ტერიმ არც ვანესა დაინდო
ინგლისში ახალი სკანდალი აგორდა და დიდი შანსია, ამ ამბავმა ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ჯონ ტერის კარიერა შეიწიროს. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ, ვინმე მაიკ ტუგენჰეტმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გასული წლის შემოდგომაზე „ჩელსისა“ და ნაკრების კაპიტნის, ჯონ ტერის მიერ შეტანილი სარჩელი გაუქმებულია.
– შემოდგომაზე ტერიმ საჩივრით მოგვმართა, რომელშიც წერდა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი აპირებდა გაზეთში დაეწერა, თითქოს ჯონი თავისი საუკეთესო მეგობრის, უეინ ბრიჯის ცოლთან ვანესა პერონსელთან დაძვრებოდა. ტერი ამბობდა, რომ ამ აბსურდის გამო ურთიერთობა მეგობართანაც გაუფუჭდებოდა, რომელსაც, შესაძლოა, ოჯახი დანგრეოდა და თავადაც შეექმნებოდა ცოლთან პრობლემები, ხოლო შვილები ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდნენ. მაშინ ეს რეალური გვეჩვენა, მაგრამ ახლა, როცა ბრიჯი ცოლს დაშორდა, გამოდის, რომ მხოლოდ ტერის იმიჯზე ვზრუნავთ, რაც არასწორია, – განაცხადა მოსამართლემ და პრესაც აჭრელდა – ჯონი თავის მეგობარს ცოლს უბახებდაო.
ზაფხულში ბრიჯმა და ვანესამ იკამათეს და ქმარმა ცოლთან დაბრუნება თავისი მეგობრის, ჯონ ტერის მეშვეობით გადაწყვიტა. ჯონმაც შუამავლობა ითავა და საღამოობით ვანესასთან ხშირად დადიოდა სტუმრად. ჰოდა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, ეს სტუმრად, ნელ-ნელა საძინებელში განმარტოებაში გადაიზარდა და ჯონმა საუკეთესო მეგობრის ცოლთან რომანი გააბაო. ასეა თუ ისე, ბრიჯი და ვანესა დაშორდნენ, პრესამ კი ეს ამბავი გაახმაურა. ჰოდა, ახლა ამბობენ, ინგლისის ნაკრების წევრები ტერისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევას ითხოვენ, რადგან მეგობრის ცოლებთან კოტრიალი დაუწერელი საფეხბურთო კანონებით აკრძალულიაო.