კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეიცვალა ყველაფერი მაიკო დობორჯგინიძის ცხოვრებაში და რისი „ნიხვატკა“ აქვს მიშა არჯევანიძეს


მაიკო დობორჯგინიძე და მიშა არჯევანიძე ერთი თეატრის მსახიობები არიან, თუმცა ჩვენი მკითხველი მათ სერიალებიდან უფრო იცნობს. ჟურნალისტის ამპლუა მაიკომ და მიშამ მათთვის ყველაზე საყვარელ და საინტერესო თემებზე სასაუბროდ გამოიყენეს, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, თეატრიც იყო.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მაიკო დობორჯგინიძე

– ის, რაც მართლა ძალიან მაინტერესებს, რამონასა და შენი შვილის ამბებია. მომიყევი, როგორ არიან?

– პატარა იზრდება და არის. საოცრად არტისტულია, სხვათა შორის. თეატრი უყვარს ძალიან, ტელევიზორშიც, რომ ხედავს თეატრს ან სცენას, შტერდება და უყურებს. ცეკვავს, მღერის, რაღაცეებს გვაჩვენებს ხოლმე სპექტაკლებიდან. ძალიან ბევრ საბავშვო სპექტაკლში ვთამაშობ – მოზარდში, გრიბოედოვში და, რა თქმა უნდა, ბავშვიც სულ დაგვყავს.

– გამიკვირდებოდა, რომ გეთქვა, არტისტული არ არისო – აქეთ მამა, იქით დედა მსახიობი. რამდენი წლისაა ახლა?

– ოთხის, მაგრამ თავის არტისტულ მონაცემებს მხოლოდ ჩვენ გვაჩვენებს, ბაღში ზეიმზე მთავარი როლი ჰქონდა, მაგრამ კატეგორიულად არ ითამაშა და ზეიმი ჩაშალა (იცინიან) – მრცხვენიაო.

– რა გინდა, ადამიანი სერიოზულად უყურებს საქმეს, დიდი სცენისთვის ემზადება (იცინიან). მიშა, მოდი, ჩვენს პროფესიაზე ვისაუბროთ. რა თვისება უნდა ჰქონდეს მსახიობს, რომ წარმატებას მიაღწიოს?

– არ ვიცი, ასეთი კონკრეტული თვისება არის თუ არა. სანდრომ თქვა ერთხელ მარგალიტაშვილმა ძალიან კარგად – ბედისწერა და ღვთის წყალობაო – ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ძალიან ბევრ უნიჭიერეს მსახიობს ვიცნობ, უნიჭიერესს, რომელსაც არავინ იცნობს, თეატრალურ წრეებშიც კი.

– გარდა ბედისწერისა, ის „ერთი“ რა უნდა იყოს?

– როდესაც სტანისლავსკის ჰკითხეს, რა არის მსახიობისთვის მნიშვნელოვანიო, მან უპასუხა: „აკტიორ ეტო აბაიანიე, ა ჩტო ეტო ტაკოე, ია ნი ზნაიუ”.

– არიან გენიალური მსახიობები, მაგალითად, ჯულიეტა მაზინა, ჩაპლინი, რომელთა გარეგნობაც საერთოდ არ გადარდებს, როცა უყურებ. საინტერესოობაა მთავარი.

– ძალიან მომწონს საბჭოთა კინო, სადაც იყვნენ ლამაზი მსახიობებიც, მაგრამ არანაკლებ გენიალური როლები შეასრულეს ნაკლებად ლამაზმა მსახიობებმა – ნონა მორდიუკოვამ, ინა ჩურიკოვამ, ალისა ფრეინდლიხმა. რომ უყურებ, ივსები.

– ახლა ისეთი დროა, როდესაც მხოლოდ თეატრის შემოსავლით ცხოვრება რთულია, ამიტომაც მსახიობები სატელევიზიო პროექტებისკენ მიილტვიან, მათ შორის ჩვენც და ბევრი ჩვენი მეგობარიც. როგორ ფიქრობ, დასაშვებია, რომ მსახიობმა მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრ ფულს გადაუხდიან, ისეთი რამ გააკეთოს, რაც მისთვის მიუღებელია?

– ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარეც და ასაკითაც, თქვენზე გაცილებით უფროსი ვარ – მალე 37 წლის ვხდები და შემიძლია, ვთქვა, რომ საქმის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად შემეცვალა. თუ ადრე ვამბობდი, ანაზღაურების გამო ეს როგორ უნდა თქვა, ეს როგორ უნდა გააკეთო-მეთქი, გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ეს მცდარი შეხედულება იყო. გარდა თეატრისა, მყავს ჩემთვის უსაყვარლესი ოჯახი – ცოლი, შვილი და, საერთოდ, ცხოვრება ირგვლივ. თეატრის გარდა, გინდა, კიდევ რაღაც ნახო. ჩემს შემთხვევაში იმასაც ვერ ვიტყვი, თეატრში იმდენად დიდ, საინტერესო რაღაცეებს ვაკეთებ, რომ სხვა დანარჩენი უნდა ვიუკადრისო. ცოტ-ცოტა რაღაცეებს ვაკეთებ, მაგრამ, ისეთი სამუშაო, რომელიც გამიტაცებდა, თავბრუს დამახვევდა, ჯერჯერობით არ ყოფილა. მეტი მინდა, პირდაპირ რომ გითხრა, სულ მაქვს „ნიხვატკა“. ბევრ საინტერესო რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ, მაინც მინდა სერიოზული რეპერტუარი, სერიოზული განცდები. კარგ სპექტაკლს რომ ვუყურებ, იმდენად ვივსები, რომ, მინდა, იქვე დავიხარჯო. მეც ამოვიღო ის, რაც დაგროვილი მაქვს, რასაც განვიცდი.

– გისურვებ, აგესრულებინოს ეს სურვილი. მეც აბსოლუტურად გეთანხმები ამ მხრივ. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ოჯახი, შვილი ჩნდება, ბევრ რაღაცას აკეთებ ისეთს, რასაც მანამდე არ გააკეთებდი, მაგრამ, მაინც არსებობს რაღაც ზღვარი. ალბათ, არის შემოთავაზებები, რომელზეც მაინც უარს ვიტყოდი. „ნუ, რა მოხდა!“ – ამას ყველაფერზე ვერ ვიტყვი. მიშა, იცი რა მაინტერესებს? რამდენი შეგიძლია, გადაიხადო შენი საყვარელი მსახიობის ნივთში?

– უი, რა უცნაური შეკითხვაა! არ მიფიქრია ამაზე. ჩაპლინის შლაპას ვიყიდდი სიამოვნებით, მაგრამ, მაქსიმუმი, რაც შეიძლება, გადამეხადა, ჩემი ხელფასის ნახევარია. ისევ ოჯახთან მივედით – ჩემს ოჯახს მთელი თვე შემოსავლის გარეშე ვერ დავტოვებ (იცინიან).

– როგორი წარმოგიდგენია თეატრი ოცდაათი-ორმოცი წლის შემდეგ?

– ძალიან მომწონს თანამედროვე ტექნოლოგიები თეატრში, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი და გამართული, მაგრამ, მაინც მინდა, თეატრი კლასიკას დაუბრუნდეს. მგონია, რომ დაუბრუნდება. როგორც ხელოვნების სხვა დარგებში იყო რენესანსის პერიოდი, ისე იქნება თეატრშიც. რატომ არის, რომ ბრაზილიურ სერიალებს განსაკუთრებული ინტერესით უყურებს მაყურებელი? ის უყურებს სხვის ნორმალურ ცხოვრებას; რაღაც ხდება ოჯახში, სიმყუდროვეში და ეს მოსწონს. რა თქმა უნდა, ეს ვერასოდეს გახდება ხელოვნების ნიმუში, რაც უნდა კარგი სიუჟეტი ან ნაწარმოები აიღო, იმდენად არის დროში გაწელილი. რა თქმა უნდა, თეატრი უნდა განვითარდეს, მაგრამ, კლასიკურობაში ვგულისხმობ თამაშს, წრფელი განცდის სკოლას, რაც, მაყურებლისთვისაც, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესოა.

– სხვა პროფესიას რას აირჩევდი რომ არა მსახიობობა?

– ამ პროფესიაზე ვფიქრობ 11-12 წლიდან და მართლა ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა საქმეში. არაფერი სხვა ნიჭი არ მაქვს – არც დაკვრა ვიცი, არც ხატვა, ერთადერთი, საჭმელს ვაკეთებ მშვენივრად (იცინიან). ცოტ-ცოტა რაღაცეებს ვაკეთებ, გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელად ჭამა და, შესაბამისად, ზოგიერთი რაღაცის გაკეთებაც ამიტომ ვისწავლე. მაგალითად, ნამცხვრის გამოცხობა ვისწავლე იმიტომ, რომ ჩემს სახლში არავინ არ იცოდა ეს საქმე – არც დედაჩემმა, არც ბებიაჩემმა.

– ვთქვათ, არის სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი თითქმის არ ესწრება – არ აქვს მნიშვნელობა, ცუდია სპექტაკლი თუ კარგი. რას გრძნობ ხოლმე ამ დროს? ისევე იხარჯები ოცი კაცისთვის თუ მაინც გაქვს დისკომფორტი?

– ამას საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ერთადერთი, ამ დროს დარბაზის რეაქციაა ნაკლები და, ენერგეტიკულად, ალბათ, რაღაც სხვა იმპულსები მოდის, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ არ მომინდომებია ან ბოლომდე არ დავხარჯულვარ იმ დარბაზისთვის, სადაც მხოლოდ ათი ადამიანი ზის.

– ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე მსახიობზე გიფიქრია, როლი დაუმსახურებლად მიიღოო და რა გრძნობა გეუფლება ამ დროს?

– არ მიფიქრია, რომ ვინმემ რამე როლი დაუმსახურებლად მიიღო, უფრო ასეთი რამ მიფიქრია: ნეტავ, ეს როლი მე შემესრულებინა-მეთქი. გულში, ალბათ, ყველას აქვს ის მომენტი – ამას არაჩვეულებრივად შევასრულებდიო.

– ჩვენს თეატრში, მგონი, ყველა მაინც მეგობრები ვართ, ვიღაც – მეტად, ვიღაც – ნაკლებად, პატარა წყენები, ალბათ, ყველგანაა, მაგრამ, მთლიანობაში, თეატრის ინტრიგებს რასაც უწოდებენ, ამის არ მჯერა.

– ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა თავისუფალ თეატრში: „ჯინსების თაობაში“ შევასრულე ივერიელების მამის როლი, ანუ დუბლი, რადგან თავად როლის შემსრულებელი გასტროლებზე იყო. საკმაოდ დრამატული, სერიოზული სცენებია, როდესაც ის დაკითხვაზე მიჰყავთ, სადაც უნდა აირჩიოს, რომელი შვილი დატოვოს ცოცხალი. ვერ აღგიწერთ, როგორ დამეხმარა ნიკო გომელაური. ჩემზე სულ სამი წლით უფროსია, მაგრამ მასთან ისე ვიყავი, როგორც მოწაფე მასწავლებელთან. ეს ჩემი კარგი თვისებაა, რომ საქმეში ასეთი დეტალები არ მაინტერესებს. სრული რეპეტიცია გავლილი არც მქონდა, მხოლოდ ის მითხრეს, საიდან სად უნდა გადავადგილდე. ყველა მსახიობი იდგა კულისებში და მგულშემატკივრობდა. სცენიდან რომ გავედი ჩამეხუტნენ. იმ სცენის შემდეგ, რომლისაც მეშინოდა, აპლოდისმენტები იყო და ეს ეპიზოდი მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება.

– რა ხდება შენს ცხოვრებაში საქმის გარდა, რა გიტაცებს?

– ჩემი ოჯახი – ეს არის ჩემი მთავარი გატაცება. რაც უნდა დატვირთული დღე გვქონდეს, მე და ჩემი ცოლი ღამის ორ საათამდე ვსხედვართ და, უბრალოდ, ვლაპარაკობთ. ყველაფერი გვაინტერესებს ერთმანეთის შესახებ.


ინტერვიუ 2. ჟურნალისტია

მიშა არჯევანიძე

– ამ თეატრში უკვე ძალიან დიდი ხანია ხარ და სწორედ შენი სპექტაკლით – „კომედიანტებით” დაიწყო ამ თეატრის ისტორია. ახლა რომელია შენი საყვარელი როლი ამ თეატრში?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა როლს ვთამაშობ „კავკასიურ ცარცის წრეში“, სადაც სულ ხუთი წუთი ვარ სცენაზე, მაინც ვიტყვი, რომ სწორედ ეს როლია ამ წუთას ჩემი ყველაზე საყვარელი. „იდიოტოკრატიაში“ ძალიან ვერთობით, გვიხარია თამაში, კომედიაა, მაგრამ მაინც ის პატარა როლი უფრო მიყვარს.

– შენ და შენი ქმარი ძალიან დაკავებულები ხართ. როგორ ასწრებთ ბავშვთან ურთიერთობას, ოჯახში ყოფნას?

– რთულად და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. მთელი დღის განმავლობაში ბავშვთან ძიძაა და, ის რომ არ იყოს ისეთი, როგორიც არის, ძალიან გამიჭირდებოდა მუშაობა. აბსოლუტურად ვენდობი. პრაქტიკულად, ბავშვს ზრდის ძიძა, დედაჩემი და გოგას ბებიები ეხმარებიან. კვირაში სამი დღე მართლა ვერ ვხედავ. დილით გავდივარ და გვიან რომ ვბრუნდები, უკვე სძინავს. მძინარეს ვეხუტები ხოლმე, ისე მენატრება, თავს ვერ ვიკავებ. თავიდან ვამბობდი, ძიძას არ ავიყვან, ბავშვი თავად უნდა გავზარდო-მეთქი, მაგრამ, ალბათ, მაინც ჩემი მინუსია, რომ ეს ვერ მოვახერხე. მინიმუმ ერთი წელი მაინც, ბავშვს დედა სულ გვერდით უნდა ჰყავდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ორსულობის დროს ქალი ისედაც სწყდება ყველაფერს და, კიდევ ერთი წელი – დიდი ჩავარდნა გამოვიდოდა. სერიალში რა უნდა ექნათ?! დუბლს ვერ აიყვანდნენ. ის კი არა, ორში გვქონდა გადაღებები და თხუთმეტში გაბრიელი გაჩნდა – ცხრა თვის ორსული გადაღებებზე დავდიოდი. ნამდვილად ცოტა დრო მრჩება და, როგორ და როდის უნდა ავინაზღაურო ეს, მართლა არ ვიცი. თუმცა, ნებისმიერ თავისუფალ დროს მასთან ვატარებ.

– როდესაც ადამიანი, ქალი, მუშაობს, სულ ფორმაშია, როგორც პიროვნება შემდგარი და რეალიზებულია, ეს უფრო კარგი ვარიანტია ბავშვისთვის, ვიდრე არარეალიზებული მშობელი, რომელიც ამის გამო ცუდად არის, ცუდ ხასიათზეა. არ ვგულისხმობ იმას, ქალი მუშაობს თუ არა. შეიძლება, ქალი დიასახლისი იყოს, მაგრამ ამაში იპოვოს საკუთარი თავი და ბედნიერი იყოს. უბრალოდ, ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი ნაპოვნი არ ჰყავს, ამის გამო ფსიქიკაც ოდნავ დარღვეული აქვს. წარმატებულ დედასთან ურთიერთობა უფრო საინტერესოა.

– გეთანხმები. ჯერ ვერ ხვდება გაბრიელი ამას, მაგრამ, როცა მიხვდება, მაშინ უპირატესობას ასეთ დედას და მამას მიანიჭებს, ანუ, ყველა ბავშვს ურჩევნია, წარმატებული და საქმიანი დედა ჰყავდეს. თუმცა, ძალიან ვაფასებ ქალებს, რომლებიც ყველაფერს გადადებენ და ბავშვს დაუთმობენ ასე საჭირო დროს.

ყველაფერთან ერთად, ფინანსებიც ხომ არის, თუ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, ეს არანაირად არ არის დღეს საკმარისი.

– ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ. საერთოდ, ძალიან ნაზი ქალები, ყოველთვის ძალიან ძლიერები არიან. ალბათ, არის მომენტები, როდესაც ისეთი რაღაც ხდება, რაც შენს პიროვნებას თრგუნავს. ამ დროს როგორ იქცევი?

– რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცეები ხდება, არ დავაკონკრეტებ სად და როგორ. ალბათ, ნებისმიერ სამსახურში ასეა. ყოფილა, რომ მითქვამს არ მინდა რა, აღარ მინდა და მორჩა! ალბათ, შვილი რომ არ მყავდეს, ასეთი პროცესები ჩემთვის უფრო მტკივნეული და რთულად გადასატანი იქნება. როდესაც მოვიწყენ, რაღაც ცუდი ხდება, რაზეც ადრე, ალბათ, ძალიან ბევრს ვინერვიულებდი, ეგრევე მახსენდება, რომ ამის უფლება არ მაქვს, რადგან მყავს გაბრიელი, რომლისთვისაც საჭიროა, რომ სულ ფორმაში და ძლიერი ვიყო, ამიტომაც უნდა დავძლიო ყველა წინააღმდეგობა. სულ ვფიქრობ, ეს რომ არ იყოს, ნეტავი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება-მეთქი? რომ ვუყურებ მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, როგორ შეიძლება, რამე არ გავაკეთო მის საკეთილდღეოდ? ღმერთმა არ დამაყენოს რაღაც ფაქტის წინაშე, თორემ, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ მის გამო.

– ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა: პატარა პრობლემა მქონდა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – თეატრში საოცრად მატკინეს გული. სახლში ვიყავი, ძალიან მოწყენილი, ცოლთან ერთად ამ თემაზე ვლაპარაკობდი. ჩემი შვილი დარბოდა, რაღაცეებს მღეროდა და უცებ ჩემმა მეუღლემ თქვა: ვაიმე, მიშა, შეხედე რა ბედნიერიაო და, უცებ მივხვდი, მეტი არაფერი მინდა, ოღონდ ეს იყოს ბედნიერი-მეთქი. ის პრობლემაც გადაწყდა სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა და ყველაფერი მოგვარდა.

– მარტო საქმე არ არის საკმარისი. ისიც უნდა იყოს, მაგრამ, ამაზე არ უნდა ჩაიციკლო, სრულყოფილად ბედნიერს ვერ გაგხდის. მთავარი ძალის მომცემი ესაა და ამის გარშემო ტრიალებს ყველაფერი.

– შენი საოცნებო როლი მითხარი.

– ვერ გიპასუხებ ამაზე, არ მაქვს საოცნებო როლი. რაღაცეებზე მიფიქრია, მაგრამ არა, ვერ ვიტყვი. შენი?

– მეფე ლირი, ოღონდ მერე, დრო რომ გავა, ასაკში რომ შევალ.

– შენ თუ მეფე ლირს ითამაშებ, სიამოვნებით ვიქნები კორდილია (იცინიან).

– როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი წლების შემდეგ, ვთქვათ ათი-თხუთმეტი წლის მერე?

– ალბათ, ორი შვილი მეყოლება, ქმარი ვისურვებდი, რომ იგივე მყავდეს (იცინიან), მეგობრები თუ მეტი მეყოლება – მით უკეთესი. ბატონ ავთოსთან მაგისტრატურაში ვსწავლობ და ახალი მეგობრები შევიძინე. აღმოჩნდა, რომ ამ ასაკშიც შეიძლება მეგობრების შეძენა და ძალიან კარგია.

– ბოლოს რამე მითხარი გოგაზე რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია. როგორია ის სახლში?

– რატომღაც ყველას ჰგონია, რომ სახლში სულ „ჰა-ჰა-ჰა, ჰი-ჰი-ჰი“ გვაქვს, მაგრამ, ასე არ არის. სახლში გაცილებით უფრო სერიოზულია. მუშაობის პროცესში კი დაფრინავს, მიწაზე არ არის. უნდა შეაჯანჯღარო და გამოაფხიზლო, რომ დედამიწაზე დააბრუნო. მე არ დავფრინავ. ვინაიდან ამ საქმეს აკეთებს, მეც ყველანაირად ხელს ვუწყობ.


скачать dle 11.3