ის და მისი სამსახური
ამბობენ, რომ არ არსებობს ბედნიერება მსხვერპლის გარეშე, რომ, თუ საყვარელ ადამიანთან ყოფნა გინდა, აუცილებლად უნდა დათმო რაღაც. მაგრამ, პრობლემაც სწორედ იმაშია, რომ სწორედ ჩვენი გადასაწყვეტია, რისი დათმობა შეიძლება და რისი – არა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენ ყველაზე შეუფერებელ მომენტში ვიჩენთ სიჯიუტეს. კარგია, როცა ყველაფერი იდეალურად აეწყობა: გაქვთ საყვარელი საქმე, ადგილი საზოგადოებაში, გყავთ საყვარელი ადამიანი, რომელიც თქვენს ყველა წამოწყებას იწონებს, ყოველთვის გვერდში გიდგათ... მაგრამ, რა უნდა ქნათ, თუკი ხედავთ, რომ აუცილებელია, რაღაც დათმოთ, რათა ყველაზე მთავარი – სიყვარული შეინარჩუნოთ.
წყვილმა რომ ჰარმონიულად იცხოვროს ერთ ჭერქვეშ, აუცილებელია, მათ ერთმანეთს გაუგონ, გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები. როცა ქალი ხედავს, რომ მისი მეორე ნახევარი წარმატებულია, შეუძლია, ოჯახსა და თავის მეორე ნახევარს უზრუნველი, კომფორტული ცხოვრება შეუქმნას, სამაგიეროდ კი ცოლისგან პოზიციების დათმობას, მხარში დგომას მოითხოვს, ალბათ, ღირს გარისკვა. ნურასოდეს იეჭვიანებთ მის სამსახურზე, ეს არ არის მომგებიანი ვარიანტი. მხოლოდ სულელი, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებული, კომპლექსიანი ქალები აკეთებენ ამას. არ იწუწუნოთ, მით უფრო – მის მეგობრებთან, რომ თქვენმა მეუღლემ ყველაფერი სამუშაოს გადააყოლა, რომ დიდ დროს იქ ატარებს და სახლში მოსულიც კი, ფიქრებით იქ რჩება. უკეთესი იქნებოდა, სამუშაო საერთოდ რომ არ ჰქონოდა?! აიტანდით მუდმივად სახლში მყოფს და არ უსაყვედურებდით? იყავით გულახდილი საკუთარ თავთან, ეს აუცილებელია. კაცისთვის მისი სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ ის წარმატებულია და კიდევ აქვს წინსვლის შანსი. იყავით მის გვერდით და ეს ერთგულება აუცილებლად დაგიფასდებათ.