როგორ მოვუაროთ თავს ზამთარში
მართალია, შესანიშნავი დღეა: მზე ანათებს, ქარიც ჩადგა, მაგრამ იმდენი სუსხი მაინც არის, რომ ცხვირი გაგიწითლდეთ, ტუჩები დაგისკდეთ ან სახეზე კანი აგექერცლოთ. ის კი არა, შეიძლება ხელთათმანი გეცვათ, მაგრამ ხელები მაინც გაგიუხეშდეთ და დაგისკდეთ კიდეც.
ცხვირის გაწითლება დიდი პრობლემა არ არის – სითბოში შეხვალთ თუ არა, მალე გაგივლით, აი, ტუჩებს, ხელებსა და სახის კანს კი აუცილებლად უნდა მიხედოთ.
გახსოვდეთ: სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით ტუჩებზე დამცავი ბალზამი, პომადა, ან, უკიდურეს შემთხვევაში – ზეითუნის ზეთის თხელი ფენა. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. ტუჩებზე ზრუნვა შინ ყოფნის დროსაც არ უნდა შეწყვიტოთ: საღამოობით გაიკეთეთ ტუჩის ნიღბები, პილინგი და მსუბუქი მასაჟი.
გადაეჩვიეთ ტუჩების გალოკვას, – ეს, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს მათ გაუხეშებასა და დასკდომას, არცთუ სასიამოვნო საყურებელია.
ნიღაბი ტუჩებისთვის, შეგიძლიათ, მარტივად მოამზადოთ: შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი; A და E ვიტამინი (ზეთოვანი) და ხაჭო; ნახევარი ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი ნადუღი. მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე, 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და მასაჟის მოძრაობით შეიზილეთ ზეითუნის ზეთი.
სახეზე კრემი წაისვით აუცილებლად სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე. შეეცადეთ, იხმაროთ სპეციალური „ზამთრის“ კრემები. თუ ის არ გაქვთ, მაშინ მკვრივი კონსისტენციის მკვებავები.
სახის კანის მკვებავი და დამამშვიდებელი ნიღბების გაკეთება აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც, ისე კი, ორჯერ უკეთესია. კარგი იქნება, თუ ნიღბის შემადგენლობაში მონაცვლეობით შეიტანთ თაფლს (თუ ალერგიული არ ხართ), რძის პროდუქტებსა და მცენარეულ ნაყენებს.
ქალმა ხელებს წლის ნებისმიერ დროს უნდა მოუაროს, მაგრამ ზამთარში – განსაკუთრებით. დამეთანხმებით, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, როცა ქალს კანი ხელებზე აქერცლილი და დამსკდარი აქვს.
ხელები არა მარტო ყოველდღიურ, არამედ დღის განმავლობაში მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ჩვევად შემოიღეთ, რომ ჩანთაში მუდამ იქონიოთ თქვენი შერჩეული ხელის კრემი და ყოველი დაბანის შემდეგ წაისვათ. სხვათა შორის, ხელებისთვის არსებობს როგორც დღის, ისე ღამის კრემები.
არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ, თუ არ დაგეზარებათ და საღამოობით გაიკეთებთ აბაზანას (გვირილის თბილ ნაყენში გახსენით რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ლიმონი) და ნიღბებს. აბაზანის გაკეთების შემდეგ წაისვით თქვენთვის სასურველი ხელის კრემი (კარგი იქნება, თუ კრემს შეურევთ ცოტაოდენ თაფლს, A და E ვიტამინების 5-5 წვეთს და ლიმონის რამდენიმე წვეთს), ჩაიცვით ჯერ ცელოფნის, ზემოდან კი – ნაქსოვი ხელთათმანები. 40 წუთის შემდეგ კანი თქვენს ხელებზე ბავშვის კანივით ნაზი და სათუთი გახდება.