როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
სეფიაშვილი
გვარში ფუძედაა გამოყენებული სიტყვა სეფა. აქედან გვხვდება გვარები: სეფაშვილი, სეფედაური, სეფერთელაძე, სეფერიძე, სეფისკვერაძე, სეფიაშვილი.
გვაქვს საკუთარი სახელები:. სეფე, სეფედავლე, სეფია, სეფიყული, სეფო, სეფენია.
მნიშვნელობით იტყვიან: სეფა – გრძელი კარავი, სეფე – სამეფო დარბაზი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში მოიხსენიება გვარი სეფედავლესშვილი, სეფირყელი, სეფიყული, სეფიყულიბეგი, სეფოსშვილი, სეფონიასშვილი, სეფუაშვილი.
სეფიაშვილები ძირითადად არიან ქართველები, მცირე რაოდენობით კი არიან ქართველი ებრაელებიც.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია 1 182 სეფიაშვილი: გურჯაანში – 477, თბილისში – 268, დედოფლისწყაროში – 141. ცხოვრობენ სხვაგანაც.
გვენეტაძე
გვარში ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გვენე. დაფიქსირებულია სვანეთში.
ქართული გვარების საშენ მასალად ხშირადაა გამოყენებული ასო ტ. გვენეს დაემატა ასო ტ და მიღებული იქნა გვენეტაძე, ამავე ძირისაა გვარი გვეტაძე.
ქართულ სამართლის ძეგლებში მიგნებულია სამი დოკუმენტი, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ თუ რომელი წლიდან მოიხსენიებიან გვენეტაძეები, სად ცხოვრობდნენ და როგორი სოციალური მდგომარეობის იყვნენ.
გვენეტაძე მოუკლავს სქრიაყოფელს, მაჭავარიანების ყმას, რის გამოც შუღლი ჩამოვარდნილა მაჭავარიანსა და კონსტანტინეს შორის. ეს ფაქტი შეტანილია ისტორიულ მასალებში, რომელიც დათარიღებულია 1565-1583 წლებით.
„წყალწითელას მცხოვრებ როსტევანა გვენეტაძეს მართებს ბეგარა ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი).
„ხუცია გვენეტაძე მოწმეა კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ კანდელაკ ქავთარისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1673-1696 წლებში).
1840-იან წლებში იმერეთში გვენეტაძეები ცხოვრობენ სოფლებში – დაბაძველი, ეწერი, მუხაყრუა, სუფოთი, სიმონეთი.
ვარაუდით, გვენეტაძე და გვეტაძე ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. მათ სოფლებში: ქუთაისში, ციხიასა და ჭოგნარში უნდა ეცხოვრათ. იქიდან როცა გასულან, დასახლებულ სოფლებში ინფიქსი ნ ჩაუმატებიათ.
გვენეტაძეები სასულიერო პირები და საეკლესიო გლეხები იყვნენ.
25 000-ზე მეტ გვარს შორის, გვენეტაძეებს 253-ე ადგილი უჭირავთ.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირდა 2 750 გვენეტაძე: ქუთაისში – 817, ტყიბულში – 671, თერჯოლაში – 557.
კორტი
კორტანეთი სოფელია საქართველოში. მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების ტბეთის სულთა მატიანეში მოიხსენიება ქართული გვარი კორტიზეთი. „პაპა კორტიზეთი, მიქაელ კორტიზეთი, პაპა (მეორე) კორტანელისძე“.
კორტი ჰქვია საჩოგბურთო, ჩოგბურთის სათამაშო მოედანსაც.
გვარი კორტი სადაურობასთან, კერძოდ, კორტანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული.
საქართველოში 162 კორტი ცხოვრობს: თერჯოლაში – 48, ტყიბულში – 27, კასპში – 16. არიან სხვაგანაც.
კირაკოზაშვილი
ფუძეთი კირაკოსა (კირაკოზა), გვარები აქვთ როგორც ქართველებს, ისე სომხებს. რთულფუძიანი გვარია, შედგება ორი ფუძისგან. კირა ძველი სახელია, მოიხსენიება მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების წყაროში, კერძოდ, ტბეთის სულთა მატიანეში. კოსა, კოსალა, კოსია მეტსახელებია. როგორც კი ფუძეში გაჩნდა ასო ზ, რომელსაც რუსული ფორმატიანი ოვი მიემატა, შეცდომით სომხურად იქნა მიჩნეული – კირაკოზოვი, კირაკოზიანი, კირაკოსიანი, კირაკოსოვი.
კირაკოზაშვილები არიან (კირაკოზოვებიც) ქართველი მართლმადიდებლები, ხოლო კირაკოსიან-კირაკოსები არიან სომხები.
ქვემო ქართლში დაფიქსირებულია კირაკოზას სოფელი იმ დროს, როცა აქ სომხები არ იყვნენ.
თავად ელიზბარ არღუთინსკი-დოლგორუკოვის, იგივე არღუთაშვილი-მხარგრძელის გლეხად მოიხსენიება კონია კირაკოზაშვილი, მეუღლე მისი გულადა, შვილები – ზაქარია, არუფინა, შვილიშვილები, – თინათინი, ანა, მარიამი – ყოფილი მართლმადიდებლური – სარწმუნოებისა და ქართველები, გააგრიგორიანეს, სოფელ დმანისში 1860 წელს ჩაწერეს და სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებისად მონათლეს.
ქართველთა გასომხება და ეროვნების, სარწმუნოების შეცვლა ძირითადად დაიწყო 1860 წლიდან. მან მასობრივი ხასიათი მიიღო 1886 წლის აღწერიდან.
საქართველოში 187 კირაკოზაშვილი ცხოვრობს: სამეგრელოში – 116, თბილისში – 48, რუსთავში – 10.
სერგია
სერგი რომაული გვაროვნული სახელია, საეკლესიო კალენდარში ითარგმნება, როგორც „მაღალი“, „ღირსეული“ ან „მგზნებარე“. მისივე სავარაუდო ფორმაა ქართულში სერგო, სომხებთან კი – სეროჟა.
კნინობითია სერგია, სეგო. სერგია კი გვხვდება გვარადაც. ამავე გვარით დასახლებულია სოფელი გეგეჭკორის რაიონში.
სამართლებრივ ძეგლებში გვარი სერგია პირველად გვხვდება 1509 წელს.
„სერგია ნიკოლოზ, სოფელმა ის ცოლ-შვილით შესწირა ხობის ღმრთისმშობელს“ (1509 წელი).
ალელიშვილი-ალელაშვილი
მეტსახელი ალელი გამოყენებულია ალელიშვილების გვარის ფუძედ.
ალელი გვარადქცეული სადაურობის აღმნიშვნელია. გადმოცემით, წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ისინი ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან.
ახალციხელ ალელიშვილებს არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო, სავარაუდოა, რომ მათი წარმომავლობა სოფელ არალიდან მოდის. არალი ადიგენის რაიონის ერთ-ერთი სოფელია.
ალელისშვილი მოიხსენიება 1713-1738 წლებში, ყმის სახლ-კარისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შვილი-შვილის – დავითის მიერ ბეჟანა ნასასშვილისადმი ნასყიდობის, მის სახელზე გაცემული ყმის სახლ-კარისა და მამულის წიგნში.
„კუკიას სახასო ალელისშვილი ხიზანა...; აქავ სახასო ალელისშვილი როსტომა“;
„ხერხეულიძეების დიდებას რევაზისა წიგნში, ალელაშვილი ზურაბაც“ (1721 წელი).
საქართველოში 298 ალელიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 111, გარდაბანში – 63, ახალქალაქში – 28.
ამირჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამირჯანა.
ამირჯანა მეთვრამეტე საუკუნის ყმების სიაში მოიხსენიება პატრიარქის ყმად.
„ამირ“ არაბულად „მბრძანებელს“, „მპყრობელს“ ნიშნავს, „ჯან“ კი – „სულს“, „სულთამპყრობელს“, „სულთა მბრძანებელს“.
ისტორიულ წყაროებში გვხვდება ამირანაშვილი შავერდა და ამირჯანაშვილი სტეფანა.
ასევე გვხვდება გვარები: მალიჯანაშვილი, აკოფჯანაშვილი, ყულიჯანაშვილი, ველიჯანაშვილი, ბეგიჯანაშვილი, მირიჯანაშვილი და ასე შემდეგ. ამ გვარების ფუძედაც სახელი ამირჯანაა გამოყენებული.
ამირჯანაშვილები ჩაწერილები არიან ამირჯანოვებად და გვხვდებიან თბილისში – 27, თეთრი წყაროში – 11, მარნეულში – 10.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით