ტანადობის საიდუმლო – წითელი ფორთოხალი
იტალიელი სწავლულები იტყობინებიან მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ: დადგინდა, რომ წითელი ფორთოხალი ხელს უშლის გასუქებას და ამცირებს სიმსივნეების წარმოქმნის ალბათობას. მართალია, ჯერჯერობით კვლევები ჩატარდა მხოლოდ თაგვებზე, მაგრამ სწავლულები იმედოვნებენ, რომ, მათი შედეგები, ისევე, როგორც კვებისა და გენეტიკის შესახებ მეცნიერების – ნუტრიგენომიკის მიღწევები, შესაძლებელი იქნება, ახლო მომავალში ადამიანზე გადავიტანოთ.
„ცნობილია, რომ დიეტას, რომელიც მდიდარია ხილით, წითელი ბოსტნეულითა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის მწვანილით, აქვს ანტიკანცეროგენური ეფექტი, – განაცხადა ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა, მილანის უნივერსიტეტის საერთო პათოლოგიის კვლევების დოცენტმა, პიერ-ჯუზეპე პელიჩიმ, – ჩვენს ექსპერიმენტში გვინდოდა, შეგვედარებინა წითელი და ჩვეულებრივი ფორთოხლის ხარისხი, შეგვესწავლა მათი შესაძლო გავლენა გასუქებაზე, რომელსაც ძირითადად ცხიმიანი საკვების მიღება იწვევს“.
ექსპერიმენტის დროს თაგვების ერთ გჯუფს მაღალკალორიული დიეტის პირობებში წითელი ფორთოხლის წვენს აძლევდნენ, ასეთივე დიეტაზე მყოფ მეორე ჯგუფს კი – ჩვეულებრივი ფორთოხლის წვენს. შედეგად თაგვები, რომლებსაც წითელი ფორთოხლის წვენს ასმევდნენ, არ გასუქდნენ, ხოლო ისინი, რომლებიც ჩვეულებრივი ფორთოხლის წვენს სვამდნენ გასუქდნენ, ისევე, როგორც თაგვები, რომლებიც ჩვეულებრივ წყალს სვამდნენ.
უახლოეს თვეებში სწავლულები შეეცდებიან გაარკვიონ, სახელდობრ, რომელი ნივთიერებებით ებრძვიან სიმსუქნეს წითელი ფორთოხალი, წითელი ბოსტნეული და მწვანილი.