ობამამ კონგრესი ახალი ბიუჯეტით შეაშინა
ამერიკის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცება კონგრესზე. დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც სხვადასხვა კუთხით გააკრიტიკებენ მას და თავიანთი შეხედულებებისა და აზრების მოსმენას და გატარებას აიძულებენ. ყველა მათგანის დარწმუნება კი ობამას ნამდვილად გაუჭირდება.
მიუხედავად მისი ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევისა, ახალი ბიუჯეტი – 3,8 ტრილიონი დოლარი რეკორდულია ყველა წინა წელთან შედარებით. ბარაკ ობამამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ბევრ პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ პროექტზე, რომლებიც ჯერ კიდევ მისმა წინამორბედმა ადმინისტრაციამ დაიწყო. მათ შორისაა მთვარეზე ბაზის შექმნის პროექტი, რომლის აშენება 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, ამას გარდა „ნასას“ მოუწევს, ბიუჯეტის გარეთ ეძებოს დაფინანსების წყაროები კოსმოსური ხომალდების ასაგებად და თანამგზავრებზე გასაშვებად. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაახლოებით სულ, 120 სამთავრობო პროექტი დაიხურა.
ამ დროს ახალ ბიუჯეტში ჩადებულია გადიდებული ხარჯები პრეზიდენტის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, როგორიცაა: უმუშევრობასთან ბრძოლა, ბიზნესმენებისთვის გადასახადების შემცირება. ეს მათი აზრით, ერთგვარი წახალისებაა დამატებითი მუშახელის დასასაქმებლად. გაიზრდება განათლებისა და თავდაცვის დაფინანსება, იმის მიუხედავად, რომ ამერიკა ერაყიდან ჯარების გაყვანას აპირებს. სწორედ ასეთი განაწილება იწვევს უკმაყოფილებას. დემოკრატები სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების შემცირების წინააღმდეგი არიან, რესპუბლიკელები კი პრეზიდენტს ზედმეტ მფლანგველობაში ადანაშაულებენ.