ექიმის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, ცივ ამინდში საჭიროა თუ არა სამი თვის ბავშვის გარეთ გაყვანა. იქნებ უმჯობესია, სიცივეები სახლში გადავატანინოთ?
პასუხი: პატარა ნებისმიერ ამინდში უნდა ასეირნოთ, რადგან სუფთა ჰაერი მისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები. ამასთან, აქტიური სეირნობა ზრდის მისი ორგანიზმის თავდაცვის უნარს და აძლიერებს იმუნიტეტს.
კითხვა: ვარ 60 წლის ქალბატონი, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არ მეწყება კლიმაქსური პერიოდი. ექიმები მეუბნებიან, რომ ეს არ არის ნორმალური და მირჩევენ, გავიკეთო სპეციალური ნემსები, რათა მენსტრუაცია შემიწყდეს. მე ჯერჯერობით თავს ვიკავებ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე.
პასუხი: თქვენს ასაკში მენოპაუზის დაგვიანება ნორმა არ არის. თუმცა, ასეთი შემთხვევები, ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება. აუცილებელია ექიმის რეგულარული დაკვირვება, რომ სერიოზული დაავადება არ გამოგეპაროთ. დაგვიანების მიზეზი შეიძლება იყოს საკვერცხეების ან საშვილოსნოს პათოლოგია. საშვილოსნოს პათოლოგიის გამორიცხვის მიზნით საჭიროა დამატებითი გამოკვლევები.
კითხვა: ექვსი წლის წინ განმივითარდა პროსტატიტი. ექიმმა გამომიწერა დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები, რის შემდეგაც ტანზე მიჩნდებოდა ვარდისფერი გამონაყარი. მას შემდეგ მაქვს ქავილი და ისევ მაწუხებს პროსტატის ადენომა. ვარ 33 წლის, რით ვიმკურნალო?
პასუხი: უნდა განგიმარტოთ, რომ პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ერთი და იგივე არ არის. პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებას ნიშნავს, ხოლო ადენომა ამ ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნური გადაგვარებაა, რაც უმეტესად ხანშიშესული მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი.
რაც შეეხება გამონაყარს კანზე და ქავილს, შესაძლოა, ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ გამოიწვია ალერგიული რეაქცია და სოკოვანი დაავადება. გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ ექიმ-უროლოგს, რომელიც ზედმიწევნით გაერკვევა თქვენს მდგომარეობაში და სათანადო მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
კითხვა: მყავს 15 წლის გოგონა. ბოლო დროს მას თმიანობა გაუხშირდა. ძალიან განიცდის. ეპილაციაც არ შველის. გთხოვთ მირჩიოთ, რით დავეხმარო.
პასუხი: გირჩევთ, გოგონა გინეკოლოგს აჩვენოთ, რადგან მის ასაკში ჭარბი თმიანობა უმეტესად ჰორმონული დარღვევებით არის გამოწვეული. ეპილაციას აზრი არ აქვს, თუ თმიანობის გამომწვევი მიზეზი არ მოისპო, შედეგთან ბრძოლა არაფერს შეცვლის. მიზეზი კი ჰორმონული დისბალანსია და სწორედ მისი მოწესრიგება იქნება მკურნალობის სწორი გზა.
კითხვა: შეიძლება თუ არა, კიბოთი დაავადებულმა ქალმა ბავშვი გააჩინოს და ძუძუთი კვებოს? საშიში ხომ არ არის ეს ბავშვისთვის?
პასუხი: ორსულობის პროცესში ქალი ვერ შეძლებს ქიმიო და სხივური თერაპიის ჩატარებას. არადა, ეს, ალბათ, აუცილებელი გახდება. ამიტომ, ასეთ პაციენტს ურჩევენ, ონკოლოგის მეთვალყურეობით ჩაიტაროს საჭირო მკურნალობა. თუ ონკოლოგი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა სტაბილური გახდა, დაავადება აღარ პროგრესირებს და საფრთხეს არ უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ამის შემდეგ შეიძლება შთამომავლობაზე ფიქრი. თუმცა, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმასაც ექნება, სახელდობრ, რომელი ორგანოს სიმსივნე აქვს ავადმყოფს. რა თქმა უნდა, თუ ლაპარაკია პირველად ან მეორეულ სასქესო ორგანოებზე, საქმე უფრო რთულად იქნება.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ არსებობს ავთვისებიანი სიმსივნის ყველა სტადიაზე განკურნების წამალი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაპატენტებული? რა ჰქვია იმ წამალს და სად შეიძლება შევიძინოთ?
პასუხი: თქვენი ინფორმაცია მცდარია. სიმსივნური დაავადებების სამკურნალო უნიკალური პრეპარატი არ არსებობს. არსებობს სხვადასხვაგვარი იმუნომოდულატორული საშუალება, რომლებიც გარკვეულ ეფექტს იძლევა ზოგიერთი სახის სიმსივნური პროცესის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი პანაცეა არ გახლავთ.
კითხვა: ოთხი თვეა, წყალზე მოთხოვნილება დამეკარგა. შემიძლია, უზომოდ ვსვა ჩაი, წვენები. გთხოვთ მიპასუხოთ, სახიფათო ხომ არ არის ეს და რაიმე დაავადებაზე ხომ არ მიუთითებს?
პასუხი: თუ ადამიანი დღის განმავლობაში სითხის საჭირო რაოდენობას იღებს, არ არის აუცილებელი წყალიც სვას, თუ ამის მოთხოვნილება არ აქვს. სითხე შეგიძლიათ მიიღოთ ჩაის, მინერალური წყლის, კომპოტის, წვნიანი კერძის სახით. თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, ორგანიზმი წყლის შიმშილს არ განიცდის და არც მის ჯანმრთელობას ემუქრება რაიმე საფრთხე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია