ის არ არის შენი გმირი
ქალებს ხშირად გვჩვევია თავის მოტყუება. შევხვდებით მამაკაცს, მოგვეწონება და ვცდილობთ, თავი იმაში დავირწმუნოთ, რომ ეს „ის“ არის, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდით. შეაფასეთ მოვლენები რეალურად და ნუ დახუჭავთ თვალს მის ნაკლოვანებებზე.
გაიქეცით უკანმოუხედავად, თუ...
* მამაკაცი თქვენთან შეხვედრებზე გამუდმებით თავის ყოფილ შეყვარებულებზე და საყვარლებზე ლაპარაკობს. იხსენებს, როგორები იყვნენ ისინი და გთხოვთ, ზოგჯერ მაინც მიბაძოთ მათ.
* მუდმივად წუწუნებს ცხოვრებაზე. უჩივის თავის უიღბლობას, ლანძღავს ქალებს და ამბობს, რომ ისინი სანდონი არ არიან. ასეთი მამაკაცი არაფერში გამოგადგებათ. ის ეგოისტია, თანაც – ხელმოცარული. აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი და აუცილებლად შეშურდება თქვენი, თუკი რაღაცას მიაღწევთ ან უკვე მიაღწიეთ.
* მამაკაცი, ამბობს, რომ ოჯახურ კონფლიქტებში ყოველთვის ცოლია დამნაშავე, ქმრად არ გამოგადგებათ. არ არსებობს ცალმხრივად დამნაშავე, მით უმეტეს, როცა საქმე ცოლქმრულ ურთიერთობას ეხება.
* მამაკაცს არ უყვარს ბავშვები. გეუბნებათ, რომ ისინი ზედმეტი თავის ტკივილია, ნუ გააღრმავებთ მასთან ურთიერთობას. მით უმეტეს, თუკი ჰყავს შვილი ან შვილები პირველი ქორწინებიდან და არ ეხმარება მათ. ამ ტიპის მამაკაცებს არავინ უყვართ და, საერთოდაც, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიყვარული.