„კალიგულას“ რეჟისორი მსოფლიოში პირველ სტერეო პორნოფილმს იღებს
„ავატარის“ მაგალითით შთაგონებულმა, ეროტიკული კინოს ვეტერანმა ტინტო ბრასმა გადაწყვიტა, მსოფლიოში პირველი სტერეოსკოპული პორნოფილმი გადაიღოს.
როგორც სკანდალური „კალიგულას“ (1979 წელი) ავტორმა აღნიშნა, ახლა დადგა ის დრო, როდესაც 3D ტექნოლოგია შეიძლება ეროტიკულ კინოში გამოვიყენოთ. თუ 76 წლის რეჟისორი შეძლებს ახალი ფორმატის ათვისებას, მაშინ მისი სურათი არა მარტო პირველი სამგანზომილებიანი პორნოფილმი გახდება, არამედ პირველი 3D პროექტიც იტალიაში.
ფილმების სიუჟეტი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ბრასი გვპირდება, რომ გამოიყენებს თავისი ცნობილი სურათიდან სცენებს, რომლებიც ასე დაუნდობლად ამოჭრეს ამერიკულ პროექტში. რეჟისორი შეუდგა სცენარზე მუშაობას და მსახიობთა შერჩევას. უკვე მაის-ივნისში კი იგი გეგმავს, დაიწყოს თავისი რევოლუციური ფილმის გადაღება.
გავიხსენოთ, რომ ხანში შესულმა ბრასმა სახელი გაითქვა თავისი ნამუშევრებით ეროტიკულ კინოში. მისი მსუბუქი და იუმორისტული ფილმები – „ცელქი“, „ყველა ლედი აკეთებს ამას“ და „ვუაირისტი“ – დღემდე ითვლება სხეულისა და ხორციელი სილამაზის ჰიმნად, მაგრამ მის ყველაზე ცნობილ პროექტად მაინც რომაელი იმპერატორის – კალიგულას შესახებ გადაღებული ეპიკური ფილმია მიჩნეული, რომელიც პორნოიმპერია „პენტჰაუზისა“ და მისი დამაარსებლის – ბობ გუჩიონეს მონაწილეობით გადაიღო.