რეალურობის განცდა
სიყვარული ბრმაა. რაც მეტად გიყვარს, მით უფრო კარგავ რეალურობის განცდას. სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც გვიბიძგებს, ნებაყოფლობით მოვიტყუოთ თავი. ერთი პლუს ერთი ყოველთვის არ უდრის ორს. შესაძლოა, პასუხი ორი იყოს, ან, კიდევ უარესი: უარყოფის უარყოფა შეყვარებულობის დეპრესიულ მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს.
შეყვარებული ქალი ნამდვილად იმსახურებს იმავე გრძნობით უპასუხონ და ყურადღებით გაანებივრონ. ბოლო დროს გაძლიერდა ტენდენცია – საკმაოდ მავნე და, თანაც სუსტი სქესისთვის წამგებიანი – რომ, თითქოს ძლიერ ქალს არც სიყვარული სჭირდება და არც მამაკაცის ყურადღება. რეალობა ასეთია: წარმატებულ ქალებს, რატომღაც, აღარ უნდათ მამაკაცთან ქალური სისუსტე გამოიჩინონ. ზოგჯერ კი გრძნობაც აშინებთ, არ სურთ, სიყვარულმა მეორე ადამიანზე – კაცზე დამოკიდებული გახადოს, მით უმეტეს, როცა ამ კაცს არაფერში უდებს ტოლს.
ქალი, რომელიც ცდილობს, დაკარგოს რეალურობის განცდა და საკუთარი თავი იმაში დაარწმუნოს, რომ სიყვარული არაფერში სჭირდება, მარტოობისთვის არის განწირული. ეს კი ძალიან არასასიამოვნო პერსპექტივაა.
მეორე მხრივ, ძლიერი მამაკაცების რიცხვი, რომლებსაც ქალის სიყვარულისთვის გმირობის ჩადენაც შეუძლიათ, დღითიდღე იკლებს. თანამედროვე მამაკაცები ყველა საშუალებით ცდილობენ, თავი აარიდონ ზედმეტ პასუხისმგებლობას... და თუ ქალიც უბიძგებს ამისკენ, მაშინ ერთი პლუს ერთი ვერასოდეს იქნება ორი, რაც არც ერთ სქესს არ მოუტანს სარგებლობას.
P. S. დაიმახსოვრეთ: როგორი ძლიერიც უნდა იყოთ, გვერდით აუცილებლად გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამ სიძლიერეს დაინახავს და დააფასებს.