როგორ გაშიფრა ქართველმა გამომძიებელმა საიმპერატორო თავლების საიდუმლო
ხანჯარი
1955 წლის 18 იანვარს მოსკოვში, ეგრეთ წოდებულ „ალექსანდრეს საწყობებს“ ცეცხლი წაეკიდა და ეს უზარმაზარი ფართობი სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში ისე დაიწვა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ვერაფერი გააწყვეს. იმ დღეს მოსკოვში მინუს 32 გრადუსი ყინვა იყო და საწყობების მიმდებარე ტერიტორია ისე გაიყინა, რომ სახანძრო მანქანები ხანძარს ვერ მიუახლოვდნენ. გარდა ამისა, ასი წლის წინ აშენებული ხის შენობები ისე იყო გამომშრალი, რომ კატასტროფული სისწრაფით ჩაიფერფლა...
ალექსანდრეს საწყობებს ცარიზმის დროს თავლის დანიშნულება ჰქონდა. ისინი იმპერატორ ალექსანდრე მესამის სპეციალური ბრძანებით აშენდა და იქ სამეფო ოჯახის რჩეულ ცხენებს უვლიდნენ. რევოლუციის შემდეგ სამეფო თავლებმა რამდენჯერმე შეიცვალეს პროფილი და მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იქ უზარმაზარი საწყობები მოაწყვეს, საიდანაც მთელი მოსკოვის მაღაზიები მარაგდებოდა საქონლით. ამგვარად, საწყობებში რამდენიმე ათეული მილიონი მანეთის ქონება ინახებოდა და ამ ტერიტორიას არასაუწყებო დაცვის შეიარაღებული ოცეული იცავდა, ტერიტორია კი მავთულხლართებით იყო შემოსაზღვრული.
ალექსანდრეს საწყობების ოფიციალური სახელწოდება იყო „მოსკოვის ¹1 სასაქონლო ბაზა“, რომელსაც 57 წლის ლევ პელცერი ხელმძღვანელობდა. ვაჭრობის გამოცდილ მუშაკს, არაერთი მადლობა და სიგელი ჰქონდა მიღებული კარგი მუშაობისთვის, მაგრამ, ის მაინც დააკავეს, რადგან, გამოძიების ერთადერთი ვერსიით, საწყობები შეგნებულად დაწვეს და ეს კვალის დაფარვის მიზნით გაკეთდა. ანუ, გამომძიებლები პელცერს დანაკლისში სდებდნენ ბრალს და ხანძრის ორგანიზებას აბრალებდნენ. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ხანძრის დროს ორი მცველი დაიღუპა. ისინი ხანძარს შეეწირნენ – მათი ცხედრები შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ძალოვნებმა პელცერი ორი კვირის მერე გაათავისუფლეს, რადგან ყველა სავაჭრო საბუთი წესრიგში აღმოაჩნდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ქონების დატაცებას ადგილი არ ჰქონია. ამას დაერთო მოწმეთა ჩვენებებიც, რომ საწყობები ცარიელი იყო, რადგან იქ მოთავსებული საქონელი საახალწლოდ გაიტანეს და გაიყიდა, ხოლო ახალი საქონელი კი 19 იანვარს, ანუ ხანძრის მეორე დღეს უნდა შეეტანათ. ყველაფერ ამას დაერთო ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა, რომ გადაბუგულ საწყობში მხოლოდ დახლები და კედლები იყო დამწვარი... ამიტომ საქმე დახურეს, ხანძარი კი უბედურ შემთხვევას მიაწერეს და აღნიშნეს, რომ ხანძარი დამწვარი მცველების გაუფრთხილებლობით მოხდა...
ახლად აღმოჩენილი გარემოება
ალექსანდრეს საწყობებში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპული მცველები, ივანე კოტოვი და ვარლამ მილევსკი, ისე დაკრძალეს, რომ მათთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, რაც იმით ახსნეს, რომ მათი ცხედრები ექსპერტიზისთვის უვარგისი იყო. მაგრამ, საქმის დახურვიდან ერთი კვირის შემდეგ, მოსკოვის პროკურატურის გამომძიებელთან, ანტონ შოხინთან, რომელიც ხანძრის საქმეს იძიებდა და დახურა, ვინმე ეგორ კოტოვი მივიდა და უთხრა:
– მე ივანე კოტოვის ძმა, ეგორი ვარ და მოვითხოვ, რომ თქვენ მიერ ნაადრევად დახურული საქმე განაახლოთ, კვალიფიციურად გამოიძიოთ და სიმართლე დაადგინოთ.
პროკურატურის გამომძიებელმა ეგორ კოტოვი არანორმალურად მიიჩნია, რადგან თავად მიაჩნდა, რომ საქმე სამართლიანად დახურა. ამიტომ მოსულ პიროვნებას უპასუხა:
– თქვენ ხართ არაკომპეტენტური პირი და საქმეს არ იცნობთ, ამიტომ თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა. საქმის ხელახლა აღძვრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ახალაღმოჩენილი გარემოება გამოჩნდება.
– სწორედაც რომ კომპეტენტური ვარ და საქმის დეტალებსაც ვიცნობ, – მტკიცედ თქვა კოტოვმა, შოხინს მილიციის კაპიტნის წიგნაკი გაუშალა და უთხრა, – მე ამ საქმეზე კერძო მოკვლევა ვაწარმოე და დავადგინე, რომ იმ ღამეს, როდესაც ხანძარი მოხდა, შენობაში ორი გასროლა განხორციელდა. მოწმეც მყავს, ვინმე ლოთი კუზმა ზახაროვი. მას ალექსანდრეს საწყობების სიახლოვეს თავშესაფარი აქვს მოწყობილი და სწორედ მან გაიგონა გასროლის ხმა.
– ლოთის გჯერათ? – სიტყვა გააწყვეტინა შოხინმა კოტოვს, – მე საწყობების დაცვის ოცეულის თვრამეტივე წევრი დავკითხე და არც ერთ მათგანს არ გაუგონია გასროლის ხმა. მათი ყაზარმა კი, ზახაროვის თავშესაფრისგან განსხვავებით, საწყობების ტერიტორიაზე მდებარეობს.
– მოშორებით, – თქვა კოტოვმა, – მოშორებით მდებარეობს. თანაც, ისინი იმ ღამეს ყველანი მთვრალები იყვნენ და მაგრად ეძინათ. ლოთ ზახაროვს კი ეღვიძა, რადგან სასმელი არ ჰქონდა, „ლომკაში“ იყო და გასროლის ხმებიც სწორედ ამიტომ გაიგონა. გარდა ამისა, ჩასატარებელი დაგრჩათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა და მისი მეწყვილე მოკლულები არიან და ხანძარი მხოლოდ ამის მერე გაჩნდა. ამიტომ ექსჰუმაციას მოვითხოვ.
შოხინს ენა მუცელში ჩაუვარდა და კაპიტანს ზიზღნარევი თვალებით უმზერდა. თუმცა, იძულებული იყო, მის ნებას დაჰყოლოდა და ექსჰუმაცია ჩაეტარებინა... ექსპერტიზამ კაპიტან კოტოვის ვარაუდი დაადასტურა და ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ხანძრის დროს დანახშირებული ივანე კოტოვი და ვარლამ მილევსკი მოკლულები იყვნენ – ორივე მათგანს თითო ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულში. ამიტომ, ახალაღმოჩენილი გარემოების გამო, ხანძრის საქმე განახლდა და მას გამოცდილი ქართველი გამომძიებელი შალვა კეკელია ჩაუდგა სათავეში...
თვითმკვლელობა
ახლად დანიშნულმა შალვა კეკელიამ გულდასმით შეისწავლა საქმის მასალები და დარწმუნდა, რომ მკვლელობები შინაურმა ჩაიდინა, ან შინაურის ხელშეწყობით იყო ჩადენილი, რადგან მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ვერავინ შეაღწევდა შეუმჩნევლად. ამიტომ, შალვა კეკელიამ თავიდან დაკითხა დაცვის ოცეულის თვრამეტივე წევრი და 61 წლის ლეონიდ კარპოვში შეეპარა ეჭვი. ის საწყობების დაცვის ოცეულის უფროსი იყო და უსაფრთხოებაზე პირადად აგებდა პასუხს.
– ამხანაგო გამომძიებელო, – შეწუხებული სახით ამბობდა კარპოვი, – იმ ღამეს ბიჭებმა არყის ფული შეაგროვეს, რომ ამ სიცივეში როგორმე გამთბარიყვნენ. ვაღიარებ, რომ ზედმეტი მოგვივიდა, ყველას მკვდრებივით ჩაგვეძინა და დანაშაული ვერ აღვკვეთეთ. ამიტომ მზად ვარ, პასუხი ვაგო კანონის წინაშე, როგორც უფროსმა.
კარპოვის სიტყვები გულწრფელად ჟღერდა, მაგრამ გამოცდილ შალვა კეკელიას ეჭვი შეეპარა მის სიტყვებში. ქართველი გამომძიებლის აზრით, ამ აღიარებით კარპოვი რაღაც უფრო დიდს მალავდა, მაგრამ, რას, კეკელიამ ეს არ იცოდა. კარპოვი კიდეც რომ მიეცათ პასუხისგებაში, მას პირობით სასჯელს მიუსჯიდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ეს კი, თუ კარპოვი დამნაშავე იყო, მისთვის ძალიან ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ კეკელიამ კარპოვის შემდგომი დამუშავება გადაწყვიტა, პარალელურად კი მისი ბიოგრაფიის შესწავლას შეუდგა და დაადგინა, რომ კარპოვი, სინამდვილეში გვარად ლემკე იყო და ადრეულ ახალგაზრდობაში მეფის კარზე მსახურობდა მეჯინიბედ სწორედ იქ, სადაც მოგვიანებით საწყობების დაცვის უფროსად დაბრუნდა. კარპოვის გვარი ლემკემ 40-იან წლებში მიიღო და გვარის შეცვლა იმით ახსნა, რომ მამას ვერ იტანდა და დედის გვარზე გადადიოდა. კეკელიამ გვარშეცვლილი დაცვის უფროსის დოსიეში მეტი ვერაფერი აღმოაჩინა, თუმცა ის ხელახლა დაიბარა დაკითხვაზე და ჰკითხა:
– რას იტყვით იმაზე, რომ გულახდილად ვისაუბროთ?
– რა თქმა უნდა, ამხანაგო გამომძიებელო, მე თქვენ ყოველთვის გულახდილად გესაუბრებით.
– კეთილი, ლემკე, – უთხრა კეკელიამ და გამომცდელად შეხედა, – მაშინ, გულახდილად მითხარით, რატომ დაბრუნდით საიმპერატორო თავლებში, რა საიდუმლო იმალება ყოველივე ამაში?
კარპოვი-ლემკე გაფითრდა, შემდეგ გულზე ხელი დაიდო და კეკელიას უთხრა:
– წყალი მომეცით, ჩქარა, გული!..
კეკელია წამოდგა, რომ თაროდან გრაფინი ჩამოეღო და წყალი დაესხა, მაგრამ ლემკე-კარპოვი მას ადგილზე აღარ დახვდა – ის უკვე ფანჯრის რაფაზე იდგა და ქვევით იყურებოდა.
– კარპოვ, არ გადახტეთ! – უღრიალა კეკელიამ, ჭიქა გაუვარდა და ფანჯრისკენ წაიწია...
– საზიზღარო კომუნისტებო, მძულხართ! – მიაძახა ლემკემ კეკელიას, შემდეგ მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა და პროკურატურის ეზოში დაენარცხა...
ამ შემთხვევის გამო შალვა კეკელია გამოძიებას ჩამოაშორეს და მასზე სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო, ხოლო ხანძრის საქმე სხვა გამომძიებელს გადასცეს.
ზურმუხტის ოთახი
შალვა კეკელიას საქმეზე გენერალური ინსპექცია აწარმოებდა სამსახურებრივ მოკვლევას. მათ დანამდვილებით უნდა დაედგინათ, სინამდვილეში რა მოხდა კეკელიას კაბინეტში. რადგან პროკურატურის პრაქტიკაში დაკითხვაზე მყოფი პიროვნების თვითმკვლელობა ნონსენსი იყო. არსებობდა ეჭვი, რომ კარპოვი-ლემკე ფანჯრიდან თავად კეკელიამ გადააგდო და სწორედ ამის გარკვევას ცდილობდნენ გენინსპექციის თანამშრომლები.
ბედის ირონიით, შალვა კეკელიას საქმის მოკვლევა გამომძიებელ პავლე ანდრეევს დაავალეს, რომელსაც შალვას მიმართ მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ორი წლის წინ ანდრეევი კეკელიას ხელქვეითი იყო და შალვამ ის პატიმრის ცემის გამო თავისი განყოფილებიდან გაუშვა. მას მერე ანდრეევი ხელსაყრელ მომენტს ეძებდა შურისძიებისთვის და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კეკელიას საქმის მოკვლევა დაავალეს. ანდრეევს კეკელიას პასუხისგებაში მიცემა უნდოდა და საამისოდ ყველაფერს აკეთებდა. მაგრამ, მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ შალვას მკაცრი საყვედური მისცეს და ექვსი თვით ჩამოაშორეს საგამოძიებო საქმიანობას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კეკელიას მხოლოდ ძიება ეკრძალებოდა ექვსი თვით, სხვა დანარჩენი უფლებებით ის ძველებურად სარგებლობდა და ხელფასსაც იღებდა.
პატივმოყვარე შალვამ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა ყველასთვის საკუთარი კომპეტენტურობა და ხანძრის საქმის გამოძიება არაოფიციალურად განაგრძო. იგი კარპოვის მეზობელს, ძველ ბოლშევიკს, ივანე გურინს დაუახლოვდა და მისგან შეიტყო, რომ პროკურატურის ფანჯრიდან გადამხტარ კარპოვს რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ მეორის კამერდინერთან, ალექსანდრე პოტაპოვთან ჰქონდა ურთიერთობა. პოტაპოვი 1954 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მისჯილი ოცწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნდა მოსკოვში ციმბირიდან. გურინმა, რომელმაც ჩაიზე დაპატიჟა კეკელია, მახორკა გააბოლა და შალვას უთხრა:
– კარპოვი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც ის ლემკე იყო. რევოლუცია ახალი მომხდარი იყო და მაშინ მუშათა და „მატროსთა“ შეიარაღებულ ოცეულს ვმეთაურობდი. ერთ დღეს, ჩემს ოცეულთან ერთად იმპერატორის ყოფილ რეზიდენციასთან ვპატრულირებდი და ბიჭებმა ლემკე დააკავეს – ის ყოფილი რეზიდენციის სადარბაზოდან გამოდიოდა, რაც ძალიან საეჭვოდ მოეჩვენათ. ლემკეს თან ჰქონდა რვეული, რომელშიც რაღაც ზურმუხტის ოთახის აღწერილობა იყო. მოკლედ, ლემკე კომენდატურაში უნდა წაგვეყვანა, მაგრამ მას ალექსანდრე პოტაპოვი გამოესარჩლა, რომელმაც, „ჩეკას“ საბუთი გვიჩვენა და ლემკე გაგვაშვებინა. ეს მოხდა 1918 წელს. 1933 წელს კი „ჩეკაში“ შეხიზნული პოტაპოვი დააპატიმრეს და, ჯერ უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ 20 წელი მისცეს. სხვათა შორის, პოტაპოვის დაპატიმრებაში მაშინ მეც ვმონაწილეობდი. ამ ექვსი თვის წინ კი ეს პოტაპოვი და ლემკე-კარპოვი ჩვენი სახლის სადარბაზოში შემხვდნენ. პოტაპოვი თითქმის არ შეცვლილა და ეგრევე ვიცანი. მიცნო მანაც. აი, სულ ესაა ჩემი მონათხრობი. თუ რამეში გამოგადგებათ, დიდად მოხარული ვიქნები.
გურინიდან წამოსულ კეკელიას რატომღაც ზურმუხტის ოთახი აეკვიატა და სახელმწიფო არქივს ეწვია. იქ კი დაადგინა, რომ ზურმუხტის ოთახი იმპერატრიცა ალექსანდრას მოსკოვური ბუდუარი იყო, რომელიც იმპერატორის მოსკოვურ რეზიდენციაში იყო განთავსებული და უძვირფასესი ავეჯითა და ნივთებით იყო მორთული. 1917 წელს კი ეს ოთახის ავეჯი და ნივთებიც „ჩეკისტებს“ გამქრალი დახვდათ.
შალვა კეკელია სახლში დაბრუნდა, ფარული ძიებისას შეკრებილი მასალები გააანალიზა და თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ზურმუხტის ოთახი ლემკემ და პოტაპოვმა გააქრეს, უფრო სწორად კი, საიმპერატორო თავლებში გადამალეს... ამიტომ, შალვა გადაბუგული საწყობების ტერიტორიას ღამით ეწვია, სადაც არც შეიარაღებული დაცვა იყო და არც უბრალო დარაჯი, რადგან დასაცავი იქ აღარაფერი იყო.
დღისით-მზისით, გადაბუგული საწყობების დანახშირებულ გროვაში, კეკელიამ საიდუმლო კარს მიაგნო, რომელიც სარდაფში ჩადიოდა, მაგრამ ქვევით ბნელოდა. შალვას კი ფანარი არ ჰქონდა და სახლში წასვლა და ფანრის მოტანა დააპირა, მაგრამ, როდესაც მიტრიალდა, მის წინ პისტოლეტმომარჯვებული ხნიერი მამაკაცი დაინახა, რომელმაც მას უთხრა:
– არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!
– თუ არ ვცდები, თქვენ ალექსანდრ პოტაპოვი ხართ. აქ კი იმიტომ მოხვედით, რომ თქვენსა და ლემკეს მიერ გადამალულ ზურმუხტის ოთახს დახედოთ, – უთხრა კეკელიამ.
– ეშმაკი კაცი ჩანხართ, – კბილებში გამოსცრა პოტაპოვმა, – მით უარესი თქვენთვის!
– მომკლავთ?
– რა თქმა უნდა!
– ხანძართან დაკავშირებული კომედია იმიტომ გაითამაშეთ, რომ შემდეგ აქ თავისუფლად მოსულიყავით და ზურმუხტის ოთახი გაგეზიდათ, ხომ?
– თქვენ ისევ მართალი ხართ, ახლა კი მშვიდობით, – უთხრა პოტაპოვმა კეკელიას და პისტოლეტის სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა ხელი, მაგრამ ქართველმა გამომძიებელმა ჯიბიდან ესროლა მას, პისტოლეტი გააგდებინა და, ჯერ ხელები შეუკრა, მერე კი უახლოესი მილიციის განყოფილების შენობაში მიიყვანა.
იმავე დღეს სპეციალურმა ჯგუფმა გადაბუგული საწყობის საიდუმლო სარდაფიდან დიდი ხნის წინ გამქრალი ზურმუხტის ოთახი ამოიღო...
დღესდღეობით ზურმუხტის ოთახი კრემლში, ალმასის ფონდში ინახება და 250 მილიონ ევროდაა შეფასებული
P. S. შალვა კეკელიას ძველი სტატუსი აღუდგინეს. ის 1991 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.