რის გამო თქვა ქეთი ქემოკლიძემ უარი თაფლობის თვეზე და რით დაატყვევა მან პლასიდო დომინგო და ბუფონი
ქეთი ქემოკლიძე წლების წინ წავიდა უცხოეთში და დღეს იქ საკმაოდ ცნობილი ოპერის მომღერალია. მის ცხოვრებაში გასულ წელს ბევრი სასიამოვნო სიახლე იყო და, იმედია ეს, წელიც არანაკლებ წარმატებული იქნება მისთვის. ნოსტალგიური ბუნების მიუხედავად, ქეთი სამშობლოდან შორს მაინც ბედნიერია, უამრავი მიწვევაც აქვს და საყვარელი მეუღლეც ხშირად ანებივრებს. ახლა ქეთი მონტეკარლოშია, სადაც სპექტაკლებში იღებს მონაწილეობას.
ქეთი ქემოკლიძე: ამჟამად ვენაში ვცხოვრობ, ჩემი მეუღლის სამსახურიდან გამომდინარე გადავედი ამ ულამაზეს ქალაქში. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ასე რომ, გასულ წელს ბევრი რამ მოვასწარი და ოჯახიც შევქმენი. ეგონათ, რადგან უცხოეთში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, უცხოელს ავირჩევდი ცხოვრების მეგზურად, მაგრამ, ასე არ მოხდა. ჩემი რჩეული ქართველია – სანდრო შელეგია. ულამაზესი ქორწილი გვქონდა. ჩემი საქორწილო კაბა ბარსელონაში შევიძინე, სანდრომ კი მადრიდში იყიდა საქორწილო სამოსი. თბილისში გვქონდა ქორწილი და ისეთი გადატვირთული სამუშაო დღე დაემთხვა, ძლივს ჩამოვუსწარით საკუთარ ქორწილს (იცინის).
– როგორც ვიცი, საქორწინო მოგზაურობაში არ ყოფილხარ. რამ შეგიშალა ხელი?
– ჩემი სამუშაო განრიგი ისე დაემთხვა, რომ საქორწინო მოგზაურობაში წასვლა ვერ მოვახერხეთ. პლასიდო დომინგოსგან მქონდა შემოთავაზება, ვაშინგტონში როსინის „სევილიელ დალაქში“ უნდა მემღერა. ეს იყო ჩემი ამერიკული დებიუტი და ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. მართალია, საქორწილო მოგზაურობაში ვერ წავედი, მაგრამ ისეთი თბილი შეხვედრა მომიწყვეს ვაშინგტონში, რომ გული არ მწყდება. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს მე და სანდროს.
– ბევრ უცხო ქვეყანაში გაქვს მიწვევები, თითქმის მთელი მსოფლიო მოიარე. ყველაზე მეტად რომელი ქალაქით მოიხიბლე?
– მართალია, სულ გადაადგილებებში ვარ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მიყვარს ჩემი საქმე, რომ დაღლას ვერ ვგრძნობ. ძალიან შთამბეჭდავია ბევრი ქვეყნისა და ქალაქის ნახვა, საინტერესო ხალხის გაცნობა და მათთან ურთიერთობა. წინა ახალ წელს შევხვდი ქალაქ გრაცში, ავსტრიაში, სადაც ვმღეროდი ვერდის ოპერა „ნაბუკოში“, ამას მოჰყვა ვენეცია, სადაც ჩემი სპექტაკლები დაემთხვა ცნობილ ვენეციურ კარნავალს და ის დღეები არასოდეს დამავიწყდება. ვენეცია ხომ თავისთავად ზღაპრული ქალაქია და, მის ქუჩებში მოსიარულე სხვადასხვა საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის გვერდით რომ დავდიოდი, მერწმუნეთ, სხვა სამყაროში მეგონა თავი. ორი თვის განმავლობაში მანქანა არ მინახავს თვალით, მარტო ფეხით ან გონდოლებით მიწევდა გადაადგილება. გამიმართლა, რომ მეორე სართულზე ვცხოვრობდი, რადგან ყოველი წვიმის შემდეგ ზღვის წყალი პირველ სართულზე შემოდიოდა და იქაურობას ტბორავდა. კი მიკვირდა, ყველა ვენეციელის სახლში რამდენიმე წყვილ „ბოტს“ რომ ვხედავდი, მაგრამ მერე მივხვდი, რატომაც სჭირდებოდათ. ვენეციას მოჰყვა ბარსელონა, შემდეგ – კვლავ ავსტრია, მერე ვაშინგტონი და ამის შემდეგ გავემგზავრე ირლანდიაში ვექსფორდის ფესტივალზე. არასოდეს დამავიწყდება ბერლინში გამართული საქველმოქმედო საღამო, სადაც მე ვიმღერე. იქ ბილეთის ფასი იწყება 500 ევროდან და მთელი გერმანული ელიტა და პოლიტიკური ფიგურები ესწრებიან ამ კონცერტს. ასე რომ, ყველა ქალაქთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს.
– ახლახან გამოვიდა კარლოს საურას ფილმი, სადაც ერთ-ერთ როლში შენც თამაშობ. წითელ ხალიჩაზე გაიარე ოსკაროსნების გვერდით?
– სხვათა შორის, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი მსოფლიოში ცნობილი ესპანელი რეჟისორის – კარლოს საურას ფილმის „მე, დონ ჯოვანის“ ქასთინგზე. ქასთინგი გავიარე და დამამტკიცეს დრიანა ფერარეზეს როლზე, ვის მიხედვითაც შეიქმნა მოცარტის „დონ ჯოვანში“ დონა ელვირას სახე. გადაღებები მიმდინარეობდა რომში, ოპერატორი კი გახლდათ ოსკაროსანი ვიტორიო სტორარო. ის დღეები დაუვიწყარ მოგონებად ჩაიწერა ჩემი ცხოვრების დღიურში. ფილმი უკვე გამოვიდა და მოიპოვა კიდეც გამარჯვება ტორონტოსა და რომის ფილმის საერთაშორისო ფესტივალებზე. სამწუხაროდ, მე ვერ გავიარე წითელ ხალიჩაზე, რადგან იმ დროს პრემიერა მქონდა ვექსფორდის საერთაშორისო ფესტივალზე. მიხარია, რომ ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა წილად.
– ალბათ, ამ ფილმის შემდეგ შენი თაყვანისმცემელთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა.
– (იცინის) რას ვიზამთ, უნდა ავიტანოთ მათი შემოტევა. ისე, ხუმრობის გარეშე გეტყვით, რომ ყოველთვის ვგრძნობ თაყვანისმცემელთა სიყვარულსა და პატივისცემას. მათ წინაშე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და არ მაქვს უფლება, მოვეშვა ან დავიღალო. მათგან ყველაზე დიდი საჩუქარი – აპლოდისმენტებია. ყვავილებსაც ხშირად მიძღვნიან. ერთხელ წერილი მოვიდა. გავხსენი კონვერტი და შიგნით ჩემი ფოტოსურათი იდო, თან პატარა წარწერა ახლდა: იქნებ, ამ მისამართზე, თქვენი ხელმოწერით უკან დამიბრუნოთო (იცინის). საბედნიეროდ, ეჭვიანი მეუღლე არ მყავს.
– როგორ ეგუება შენი მეუღლე სახლში სულ მაღალ ხმაზე რომ მღერი?
– სხვათა შორის, სახლში სიმღერას ვერიდები, მით უმეტეს – მთელ ხმაზე, უბრალოდ, პარტიებს ვარჩევ ხოლმე. რას ამბობთ სახლში, ყოველდღე მთელ ხმაზე რომ ვიმღერო, ხომ გაიქცა ჩემი ქმარი და გადამერია სამეზობლო! ეგრევე გამასახლებენ (იცინის). ქმრისთვის დრო სულ მრჩება. მიყვარს, როცა დაღლილი მოვდივარ, მერე სახლის საქმეებს ვაკეთებ, მაგალითად: ვრეცხავ, ვაუთოვებ, ვალაგებ, კერძებს ვამზადებ. არავინ მყავს დამხმარე, თავად ვუვლი პატარა ოჯახს. ერთი სიტყვით, მიყვარს დიასახლისობა და მერე იმის მოსმენა, სამსახურიდან დაღლილი მეუღლე რომ მეტყვის, ეს რა გემრიელი საჭმელი დამახვედრეო.
– ბევრ ცნობილ ადამიანთან გიწევს შეხვედრა. მართალია, თითქოს ბუფონი სპეციალურად შენს სანახავად ჩამოვიდა?
– ძალიან სასიამოვნოა ბევრ ხალხთან ურთიერთობა, მით უმეტეს, ისეთებთან, ვისთანაც ბევრი ნატრობს შეხვედრას. ვაშინგტონში რომ ვიყავი, ჩემს მოსასმენად ჩამოვიდნენ მაესტრო პლასიდო დომინგო და მისი მეუღლე და ეს უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. რაც შეეხება ბუფონს, ცნობილ იტალიელ მეკარეს, ტურინში სცენაზე ამოვიდა, ხელი ჩამომართვა და დიდი ხნის ნაცნობივით გადამკოცნა. გამიხარდა, რომ ჩემი სიმღერით ისიც მოვხიბლე. ფილმის გადაღებების დროს კი ბევრი იტალიელი მსახიობი გავიცანი. ისინი პარტნიორობას მიწევდნენ და, გულში ვფიქრობდი, რას წარმოვიდგენდი თუ ამათ გვერდით მეც ვიდგებოდი-მეთქი.
– ამბობენ, ქეთის ხშირად „უტევს“ ნოსტალგია, სულ საქართველოში დაბრუნებას ნატრობსო.
– მართალია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი პედაგოგი. ნოსტალგია ხშირად შემომაწვება ხოლმე და, როცა თბილისში ჩამოვდივარ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. განსაკუთრებული, საოცარი ემოცია მეუფლება, როცა ქართულ სცენაზე ვმღერი, როცა ქართველი მაყურებელი მიყურებს და მისმენს. თუმცა, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ნოსტალგიისთვისაც აღარ მრჩება დრო. რეპეტიციიდან დაღლილი მოვდივარ სახლში, მერე საჭმელი უნდა გავაკეთო, რომ ვახშამი და სადილი მქონდეს, მერე კომპიუტერს უნდა მივუჯდე, რომ ინტერნეტით მეუღლეს დავეკონტაქტო და ადრე დავიძინო, მეორე დილით ადრე გავიღვიძო, რომ დღის განმავლობაში ენერგიულად ვიყო. მიყვარს უცხო ქალაქებში სიარული, ფოტოების გადაღება. სხვათა შორის, უცხო ქალაქში სულ ვიკარგები, ორიენტაციის მხრივ ვერ მაქვს საქმე კარგად. (იცინის). არაერთხელ მიცნეს კიდეც და მიმაცილეს სახლამდე. წელსაც ბევრ ქვეყანაში მომიწევს ჩასვლა. როგორც უკვე ვიცი, მადრიდში, ბილბაოში, ლონდონსა და კიდევ სხვა ქვეყნების დედაქალაქებში მექნება გამოსვლები. ასე რომ, ვეცდები, ჩემი ქართველობა იქაც დავამტკიცო და სიმღერით ვთქვა, რომ ქართველები მაგრები ვართ.