როგორ მდგომარეობაში არ უნდა დაიწყოს ადამიანმა აღდგომის მარხვის შენახვა
როგორც იცით, წელიწადში ოთხი მარხვა არსებობს და მათ შორის თავისი მნიშვნელობით ყველაზე აღმატებული აღდგომის მარხვაა, რომელსაც წინ ყოველთვის უძღვის მოსამზადებელი პერიოდი და სხვადასხვა კვირიაკეები. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება მამა გურამი (გურამიშვილი) – ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი:
– ეკლესიაში დადგენილია ოთხი ძირითადი მარხვა: შობის, აღდგომის, პეტრე-პავლობისა და მარიამობის. მარიამობის მარხვა ყოველთვის ორ კვირას გრძელდება. შობის მარხვის ხანგრძლივობა ყოველთვის ერთნაირია, იწყება 28 ნოემბერს და ქრისტეშობას ყოველთვის 7 იანვარს ვდღესასწაულობთ. რაც შეეხება პეტრე-პავლობას, მასაც ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ ამ მარხვის ხანგრძლივობა, დაწყების დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის არის აღდგომა. წელს დიდი მარხვა საკმაოდ ადრე – 15 თებერვალს იწყება და, შესაბამისად, 4 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველა მარხვა ძალიან მნიშვნელოვანია თავის არსით, დანიშნულებით, მაგრამ დიდი მარხვა არის უფრო მეტად აღმატებული და განსაკუთრებული. როგორც ვიცით, როდესაც მაცხოვარი ნათლისღების შემდეგ, უდაბნოში გავიდა, მარხულობდა და თვით უფალი გამოსცადა ბოროტმა. ამიტომ, ნებისმიერი მარხვის დადგენა, მისი შენახვა, ეს არის იმის გახსენება, როგორ მარხულობდა იესო ქრისტე უდაბნოში და როგორ გამოსცადა ის ბოროტმა და რომ უფალმა თავისი ცხოვრებით მოგვცა მაგალითი თავმდაბლობისა, განსაცდელების დათმენისა, რასაც უფალი ხშირად უვლენს ადამიანს. ამიტომ, მარხვა ადამიანის სულიერ განწმედასა და ფერისცვალებას ემსახურება.
სხვა მარხვებისგან განსხვავებით, აღდგომის მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ადამიანს მისი დაცვა და გათვალისწინებაც სჭირდება. მოსამზადებელი პერიოდი მეზვერისა და ფარისევლის კვირით იწყება, რომელიც ერთი კვირით შემოიფარგლება. როგორც იცით, ეკლესიაში გარდა დიდი მარხვებისა, დადგენილია ერთდღიანი მარხვებიც – ოთხშაბათი და პარასკევი, რადგან ოთხშაბათი არის იესო ქრისტეს გაცემის, პარასკევი კი – ჯვარცმის დღე, რომელთა დაცვა ყველა ქრისტიანისთვის აუცილებელია. მეზვერისა და ფარისევლის კვირაში კი ოთხშაბათი-პარასკევი მსგეფსი, ანუ ხსნილია. შემდეგ მოდის უკვე უძღები შვილის კვირა. უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა და დღეს ჩვენც, იგავებით გვესაუბრება. უძღები შვილის იგავის შინაარსი ასეთია: როდესაც შვილმა მიატოვა საკუთარი მამა, შემდეგ კი შეინანა თავისი საქციელი, მამამ ის მიიღო, როგორც უძღები შვილი, ჩაიხუტა, შეუნდო დანაშაული და გვერდში დაიყენა. ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, როდესაც ცოდვებს ჩავდივართ სიტყვით, საქმით, ნებსით, უნებლიეთ, ვშორდებით უფალს. მაგრამ, თუ შევინანებთ, მივალთ უფალთან, მისკენ მისასვლელი გზა კი არის მარხვა, სინანული, ზიარება, ეკლესიის წიაღში ყოფნა, უფალიც ისევე მიგვიღებს, ჩაგვიხუტებს და დაგვამკვიდრებს საკუთარ წიაღში. უძღები შვილის კვირა, ეს იგივე ხორციელის კვირაა და მას უკვე მოსდევს ყველიერი. 7 თებერვალს არის ხორცის აღება, ანუ ხორცით დაუწყება, ანუ ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის არის ხორცის მიღების ბოლო დღე, რომელსაც მოჰყვება ყველიერის კვირა, ის გრძელდება 8 თებერვლიდან 15 თებერვლამდე. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი მსგეფსია, მაგრამ არ უნდა მიირთვან ადამიანებმა ხორცი და ხორცის პროდუქტები, თუმცა, შეუძლიათ, მიიღონ რძე, რძის პროდუქტები, თევზი და კვერცხი. რადგან ამ კვირაში რძის ნაწარმის მიღება შეიძლება, ამიტომაც ჰქვია ამ კვირას ყველიერის კვირა. ეს ყველაფერი ადამიანის სისუსტისა და ცოდვისაგან გამომდინარეობს: რომ მოემზადოს მარხვისთვის, არ გაუჭირდეს მისი შენახვა, ამიტომ ნელ-ნელა იწყებს მომზადებას ჯერ მიიღებს ხორცს, მერე უარს ამბობს მის მიღებაზე, შემდეგ რძის ნაწარმზე და ასე შეუდგება ის აღდგომის მარხვას.
– ეს ყველაფერი საიდან იღებს სათავეს?
– სხვადასხვა კატაკლიზმების, ომებისა და კრიზისების დროს ადამიანები ისე სრულყოფილად ვერ იცავდნენ მარხვას, როგორც საჭირო იყო, ამიტომ წმიდა ეკლესიამ დააწესა დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რაც კიდევ უფრო უადვილებს ადამიანს ამ მარხვის შენახვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა ადამიანმა თავისით არასდროს უნდა დაიწყოს, კურთხევა უნდა აიღოს მოძღვრისგან. ასევე, მოძღვარმა უნდა მიუთითოს მას, თუ რომელი ლოცვები წაიკითხოს ამ მარხვაში. დილისა და საღამოს ლოცვებისა და იმ კანონის გარდა, რომელსაც მოძღვარი ადამიანს უწესებს, იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა, რომლის წაკითხვაც ზუსტად ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს იწყება.
– მამაო, მარხვის დაწყების წინა დღე მიტევების დღეა და ამ დღეს ყველა ქრისტიანი შენდობას სთხოვს ერთმანეთს.
– წელს 14 თებერვალი არის მიტევების დღე. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არ შეიძლება შეუდგეს მარხვას, მიიღოს ზიარება, გააკეთოს კეთილი საქმე და მას უამრავი მომდურავი ჰყავდეს. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, პატიება უნდა ვითხოვოთ ერთმანეთისგან, რათა ჩვენც შეგვინდოს უფალმა. ყველანი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები ვართ, თუ ერთმანეთს, ოჯახის წევრს, მეგობარს არ შევუნდეთ მცირე და დიდი შეცოდებანი, მაშინ არც უფალი შეგვინდობს ჩვენ. მაგრამ თუ ადამიანებს გულწრფელად მივუტევებთ წყენას, უფალი ჩვენ ათმაგად შეგვინდობს, მოგვიტევებს და მოწყალება, შენდობა, კეთილი საქმე ასწილად დაგვიგროვდება. ამიტომაც კითხულობს მისი უწმიდესობა დიდი მარხვის დაწყების წინ საყოველთაო შენდობის ლოცვას, ითხოვს ყველასგან შენდობას. ის არის ერის მამა და ხილული მაგალითი უბრალოებისა, თავმდაბლობისა და მიმტევებლობისა, განსაკუთრებულად მადლიანი პიროვნებაა და ის ითხოვს ამ დღეს შენდობას სასულიერო პირებისგან, მრევლისგან, რის შემდეგაც მორწმუნე მრევლიც ითხოვს შენდობასა და პატიებას. ეს მსახურება ყველა ტაძარში აღესრულება, სპეციალური, მიტევების განსაკუთრებული ლოცვები იკითხება და ეს არის დასაწყისი აღდგომის მარხვისა. ამ დღეს ხდება ასევე გახსენება სამოთხიდან ადამის განდევნისა. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დასაფიქრებელია. როდის დაკარგა ადამიანმა სამოთხე? დაკარგა მაშინ, როდესაც ცოდვაში ჩავარდა. როგორც ვიცით, ადამი და ევა ცხოვრობდნენ სამოთხეში, სრულ ნეტარებაში, არ განიცდიდნენ არც სიცივეს, არც შიმშილს, სრულყოფილები იყვნენ და არ ჰქონდათ არანაირი საზრუნავი, რაზეც დღეს ცოდვილი ადამიანები ვზრუნავთ. როდესაც ევა აცდუნა გველმა, ხოლო შემდეგ ევამ – ადამი და როცა უფალმა ჰკითხა ადამს, სად ხარო, მან მაშინ ჩაიდინა უდიდესი ცოდვა – ამპარტავნება, რომელიც მთელ კაცობრიობას მოჰყვება დღემდე. მან უფალს უთხრა, შენმა მოცემულმა ქალმა მაცდუნაო. იმის ნაცვლად, რომ უფალთან მისულიყო და შენდობა ეთხოვა, აქეთ აყვედრა უფალს, ცილი დასწამა და ამპარტავნულად იმართლა თავი. ამიტომ ეს დღე არის გახსენება იმისა, თუ რის გამო დაკარგა ადამიანმა სამოთხე, სრული ნეტარება. უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრების შეცოდებანი და უნდა ვიცხოვროთ ღირსეული და პატიოსანი ცხოვრებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა არ ემსახურება მხოლოდ ადამიანის სულიერ განწმედას, ფერისცვალებას; სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავებაა, რომ ადამიანი ებრძოლოს სხვადასხვა ვნებასა და ფიქრებს. ჩვენ ვიცით, რომ ბოროტი გონებაშიც შემოდის, გვებრძვის და ცდილობს, დაგვამარცხოს. ამიტომ, ლოცვა, მარხვა, სინანული და ზიარება ემსახურება იმას, რომ ადამიანი სულიერად იყოს ძლიერი, მტკიცე, ებრძოლოს ვნებებს, ბოროტს. რადგან ადამიანი ეკლესიაში დადის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სრულყოფილია, ყველა ვნება დაამარცხა, პირიქით, უფრო მეტად უნდა შეეცადოს, რომ გაძლიერდეს, განმტკიცდეს და უფლის შემწეობით ყველა ბარიერი გადალახოს. ამაში კი ლოცვისა და მარხვის მადლი აუცილებლად შეეწევა.
– მამაო, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მიტევების დღეს შენდობას მექანიკურად ითხოვენ და ამას ხშირად არაგულწრფელი ხასიათი აქვს.
– სახარებაში წერია: მიუტევე და მოგეტევებაო. თუ არ მიუტევებ, არც შენ მოგეტევება. ნათქვამია, რომელი საწყაულითაც მიურწყავ, იმავე საწყაულითაც მოგერწყვებაო. ამიტომ, თუ ადამიანს გულწრფელად არ შეუნდე, არ აპატიე, გულწრფელად არ ითხოვე სინანული, ფარისევლურად მიხვედი ადამიანთან, ამით კიდევ უფრო მეტად იმატებ ცოდვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გულს ყოველთვის ხედავს უფალი, ამიტომ, არასდროს არ უნდა ვითხოვოთ შენდობა მოვალეობის მიზნით და ასევე მოვალეობის მიზნით არ უნდა შევუნდოთ სხვას. შეიძლება, ადამიანმა ჩვენი მხრიდან ვერ იგრძნოს ფარისევლობა, მაგრამ ამას უფალი ყოველთვის ხედავს და ცოდვას კიდევ ერთ ცოდვას ვუმატებთ, შესაბამისად, არ ვართ უფლის წინაშე მართლები.
– ალბათ, უკეთესი იქნება, თუ ადამიანები ერთმანეთს ყოველდღე ვთხოვთ გულწრფელ შენდობას და თვითონაც გულწრფელად მივუტევებთ.
– მისმა უწმიდესობამ რამდენჯერმე მოუწოდა ყველა ქრისტიანს: შვილებო, დაწოლის წინ მიდით თქვენს მშობლებთან და ითხოვეთ შენდობა, ასევე დედმამიშვილებმა და, საერთოდ, ოჯახის წევრებმა ითხოვეთ ერთმანეთისგან შენდობაო. ეს ძალიან კარგია და არ უნდა დაველოდოთ დიდი მარხვის დაწყებას, მიტევების დღეს. როდესაც შესცოდავ, უნდა შეძლო, იმ დღესვე მიხვიდე, პატიება სთხოვო ადამიანს და თავადაც უნდა შეგეძლოს სხვისი პატიება და შენდობა. ასე რომ, ყველა ქრისტიანისთვის ყოველი დღე შენდობის დღე უნდა იყოს.