2008 წელს რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ჩამოშლას გეგმავდა
გლობალური ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდა შედეგი რუსეთისა და ჩინეთის წარუმატებელი მცდელობისა, გაეჩაღებინათ ეკონომიკური ომი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ასეთ აზრს გამოთქვამს ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ჰენრი პოლსონი თავის ახალ წიგნში – „ზღვარზე“.
2008 წლის აგვისტო-სექტემბერში რუსეთის ხელმძღვანელობა ჩინეთის მთავრობას სთავაზობდა, დაეწყო ამერიკული უმსხვილესი იპოთეკური სააგენტოების ობლიგაციების გაყიდვა. პოლსონის აზრით, ამით ისინი აპირებდნენ ყველაზე სუსტ ადგილას დაერტყათ ამერიკის ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც იმყოფებოდა იპოთეკური კრიზისის პიკზე.
„ამის შესახებ მე პეკინში ოლიმპიადის დროს მოვისმინე და ქვეყანაში დაბრუნებისთანავე მოვახსენე პრეზიდენტს. რუსების მცდელობა ჩაიშალა, ვინაიდან ჩინეთის რესპუბლიკამ უარი განაცხადა ობლიგაციების გაყიდვაზე და შემდგომშიც საგრძნობლად დაეხმარა ამერიკის შეერთებულ შტატებს კრიზისის დროს“. ექს-მინისტრის აზრით, 2008 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონფლიქტის ფონზე და ამერიკის მხრიდან საქართველოს აშკარა მხარდაჭერის დროს რუსეთი ცდილობდა გაეჩაღებინა ეკონომიკური ომი შეერთებული შტატების წინააღმდეგ. უზარმაზარ საბიუჯეტო ხარჯებს, რომლებიც ამერიკის ხელმძღვანელობამ იპოთეკური კომპანიების გადასარჩენად გაიღო, ჩამოშლამდე უნდა მიეყვანა ქვეყნის ფინანსური სისტემა, მაგრამ ჩინეთმა არ მოისურვა ეთამაშა თავისი მთავარი პარტნიორის წინააღმდეგ, რადგან მისი ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. უფრო მეტიც, გამოჩნდა, რომ ამერიკის ეკონომიკის მკვეთრმა შესუსტებამ მძლავრად დაარტყა რუსეთის ეკონომიკასაც მსოფლიოს ნედლეულის ბაზრების მეშვეობით.