რატომ არ ჰყავს მემკვიდრე გერმანელ მილიარდერ ოტო ბაისჰაიმს და რის გამო ერიდება ის საზოგადოებაში გამოჩენას
ოტო ბაისჰაიმი – ადამიანი-გამოცანა გერმანულ ბიზნესში, რომლის შესახებაც იმდენად მწირია ინფორმაცია, რომ ხანდახან ადამიანები სხვადასხვა ისტორიასაც კი თხზავენ მისი ბიოგრაფიის აღსადგენად.
თანამედროვე მსოფლიოს მილიარდერებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ფიგურად მიიჩნევა ოტო ბაისჰაიმი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია ტელევიზიისა თუ ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის. 86 წლის ბაისჰაიმს „ფორბსის“ 2009 წლის მონაცემებით მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში 246-ე ადგილი უკავია და მისი პირადი ქონება 2,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ოტო ბაისჰაიმი 1924 წლის 3 იანვარს დაიბადა ესსენში. მის მშობლებს, სოციალურად შეჭირვებულ პირებს, არ გააჩნდათ საშუალება, რომ შვილისთვის საჭირო განათლება მიეცათ და სკოლაში სწავლის ნაცვლად ოტოს ტყავის ტანსაცმლის დამამზადებლის ხელობა შეასწავლეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ის ესსენის ერთ-ერთ მაღაზიაში ტყავის ნაკეთობათა გამყიდვლადაც კი მუშაობდა. სხვათა შორის, სწორედ მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება ბაისჰაიმის ბიოგრაფიის ყველაზე ცნობილი და, ამავე დროს, ექსპერტებისთვის საკამათო ნაწილი: 1941 წლიდან ოტო ბაისჰაიმი „მესამე რეიხის“ ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ ქვედანაყოფში, ვაფენ ესეს – ლეიბ-შტანდარტ „ადოლფ ჰიტლერში“ მსახურობდა, რომელიც ფიურერის პირადი ზედამხედველობის და მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. „მესამე რეიხის“ აღორძინების 30-იან წლებში, ლეიბ-შტანდარტის წევრებმა ადოლფ ჰიტლერს პირადად შეჰფიცეს ერთგულება, მათი ძირითადი საქმიანობა კი ნაცისტური გერმანიის უმაღლესი თანამდებობის პირების პირადი დაცვის უზრუნველყოფა იყო. გერმანელი ჟურნალისტის, მიხაელ რადტკეს ვერსიით, რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ზი დოიჩე ცაიტუნგში“, ოტო ბაისჰაიმი ოფიცერზე დაბალი ჩინით მსახურობდა ამ განყოფილებაში და მას არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა იმ საზიზღრობებში, რასაც ვაფენ-ესესელები სჩადიოდნენ. ომის ბოლო წლებში ბაისჰაიმი ლეიბ-შტანდარტის პირველ სატანკო დივიზიაში იყო განაწილებული და ბავარიის ოლქში იყო დისლოცირებული, სადაც ჩავარდა კიდეც ტყვედ ინგლისელებთან. ვარაუდობენ, რომ სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ იგი „ესესში“ მსახურობდა, ოტო ბაისჰაიმი გაურბის ყურადღების ცენტრში ყოფნას, რაც გამოიხატება მის პათოლოგიურ თამაშში: სახელად „დამალობანა“.
ომის შემდგომ, ტყვეობიდან გათავისუფლებული ბაისჰაიმი ელექტროსაქონლით ვაჭრობდა. ამ სფეროში მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია და პატარა ფირმაც კი დააარსა. 60-იანი წლების დასაწყისში ოტო სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაეცნო „ქეშ ენდ ქერის“ საბითუმო ვაჭრობის გამოცდილებას და, გერმანიაში დაბრუნებულმა, დააფუძნა ანალოგიური პროფილის ფირმა, რომელმაც სათავე დაუდო საბითუმო და საცალო ვაჭრობის უდიდესი ევროპული სავაჭრო სახლის – „მეტროს“ იმპერიას. სხვათა შორის, დღემდე არ წყდება იმ საკითხზე დისკუსია, თუ როგორ მოახერხა დაწყებითი კაპიტალის არმქონე ბაისჰაიმმა გიგანტური კომპანიის დაარსება.
პირველი მარკეტი კომპანია „მეტრომ“ 1964 წელს გახსნა ქალაქ მიულჰეიმ ან დერ რურში. „ქეშ ენდ ქერის“ ამერიკული იდეა კარგად მოერგო გერმანიას, რადგან გერმანიაში კარგად იყო განვითარებული საშუალო და მცირე ბიზნესი და, სწორედ ამ ფენის წარმომადგენლები: კიოსკების, რესტორნების, პატარა სასტუმროების, სახელოსნოების მფლობელები იძენდნენ საჭირო პროდუქციას ბაისჰაიმის საბითუმო მარკეტში. დღეისათვის, კომპანიის დაარსების 46-ე წლისთავზე, გერმანიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 70-მდე „მეტროს“ მარკეტი, ხოლო მსოფლიოში მათი რიცხვი 500-მდე ავიდა. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიაში 72 ათასი ადამიანია დასაქმებული. თავდაპირველად ბაისჰაიმმა დასავლეთ ევროპა დაიპყრო, შემდგომ – თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა. 1996 წელს დაიწყო აზიური ბაზრის ათვისება და, საბოლოოდ „მეტროს“ ფილიალები გაიხსნა ჩინეთში, იაპონიაში, ვიეტნამსა და ინდოეთში. სხვათა შორის, პირველი ინდური მარკეტი „მეტრო ქეშ ენდ ქერი“ 2008 წელს გაიხსნა ქალაქ ბანგალორში.
2009 წლის სექტემბერში „მისტერ მეტრომ“, როგორც ბაისჰაიმს უწოდებენ, საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა: მან „მეტროს“ სხვა აქციონერებთან – ჰანელ და შმიდტ რუტენბეკების საგვარეულოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებიდან გამოსვლა გადაწყვიტა, ანუ ბაისჰაიმმა გამოთქვა სურვილი თვითონ მართოს თავისი კუთვნილი აქციები, მანამდე დადებული პირობის თანახმად კი, არც ერთ აქციონერს არ შეეძლო, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა საკუთარი აქციების ბედი. ექსპერტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს კონცერნ „მეტროს“, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ბაისჰაიმის ქმედება გამოწვეულია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით. მარტო 2009 წელს, კომპანიის აქციების ფასის ვარდნის გამო, ოტომ 1,8 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. ცნობისთვის: მისი ქონება 2008 წლის „ფორბსის“ მონაცემებით 5 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო.
ოტო ბაისჰაიმის სახელი რამდენიმე სკანდალსაც უკავშირდება: ბაისჰაიმს დიდი სურვილი ჰქონდა, დახმარება გაეწია ტეგერნზეში მდებარე გიმნაზიისთვის და, ამასთან დაკავშირებით, სპეციალური საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, რომლის მეშვეობით 10 მილიონამდე ევროს შეწირვას აპირებდა გიმნაზიისთვის. ფონდს ერთადერთი პირობა ჰქონდა გიმნაზიის ადმინისტრაციასთან: სრული დახმარების მიღების შემდეგ, სკოლა ბაისჰაიმის სახელობის უნდა გამხდარიყო. თავდაპირველად სკოლის დირექცია დაინტერესდა შემოთავაზებით, რადგან უპრეცედენტო დახმარებით ტეგერნეზის გიმნაზია ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა გერმანიაში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაისჰაიმი თავის დროზე ნაცისტებთან თანამშრომლობდა და „ესესის“ ერთ-ერთ განყოფილებაში მსახურობდა, გიმნაზიის დირექტორმა უარი განაცხადა დახმარების მიღებაზე და მას მხარი დაუჭირეს მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც. სამაგიეროდ, ბაისჰაიმის დახმარებაზე უარი არ თქვეს ყოფილი საბჭოთა ოფიცრის შვილებმა, სახელგანთქმულმა მოკრივეებმა, ძმებმა ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოებმა, რომელთა საქველმოქმედო ფონდის – „ძმები კლიჩკოების“ მთავარი დამფინანსებელი ყოფილი ნაცისტი ოტო ბაისჰაიმია.
ოტო ბაისჰაიმი ძირითადად შვეიცარიასა და ამერიკაში ცხოვრობს. ფლორიდისა და მაიამის შტატებში მას საკუთარი ფეშენებელური ვილები აქვს, სადაც ძირითადად ზამთარში უყვარს ყოფნა. მისი მეუღლე ინგე, 1999 წელს გარდაიცვალა და ცნობილია, რომ ოტოს მრავალმილიარდიან ქონებას მემკვიდრე არ ჰყავს, რადგან ბაისჰაიმებს შვილები არასდროს ჰყოლიათ. ხოლო, რაც შეეხება მის კარჩაკეტილ ცხოვრებას, ბაისჰაიმი ისეთ მნიშვნელოვან პროცესს არ დაესწრო, როგორიცაა მისი კომპანიის აქციების გატანა ფრანკფურტის ბირჟაზე გასაყიდად, ასევე, იგი არ დაესწრო ბერლინის ცენტრში, პოტსდამის მოედანზე „ბაისჰაიმ-ცენტრის“ გახსნის ცერემონიალს. შენობაში საცხოვრებელი და საოფისე ფართები განთავსდა და მილიარდერმა მისი აშენება თავის გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა. ცნობისთვის, „ბაისჰაიმ-ცენტრის“ აშენება, სადაც ასევე განთავსებულია, ცნობილი სასტუმრო „რიც კარლტონი“, მილიარდერს 450 მილიონი ევრო დაუჯდა.