ამერიკელი მზვერავები ქვეყნის ფინანსურ სექტორს ეხმარებიან
ამერიკელი მზვერავების პროფესიული ცოდნა არა მარტო იცავს ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან, არამედ ეხმარება ფინანსურ სექტორს, შეამციროს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია წარუმატებელ ინვესტიციებთან. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლები თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის გარდა დამატებით მუშაობენ საინვესტიციო ბანკებსა და ფონდებში კონსულტანტებად.
იმის შესახებ, თუ როგორ ართმევენ თავს მზვერავები ამ საქმიანობას, მოთხრობილია წიგნში – „ბროკერი, ტრეიდერი, იურისტი, მზვერავი“. წიგნს გამოსაცემად ამერიკის შეერთებულ შტატებში ამზადებენ და მისი ავტორია ჟურნალისტი იმონ ჯევერსი. ამ წიგნში მოთხრობილია კომპანია „ბიზნეს ინთელიგენს ედვისორის“ (BIA) საქმიანობის შესახებ. ამ ბოსტონურ ფირმას მჭიდრო კავშირები აქვს დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან, რაც მას საშუალებას აძლევს ითანამშრომლოს ამ უწყების კადრებთან. უფრო მეტად მათ ის მზვერავი აინტერესებთ, რომლებსაც დაკითხვების წარმართვის გამოცდილება აქვთ. ისინი ასწავლიან ინვესტკომპანიების მენეჯმენტს, გაიგონ, სიმართლეს ამბობენ თუ არა მათი თანამოსაუბრენი საქმიან მოლაპარაკებებზე.
თავის წიგნში ჯევერსი აღწერს მრავალ ისეთ შემთხვევას, როდესაც დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ტექნიკა, სახელწოდებით, „მოქმედების ტაქტიკური შეფასება“ ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა.