც. ბრაზიანიც ვარ და ძალიან ეჭვიანიც. შემიძლია, ადამიანს ბევრი მოვუთმინო, მაგრამ თუ ყელში ამომივიდა, უკვე აღარ ვჩერდები – ვჩხუბობ, ან მშობლებს ვეტლიკინები. წყენა ძალიან მალე გადამივლის ხოლმე, ადამიანს კი ვაპატიებ, მაგრამ ის წყენა გულში ისევ დამრჩება.
– როგორ შემოგირიგებენ ხოლმე?
– ბოდიშის მოხდა არ შემიძლია, არავის ვუხდი ბოდიშს, მხოლოდ ძალიან კრიტიკულ მომენტში თუ მომიხდია ბოდიში, ძირითადად სხვამ უნდა მომიხადოს ბოდიში.
– ეჭვიანიც ხარ?
– კი და არ მიყვარს, როდესაც ყურადღებას მაკლებენ. ჩემს გვერდით ყველა ძალიან მხიარულადაა, დროის გატარება და გართობა ჩემთან ერთად ხდება. მერე, როდესაც სხვა მეგობარს, ან შეყვარებულს მოძებნიან, ძალიან ვეჭვიანობ.
– როგორ გამოხატავ ეჭვიანობას?
– თუ მეგობარს ეხება, გავებუტები, თუ ჩემს შეყვარებულს მოეწონა გოგონა – დავშორდები. იმ გოგოს კი, ვცემ. არც კი გაბედოს და გაიფიქროს, ჩემი ღალატი. შეიძლება სხვა გოგონა სხვა რაღაცისთვის ჰყავდეს, მაგრამ ის, რომ ჩემს გარდა სხვაც უყვარდეს, შანსი არ არის, არ ვაპატიებ. თუ დავინახავ, რომ სხვას ეპრანჭება, შეიძლება, გავატარო, მაგრამ თუ კიდევ გაიმეორებს, დავემშვიდობები და სხვა ბიჭს დაველაპარაკები, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ბიჭი შემიყვარდება.
– ანუ, გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაში ინტრიგები საჭიროა?
– რა თქმა უნდა, საჭიროა პატარ-პატარა ინტრიგები და გაბრაზებები. ბიჭები ისეთები არიან, თუ არ მიახვედრე რას გრძნობ, როდესაც გამცირებენ, საუბრით ვერ გააგებინებ. სპეციალურად მაშინ უნდა აეჭვიანო, როდესაც ყურადღებას გაკლებს, რომ იგრძნოს რა ადვილად შეიძლება, დაგკარგოს. ანუ, შენი დაკარგვის შიში უნდა ჰქონდეს. მაგრამ, თუ ჩემი შეყვარებული სხვასთან ერთად დამინახავს და არ იეჭვიანებს, ხმას არ ამოიღებს, ესე იგი არ ვყვარებივარ და დავშორდები. თუ ეჭვიანობს, ეს იგი უყვარხარ და ეშინია შენი დაკარგვის, როცა არ ეჭვიანობს, ესე იგი არ აინტერესებს, სად წახვალ, ვისთან ერთად იქნები.
– აწვალებ ბიჭებს?
– არ მიყვარს, როდესაც ბიჭს გულს ვტკენ, მაგრამ თუ გამაბრაზებს, მაშინ ბოლომდე გავამწარებ. თაყვანისმცემლები სისხლს მიშრობენ. ვინმე რომ მომწონს, ცდილობენ, მასთან დამაშორონ. თუმცა, არც მე ვაკლებ, მაგრამ არ მიყვარს როდესაც ჩემს პირად ცხოვრებაში ერევიან.
– როგორი კატეგორიის თაყვანისმცემლები გყავს?
– ზოგს სულ ყურადღების ცენტრში ვყავარ, ზოგი ცოტა შერეკილია – საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას. მერე კი სხვასთან ერთად დაგინახავს, „გადაეკეტება“ და წავა იმას ეჩხუბება. ზოგიერთს საერთოდ არ ვიცნობ და სხვა ბიჭებს ეუბნება ჩემი შეყვარებულიაო. მეორეს „გადაეკეტა“ და სცემა. ისე მაგრად ურტყამენ ერთმანეთს, მათ მაგივრად მე მტკივა ხოლმე.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– თავიდან შეიძლება, ბიჭის გარეგნობას მიაქციო ყურადღება, მაგრამ ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია. მე მყავდა გარეგნობით ძალიან კარგი თაყვანისმცემელი, მაგრამ ისეთი მურტალი ხასიათი ჰქონდა, ხუთ დღეში დავშორდი. ანუ, ბიჭი ერთგული, ყურადღებიანი, ცოტა ეჭვიანიც უნდა იყოს და მკაცრიც, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს და ცოტა სიმკაცრე მჭირდება. შეყვარებულმა თავზე არ უნდა დამისვას – მე არ უნდა ვეუბნებოდე ეს გააკეთე-მეთქი. რაღაცეები უნდა დამიშალოს.
– როგორი რეაქცია გექნება აკრძალვებზე?
– რომ მითხრას, მოდელობას დაანებე თავიო, არ მოვისმენ. უნდა გამიგოს, არ დავუთმობ. შეყვარებული შეიძლება, ბევრი გყავდეს, პროფესია კი – ერთია. თანაც გააჩნია, როგორ მეტყვის, თუ რბილად მთხოვს, შეიძლება, დავფიქრდე, მაგრამ რომ მომთხოვოს, ძალიან ჯიბრიანი ვარ და ჯიბრში ჩავუდგები.
– კონტროლი გიყვარს?
– ძალიან მიყვარს, როდესაც მაკონტროლებენ, კონტროლში ვყავარ ბიჭს. ოღონდ, რბილად და არა მბრძანებლური ტონით. ბიჭებსაც სჭირდებათ კონტროლი და ვაკონტროლებ ხოლმე.
– როგორ ფიქრობ, ქალი და მამაკაცი ერთმანეთის წინაშე ბოლომდე უნდა გაიხსნან?
– ბიჭმა ყველაფერი რომ მითხრას, მომბეზრდება, მის მიმართ ინტერესს დავკარგავ. რაღაც ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ სულ დამაინტერესოს. ბიჭსაც არ ვუყვები ყველაფერს, რომ სულ ჰქონდეს ჩემდამი ინტერესი. ჩვევად და წესად მაქვს, თუ ბიჭთან სასაუბრო თემა გამომელევა, ესე იგი საჩემო არ ყოფილა.
– შენი აზრით, ბიჭმა გოგონას გულის დასაპყრობად ბოლომდე უნდა იბრძოლოს?
– მე ვისთვისც მითქვამს უარი, ის სხვა გოგონასთან ჯერ არ გაქცეულა. თუმცა, როდესაც ბიჭს უარს ვეუბნები, მას არასდროს ვაყენებ შეურაცხყოფას. ერთხელ მე შემიყვარდა ბიჭი და მან უხეშად მითხრა უარი. ამიტომ, ვცდილობ, ჩემი უარით, ბიჭს გული არ ვატკინო.
– როდესაც ბიჭი მოგწონს, შეგიძლია, მას ეს პირდაპირ უთხრა?
– თუ ბიჭი ძალიან მომწონს, პირდაპირ მივალ და ვეტყვი ამას. ბიჭისთვის სიყვარულიც ამიხსნია.
– ბიჭი და გოგონა ერთმანეთს ყველაფერში უნდა აყვნენ?
– კი, ყველაფერში უნდა აყვნენ ერთმანეთს. თუ ადამიანს ჩემთან აქვს ურთიერთობა, სიგიჟეების ჩადენა აუცილებლად დასჭირდება. რაც მთავარია, უნდა შეეწყოს იმ საზოგადოებას, რომელშიც მე ვტრიალებ. ამიტომ, დახვეწილი ადამიანი უნდა იყოს.