როგორ დავიმსახურე დირექტორის „სიყვარული“ და „გავრეცხე“ 20 კაცი თათბირზე
თავიდან, სანამ დამაწინაურებდნენ, ანუ სანამ ის ამბავი მოხდებოდა, რასაც ახლა გიამბობთ, ერთ სოლიდურ ფირმაში გენერალური დირექტორის მდივნად ვმუშაობდი. ჩემი უფროსი ქალი იყო, ძალიან მძიმე და უხასიათო ადამიანი, ამიტომ არავის უყვარდა, მაგრამ, რა ექნათ, უძლებდნენ.
ერთ დღეს თათბირი საღამოს 8 საათამდე გაგრძელდა. მე ისევ სამსახურში ვიყავი, რადგან, სანამ თვითონ არ წავიდოდა, დირექტორი არც მე მიშვებდა ხოლმე სახლში. საერთოდ, ძალიან უყვარდა ჩემი ყოველ წუთში დაძახება და დასაქმება, განსაკუთრებით – თათბირის დროს. ერთი ოცჯერ მაინც გამომიძახა და ხან ჩაის შეტანა დამავალა, ხან – ყავის, ხან – ბორჯომის და ხანაც – ჩვეულებრივი წყლის. ერთი სიტყვით, სიქა გამაცალა. საბოლოო ჯამში კი უამრავი ჭურჭელი დამიგროვდა – თათბირს 20-25 კაცი ესწრებოდა და, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ჭიქა და თეფში მექნებოდა გასარეცხი!
უფროსმა ჩემს გამოძახებებს რომ უკლო, ვიფიქრე, ამ ჭურჭელს გავრეცხავ, დროსაც გავიყვან და საქმესაც წინ წავიგდებ-მეთქი. ამიტომ ჭიქები დიდ სინზე დავაწყვე, თითოეულში ორი-სამი წვეთი „ფეირი“ ჩავაწვეთე და წყლით შევავსე, რომ უფრო ადვილად გამერეცხა. მერე ეს ყველაფერი ოთახში დავტოვე და რაღაცაზე გარეთ გავედი. ჩემს დაბრუნებამდე კი ისეთი რამ მოხდა, კინაღამ სამსახური დავკარგე, თუმცა, ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა.
თურმე, ამ ჩემმა უფროსმა თავისი ოთახიდან ვიღაც გოგო გამოგზავნა – მდივნის მაგიდაზე ჭიქით წყალი იდგება და მომიტანეო. ეტყობა, ინამუსა და მე აღარ გამომიძახა. ამ თათბირზე ფირმის ახალი მეპატრონეც იყო მოსული, რომელთანაც მაგარი კამათი მოსვლია ჩემს დირექტორს და, ეტყობა, წყალი გულის გასაგრილებლად დასჭირდა. ის შტერი გოგოც გამოფრატუნდა, დაავლო „ფეირიან“ ჭიქას ხელი და ისე შეუტანა შეფს, შიგ არც კი ჩაუხედავს. დირექტორმაც, თურმე, ისე „გადაუშვა“ ჭიქის შიგთავსი, არც კი დაეჭვებულა, რომ წყალს სვამდა. ჩაყლაპა თუ არა, უცნაურად შეიჭმუხნა და, რაღაც საყვედურის მაგვარის თქმა რომ დააპირა, იმდენი ფერად-ფერადი ბუშტი გამოუშვა პირიდან, მთელი ოთახი აბრჭყვიალდა. გაგიჟდა თურმე ქალი, იქნევს ხელებს, რომ ბუშტები გაფანტოს და თან რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ყოველ მცდელობაზე სულ ახალ-ახალი ბუშტები არ მოფრინავს მისი პირიდან?! ყველა ხმამაღლა იცინოდა, უფრო თამამები კი ბუშტებს დასდევდნენ და ტაშის ცემით ხეთქავდნენ. მოკლედ, ისეთი ამბავი ატყდა, წიოკის გამო შევიხედე ოთახში – ნეტავი რა მოხდა-მეთქი და შემდეგ სურათს წავაწყდი: ფირმის ახალი მეპატრონე, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ განრისხებული ეკამათებოდა ჩვენს დირექტორს, ყველაზე ხმამაღლა იცინოდა. ჩემი შეფი მიხვდა, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და თვითონაც აჰყვა სიცილში, მაგრამ სიცილის დროს კიდევ უფრო მეტი ბუშტი გამოუფრინდა პირიდან, რამაც უფრო მეტი მხიარულება გამოიწვია. ერთი სიტყვით, ამ სიცილ-სიცილში ნაჩხუბარი მხარეები შერიგდნენ და კრება მხიარულად დაიშალა. ხალხი რომ გამოვიდა კაბინეტიდან, ჩემმა შეფმა სიცილი შეწყვიტა, მთელი თავისი მრისხანება მე დამაფრქვია თავზე და სამსახურიდან გაგდებით დამემუქრა – სპეციალურად მომიწყვეო, თან ისევ ფერადი ბუშტები შემომაფრქვია. ამის შემხედვარეს ხარხარი ამიტყდა და ოთახიდან გიჟივით გავვარდი.
დერეფანში თათბირიდან გამოსული თანამშრომლები შემომეხვივნენ სიცილით. ყველა ხელს მართმევდა და მეუბნებოდა, შენ გაიხარე, კარგადაც ვიხალისეთ და გულიც მოვიფხანეთო. აღარ დამიწყია ახსნა-განმარტება, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, მაინც არავინ დამიჯერებდა. ამიტომ, იქვე დავწერე განცხადება წასვლაზე და, ის იყო, დირექტორთან შებრუნება დავაპირე განცხადების შესატანად, რომ ფირმის ახალი მეპატრონე გამოჩნდა. ჩვენ კარში შევეჩეხეთ ერთმანეთს და უცებ განცხადების ფურცელი ხელიდან გამივარდა. როგორც ჯენტლმენმა, თავად აიღო ფურცელი, რომ ჩემთვის დაებრუნებინა, მაგრამ, მიხვდა, რაც ეწერა იქ თუ შემთხვევით მოჰკრა თვალი, მითხრა, ამისგან რომ გამოხვალ, არსად წახვიდე, დამელოდეო.
დირექტორმა, რა თქმა უნდა, ხელი მომიწერა განცხადებაზე და აქ კი უკვე მიმტყუნა ნერვებმა – ცრემლით ამევსო თვალები. არ მინდოდა, ამ მდგომარეობაში დავენახე ვინმეს და წასვლა დავაპირე, რომ ფირმის ახალი მეპატრონე მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და ერთ მოზრდილ ოთახში შემიყვანა. ცოტა დავიბენი და შემეშინდა კიდეც, მეგონა, რაღაც საშინელება მოხდებოდა და საბრძოლველად მოვემზადე, მაგრამ მან ერთადერთი კითხვა დამისვა – რამდენ ენას ფლობო. რომ ვუთხარი, ქართულის გარდა სამს-მეთქი, გაუხარდა და მითხრა, დღეიდან ამ განყოფილების უფროსი იქნები, შენისთანა თანამშრომლები მჭირდებაო.
ყველაზე „საკაიფო“ კი ის იყო, რომ მეორე დღეს დირექტორების თათბირზე მეც წამიყვანა და თავისი მდივნის როლის შესრულება მთხოვა, რამდენიმე თვის შემდეგ კი – ცოლობაც...
როგორ ფიქრობთ, არ დავთანხმდებოდი?!