ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-5(475)
სხვა გამოსავალი არ მაქვს, ისევ კორიდას უნდა დავუბრუნდე. ტრიბუნაზე ჩემი ადგილი დავიკავო და არენისკენ მივმართო ჩემი ყურადღება. ტყუილად წუწუნებთ და ყასიდად აქნევთ თავს. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კმაყოფილები ხართ იმით, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის შესაძლებლობა რომ მოგეცათ. თუმცა, კორიდას მაინც აქვს განსხვავებული ხიბლი. არენაზე ყველაფერი მაყურებლისთვის კეთდება, რადგან სწორედ მაყურებლის ოვაციებია მატადორის დაფნის გვირგვინი. ამიტომაც მიდის რისკზე, თორემ, გავეშებულ ხარს რომელი ჭკუათმყოფელი აუფრიალებს წითელ ქსოვილს ცხვირწინ და უარესად რომელი სულელი გააგიჟებს – აჰა, მოდი და შენს რქებზე წამომაგეო. ისე კი, გულახდილები რომ ვიყოთ და ერთხელ მაინც, თუნდაც გამონაკლისის სახით, ვაღიაროთ, ჩვენ რა გვამოძრავებს, როცა თავად მის უდიდებულესობა, ბედისწერას ვიწვევთ არენაზე ორთაბრძოლაში, აღმოჩნდება, რომ არაფრით განვსხვავდებით მატადორისგან. ჩვენც ხომ დაფნის გვირგვინისთვის ვდებთ სასწორზე საკუთარ სიცოცხლეს, ზოგჯერ ღირსებასაც კი და სულგანაბულები ველით მაყურებლის ოვაციას...
***
ლევანს მინერალური წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა. ერთი ხელი მკერდზე ჰქონდა მიჭერილი, მეორეს ტელევიზორისკენ იშვერდა და ცოლს რაღაცას ანიშნებდა. თიკაც გაოცებული მიაშტერდა ეკრანს.
– წარმოუდგენელია... ვერ ვიჯერებ! ლევან, შენც იმას ხედავ, რასაც მე, თუ მეჩვენება?
– მიდი, ხმას აუწიე! – ამოიხრიალა ლევანმა, როგორც კი სული მოითქვა.
– პულტი შენ გაქვს და შენ აუწიე! ეს არის ელენე? ლამაზი ქალი ყოფილა, ძალიან ლამაზიც კი...
– რა დროს ეგ არის, გამაგიჟებ შენ მე! ელენეს სილამაზე რა შუაშია, ინფორმაციას უსმინე!.. – ლევანმა ტელევიზორს ხმა მოუმატა...
„ ...დაკარგულია ავტორის ადრეული პერიოდის ტილო, რომლის სავარაუდო ფასად ექსპერტები სამ მილიონ დოლარს ასახელებენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ მძარცველი საგანგებოდ მის მოსაპარავად შევიდა ბინაში. ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი არ არსებობს...“ – ემოციის გარეშე ყვებოდა რეპორტიორი და „მშრალ“ ფაქტებს გადმოსცემდა.
თინიკომ ქმარს შეხედა და შეშფოთდა:
– რა სახე გაქვს, ლევან? ერთიანად გაფითრდი, ცუდად ხომ არ ხარ?
– შენი აზრით, კარგად უნდა ვიყო? ვერ ხვდები, რა მოხდა? ჩვენი ნახატი დაიკარგა, მოიპარეს... გაფრინდა ჩვენი მილიონები! სრულ ჭკუაზე რომ ვარ და არ ვგიჟდები, არ გიკვირს?
თინიკომ ქმრის დამშვიდება სცადა:
– ჯერ ერთი, არც ნახატი და არც მილიონები ჩვენი არ ყოფილა და, საერთოდაც, მიმაჩნია, რომ...
ლევანი შეშლილივით წამოხტა ფეხზე და ქალს უყვირა:
– ფეხებზე მკიდია, შენ რა გგონია! გესმის? საერთოდ არ მაინტერესებს შენი იდიოტური არგუმენტები! ყველაფერი წყალში ჩამეყარა, მთელი გეგმები, იმედები!.. ვცოფდები, ასე მშვიდად რომ ხარ და ისე მიყურებ, თითქოს ეს ამბავი შენ საერთოდ არ გეხებოდეს!
– იქნებ, ასე უკეთესიც იყოს, – ჩაილაპარაკა ფიქრებში წასულმა თიკამ. ლევანი გაშრა. გაჩუმდა და გაოცებული მიაშტერდა, მერე ერთბაშად იფეთქა:
– რა უნდა იყოს უკეთესი, შენ ხომ არ გაგიჟდი? ჰმ, ცოლიც ამას ჰქვია!.. გესმის, რამდენი ფული დავკარგეთ, გესმის?
– ნუ ყვირი, ყრუ არ ვარ, – მშვიდად თქვა თინიკომ და სახეში შეხედა, – ისე ამბობ, დავკარგეთო, თითქოს იმ მძარცველს ჩვენი სახლიდან მოეპაროს ნახატი. რამე რომ დაკარგო, ის ჯერ უნდა გქონდეს.
– გაჩუმდი, გაჩუმდი, ნერვებს მაინც ნუღარ მიშლი! სამი მილიონი დოლარი... ღმერთო! – ლევანი ისევ ტელევიზორს მიაშტერდა, სადაც უკვე სხვა სიუჟეტი გადიოდა, – კიდევ ერთხელ უნდა მოვუსმინო, მაგრამ როგორ? – საათზე დაიხედა და გადამრთველს მივარდა, – იქნებ აქაც თქვან რამე...
– ძალიან სასაცილო ხარ... – სევდიანად გაიღიმა თიკამ, – ისეთი სასაცილო, რომ ტირილი მინდა.
– ჰო, არა?! ტირილი მაშინ მოგინდება, ფულს თვლას რომ დაუწყებ, – გესლიანი ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ლევანმა, – შენ ის ქალი არ ხარ, უკანმოუხედავად რომ ხარჯავ ათასებს, თუ, მეშლება? როგორ გგონია, მამაშენის სკივრიდან გაძლევ მწვანე დოლარებს?!
– არ არის პრობლემა, მაგდენს აღარ დავხარჯავ...
– რას მეუბნები?! მართლა აღარ დახარჯავ? – დასცინა კაცმა და სიგარეტს დაუწყო ძებნა, – აღარ დახარჯავს, თურმე... სალონშიც აღარ წახვალ? მასაჟსაც აღარ გაიკეთებ? უცხოეთში დასასვენებლად წასვლაზეც უარს იტყვი? მე სულ მინისტრი კი არ ვიქნები. შვილი გეზრდება, იმაზე მაინც რატომ არ ფიქრობ? თან, კიდევ რომ აპირებ გაჩენას... მაგრამ, სპეციალურად მიშლი ნერვებს! ოღონდ მე მავნო და საკუთარ ინტერესებსაც ფეხებზე იკიდებ. რა უნდა გელაპარაკო, სულ ტყუილად მპირდებოდი, რომ ყოველთვის ყველაფერს გამიგებდი.
– მე მინდა, რომ გაგიგო და ვცდილობ კიდეც ამას. მართლა ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო, როგორ ემსგავსები იმას! – ცრემლნარევი ხმით შეჰყვირა თიკამ.
– ვის ვემსგავსები, მაგით რისი თქმა გინდა?
– ვის ემსგავსები და მამაჩემს! დიახ, რას მომაშტერდი! მამაჩემივით გაგიჟებს ფული და ამ ფულისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი!
ლევანი შედგა:
– მამაშენი... როგორ არ ვიფიქრე... მამაშენი... ჰო, რა თქმა უნდა, ფულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი... როგორ არ გამახსენდა...
თინიკო ვერ მიხვდა, რა იგულისხმა ლევანმა და გაუმეორა:
– დიახ... და შენც ზუსტად მისნაირი ხარ. მე კი ეს არ მინდა, მე სხვანაირი ლევანი შევიყვარე. ან, იქნებ, ყოველთვის ასეთი იყავი და ვცდებოდი?!
მაგრამ ლევანი ცოლს აღარ უსმენდა. სიგარეტი ჩაუქრობლად მიაგდო საფერფლეზე, მობილური ჯიბეში ჩაიტენა და შემოსასვლელში ქურთუკის ასაღებად გაიქცა, თან, გზადაგზა ბურტყუნებდა:
– თუ ეს მისი ჩადენილია, თუ ეს მისი ნახელავია, ვაიძულებ, სიმართლე აღიაროს. ჩემთან თავისი „ნომრები“ არ გაუვა. კიდევ არ იცის, ვისთან აქვს საქმე...
– მოიცადე, სად მიდიხარ? – თინიკომ საკიდიდან პალტო ჩამოგლიჯა და ქმარს გამოედევნა...
***
დათოს ჩვევად ჰქონდა, სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა, უყურებდა თუ არ უყურებდა, ტელევიზორი ჩართული უნდა ჰქონოდა, ცოლთან ხშირად მოსვლია დავა ამის გამო ნათიას განსაკუთრებით რეკლამები აღიზიანებდა, სულ იმას ეჩხუბებოდა ქმარს, ხმას მაინც ჩაუწიეო. დათოსთვის შვება იყო, თუ სახლში იმ დროს შევიდოდა, როცა ნათიას უკვე ეძინა. ტელევიზორის წინ, დივანზე ნებივრად მიწოლილი სიმშვიდით ტკბებოდა. თუ ჩაეძინებოდა, ესეც არ იყო პრობლემა – „ჭკვიანი“, „ერთგული“ ყუთი თვითონ გამორთავდა საკუთარ თავს. იმ საღამოსაც ძილ-ბურანში იყო, როცა ეკრანზე ქალის ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი. ჯერ იფიქრა, ეტყობა, მძინავს და სიზმარს ვხედავო, მერე მიხვდა, რომ თვალებგახელილი სიზმარს ვერ ნახავდა და საბოლოოდ გამოფხიზლებული გადამრთველს ეცა. სიუჟეტის „კუდსღა“ მიუსწრო, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, ახალი ამბავი მთელი თავისი სისრულით რომ აღექვა. გაოგნებულმა სახე მოიფშვნიტა და, პირველი, რაც გაახსენდა, ტელეფონი იყო. ვახომ რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა. ნამძინარევი ხმა ჰქონდა:
– ჰო, რომელი ხარ?
– დათო ვარ. შენ რა, გეძინა? ჯერ თორმეტი საათიც არ არის.
– ვაა, შენ რა გინდა, ტოო!.. როცა „ხოში“ მაქვს, მაშინ მძინავს. ახლა ეგეც ამიკრძალეთ შენ და შენმა იდიოტმა ძმაკაცმა. სინდისი სუფთა მაქვს და მძინავს. ეგ თქვენ ფიქრობთ, რომ ცოდვები არ უნდა მაძინებდეს, მაგრამ, ვერ მოგართვით. ისე არ არის საქმე, თქვენ რომ გგონიათ, არა!
დათომ გაკვირვებით დახედა მობილურის ეკრანს, რომ დარწმუნებულიყო, მართლა იმ ვახოსთან რეკავდა თუ არა.
– რა ცოდვები, რას მიედ-მოედები? მთვრალი ხარ, ტო?!
– მთვრალი არა, ნასვამი! კარგი ქენი, რომ დამირეკე. მაინც მინდოდა შენი ნახვა, – ჩაიღრინა ვახომ.
– მაშინ, მოდი! ეტყობა, არაფერი იცი. მაგარი რაღაც მოხდა.
– რაც ვიცი, ისიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თავ-პირი დაგინაყო, მაგრამ საკუთარი ცოლის თვალწინ ვერ გცემ, ამიტომ, მირჩევნია, შენ მოხვიდე.
დათოს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებია მეგობრის სიტყვებისთვის. ნამძინარევი ვახო ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიულობით – ეს მისი ერთ-ერთი უარყოფითი თვისება იყო. ამიტომ მაშინვე დაეთანხმა:
– კარგი, მოვალ. მაგრამ, რომ იცოდე, ნათია არ არის სახლში, დედამისთან დარჩა.
– მით უმეტეს, უფრო არავინ შემიშლის ხელს, – ჩაიღრინა ვახომ.
– რომ გაიგებ, რა მქონდა სათქმელი, აღარ გამიბრაზდები, – გაიცინა დათომ.
– ჰო, კარგი, მოდი და აქ ვილაპარაკოთ, – ვახომ ყურმილი დაკიდა...
***
ლევანი კაბინეტში შეუვარდა სიმამრს და მაგიდაზე დაურტყა მუშტი:
– აჰა! ვიცოდი, რომ ისე არ გაჩერდებოდი, მაგრამ, ამდენს თუ შეძლებდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. გინდოდა, ჩვენ მშრალზე დაგეტოვებინეთ და იფიქრე, რომ ვერაფერს მივხვდებოდი?!
ზურაბი სავარძელში თვლემდა და სიძის შემოჭრამ დააბნია:
– რა, რა მოხდა... რომელი საათია?
– ტკბილი ძილი დაგიფრთხე, არა?! ისე გაქვს სინდისი დამძიმებული, საერთოდ ვერ უნდა იძინებდე, მაგრამ ამას შუბლის ძარღვი სჭირდება, რომელიც შენ არ გაგაჩნია!
ზურაბი ასადგომად წამოიწია.
– რა ამბავში ხარ, ბიჭო. რა უფლება გაქვს, სახლში რომ შემომივარდი და ყვირილსაც მიბედავ? ჩემი შვილის ქმარი ხარ, მაგრამ ამას შვილსაც ვერ ვაპატიებ. ან ტონი შეცვალე, ან წადი აქედან! – ზურაბს უნდოდა ეთქვა, წაეთრიეო, მაგრამ სითამამე არ ეყო, სიძესთან ზღვარს მაინც არ გადავიდა. თუმცა, გამაფრთხილებლად მუშტი მაინც შეკრა და სავარძლის საზურგეს დაეყრდნო.
ლევანმა კბილები გააღრჭიალა:
– შენ მოიპარე, ხომ ასეა?
– რა? რას ამბობ, ვერაფერი გავიგე! – ზურაბს სახეზე განცვიფრება გამოესახა.
– რომ არ გიცნობდე, დავიჯერებ, რომ მართლა არ იცოდი, – ირონიულად ჩაისისინა ლევანმა, – მშვენივრად გეხერხება თამაში. კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ არც მე ვარ შენზე ნაკლები. ვნახე თუ არა სიუჟეტი, მაშინვე ვერა, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, ვისი ნამოქმედარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ქურდობა შენი ხელობაა – მთელი ცხოვრება ამის მეტს არაფერს აკეთებდი. შენი შვილიც აქ არის, ჩემთან ერთად მოვიდა. მიდი, აუხსენი, რომ ეს მის საკეთილდღეოდ გააკეთე. მოატყუე, თუკი შეძლებ!
– გეყოფა! – ვეღარ მოითმინა ზურაბმა, – გისმენ და ვერაფერი გავიგე, აბსოლუტურად ვერაფერი, რას მიხვდი და რაში მდებ ბრალს, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთვის მეძინა და შუაღამისას შემომივარდი. თუმცა, ასეთი მუშაობა თქვენი სტილია.
– აი, თქვენ მაინც არაფერი გაქვთ სათქმელი! ჩვენ არ ვქურდობთ მაინც. თქვენ კი ძარცვა-წაგლეჯას დღესაც აგრძელებთ.
– გეყოფა-მეთქი! შეურაცხყოფას მაყენებ ყმაწვილო! – ოფიციალური, მკაცრი ტონით მიმართა ზურაბმა სიძეს, – ეს ჩემი სახლია, ხომ არ გავიწყდება?
– არ მჭირდება შეხსენება. შენ ხომ მარტო „ჩემი“ იცი! საკუთარი შვილისთვისაც კი არაფერი გემეტება. მაინც, როგორ მოახერხეთ, ვის სთხოვე, ვის დაავალე – ვინმე აქაურს თუ საფრანგეთის კრიმინალურ სამყაროსთანაც გაქვს კავშირი?
ზურაბმა ხელები გაშალა:
– ბოლოს და ბოლოს, ამიხსენი, რა ბრალდებას მიყენებ! კაცის მკვლელსაც აქვს თავის დაცვის უფლება.
– მართლა? მერე, ადვოკატი არ დაგჭირდება? თუმცა, რა სისულელეა. შენისთანებს რად უნდა ადვოკატი!
– ლევან, თუ ახლავე არ შეწყვეტ ჩემს დამცირებას, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
– ნუ მემუქრები. ის დრო აღარ არის, ყველას რომ აშინებდით, მით უმეტეს, მე ვერ შემაშინებ. ახლა ის მაინტერესებს, სად უპირებ იმ ნახატს გაყიდვას – კლიენტი რომ უკვე შეგულებული გეყოლება, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ!
– მოიცა, მოიცა! რომელი ნახატი? ვინ კლიენტი? – ზურაბი სიძეს დაჟინებით მიაშტერდა და ფერი ნელ-ნელა დაკარგა.
– აჰ, კიდევ ვერ ხვდები, არა? არ მოგწყინდა გულუბრყვილო ბაბუის როლის თამაში?
– არა, არაფერი მესმის, არაფერი!.. შენ გინდა მითხრა, რომ ნახატი მოიპარეს?.. – ზურაბი სულ გათეთრდა. ლევანი მიხვდა, რომ სიმამრი არ თამაშობდა.
– რა ხდება, ბატონო ზურაბ?..
– ლევან, ნახატი მოიპარეს? არა, შეუძლებელია! ვინ, როდის, რანაირად? შენ ეს საიდან იცი?..
– ტელევიზორს არ უყურეთ? – „თქვენობით“ მიმართვაზე გადავიდა ზურაბი, – ჟურნალისტებმა უკვე მოასწრეს, სამ მილიონ დოლარად შეფასებული ნახატის გაქრობის შესახებ სიუჟეტი მოემზადებინათ. თქვენ რა, მართლა არაფერი იცით?
– ვის, ვის უნდა დაერეკა? – ზურაბმა პერანგის საყელო მოიღეღა და ოთახს უმწეო მზერა მოავლო.
– იმათ, ვინც თქვენი დავალება შეასრულა. ეტყობა, დაავიწყდათ. ან, იქნებ, საქმიდან თქვენი „მოტეხა“ გადაწყვიტეს. მაგრამ, თქვენ რომ ასეთი გამოუცდელი არ ხართ? ვერ დავიჯერებ, რომ პარტნიორი ალალბედზე შეარჩიეთ...
– წყალი დამალევინე... – ზურაბი ნელა ჩაეშვა სავარძელში და სიძეს მაგიდაზე მდგარ ბროლის გრაფინზე ანიშნა.
– ცუდად ხართ? კარგი ერთი, – ჩაიცინა ლევანმა, მაგრამ წყალი მაინც დაუსხა და ჭიქა ახლოს მიუჩოჩა, – გირჩევთ, დრო აღარ დაკარგოთ და სასწრაფოდ დარეკოთ პარიზში, სანამ სულ მშრალზე არ დაუტოვებიხართ.
ზურაბმა წყალი მოსვა:
– შენ რა, მართლა გგონია, რომ ნახატი მე მოვაპარვინე?
– რა თქმა უნდა! კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, თანაც, ასი პროცენტით.
– რომ გითხრა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი-მეთქი?
– არ დავიჯერებ, – მოუჭრა ლევანმა, – იცოდით, ნიკუშა დედამისს რომ შეურიგდა. ისიც გაიგეთ, მასთან რომ გაფრინდა და გადაწყვიტეთ, რომ რისკზე არ წასულიყავით. ნახატის მოპარვა საუკეთესო ვარიანტია, თანაც, თქვენთვის აბსოლუტურად ადვილად განსახორციელებელი.
– მე არავისთვის არაფერი შემიკვეთავს. არ დაგიმალავ, ვიფიქრე ამაზე, მაგრამ, მხოლოდ ვიფიქრე.
– ჰოდა, თქვენი ნაფიქრი ვიღაცას ბრძანებად გაუგია, – ხუმრობა სცადა ლევანმა წარბის გაუხსნელად, – აჯობებს, თავად მითხრათ, ვინ არის ქურდი!
– არ ვიცი. არ ვიცი-მეთქი! – ხელები აიქნია ზურაბმა და უცებ იკითხა: – თინიკო სად არის?
– ქვემოთ, დედამისთან ლაპარაკობს.
– იმანაც იცის? – შეშფოთებით იკითხა ზურაბმა.
– ვინ, თინიკომ? რა თქმა უნდა! სიუჟეტს ერთად ვუყურეთ. თქვენმა მეუღლემ რა იცის ამ ნახატის შესახებ, ეს თქვენ უკეთესად მოგეხსენებათ. სიმართლე გითხრათ, ოდნავაც არ მაინტერესებს.
– უნდა დავრეკო! – ზურაბმა ჭიქა ბოლომდე გამოცალა. ლევანმა მოწონებით დაუქნია თავი:
– მეც ამას გიმტკიცებთ. თანაც, რაც შეიძლება, ჩქარა. მით უმეტეს, თუ ქურდობის შესახებ მართლა არაფერი იცით.
– არ ვიცი-მეთქი, არაფერი არ ვიცი! – ზურაბმა ტელეფონს სტაცა ხელი, მაგრამ ერთბაშად გაახსენდა, მარტო რომ არ იყო და შედგა, – მოიცა, ტელეფონი რად მინდა, სად ვრეკავ, ვისთან?
ლევანმა ირონიულად გადააქნია თავი:
– მეც სწორედ ეგ მაინტერესებს, სად რეკავთ და ვისთან. ძალიან მაინტერესებს, აქ ვიჯდები და ფეხს არ მოვიცვლი, სანამ სიმართლეს არ გავიგებ.
– რა სიმართლეზე მელაპარაკები? რა გინდა ჩემგან ბოლოს და ბოლოს?
– რა მინდა? მე რა მინდა? ლევანმა გამომწვევად გაატკაცუნა თითები, – ახლავე მოგახსენებთ, ბატონო ზურაბ. მოგახსენებთ, რადგან ჯიუტად არ ტყდებით იმაში, რომ საქმიდან ჩემი „მოტეხვა“ და გადაგდება გინდოდათ, იძულებული ვარ, არასასიამოვნო მეთოდებს მივმართო. მერწმუნეთ, სულაც არ მსიამოვნებს, მაგრამ სხვა გამოსავალს, უბრალოდ, ვერ ვხედავ.
– შეურაცხყოფას მაყენებ. მე ამას არ ვიმსახურებ.
– თქვენ პირობა გატეხეთ. ჩემს ზურგს უკან დაიწყეთ მოქმედება. ამიტომ, ისევ თქვენთვის აჯობებს, გაამხილოთ, ნახატთან დაკავშირებით რა მაქინაციებში გაეხვიეთ, თორემ, ისეთი პირი უჩანს, თქვენც ვერაფერს მიიღებთ.
ზურაბმა ცოტა იყოყმანა. მერე თითქოს მოლბა:
– კარგი, ვაღიარებ, რომ პარიზში ვიღაც-ვიღაცეებს მართლა დავუკავშირდი, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მითხარი, ეგ ფული აღარ მაინტერესებსო.
– აა! აი, თურმე, რა ყოფილა!.. მე კი ლამის უსინდისობაში დაგდეთ ბრალი. ეს მე ამინთია თქვენთვის „მწვანე შუქი“, მაგრამ ძარცვა რომ მაინც დანაშაულია?!
– რომელი ძარცვა? რა სისულელეა, ხომ არ გაგიჟდი?
– დიახ. არ იცით, რომ „საქმის მიმცემიც“ ისჯება? მე გასწავლოთ? – ლევანმა მხრები აიჩეჩა, – მოკლედ, ბატონო ზურაბ, ხომ ხვდებით, რომ ერთადერთი გამოსავალი გაქვთ, – გულახდილობა. მე არ ვარ ცუდი მოკავშირე, მაგრამ პატიოსანი თამაშის მომხრე ვარ.
– მეც, მაგრამ, შენ პირველმა დაარღვიე ეს წესები.
– იმით, რომ გითხარით, მაგ ფულზე უარს ვამბობ-მეთქი? ბატონო ზურაბ, თინიკოსი მაინც არ გრცხვენიათ? თქვენს შვილს რაღას ერჩოდით? მე რომ ასე ოპერატიულად არ მივმხვდარიყავი თქვენი საქციელის მთელ ვერაგობას, ხომ დატოვებდით შვილს და შვილიშვილს მშრალზე?
– არავითარ შემთხვევაში! – გააპროტესტა ზურაბმა, – მე თიკას და ზურიკოს მეტი არავინ მყავს. საფლავში ხომ არ წავიღებ იმ მილიონებს?
– ვერც წაიღებთ. იმიტომ, რომ არავის წაუღია. დროს ვკარგავთ, ბატონო ზურაბ, დროს ვკარგავთ. სანამ ჩვენ აქ ვმსჯელობთ მორალის საკითხებზე, მილიონები გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდება. მოჰკიდეთ ხელი ყურმილს, ბატონო ზურაბ, და დარეკეთ იმ თქვენს კრიმინალთან.
– კარგი, დავრეკავ, – საბოლოოდ გატყდა ზურაბი, – მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამეს ვაღიარებ. ბუნებრივია, ვცდილობ, ჩემი „არხების“ ამოქმედებას და ნახატამდე მისვლას, მაგრამ, იმიტომ არა, რომ თქვენი მშრალზე დატოვება მინდოდა. მერე აუცილებლად გეტყოდი. გეფიცები, ზუკას გეფიცები...
– სიმართლე გითხრათ, არ მჯერა არც თქვენი ფიცის და არც ერთი სიტყვის. მაგრამ ახლა უკვე აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, ჯერ დარეკეთ და მერე ვილაპარაკოთ.
ზურაბმა ამოიოხრა და ყურმილი აიღო...
***
დათოს წარბშეკრული ვახოს დანახვაზე გუნება ცოტათი გაუფუჭდა. მაგრამ არ შეიმჩნია და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი:
– ვერ გამოფხიზლდი? არა უშავს, ისეთ რამეს გეტყვი, მაშინვე გამოფხიზლდები. შენ, გეტყობა, ტელევიზორისთვის არ გიყურებია. გამო...ლევდები, ისეთ რამეს გეტყვი.
– ჯერ შემოდი და ვნახოთ, ვინ პირველი გამო...ლევდება, შე, იდიოტო!
– რა გჭირს, ტო? კარგი, რა... გაგაღვიძე, რა მოხდა, მერე? ხომ არ შემჭამ ახლა ამისთვის? ერთ დღესაც შენ გამაღვიძებ და გავსწორდებით.
– ესე იგი, გავსწორდებით, არა?! – ჩაიღრინა ვახომ და მოქნეული მუშტი პირდაპირ სახეში დაატაკა მშვიდად მდგარ დათოს. დათო გადაქანდა და კედელს მიეჯახა.
– გაგიჟდი, ტო?! აურიე? რას მერჩი?
– რას გერჩი კი არა, მოგკლავ, რაც მიჰქარე, იმას თუ არ გამოასწორებ, თანაც, რაც შეიძლება, მალე!
– ვერ გავიგე, რას გულისხმობ? – დათომ ნატკენი ყბა თითებით მოისინჯა, – ხომ არ მომტეხე, ტო?
– ღირსი კი იქნებოდი, მე და ჩემმა ღმერთმა... ეგ რა დამაბრალე, ბიჭო? მე იასთან ვიწექი? როგორ წარმოიდგინე ამისთანა იდიოტობა? გინდა, თავ-პირი დაგინგრიო? ჭორებს მიგორებ, შე ჩემა?!
დათო გაფითრდა:
– რა ჭორებს? მე მაგისი არაფერი ვიცი, შენ თვითონ არ უთხარი ლევანს, რომ იასთან იყავი მთელი ღამე?
– მერე რა, რომ ვიყავი? ჩემი მეგობარია, ჩვენი მეგობარია... ძმაა ჩვენი. რა, არ იცი? შენც დარჩენილხარ მასთან ღამით, მეც, ნიკუშაც, ლევანიც და, რა, მერე? გამოდის ყველანი ვწევართ მასთან? ახი არ არის, ავდგე და თავი მაგ კედელზე გარტყმევინო, რომ სისულელეები ერთხელ და საბოლოოდ გამოგიფერთხო?
– მე არაფერ შუაში ვარ, ლევანმა მითხრა...
– რა გითხრა, ვახო იას საყვარელიაო? – ვახოს თვალებში ველური ნაპერწკალი აუკიაფდა. – ორივე შეიშალეთ თუ პირი შეკარით? ახლა რა გინდა, ის უბედური თავისივე კაბინეტში ვცემო? ხომ იცი, რომ არც ეგ გამიჭირდება?
– ვახო, მომისმინე. იცი, რაშია საქმე?
– არ ვიცი. არ ვიცი და არც მაინტერესებს, – აიფოფრა ვახო, – რამდენი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ? გეკითხები!
– ბევრი, – ყოყმანით უთხრა დათომ.
– ბევრი რა უბედურებაა, დააკონკრეტე!
დათომ შუბლზე მიიდო ხელი:
– ვახო, გეხვეწები, ნუ მტანჯავ, გეთანხმები, დავაშავე, შევცდი... მართლა რა მომივიდა, არ ვიცი, მაგრამ რაღაც-რაღაცეები ერთმანეთს დაემთხვა და...
– გაჩუმდი, გაჩუმდი, თორემ, გეფიცები შემომაკვდები! ესე იგი, ლევანმა თქვა და შენც გაიმეორე... ყოჩაღ!
– აუუ, გეხვეწები, ნუ გაჭედავ, რა! გემუდარები, ძალიან გთხოვ... ძალიან, ბოდიში მოგიხადო? – დათომ ორი თითით ყელი გამოიწია.
– ბოდიში მე კი არა, იას მოუხადე, კრეტინო! – ცოტათი მოლბა ვახო, – ჰო, კიდევ, ნიკუშას. თუ, იმასაც აურიეთ ტვინი?
– სწორედ მაგაზე მინდოდა მელაპარაკა.
ვახომ კბილები გააღრჭიალა:
– ცოტა გამიარა გაბრაზებამ და, გირჩევ, არ გამახსენო.
– არა, არა, სხვა რამეა, – გამოცოცხლდა დათო, რადგან მიხვდა, რომ საფრთხემ გაიარა, – ტელევიზორს არ უყურე, ხო?!
– მეძინა-მეთქი, კრეტინო!
– მოკლედ, ამ ჩვენს ნიკუშას არაფერში არ უმართლებს, რა!.. კაროჩე, ის მილიონებიანი ნახატი მოპარეს.
ვახოს ემოცია არ გამოუხატავს. დათოს გაუკვირდა:
– ვერ გავიგე, რა თქვი? ის ნახატი მოპარეს-მეთქი.
– ჰო, კარგი. ცოტა ხმადაბლა მითხარი, რა გაღრიალებს, ყრუ კი არ ვარ. რა ნახატი?
– ნიკუშას დედას რომ ჰქონდა. როგორ არ გახსოვს, ტო... ეგეც ხომ აჩვენეს ტელევიზორში. შენ არ იყავი, რომ მეუბნებოდი, ამ ტიპმა, მამინაცვალმა ჩვენი ნიკუშა არ „მოტეხოსო“?!
– მე კი არა, შენ ამბობდი მაგას!
დათოს გაეღიმა, მაგრამ მაშინვე ნატკენ ყბაზე მიიდო ხელი.
– ნამდვილი დათვი ხარ, ველური!.. ესე იგი, გახსოვს.
– დათვი ვარ? მადლობა მითხარი, მშვიდი რომ ვარ და მალე გამინელდა სიბრაზე, თორემ, კიდევ უფრო მაგრად გცემდი. ვინ გითხრა, რომ ნახატი მოიპარეს?
– მაგას არ გეუბნები? ტელევიზორში აჩვენეს.
– ვინ, ნიკუშა?
– ნიკუშა არა, ტო... ის ტიპი, მამინაცვალი და საფრანგეთის პოლიცია. ჩასვლა ვერ მოასწრო და – უკვე ეგეთი ამბავი!.. გეუბნები, უიღბლოა, რა, ეს ჩვენი ნიკუშა, მაგარი უიღბლო...
– მით უმეტეს, რომ სამი ძმაკაციდან ორი სრული კრეტინი ჰყავს, – ნიშნისმოგებით დაუქნია თავი ვახომ. დათომ უსიტყვოდ „გადაყლაპა“ წყენა.
– ახლა ჩვენ რა უნდა ვქნათ, არ დავეხმაროთ?
– ჩვენ? – ვახომ მკერდზე იტაკა გაფშეკილი ცერა თითი, – მე?
– ჰო, რა ვერ გაიგე?
– რით უნდა დავეხმაროთ, რომელი შერლოკ ჰოლმსი და – დოქტორი ვატსონი ჩვენ ვართ? გამოძიებას ვერ გავქაჩავთ. ჩემი „დედუქცია“ მაგდენს ვერ სწვდება. თანაგრძნობით კი, რა პონტია, ტო... პანაშვიდს ხომ არ მოვუწყობთ?
– უბრალო ამბავი ხომ არ არის, სამ მილიონზეა ლაპარაკი. „დახატავდა“ ნიკუშას.
– ჰო, მაგრამ ჩვენ რას შევცვლით? უშველიან როგორმე, იპოვიან.
– ისე, როგორ არ უმართლებს, არა?
– იდიოტია და იმიტომ არ უმართლებს! – მოულოდნელად იფეთქა ვახომ, – რას ერჩოდა იას, მოეყვანა ცოლად და მორჩებოდა ყველაფერი. ახლა კი ლევანთან უნდა გავარჩიო საქმე...
დათომ საცოდავად შეხედა:
– სცემ?
– არა, ბიჭო, მოვეფერები. იასთან უნდა მივათრიო და ბოდიში უნდა მოვახდევინო. იმედი მაქვს, შენ ნებით წამოხვალ...
დათომ მორჩილად გაშალა ხელები.
***
ელენე შვილის წინ იჯდა და თვალს არ აშორებდა. მის მზერაში იყო რაღაც ისეთი, რაც ნიკუშას სითბოდ ეღვრებოდა სხეულში, თან, იმავდროულად, აშფოთებდა კიდეც, თუმცა დუმილის დარღვევას არ ჩქარობდა. ელენესაც სიჩუმე უფრო სიამოვნებდა. ტუჩის კუთხეებით თითქოს უღიმოდა კიდეც შვილს, მაგრამ სახეზე სევდის კვალი აჩნდა, სევდის და სინანულის. სევდაც და სინანულიც აუხსნელი იყო და ამიტომაც არ ჩქარობდა რამის თქმას. ისევ ნიკუშამ ვეღარ გაუძლო.
– ჟანი კარგი ადამიანია, მომეწონა.
ელენემ ოდნავ დაუქნია თავი, მაგრამ ისევ არაფერი უთქვამს. ნიკუშა აწრიალდა:
– ეტყობა, უყვარხარ.
– ჰო, ეტყობა... – ჩუმად დაეთანხმა ქალი.
– კარგია, რომ ქმარში მაინც გამიმართლა.
– ამას რატომ ამბობ? მე შვილშიც ძალიან გამიმართლა. ერთი წუთით არ შემპარვია შენში ეჭვი. დარწმუნებული ვიყავი, რომ, ადრე თუ გვიან, მოხვიდოდი ჩემთან.
– ჰოო? მოვიდოდი, იმიტომ რომ უშენოდ არსებობას ვეღარ შევძლებდი? – ირონიულად ჩაილაპარაკა ნიკუშამ, – იცი, მშიერი არ ვყოფილვარ.
– ეგ არაფერ შუაშია. შიმშილით რომ არ მოკვდებოდი, ამაში ეჭვი არ შემპარვია. მე სხვა რამე ვიგულისხმე – ის, რაც უხილავია, რაც დედას შვილთან აკავშირებს და რასაც სახელი არა აქვს. შენ მაინც მოხვიდოდი ჩემთან, – ელენეს თავდაჯერებულობამ ნიკუშა ცოტათი გააღიზიანა.
– თუ ასეა, რატომ აქამდე არ გამომიგზავნე მედიატორად საკუთარი ქმარი?
– მე არ გამომიგზავნია. მე კიდევ დავიცდიდი, მან თვითონ მოინდომა შენთან ჩამოსვლა და უარი არ მითქვამს. ამ წლების განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, შენზე არ მეფიქროს. იმედი არ დამიკარგავს, რომ ოდესმე ჩვენ აი, ასე ვისხდებოდით ერთმანეთის გვერდით... და მე შევძლებდი შენთვის იმის თქმას, რომ ძალიან მიყვარხარ.
– მართლა? – ნიკუშა შეეცადა, ირონიით დაეფარა დედის სიტყვებით გამოწვეული მღელვარება.
ელენეს გაეღიმა:
– ნუთუ ეჭვი გეპარება ამაში? პატარაც ასეთი ეჭვიანი იყავი. დღეში რამდენჯერმე მთხოვდი შენთვის სიყვარულის დამტკიცებას. მეტი შვილი სწორედ იმიტომაც არ გავაჩინე, რომ შემეშინდა...
– რისი შეგეშინდა? – ნიკუშას ტუჩები აუთრთოლდა.
– შემეშინდა, შენ არ დამეკარგე, – ხმადაბლა, დამარცვლით ჩაილაპარაკა ელენემ და ნიკუშამ ყელში ჩაჩხერილი ცრემლის გემო იგრძნო...
– ისეთი ბედნიერი ვარ, აქ რომ გხედავ, ჩემ გვერდით...
– მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფეხი ნამდვილად არ მქონია...
– რას გულისხმობ? – მაშინვე ვერ მიხვდა ელენე.
– შენს დანაკარგს. ასეთი ძვირფასი ნივთი... ალბათ, ძალიან განიცდი.
– შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ საერთოდ არ განვიცდი, – ელენეს გადატკეცილ სახეზე ერთი ნაკვთი არ შერხეულა, – ჰო, არ განვიცდი. შენი აქ ყოფნა გაცილებით მეტად მიღირს... და თუ ეს დანაკარგი შენი პოვნის საფასურია, მზად ვარ, ერთი ამდენი კიდევ გადავიხადო.
– სიგარეტი მომაწოდე, – სთხოვა ელენემ. ნიკუშამ კოლოფი და ძვირფასი თვლებით მოჭედილი სანთებელა მიაწოდა.
– ბევრს ხომ არ ეწევი? თუ, მე რომ არ ვეწევი, იმიტომაც მეჩვენება ასე?
– ჟანიც სულ მთხოვს, თავი დავანებო მოწევას და, რადგან შენი სახით სერიოზული მოკავშირე შეიძინა, ეტყობა, მომიწევს ამ სიამოვნებაზე უარის თქმა.
ნიკუშა დედასთან მივიდა და სავარძელთან ჩამოუჯდა:
– მართლა არ გაღელვებს ნახატის ამბავი?
– არა. ჟანზე უფრო ვღელავ, ასე რომ განიცდის ამას.
– ასეთი დარწმუნებული ხარ, რომ იპოვიან?
– ეგ არაფერ შუაშია. რომც ვერ იპოვონ, მაინც არ ვინერვიულებ.
– უცნაურია. ძალიან დიდი ფული ღირს. ასეთ დანაკარგზე რომ არ ინერვიულო, ათი მაგდენი მაინც უნდა გქონდეს.
– არსებობს დანაკარგი, რომელიც შეუფასებელია. მე მქონდა პერიოდი, როცა ღმერთმა დამანახვა, რა ღირს ნერვიულობად. არ უარვყოფ, ნახატი ძალიან ძვირად ღირებულია, მაგრამ, გული არ დაგწყდეს. ჟანს არავინ ჰყავს და, მზად არის, ყველაფერი შენ დაგიტოვოს, გვარიც მოგცეს თავისი და ტიტულიც.
ნიკუშამ ხმამაღლა გაიცინა:
– მე – გრაფი?! რა სისულელეა! ჩემი გვარიც ძალიან მომწონს. თან, იმ ასაკში ვარ, როცა შვილად აყვანა დაგვიანებულია. აქ ამისთვის არ ჩამოვსულვარ.
ელენე შეკრთა:
– ჰო, ვიცი, ჩემთან ჩამოხვედი.
– მართალია, შენთან ჩამოვედი, მაგრამ, იმიტომ არა, რომ მონატრებას ვეღარ გავუძელი.
– შვილო, ძალიან გთხოვ... – ხმა „გაუტყდა“ ელენეს და სიგარეტიანი ხელი აუკანკალდა.
– არა, არა, იმის თქმა არ მინდა, რომ არ მომნატრებიხარ, მაგრამ აქ უფრო იმიტომ ჩამოვედი, რომ პასუხი გამცე კითხვაზე, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ნორმალურ ცხოვრებაში მიშლის ხელს. ამ კითხვამ სიცოცხლე გამიმწარა, პირადი ცხოვრების მოწყობის საშუალება არ მომცა. არ ვიცი, შეიძლება, ძალიან ეგოისტი ვარ, შეიძლება, მართლა საკუთარი „ეგოს“ მეტი არაფერი მაინტერესებს, მაგრამ ვერ მოვერიე საკუთარ თავს. ეჭვით ცხოვრება საშინელებაა და, სანამ მისგან არ გავთავისუფლდები, ვერც შენ სიყვარულს შევძლებ...
– ნიკოლოზ, ძალიან გთხოვ... – შვილის გაჩუმება სცადა ელენემ, მაგრამ ნიკუშამ მისკენ გაწვდილი ხელები აირიდა, წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა. რამდენიმე წუთი წინ და უკან დადიოდა. ელენე შეშფოთებული ადევნებდა თვალს.
– მომისმინე, ჩემი გული ეჭვითაა სავსე და მასში სიყვარულის ადგილი არ არის. ამ ეჭვისგან უნდა გავთავისუფლდე, აუცილებლად უნდა გავთავისუფლდე... დედა... გთხოვ...
ელენე გაფითრდა. ამდენი წლის შემდეგ ნიკუშამ ისევ დაუძახა „დედა“...
– მკითხე, რა გაინტერესებს!
– მიპასუხებ? გულახდილად მიპასუხებ და არ მომატყუებ?
– არა. შენს სიცოცხლეს ვფიცავ, როგორი მძიმეც უნდა იყოს ჩემთვის ეგ შეკითხვა, მაინც სიმართლეს გეტყვი!
ელენეს ცრემლით სველმა სახემ ნიკუშა მიახვედრა, რომ ქალი ტყუილის თქმას ვერ შესძლებდა...
– მიპასუხე ახლა და საბოლოოდ – ვინ არის მამაჩემი?!
გაგრძელება შემდეგ ნომერში