კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელია ჭეშმარიტი ლოცვა და რა უნდა ითხოვო ამ დროს უფლისგან


როდესაც გსურს და ეძიებ წარმატებას ლოცვით ღვაწლში, სრული ძალისხმევით ეცადე, რომ ერთი ხელით არ დაანგრიო ის, რაც მეორეთი ააგე.

1) მკაცრი იყავი სხეულის მიმართ საზრდელის მიღებისას, ასევე ძილშიც და დასვენების დროსაც. არაფერი მისცე მას მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა. როგორც მოციქულმა გვამცნო: „ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ“ (რომ. 13,14).

2) ურთიერთობანი შეზღუდე და ყველაზე აუცილებელ ურთიერთობამდე დაიყვანე. ეს ეხება ლოცვის შესწავლის პერიოდს, შემდეგ, როდესაც ლოცვა მოქმედებას დაიწყებს შენში, თვითონ გიჩვენებს, რა შეიძლება მიამატო ზიანის გარეშე. განსაკუთრებით გაუფრთხილდი გრძნობებს და, მათ შორის, განსაკუთრებით – თვალებს, სასმენელს, შეაკავე ენაც. ამის გათვალისწინების გარეშე ნაბიჯსაც ვერ წარდგამ წინ ლოცვით ღვაწლში. როგორც სანთელს ვერ აანთებ ქარსა და წვიმაში, ასევე ვერ გათბება გული ლოცვისთვის გარედან მოზღვავებული შთაბეჭდილებების გამო.

3) თავისუფალი დრო ლოცვის შემდგომ მიუძღვენი კითხვასა და ფიქრს. საკითხავად უფრო ისეთი წიგნები შეარჩიე, რომელშიც საუბარია ლოცვისა და, საერთოდ, შინაგანი სულიერი ცხოვრების შესახებ. იფიქრე მხოლოდ ღმერთზე და ღმრთაებრივზე, ცხონებასა და, განსაკუთრებით – მაცხოვრის განკაცებაზე, ვნებასა და სიკვდილზე. თუ ასე მოიქცევი, ღმრთაებრივი ნათლით იქნები გარემოცული. ამას შერთე ტაძარში სიარული – როგორც კი გექნება ამის საშუალება. ტაძარში ერთი ყოფნით მოგიცავს ლოცვის მადლი, მით უმეტეს, თუ მთელ მსახურებას ჭეშმარიტი ლოცვითი განწყობით გაატარებ.

4) უწყოდე, რომ ვერ წარემატები ლოცვაში, ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების გარეშე. აუცილებელზე აუცილებელია, სულზე არ გაწვეს არც ერთი ცოდვა, რომელიც არ განგიწმენდია აღსარებით. და თუ ლოცვის ჟამს რაიმე აღგიშფოთებს სვინიდისს, ისწრაფე, განიწმიდო აღსარებით, რომ შეძლო, კადნიერად მიმართო უფალს. მუდამ იქონიე გულის შემუსვრილება. არ დაუტეო არც ერთი შემთხვევა სათნოების აღსასრულებლად, ან კიდევ, კეთილი განწყობილების გამოსავლენად, განსაკუთრებით – მორჩილებისა, თავმდაბლობისა და საკუთარი ნების უარყოფისა. თავისთავად იგულისხმება, რომ გულმოდგინება გადარჩენისათვის ჩაუქრობლად უნდა გენთოს სულში და აღავსებდეს მას. მცირედშიც და დიდ საქმეშიც შენი მამოძრავებელი სწორედ ის უნდა იყოს ღმრთისმოშიშებასა და ურყევ რწმენასთან ერთად.

5) ასეთი განწყობით გაისარჯე ლოცვით ღვაწლში, ილოცე ხან მზა ლოცვებით, ხან შენი სიტყვებით, ზოგჯერ მოკლე ლოცვებით, ან იესოს ლოცვით მიმართე უფალს. არაფერი გამოტოვო ისეთი, რომელიც შეგეწევა ამ ღვაწლში. ასეთნაირად მოიპოვებ კიდეც იმას, რასაც ეძიებ. შეგახსენებ, რას ბრძანებს წმიდა მაკარი მეგვიპტელი: „იხილავს რა უფალი შენს ლოცვით ღვაწლს და მასში წარმატების მოპოვების გულწრფელ სურვილს, მოგმადლებს კიდეც ლოცვას, რამეთუ უწყოდე, რომ, თუმცა საკუთარი ძალებით აღვლენილი და მოპოვებული ლოცვა ესათნოება ღმერთს, მაგრამ ჭეშმარიტი ლოცვა არის ის ლოცვა, რომელიც მკვიდრდება გულში და არის დაუცხრომელი; იგი მონიჭებულია ღმრთისაგან, ღმრთაებრივი მადლის ნაყოფია, ამიტომ, როდესაც ლოცულობ, არ დაგავიწყდეს, ითხოვო ლოცვის მონიჭება ღმრთისაგან“.

6) გადმოგცემ, რაც მესმა ერთი ღმრთისმოყვარე ადამიანისაგან: „არცთუ ღმრთივსათნოდ ვცხოვრობდი, – ამბობდა ის, – მაგრამ უფალმა შემიწყალა და წარმომიგზავნა მონანიების სული. ეს იყო მარხვის დროს. ყოველგვარი ძალისხმევით ვცდილობდი, ჩამენერგა ჩემში გამოსწორების მტკიცე გადაწყვეტილება. აღსარების წინ განსაკუთრებით მხურვალედ ვილოცე დედა ღმრთისას ხატის წინაშე, მასაც ვევედრებოდი, გამოეთხოვა ჩემთვის სიმტკიცე. აღსარებაზე ყველაფერი გულახდილად ვაღიარე. სულიერ მოძღვარს არაფერი უთქვამს, მაგრამ, როდესაც ჩემს თავზე წარმოთქვამდა შენდობის ლოცვას, გულში ცეცხლი აღმენთო. მისი შეგრძნება მსგავსია და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უხილავ ხელს ეპყრა ჩემი გული. მას შემდეგ მუდმივად ვლოცულობ და ყურადღება იქ მაქვს გადატანილი, სადაც ასეთი შეგრძნება მქონდა. ერთს ვცდილობდი მხოლოდ, რომ იგი არ ჩამქრობოდა და უფალიც შემეწეოდა ამაში. იესოს ლოცვის შესახებ არაფერი მსმენოდა; როდესაც შევიტყვე მის შესახებ, ვნახე, რომ სწორედ იმას მოიპოვებს ეს ლოცვა, რაც არის უკვე ჩემში“... – ნათქვამი მოგიყვანე იმისთვის, რომ გულისხმაჰყო, რას ვეძიებთ ლოცვითი ღვაწლით და რა ნიშნის მიხედვით შეიძლება შევიცნოთ, რომ იგი მოპოვებული გვაქვს.

7) ამ ყოველივეს მივუმატებ წმიდა გრიგოლ სინელის შემდეგ სიტყვებს: „ჩვენში მადლი წმიდა ნათლისღების მიღებიდან მოქმედებს, მაგრამ ჩვენი უყურადღებობის, ამაოებისადმი დამონებისა და წარუმართებლობის გამო იშთობა, ან კიდევ ტალანტივით მიწაში იფლობა. ვინც გადაწყვეტს ცხოვრების გამოსწორებას, გულმოდგინედ იზრუნებს გადარჩენისთვის, მან უნდა იღვაწოს ამ მადლის აღდგენისთვის. ამას, შეიძლება, ორი გზით მივაღწიოთ: პირველი – ეს საუნჯე განიხვნება მცნებების აღსრულებისთვის გაწეული ძალისხმევით და, რამდენადაც წარემატები მათ აღსრულებაში, იმდენად გამოავლენს იგი თავის ბრწყინვალებას. მეორეც, იგი განცხადდება და განიხვნება უფალ იესოს სახელის დაუცხრომელი მოწოდებით. პირველი საშუალება მძლავრია, მაგრამ მეორე – უმძლავრესია იმდენად, რომ პირველიც მისგან აღმოივსებს ძალებს. ამდენად, თუკი გულწრფელად გვსურს, აღმოვაცენოთ ჩვენში დაფარული მადლის მარცვალი, მაშინ ვისწრაფოთ, რაც შეიძლება მსწრაფლ დავეუფლოთ ამ უკანასკნელს – გულის წრთობას და გვქონდეს გულში უხილავად მხოლოდ ერთი რამ – ლოცვა, ვიდრე გაგვითბება გული და აღანთებს მას გამოუთქმელი სიყვარულით უფლის მიმართ“.

„უხილავი ბრძოლა“


скачать dle 11.3