ფედერერმა სეზონი 2 მილიონით დაიწყო
მელბურნში სეზონის პირველი, ავსტრალიის დიდი პრიზის გათამაშება დასრულდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მოიგო. ფინალში მან ბრიტანელი ენდი მიურეი დაამარცხა და წლევანდელი სეზონი 2 მილიონი დოლარის მოგებით დაიწყო. სწორედ ამდენი ერგო მას ავსტრალიაში გამარჯვებისთვის.
– მუდმივად მეკითხებიან, რა არის ჩემი წარმატების საიდუმლო. პასუხი მარტივია: მე ძალიან ნიჭიერი ვარ. რა თქმა უნდა, ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნიჭი აუცილებელია. ძალიან მინდოდა, მიურეის არ ეტირა, მაგრამ, ორი არჩევანი მქონდა: ან მე უნდა წამეგო, ან მას უნდა ეტირა და მეორე ვარჩიე. ის კარგი ბიჭია და მომავალში რომელიმე ტურნირს მოიგებს. ახლა კი, მგონი, ჩემი დროა, – განაცხადა ფედერერმა, რომელსაც კარიერაში ყველაზე მეტი „დიდი მუზარადის“ ტურნირი აქვს მოგებული.
რაც შეეხება მთლიანად კარიერის მონაგარს, ფედერერმა უკვე 55 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ეს მხოლოდ საპრიზო თანხებია. შვეიცარიელის სარეკლამო შემოსავლები კი უკვე ასტრონომიულ ციფრებს უტოლდება და ექსპერტთა ვარაუდით, ამ წლის ბოლოს როჯერის მიერ რეკლამებიდან მიღებული თანხის საერთო ოდენობა ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.