კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

თურმე ყველა სამსახურში „ჯუნგლების კანონი“ მოქმედებს

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ბედმა გამიღიმა და საკმაოდ კარგი სამსახური ვიშოვე. მისი სიკარგე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ხელფასიც ნორმალური მქონდა და ის საქმეც მიყვარდა, რაც მე მევალებოდა. თანაც, რაც ყველაზე მეტად მხიბლავდა, იმდენი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი მუშაობდა ჩვენთან, თვალსაც უხაროდა და გულსაც. კაცები იყვნენ, მაგრამ, ძირითადად, უფროსი ასაკის და ცოლშვილიანები. გარეგნობით არა მიშავს რა და, ამიტომ უცბად გავხდი პოპულარული. გოგოების უმრავლესობა ჩემზე მეტ-ნაკლებად უფროსი იყო ასაკით, მაგრამ ამას ხელი არ შეულია მათთვის. ერთდროულად რამდენიმე ცდილობდა ჩემს „დათრევას“. თავიდან ეს სიტუაცია მართობდა, მერე და მერე კი, როცა ჩემი თანამშრომელი ქალბატონები უფრო ახლოს გავიცანი, ძალიან მაღიზიანებდა მათი საქციელი, რაც, ძირითადად, საკუთარი პოზიციების განმტკიცების (ჩემთან – როგორც კავალერთან) მიზნით ერთმანეთის დაცინვაში, დაბეზღებასა და ორმოს თხრაში გამოიხატებოდა. პირველ ხანებში ვიბნეოდი, როცა უახლოესი დაქალები რიგრიგობით მომიხელთებდნენ და ერთმანეთზე საშინელ რამეებს ჩამჩურჩულებდნენ ხოლმე. თანდათანობით ჩემი დაბნეულობა გაღიზიანებაში გადავიდა, მაგრამ გულში მაინც ვცდილობდი, რაღაცით გამემართლებინა მათი საქციელი და ვამბობდი, ეს, ალბათ, კაცის „ხელში ჩაგდების“ ქალური ფანდებია-მეთქი. მაგრამ, თვეები რომ გავიდა, სამსახურში უფრო მოვშინაურდი და უკეთ გავიცანი თანამშრომლები, მივხვდი, რომ ეს ქალური ფანდები კი არა, მათი ცხოვრების წესი იყო – ნებისმიერი ხერხით ჩაძირო შენზე უკეთესი, რომ თვითონ გამოჩნდე და პოზიციები გაიმაგრო. ამ აღმოჩენამ შოკში ჩამაგდო. სამსახურში პრაქტიკულად არ მეგულებოდა არც ერთი ქალი, რომელიც სხვას არ აბეზღებდა შეფთან, რომელსაც ენა არ მიჰქონდ-მოჰქონდა ერთი თანამშრომლისგან მეორესთან და, თან, ვითომ მეგობრობდნენ.

დიდხანს ვითმინე და ბოლოს ჩემი „აღმოჩენა“ ელენეს, ყველაზე წყნარ და გაწონასწორებულ გოგოს, გავანდე, რომელიც კი არ მეპრანჭებოდა, უბრალოდ, მეგობრობდა ჩემთან და ვიფიქრე, მასთან შეიძლება, გული დავიცალო-მეთქი. რომ მომისმინა, ელენიკოს სიცილი აუტყდა – შენ რა, მართლა პატარა ბავშვი ხომ არ ხარ, ან სხვა პლანეტიდან ხომ არ ჩამოფრინდი, მე უნდა გასწავლო, რომ ცხოვრება ჯუნგლებია და ყველა ჯუნგლების კანონებით ცხოვრობსო? გულახდილ საუბარში ელენემ მითხრა, რომ თავიდან მეც არ ვკადრულობდი ასეთ რამეებს, მაგრამ მერე მივხვდი: ან იმავე მეთოდით უნდა დამეცვა თავი, ან სამუშაო დამეკარგა და მე პირველი ვარჩიე, რადგან ამხელახელფასიან სამსახურს ან ვიშოვიდი და ან – ვერა, მე კი ეს ხელფასი ძალიან მჭირდებაო.

გამწარებულმა ვუთხარი, ქალები რასაც კადრულობთ, ამას კაცი არასდროს იკადრებს-მეთქი. ამაზე უფრო გულიანად იცინა: მამაკაცი რასაც იკადრებს, ის ქალს არც კი დაესიზმრება. რა გგონია, შენი თანამშრომელი კაცებიდან რამდენი შერბის შეფთან დღეში ასჯერ ენის მისატანადო? რა თქმა უნდა, არ დავუჯერე. ამ საუბრიდან ორიოდე თვეში განცხადება დავწერე და იქიდან წამოვედი – იმ სიტუაციის გაძლება არანაირი ხელფასის ხარჯზე აღარ შემეძლო.

მეორე დღესვე დავიწყე სამსახურის ძებნა ერთი „ლოზუნგით“: „რაც შეიძლება ნაკლები ქალი-თანამშრომელი!“. კარგა ხნის ძებნა-ძიების შემდეგ, ვიპოვე ასეთი სამსახური და შვებით ამოვისუნთქე: ნორმალური ხელფასი, საინტერესო საქმე და, რაც მთავარია, ჰალსტუხიანი მამაკაცი თანამშრომლების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, კარგა ხანს ვმჯდარვარ ჭურში თუ ტყემლის ტოტზე. რომ მეგონა, ამ ასაკოვანი და დახვეწილი კაცებისგან საქმესაც ვისწავლი და ურთიერთობებსაც-მეთქი, სასაცილო ზღაპარი აღმოჩნდა. ელენიკო მართალი ყოფილა: როგორც ჩანს, ყველა სამსახურში „ჯუნგლების კანონი“ მოქმედებს და, კაცები, მსუბუქად რომ ვთქვა, ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან ქალებს ენების მიტან-მოტანასა და ერთმანეთისთვის ორმოების თხრაში. მართალია, ყველას არ ეხება, მაგრამ უმრავლესობა ასე იქცევა.

იქიდანაც მინდოდა წამოსვლა, მაგრამ, ძმაკაცმა, რომელსაც ყველაფერი ვუამბე, მითხრა, ეგ სისულელე არ ჩაიდინო, ყველგან თითქმის ერთნაირი სიტუაციაა, მეც მაგ დღეში ვარ. თუ შეძლებ, ეცადე, არ ჩაგითრიონ და შენთვის იყავიო. ჯერჯერობით დავუჯერე ჩემს ძმაკაცს და ვცდილობ, „ჩემთვის ვიყო“, მაგრამ, არ ვიცი, როდემდე გავძლებ. სიმართლე გითხრათ, მეშინია, მეც მათნაირი არ გავხდე.

ლაშა, 23 წლის.



პლატონური სიყვარული ტყუილი არ ყოფილა

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ პლატონური სიყვარული მწერლების მოგონილი იყო, მაგრამ, როდესაც ეს გრძნობა საკუთარ თავზე გამოვცადე, მივხვდი, რომ ასეთი სიყვარული – მიუწვდომელი და არახორციელი – მართლაც არსებობს.

არ ვიცი, ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, შემიყვარდა ქალი, რომელსაც არ ვიცნობ. არა მარტო არ ვიცნობ, საერთოდ არაფერი ვიცი მის შესახებ: არც სახელი, არც გვარი, არც ოჯახური მდგომარეობა, არც პროფესია – აბსოლუტურად არაფერი. უკვე ნახევარი წელია, მიყვარს და ყველაზე საოცარი (ჩემთვისაც კი) ის არის, რომ სურვილიც არ გამჩენია, მის შესახებ რამე გავიგო. ერთადერთი, რასაც ვხვდები, ისაა, რომ აშკარად ჩემზე უფროსია, ჩემი ვარაუდით, 8-10 წლით.

პირველად ვაკის „ლეჩკომბინატში“ ვნახე. მეგობარს წავყევი ექიმთან და დერეფანში ველოდებოდი, რომ უცებ კარი გაიღო და, ქალი კი არა, ფერია შემოვიდა: მაღალი, თეთრი, წაბლისფერი თმით, მწვანე თვალებით. კი არ მოდიოდა, თითქოს მოცურავდა ჰაერში. მისი დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ გულთან რაღაცამ დაიწკაპუნა და უცნაური სითბო ჩამეღვარა – აღტაცების, აღფრთოვანების, მოწიწების შემცველი. გავშეშდი და, მეტყველების კი არა, აზროვნების უნარიც დავკარგე. მგონი, ტრანსშიც ჩავვარდი, რადგან, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, ექიმისგან გამოსულმა ჩემმა მეგობარმა სახეში რომ შემომილაწუნა (სხვათა შორის, არცთუ მსუბუქად, რადგან, მერე მითხრა, გელაპარაკებოდი, განჯღრევდი და რეაქცია რომ არ გქონდა, ისე შემეშინდა, რამდენჯერმე სილა გაგაწანიო). მას შემდეგ ჩემი ფერია (ასე დავარქვი) კიდევ სამ-ოთხჯერ დავინახე ქუჩაში და ყოველ დანახვაზე იგივე რეაქცია მქონდა, რაც პირველად.

კარგა ხანს ვინახე ჩემი საიდუმლო, მაგრამ ერთხელ ჩემმა ყველაზე უახლოესმა, ბავშვობის ძმაკაცმა დამსვა და კატეგორიულად მომთხოვა, მითხარი, რა გემართება, ვეღარ გცნობ, ისე შეიცვალეო. არ მინდოდა თქმა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვუტყდი.

თუ გინდა, ერთ დღეში გაგიგებ, ვინ არის, შენ ოღონდ დამანახვეო. მე კატეგორიული უარი ვუთხარი – ეგ რომ მდომოდა, თვითონ მოვახერხებდი-მეთქი. აბა, რა, მაზოხისტი ხარ, თავს ასე რომ იტანჯავო? მაზოხისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ერთი რამის მეშინია: მე ის ქალი მართლა არამიწიერი არსება, ნამდვილი ფერია მგონია და, მის შესახებ ყველაფერი რომ გავიგო, ვაითუ ის არ აღმოჩნდეს ვინც (ან როგორიც) მგონია. ერთი სიტყვით, მსიამოვნებს ზღაპარში ცხოვრება და ძალაა?!

არ ვიცი, შეიძლება, ოდესმე გადამიაროს ამ გრძნობამ, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ქალი, თუნდაც ძალიან ლამაზი, მახინჯად მეჩვენება და, უნდა გამოგიტყდეთ, საერთოდ აღარ ვფიქრობ ზოგადად ქალებზე. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ არც ჩემს ფერიაზე ვფიქრობ, როგორც ხორციელ არსებაზე. მისი არც მოფერება მომდომებია, არც არანაირი სიახლოვე. არ ვიცი, შეიძლება, „სდვიგებიც“ კი დამეწყო ტვინში, მაგრამ ჩემი სრული ბედნიერებისთვის მისი დანახვაც კი კმარა. მას, რა თქმა უნდა, ჩემი არსებობის შესახებაც კი არ აქვს წარმოდგენა და აზრზეც არ არის, რამხელა ბედნიერების მინიჭება შეუძლია სხვა ადამიანისთვის მხოლოდ თავისი გამოჩენითაც კი.

აქამდე ამაზეც არ მიფიქრია, ახლა კი სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში: ქმარი თუ არა, ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები ხომ ეყოლება და ნეტავი ისინი როგორ უძლებენ ასეთი ზეციური სილამაზის ყოველდღე ყურებას?!

დიტო, 21 წლის.



ჩემი შენ გითხარიო

ცხრა წელია, გათხოვილი ვარ. ერთი ნორმალური, თბილი ოჯახი გვქონდა მანამ, სანამ ვიღაც „კეთილისმყოფელმა“ არ დამირეკა და მითხრა, შენს ქმარს ამა და ამ ქალთან შვილი ჰყავს და მიხედეო. ჯერ არ დავუჯერე, მაგრამ მერე თანდათან შემიპყრო ეჭვებმა და თვალთვალი დავუწყე. ჩემდა სამწუხაროდ, ის „კეთილისმყოფელი“ მართალი გამოდგა. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და არც დებოში ამიტეხავს, ხმაც არ ამომიღია, ისე შევიტანე განცხადება გაყრაზე. ეს რომ გაიგო ჩემმა ქმარმა, გადაირია. ლამის მუხლებზე დამხობილი მიმტკიცებდა, შენ მეტი არავინ მყვარებია, შეცდომა ყველას მოსდის ცხოვრებაში და მაპატიეო. ბევრი ფიქრის შემდეგ უკან გამოვიტანე ჩემი განცხადება და ვაპატიე, მაგრამ გულიდან წყენა და დამცირება ვერ ამოვიგდე, თუმცა ამას არ ვამჟღავნებდი.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ხანდახან ჩუმ-ჩუმად ვაკონტროლებდი ხოლმე. საეჭვო რომ ვერაფერი ვნახე, მეტ-ნაკლებად დავმშვიდდი. კარგა ხანს თვითონაც წესიერად მექცეოდა, ზრუნავდა ოჯახზე, ცდილობდა, ესიამოვნებინა ჩემთვის, მაგრამ ეს ბოლო ხანებია, საშინლად შეეცვალა ხასიათი. ამდენი წელი ისე გავატარეთ ერთად, ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემზე ეეჭვიანა და საერთოდ, ყოველთვის დასცინოდა ეჭვიან ქმრებს. ახლა კი ისეთ სცენებს მიწყობს, ლამის გამაგიჟოს: ჩემს ყოველ ნაბიჯს, ყოველ სიტყვას, ტელეფონის ყოველ ზარს აკონტროლებს. რამდენჯერ დავიჭირე ფაქტზე, რომ ჩემს კომპიუტერში იქექება – ალბათ, „საეჭვო“ გზავნილებს ეძებს; მარტოს, პრაქტიკულად, აღარსად მიშვებს – თვითონ თუ არ სცალია, რომ გამომყვეს, ბავშვს ამკიდებს ხოლმე. თუ ჩემს მშობლებთან, დასთან ან მეგობართან წავედი, ცხრაჯერ დამირეკავს (მათი ბინის ტელეფონზე) ან მოულოდნელად დამადგება თავზე – მამოწმებს, მართლა იქ ვარ თუ არა.

თავიდან ამას მალულად აკეთებდა, ახლა კი აღარ მალავს, საყვედური რომ ვუთხარი, პირდაპირ მომახალა, ამ ბოლო დროს ძალიან საეჭვოდ დადიხარ და იქცევი, დარწმუნებული ვარ, საყვარელი გაიჩინეო. ეს როგორ მაკადრე-მეთქი, ისეთი ისტერიკა დამემართა, ძლივს მომაბრუნა.

ერთხელ ჩემი და შეესწრო მის მორიგ „გამოსვლას“ და მერე, მარტო რომ დავრჩით, მითხრა, შენი ქმარი აშკარად ისევ დადის იმ ქალთან და აქეთ იმიტომ გერჩის, რომ შენი ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანოს და არ მიხვდე, თვითონ რას აკეთებსო. ეს სიტყვები მენიშნა. ჩუმად გადავამოწმე და ჩემი და მართალი აღმოჩნდა. ისიც დავადგინე, სცენებს სწორედ მაშინ მიწყობდა, იმ ქალისგან რომ ბრუნდებოდა ხოლმე.

ერთხელაც, როდესაც საშინლად დამამცირა და ლამის ჩემზე გამოიწია, პირში მივახალე, შენ ყველა შენნაირი და შენი ძუკნასნაირი გარყვნილი ხომ არ გგონია. ზუსტად ვიცი, ისევ იმ ქუჩის ქალთან დაეთრევი და შენი გარყვნილება რომ დაფარო, იმიტომ მერჩი და მიწყობ კონცერტებს-მეთქი. რა სისულელეებს ბოდავ, მე იმასთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე შენ გამო, შენ კი სხვასთან მღალატობო, – მიყვირა. მაშინ, ავიღე მისი ტელეფონი, რომელიც მაგიდაზე იდო, ავკრიფე იმ ქალბატონის ნომერი და პირველივე ზუმერის შემდეგ გაისმა ხმა: გისმენ, საყვარელო, ერთი საათიც არ არის, რაც აქედან წახვედი და ასე მალე მოგენატრეო?

ჩემი ქმარი ადგილზე გაქვავდა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მე ტელეფონი გავთიშე, ორი დიდი ჩანთა გამოვუტანე და ვუთხარი, შენი ხელით ჩაილაგე შენი ნივთები და აქედან „დაახვიე“-მეთქი. სხვა რომ აღარაფერი დარჩენოდა, დამემუქრა, ბინას გაგიყოფო. ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემმა მშობლებმა მიყიდეს, ჩემმა ქმარმა თავისი ფულით მხოლოდ აბაზანა-ტუალეტი გაარემონტა და იმ თანხას მივაშავებ, მაგრამ მე ის მაინტერესებს, რას ეტყვის თავის 8 წლის შვილს, რომელსაც მამა ანგელოზი ეგონა?!

ირინა, 29 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.

скачать dle 11.3