თავდაჯერებული მკვლელი
აგათა კრისტი
ჩვენი მეზობელი ექიმი ჰოკერი ჩვენთან რამდენიმე წუთის მოსული იყო, რომ ოთახში მისი ეკონომი, მისის რაიდერი შემოვარდა:
– ო, ექიმო, თქვენ გთხოვენ! ძალიან ვნერვიულობ. ტელეფონმა დარეკა და ყურმილი რომ ავიღე, ვიღაცის საშინელი ხმა გავიგონე. „მიშველეთ, ექიმო... მიშველეთ! მათ მომკლეს!“ „ვინ ლაპარაკობს?” – ვკითხე. – „ფოსკანტი“ – მიპასუხეს ჩურჩულით.
– გრაფი ფოსკანტი! – წამოიძიხა ექიმმა. – რამდენიმე დღის წინ გამომიძახა, გაციებული იყო. ახლავე უნდა წავიდე!
რა თქმა უნდა, მე და პუაროც გავყევით. სახლის ვესტიბიულში არავინ იყო. ლიფტიორმაც არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. მხოლოდ ის გვითხრა, რომ გრაფის მსახური ნახევარი საათის წინ წავიდა, გრაფს კი, მისი ინფორმაციით, ორი უცხოელი ჰყავდა სტუმრად. როდესაც მესამე სართულზე ავედით, კარი დაკეტილი დაგვხვდა და ზარზეც არავინ პასუხობდა. ლიფტიორი პორტიესთან გავგზავნეთ ბინის სათადარიგო გასაღები მას უნდა ჰქონოდა. მასვე ვთხოვეთ პოლიციის გამოძახებაც. ლიფტიორი სახლის მეპატრონესთან ერთად დაბრუნდა, მეპატრონემ კარი გააღო და ბინაში შევედით.
სასადილო ოთახში ასეთი სურათი დაგვხვდა: მრგვალ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი. ეტყობოდა, ყავა ცოტა ხნის წინ დაელიათ. სამი სკამი უკან იყო გაწეული იმის ნიშნად, რომ ახლახან ადგნენ სუფრიდან. კუთხეში დიდი საწერი მაგიდა იდგა, რომელთანაც კაცი იჯდა. მას მარჯვენა ხელი ტელეფონის აპარატზე ედო და ყურმილს ჩაბღაუჭებოდა, სახით კი მაგიდაზე იყო დამხობილი. ვიღაცას მისი კეფა ბლაგვი საგნით ჩაემტვრია. მკვლელობის იარაღი დიდხანს არ გვიძებნია იქვე ეგდო მარმარილოს ქანდაკება, რომლის ძირი სისხლით იყო მოსვრილი.
პუაროს ბინის დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღია, იგი მხოლოდ სასადილო მაგიდას ათვალიერებდა: მაგიდაზე სამი ფინჯანი იდგა. ეტყობოდა, რომ ამ ფინჯნებიდან ყავა დალიეს: ორი მათგანიდან შავი ყავა დაელიათ, ერთიდან – რძიანი; პორტვეინი კი სამივეს დაულევია – ნახევრად დაცლილი ბოთლი იქვე იდგა; ერთი სიგარას ეწეოდა, ორი – სიგარეტს. პუარო სამზარეულოში გავიდა, დაათვალიერა და თავი გადააქნია.
– მესიე, – იგი სახლის პატრონს მიუბრუნდა, – ამიხსენით, რა სისტემით აწვდით მობინადრეებს საჭმელს?
სახლის მეპატრონე კედელში გაკეთებულ პატარა ფანჯარასთან მივიდა.
– აქ, – განმარტა მან, – სპეციალური ლიფტია, რომელიც ზემო სართულზე ადის, სადაც სამზარეულოა განთავსებული. თქვენ ტელეფონით უკვეთავთ კერძს და საკვები თქვენთან ლიფტით ჩამოდის. ამავე გზით გვიგზავნით დასარეცხ ჭურჭელს.
პუარომ თავი დააქნია და იკითხა:
– ანუ, თეფშები და კერძები, რომლებიც აქ გამოიყენეს, ახლა ზევით, სამზარეულოშია? ნებას მომცემთ, იქ ავიდე?
ყველანი სამზარეულოში ავედით და ის ადამიანი დავკითხეთ, რომელმაც შეკვეთა მიიღო.
– სამ ადამიანზე შეუკვეთეს, – განმარტა მან, – სუპი, ჟულიენი, ფილე და ენა ნორმანდიულად, ასევე, საქონლის ხორცი და ბრინჯის სუფლე. დაახლოებით რვა საათი იყო. ვშიშობ, ყველა თეფში უკვე გარეცხილია. შემიძლია, ის გითხრათ, რომ თითქმის ყველაფერი შეჭმული იყო, ერთადერთი, ბრინჯის სუფლესთვის არ დაუკარებიათ პირი.
როდესაც ისევ დავბრუნდით ბინაში, იქ უკვე პოლიცია დაგვხვდა. ხუთი წუთი იქნებოდა გასული, რომ ოთახში აღელვებული, შუახნის მამაკაცი შემოვარდა. სახეზე შეშფოთება და მწუხარება აღბეჭდვოდა. ეს გრეივზი იყო, გარდაცვლილი გრაფ ფოსკანტინის მსახური. მის მიერ მონათხრობმა ამბავმა განგვაცვიფრა.
წინა დღეს, დილით, ორი ჯენტლმენი ესტუმრა. ორივე იტალიელი იყო. უფროსს, რომელიც 40 წლის იქნებოდა, ასკანიო ერქვა. მეორეს 24 წელს თუ მისცემდი. გრაფი ფოსკანტინი, როგორც ჩანს, ელოდა მათ და გრეივზი მაშინვე თავიდან მოიშორა. იმის გამო, რომ გრეივზს ცნობისმოყვარეობა კლავდა, პატრონის ბრძანება მაშინვე არ შეასრულა, დარჩა და მალულად უსმენდა. ხმადაბლა საუბრობდნენ, თუმცა, ცალკეული ფრაზების მიხედვით მიხვდა, რომ საუბარი რაღაც ფინანსურ წინადადებას, ამ წინადადების ირგვლივ შექმნილ პრობლემასა და მუქარას ეხებოდა. ბოლოს გრაფმა ცოტა ხმას აუწია და მსახურმა კარგად გაიგონა მისი სიტყვები:
„ჯენტლმენებო, მე კამათის დრო არ მაქვს. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მოდი, ხვალ შევიკრიბოთ, 8 საათზე, ისევ ჩემთან. ვისადილებთ და ჩვენს საუბარსაც მაშინ დავასრულებთ!“
სტუმრები მეორე დღეს, ზუსტად 8 საათზე მოვიდნენ. როდესაც გრეივზმა მაგიდაზე პორტვეინი დადგა და ყავა მოიტანა, პატრონმა უთხრა, რომ აღარ მჭირდებიო. გრეივზიც წავიდა.
არავის დაუნახავს, როგორ დატოვა სახლი ორმა მამაკაცმა, თუმცა მკვლელობის დრო ზუსტად იყო დაფიქსირებული: 8 საათი და 47 წუთი მაგიდის პატარა საათი, რომელსაც ფოსკანტინიმ წაქცევისას ხელი გაჰკრა და გადმოაგდო, სწორედ ამ დროზე იყო გაჩერებული, რაც ზუსტად ემთხვეოდა იმ დროს, როდესაც მისის რაიდერთან დარეკეს.
– მაშ, ასე! – შეაჯამა ინსპექტორმა და ბლოკნოტი დახურა, – ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს, საქმე ვენდეტასთან გვაქვს. მთელი სირთულე ახლა ისაა, როგორ ვიპოვოთ ეს სინიორ ასკანიო. შემთხვევით, მის მისამართს მოკლულის უბის წიგნაკში ვერ ვიპოვით?
გრაფის უბის წიგნაკში ჩვენ ვიპოვეთ ჩანაწერი: „სენიორ ასკანიო, სასტუმრო „გროსვენარ-ოტელი“. სენიორ ასკანიო დააკავეს და მას ბრალად გრაფ ფოსკანტინის მკვლელობა წაუყენეს. იგი ამტკიცებდა, რომ გრაფს საერთოდ არ იცნობდა და რიჯენსკორტს არც იმ საღამოს და არც შემდეგ, საერთოდ არ მიახლოებია. მეორე, უფრო ახალგაზრდა იტალიელი უკვალოდ გაქრა.
საბოლოოდ ასკანიომ სასამართლოს თავი მაინც დააღწია. თავად იტალიის ელჩი გამოვიდა მოწმედ და განაცხადა, რომ მკვლელობის საღამოს რვიდან ცხრა საათამდე ასკანიო საელჩოში იმყოფებოდა მიღებაზე. დაკავებული გაათავისუფლეს. რასაკვირველია, ბევრმა მიიჩნია, რომ დანაშაულს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ამიტომაც მიჩქმალეს.
ერთ მშვენიერ დღეს, პუარომ განმიცხადა, რომ სტუმარი გვეყოლებოდა და ეს სტუმარი თავად ასკანიო იქნებოდა. იგი მალე მოვიდა. ეს იყო საშუალო სიმაღლის გამხდარი მამაკაცი, რომლის თვალებშიც რაღაც იდუმალება და სიეშმაკე იმალებოდა.
– დაბრძანდით, სენიორ, – მიმართა მას ჩემმა მეგობარმა, – ვხედავ, ჩემი წერილი მიიღეთ. გადავწყვიტე, ამ იდუმალებით მოცულ საქმეში გავერკვე, ამაში კი თქვენ შეგიძლიათ, დამეხმაროთ. მაშ ასე, დავიწყოთ: სამშაბათს, დილის 9 საათზე, თქვენს მეგობართან ერთად, გრაფ ფოსკანტინის ეწვიეთ...
იტალიელმა ხელი გაბრაზებით აიქნია:
– არაფერიც! მე პოლიციას ჩვენება ფიცის ქვეშ მივეცი...
– ჰო, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ცრუ ჩვენება მიეცით.
– თქვენ რა, მემუქრებით? თქვენი არ მეშინია. მე ხომ გამამართლეს.
– რა თქმა უნდა! მე არც ისეთი სულელი ვარ, რომ თქვენ სახრჩობელით დაგემუქროთ, მაგრამ მე შემიძლია, საზოგადოების ყურადღება მივაპყრო თქვენკენ, ანუ, გავახმაურო ყველაფერი! ვხედავ, ეს არც ისე გსიამოვნებთ. თქვენი ერთადერთი შანსია, ჩემთან გულწრფელი იყოთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ ინგლისში ერთი კონკრეტული მიზნით ჩამოხვედით – გრაფთან შესახვედრად.
– იგი სულაც არ არის გრაფი, – ჩაიბურტყუნა ასკანიომ.
– ეს ფაქტი უკვე ცნობილია ჩემთვის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. პროფესიონალი შანტაჟისტები ხშირად სარგებლობენ გრაფის ტიტულით. მაშ ასე, თქვენ განსვენებულს სამშაბათს დილით ეწვიეთ, არა?
– დიახ, მაგრამ მე გულშიც კი არ გამივლია მეორე დღეს ისევ მასთან მისვლა. ამის საჭიროება არც იყო. ყველაფერს აგიხსნით: მაგ არამზადას ხელში ჩაუვარდა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც იტალიის მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ეხებოდა. მან მაკომპრომეტებელი მასალის დაბრუნება მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შემოგვთავაზა. ინგლისში მოსალაპარაკებლად ჩამოვედი. მასთან რომ მივედი, თან საელჩოს ახალგაზრდა მდივანი მახლდა. მე ფული გადავეცი და მან მასალები დაგვიბრუნა. ამის მერე აღარ მინახავს.
როდესაც ასკანიო გავაცილეთ, პუარო სავარძელში მოთავსდა და გამიღიმა:
– გაიხსენეთ, ჰასტინგს, იმ საღამოს რაზე მიგაქცევინეთ ყურადღება – იმაზე, რომ ფანჯარაზე შტორები არ იყო დახურული. ივლისის შუა რიცხვებია, რვაზე ჯერ ისევ დღეა, შებინდებას ცხრის ნახევარზე იწყებს. ყავა, რომელიც მაგიდაზე დაგვხვდა, ძალიან მაგარი იყო. ფოსკანტინის კი კბილები საოცრად თეთრი ჰქონდა, არადა, ყავა კბილებს ღებავს. აქედან – დასკვნა: ფოსკანტინის იმ საღამოს ყავა საერთოდ არ დაულევია, თუმცა ყავა სამივე ფინჯანში ჩამოასხეს. რატომ დასჭირდა ვიღაცას, რომ ჩვენ გვეფიქრა, თითქოს ფოსკანტინიმ ყავა დალია? მოდი, დაგეხმარებით: რა საბუთი გვაქვს, რომ ასკანიო და მისი მეგობარი, ან ვინმე სხვა ორი კაცი, იმ საღამოს ფოსკანტინისთან მივიდნენ? არავის უნახავს, როგორ შევიდნენ და როგორ წავიდნენ ისინი. ამას მხოლოდ ერთი კაცი აცხადებს და, კიდევ, რამდენიმე საგანი ამტკიცებს – მხედველობაში მაქვს ჩანგლები, დანები და დასვრილი თეფშები. არა, ეს მართლაც არაორდინარული იდეა იყო. გრეივზი ქურდი და ნაძირალაა, მაგრამ მისი თავი აშკარად მუშაობს. დილით მან საუბრის მხოლოდ ნაწილის მოსმენა მოახერხა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, ჭკვიანური გეგმა რომ შეემუშავებინა. ის მიხვდა, რომ ასკანიო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა და ალიბის დამტკიცება გაუჭირდებოდა. მეორე დღეს, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, მიდის პატრონთან და ეუბნება, რომ ტელეფონთან ეძახიან. ფოსკანტინი მაგიდასთან ჯდება, ყურმილისკენ ხელს იწვდის და ამ დროს, გრეივზი მას თავში მარმარილოს ქანდაკებას ურტყამს. შემდეგ შიდა ტელეფონით სამი პირისთვის სადილს უკვეთავს. სუფრას ისე აწყობს, რომ შთაბეჭდლება დარჩეს, თითქოს იქ სამმა ადამიანმა ისადილა. მადას რომ არ უჩივის, სამი შეჭმული ბიფშტექსიც მოწმობს, მაგრამ სუფლეს შეჭმა მისთვისაც რთული აღმოჩნდა. სრული ილუზიის შესაქმნელად, მან ერთი სიგარა და ორი სიგარეტიც კი მოსწია. შემდეგ საათის ისრები 8 საათსა და 47 წუთზე დააყენა და იატაკზე დააგდო. ერთადერთი, რაც დაავიწყდა, შტორების დახურვა იყო – სადილი მართლაც რომ შემდგარიყო, ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. 8 საათსა და 47 წუთზე შევიდა სატელეფონო ჯიხურში, დარეკა ექიმთან და პატრონის ხმით ელაპარაკა. მისმა იდეამ ისე კარგად იმუშავა, რომ ეჭვი არავის გასჩენია. ამიტომ, ფული მიითვისა და გაქცევაც კი არ უფიქრია.
პოლიციას ისღა დარჩენოდა, თავდაჯერებული მსახური დაეჭირა...
P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.