გიზო ქებაძემ საყვარელი მოკლა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაჭრა
გიზო ქებაძემ 19 წლით უმცროსი საყვარელი მოკლა, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილი დაჭრა. 51 წლის ქებაძისთვის, რომელიც წარსულში ძარცვისთვის იყო ნასამართლევი, სახელმწიფო ბრალმდებელმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ, პატიმარი სასამართლომ დაინდო და ციხეში 21 წლით გაამწესა. საგულისხმოა, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, თუმცა, არავისთვის არ ყოფილა დამალული, რომ გარდაცვლილი მარინე მახარაშვილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო...
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გიზო ქებაძე წარმოშობით იმერეთიდან, ხოლო მახარაშვილი კახეთიდან იყო. ქმარს გაცილებული ქალი მცირეწლოვან, 6 წლის შვილთან ერთად, ნაძალადევში ქირით ცხოვრობდა. როგორც ირკვევა, ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებისთვის მას გასაყიდად ცხელი ყავა დაჰქონდა და მასში აღებული თანხით ირჩენდა თავს. თუმცა, იმდენად უჭირდა, რომ თანხის არქონის გამო ბავშვი სკოლაში ვერ შეიყვანა. რაც შეეხება გიზო ქებაძეს, ამავე ბაზრობაზე ის მეორად ელექტროსაქონელს ყიდდა. როგორც ჩანს, „თანამშრომლებმა“ სწორედ ბაზრობაზე „შეათვალიერეს“ ერთმანეთი და დაახლოვდნენ. როგორც მოწმედ დაკითხული ბაზრობის თანამშრომლები ჩვენებებში აცხადებენ, მარინე გიზოს გარდა ყავას ნისიად არავის აძლევდა. თუმცა, მათივე თქმით, კაცი ქალს ხშირად კუთვნილზე მეტ თანხას უბრუნებდა, რითაც ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მათ შორის ურთიერთსიმპათიები იყო. არადა, როგორც მოწმეები ამბობენ, მარინეს გამოჩენამდე გიზო სხვაზე იყო შეყვარებული და მასზე დაქორწინებასაც კი აპირებდა, მაგრამ საცოლე მარინეს გამო მიატოვა. ორი თვის შემდეგ კი საცხოვრებლად მის ნაქირავებ ბინაშიც გადავიდა – იქ სადაც ქალი 6 წლის შვილთან, ნიკასთან ერთად ცხოვრობდა.
მოკლედ, ქებაძე და მახარაშვილი რეალურად საყვარლები გახდნენ, მაგრამ ახლობლებში ქალი კაცს ქმრად ასაღებდა, რადგან ქებაძემ დედა-შვილზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო, ბინის ქირასაც თავად იხდიდა და სახლში საჭმელ-სასმელიც მას მიჰქონდა. მითქმა-მოთქმის თავიდან აცილების მიზნით, ქებაძემ „ცოლს“ ბაზრობაზე ყავის ტარებას თავი დაანებებინა, თუმცა, ქალმა გამოუცხადა, რომ, ვინაიდან ბავშვის სკოლაში შეყვანას აპირებდა, არ უნდოდა, რომ ფინანსურად მხოლოდ მასზე ყოფილიყო დამოკიდებული და დამლაგებლად დაიწყო მუშაობა ელიავას ბაზრობის ახლომდებარე ერთ-ერთ სარემონტო ოფისში.
თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მშვიდობიანი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა დაახლოებით სამი თვის შემდეგ, ქალსა და კაცს შორის კონფლიქტმა იმატა, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო. ამის მიზეზი კი ეჭვიანობა გახდა, რადგან, მარინე ქებაძემ, როგორც მისი საყვარელი ჩვენებაში წერს, „ბოზურად დაიწყო ჩაცმა“ და კაცს ეჭვი გაუჩნდა, რომ ახალი საყვარელი მოძებნა.
2009 წლის 2 ივნისს გიზო ქებაძე სახლში მთვრალი დაბრუნდა და საყვარელს მკაცრად მოსთხოვა, სამსახურიდან წამოსულიყო და სახლში დამჯდარიყო, რაზეც ქალისგან კატეგორიული უარი მიიღო. მარინემ განუცხადა, რომ მუშაობის მიტოვებას არ აპირებდა და ხუმრობაც კი დაუწყო. ამ სიტყვებმა ქებაძე გააღიზიანა და საყვარელს უთხრა, რომ მასზე ეჭვიანობდა, რასაც არ აპატიებდა, რადგან მის გამო მშობლებთან ურთიერთობაც კი გაწყვიტა. შელაპარაკება იმდენად გამწვავდა, რომ გაღიზიანებულმა კაცმა ქალს სკამი დაარტყა, რის გამოც ქალმა განუცხადა, რომ, თუ არ ენდობოდა, შეეძლო, მისი ცხოვრებიდან საერთოდ წასულიყო. ამ სიტყვებმა მთვრალი ქებაძე კიდევ უფრო გააღიზიანა და ქალს ისე ძლიერად დაარტყა, რომ, ჯერ წააქცია, შემდეგ კი მისი ცემა წიხლებითა და მუშტებით განაგრძო. ხმაურზე მახარაშვილის არასრულწლოვან ბიჭს გაეღვიძა, რომელიც ჩხუბის გამო დედისკენ საშველად წამოვიდა, მაგრამ, უკვე გვიანი იყო – გიზო ქებაძემ ქალი დანით დაჭრა...
ბავშვის დანახვაზე ქებაძე გონს მოვიდა და ქალი მიატოვა. ბიჭი ცდილობდა, იატაკზე დავარდნილი დედა წამოეყენებინა და საწოლამდე მიეყვანა, მაგრამ ვერ შეძლო და შეშინებული ყვირილით გარეთ გავარდა, რომ საშველად მეზობლებისთვის ეხმო. თუმცა, როგორც გამოძიება ამბობს, ბრალდებულმა ამჯერად მოწმის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და ბავშვისკენ წავიდა, რომელსაც კართან დაეწია, დანა მასაც დაარტყა და იქაურობას გაეცალა...
სასოწარკვეთილი ბავშვის ყვირილი მეზობელს, ნანა მჭედლიძეს შემოესმა და ფანჯარაში გაიხედა, თუმცა, ვერ გაარკვია, საიდან ისმოდა ხმა. ამ დროს თვალი მოჰკრა, როგორ გარბოდა მდგმურად მცხოვრები გიზო ქებაძე, რაც საეჭვოდ მოეჩვენა და მეზობელთან ერთად ნაქირავები ბინისკენ წავიდა, სადაც საშინელი სურათი დახვდა: კართან დაჭრილი პატარა ბიჭი იყო ჩაკეცილი, ოთახში კი ქალი იცლებოდა სისხლისგან.
მეზობლებმა მაშინვე სასწრაფოს გამოუძახეს, მაგრამ ექიმებმა დედის გადარჩენა ვერ შეძლეს (ბავშვს მსუბუქი ჭრილობა ხელში ჰქონდა მიყენებული). მართალია, მახარაშვილს გონება არ დაუკარგავს, მაგრამ ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა, სიკვდილამდე პოლიციამ მასთან გასაუბრება და დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა შეძლო, რის შემდეგაც გიზო ქებაძეზე ძებნა გამოაცხადეს.
ქებაძე პოლიციამ დანაშაულიდან დაახლოებით სამ კვირაში დააკავა და განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის (სსკ 109 და სსკ 19-109 მუხლები) დასდო ბრალი. საბედნიეროდ, ბავშვისთვის მიყენებული ჭრილობა მსუბუქი ხარისხის აღმოჩნდა, მაგრამ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მახარაშვილს სამი ჭრილობა აღენიშნებოდა: ორი – მუცლის არეში, ერთიც – გულ-მკერდის მიდამოში. გარდა ჭრილობებისა, ქალს სახეზეც და სხეულზეც უამრავი სისხლჩაქცევა აღმოაჩნდა, რაც ადასტურებდა, რომ ქალი სასტიკად იყო ნაცემი.
წარდგენილ ბრალდებაში განსასჯელმა ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და დაადასტურა, რომ მარინესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა: „მკვლელობა განზრახული არ მქონია... ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და დავუახლოვდით. ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, კარგი ბავშვი ჰყავდა, მის ნაქირავებ ბინაში ვხვდებოდით ერთმანეთს. ეკონომიურად ძალიან უჭირდა, შემეცოდა და თანაცხოვრება შევთავაზე. დამთანხმდა და ერთად ვცხოვრობდით. ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ამის გამო ჩემი მშობლები გამიბრაზდნენ და ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტეს. მე ოჯახი არ შემიქმნია, უბრალოდ, იმ ქალთან ვცხოვრობდი. ხშირად არ ვჩხუბობდით... იმ დღეს ელიავაზე დავლიე, მთვრალი ვიყავი. ბიჭებმა მითხრეს, იმ ქალს თავი დაანებე, ნამდვილად ვიცით, რომ მეძავია და გღალატობს, ტყუილად ატენი ფულებსო. ისიც მითხრეს, თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. სახლში ძალიან გაბრაზებული დავბრუნდი და მოვითხოვე, ეს ეჭვები გაებათილებინა. სამსახურიდან წამოსვლა ვთხოვე, რადგან, ვიცოდი, რომ, ის კაცი, ვისთანაც მღალატობდა, იქ მუშაობდა. ამაზე გაბრაზდა და მითხრა, შენი საქმე არ არის, მე სად ვიმუშავებ და სად ვივლი, შენ ჩემი ქმარი არ ხარ და არ ვარ ვალდებული, ანგარიში გაბაროო. ამ სიტყვებმა ძალიან გამამწარა და მართლა დავარტყი. წაიქცა, მაგრამ აღელვებული ვიყავი და წაქცეულს რამდენჯერმე მივარტყი ფეხი. ვაიძულე, ყველაფერი ეღიარებინა. მანაც მითხრა, რომ იმ კაცთან შენს გაცნობამდე მქონდა ურთიერთობა და ახლაც მაიძულებს, რომ მასთან ვიყოო... გონება გათიშული მქონდა, განერვიულებული ვიყავი, არ ვიცი, როგორ ვმოქმედებდი. ამ დროს ბავშვის ყვირილი მომესმა. მინდოდა, გაჩუმებულიყო და მასაც დავარტყი. მარინე წამოდგა და დავინახე, ხელში დანა ეჭირა – დარტყმას მიპირებდა. მისკენ მოვტრიალდი, დანა წავართვი და მე დავარტყი. მართლა არ მახსოვს, რამდენჯერ დავარტყი. არც ის მახსოვს, როგორ დავჭერი მისი შვილი. მე ამის გაკეთება არ მინდოდა, უბრალოდ, ძლიერ აღელვებული ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი... მერწმუნეთ, მე მათთვის ცუდი არ მინდოდა, რადგან ბავშვი შვილივით მიყვარდა, მას საჩუქრებით ვანებივრებდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, სასიკვდილოდ მართლა ვერ გავიმეტებდი... მარინე ჩემს მოკვლას აპირებდა, დანა რომ არ წამერთმია, აუცილებლად დამარტყამდა... თუმცა, როცა მივხვდი, რაც ჩავიდინე, გაქცევა გადავწყვიტე, დანა წამოვიღე და გზაში გადავაგდე. არ ვიცი, რატომ არ წავიყვანე ისინი საავადმყოფოში, ალბათ, იმიტომ, რომ დაბნეული ვიყავი. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ვეღარ გავბედე პოლიციაში მივსულიყავი და ყველაფერი მეღიარებინა. ახლობელთან კარგა ხანს ვიმალებოდი, მათთვის მომხდარზე არაფერი მითქვამს. შემდეგ სახლში დავბრუნდი. მივხვდი, დამალვას აზრი არ ჰქონდა და პოლიციაში მისვლას ვაპირებდი, მაგრამ იმ ღამით დამაკავეს.”
ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ მას განსაკუთრებული სისასტიკით არ ჰქონდა ჩადენილი მკვლელობა. აცხადებდა, რომ დანაშაული ძლიერ აღელვებულმა ჩაიდინა, თუმცა პროკურატურამ არ გაიზიარა მისი სიტყვები და მიიჩნია, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მასალები დანაშაულის დასადასტურებლად, რომ განსასჯელმა შვილს თვალწინ მოუკლა დედა და ამის შემდეგ მიაყენა არასრულწლოვანს ჭრილობა.
სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით ის მეზობლებიც დაიკითხნენ, ვინც დაჭრილი დედა-შვილი პირველად ნახეს.
ანა მჭედლიძის ჩვენებიდან: „უკვე ღამე იყო, ბავშვის განწირული ხმა რომ გაისმა – გვიშველეთ, გვკლავენო. ფანჯრიდან გამოვიხედე, რომ ზუსტად გამერკვია, საიდან ისმოდა ეს ხმა. კიდევ ერთხელ მომესმა ყვირილი, ცოტა ხანში კი დავინახე, როგორ გარბოდა ქუჩაში გიზო. მას ვიცნობდი, რადგან ვიცოდი, რომ მარინეს საყვარელი იყო. იმ ბინიდან ხმაური ხშირად ისმოდა. მოკლული ქალი მსუბუქი ყოფაქცევის იყო და მამაკაცები ხშირად აკითხავდნენ. ბოლო პერიოდში კი გიზო მოდიოდა ინტენსიურად. უბანში გიზოს დედაც კი მოვიდა, მარინეს ლანძღავდა, ამბობდა, ამ ქალმა ჩემს შვილს რაღაც გაუკეთა და ვერ ვაშორებო. არ ვიცი, რატომ ჩაიდინა მან ეს დანაშაული. იქ რომ მივედით, საშინელი სურათი დაგვხვდა: ბავშვი კართან იყო მოკუნტული. მე მისი დამშვიდება ვცადე, მაგრამ ამ დროს მეორე მეზობლის ხმა მომესმა – მოდი, მარინე სისხლში ცურავსო. სასწრაფო მალე მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალი გარდაიცვალა“.
დაზარალებულის სტატუსით სასამართლომ გარდაცვლილის დედა დაკითხა: „მარინე ქმარს რომ დასცილდა, ნიკა ორი წლის იყო. ქმარი სულ სცემდა, ლოთი იყო და მათი ერთად ყოფნა გაუსაძლისი გახდა. მე შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. ბავშვი რომ წამოიზარდა, თბილისში სამუშაო იშოვა და გადაწყვიტა, მარტო ეცხოვრა. ნაქირავებში იყო. პერიოდულად ვაკითხავდი. ბოლო დროს მასთან ხშირად შევხვედრივარ გიზოს. მარინემ გამაცნო, რომ ის მისი ქმარი იყო. მე მის ცხოვრებაში არ ვერეოდი... არ ვიცი, რატომ გამაუბედურა ამ კაცმა. ჩემი შვილი კონფლიქტური არ ყოფილა...“
საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, პროკურატურამ წაყენებული ბრალდება დადასტურებულად ცნო და განსასჯელისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოთხოვნა და გიზო ქებაძეს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.