როგორ ვუშველოთ გულის არითმიას
თუ გული გაწუხებთ, გთავაზობთ ხალხური მედიცინიდან ნაყენს, რომელიც მხოლოდ გულის მუშაობას კი არ მოგიწესრიგებთ, არამედ მთელ ორგანიზმს გაგიმაგრებთ, კუჭისა და ნაწლავების მუშაობასაც გაგიუმჯობესებთ.
ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ: აიღეთ 50 გრამი ძირას თესლი, დაფქვით წვრილად, დაამატეთ ორასი გრამი შაქარი და დაასხით ერთი ლიტრი არაყი. გააჩერეთ დაახლოებით, ორი-სამი კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. დროდადრო შეანჯღრიეთ, მერე გაწურეთ და მიიღეთ ჭამის შემდეგ, 20 მილიგრამი.
ძირას თესლი მდიდარია ცხიმოვანი ზეთით, ცილებით, ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, რომელიც სურნელოვან ნივთიერებებს შეიცავს. ძირას ნაყენი, ასევე, აუმჯობესებს მადას, ზრდის კუჭის მოტორულ და სეკრეტულ აქტივობას. ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას. მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტი კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების სპაზმის მოხსნა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს ფერმენტული პროცესების შებოჭვაა.
ძირას შარდმდენი და ლაქტოგენური მოქმედებაც აქვს, ხელს უწყობს ლორწოს და ნახველის გამოყოფას. ძირას პრეპარატები გამოიყენება ნაწლავების ფუნქციის დარღვევისა და სპაზმური მდგომარეობის დროს. მას სასუნთქი გზების დაავადების შემთხვევებშიც იყენებენ.
გულის არითმიის დროს კი შავი ბოლოკის წვენი დაგეხმარებათ. კერძოდ, გახეხეთ ბოლოკი, გაწურეთ და მიღებულ წვენს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
შავი ბოლოკი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით ხასიათდება, რაც მის შემადგენლობაში ბიოაქტიური ნივთიერებების არსებობით აიხსნება. შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს, C ვიტამინს და ფერმენტებს. შავი ბოლოკი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას. სწორედ ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებასა და ქსოვილოვანი კვების გაუმჯობესებას უკავშირდება მისი ანტიარითმიული ეფექტიც.
გაითვალისწინეთ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები აწუხებთ, შავი ბოლოკის წვენის მიღება არ არის რეკომენდებული.