რა დარდს გადაჰყვა ბადრი ბეგალიშვილის პარტნიორი ვირი და ჩამოუვარდება თუ არა მის მიერ „ნახეხი“ კამერა უცნობის კამერას
მსახიობის ოჯახში გაზრდილი მსახიობის ბავშვობა, შეიძლება ითქვას, მარჯანიშვილის თეატრში გაილია. ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ბადრი ბეგალიშვილმა თავისი კარიერის განმავლობაში, მრავალი გმირის ცხოვრებით იცხოვრა, სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე. ბატონმა ბადრიმ და მისმა მეუღლემ, აგრეთვე მუსკომედიის თეატრის მსახიობმა იზა ბოჭოიძემ გულითადი მასპინძლობა გაგვიწიეს და ჩვენთან ერთად გაიხსენეს განვლილი წლები. სულ მალე, ბადრი ბეგალიშვილს 76 წელი შეუსრულდება. ჩვენ წინასწარ მივულოცავთ მას დაბადების დღეს.
ბადრი ბეგალიშვილი: 1933 წელს გავიბადე ქუთაისში. მამაჩემი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, რომელსაც ყველანი ჭიჭიკოს ეძახდნენ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მაშინ მარჯანიშვილის თეატრი ქუთაისში ფუნქციონირებდა. მერე გადმოვიდა თბილისში და ჩვენი ოჯახიც აქ წამოვიდა საცხოვრებლად. 3 წლის ასაკიდან თბილისელი ვარ. მამა და ჟორა შავგულიძე ძმაკაცები იყვნენ. ორი ქუთაისელი მაგრად უგებდა ერთმანეთს. მათი მეგობრობა თბილისშიც გაგრძელდა. პატარა ბიჭი, ყოველ საღამოს მარჯანიშვილის თეატრში ვიჯექი, ფაქტობრივად, მის კედლებში გავიზარდე და იმ პერიოდიდან დამეწყო თეატრის სიყვარული. ის იყო ჩემი ინსტიტუტიც და აკადემიაც.
– სკოლის დამთავრების შემდეგ სად განაგრძეთ სწავლა?
– თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი და არ მიმიღეს „უნიჭოაო“. ეს „უნიჭო“ შემდეგ სახალხო არტისტი გახდა. (იცინის).
– მაშინ, როდის და როგორ დაიწყო თქვენი სამსახიობო კარიერა?
– თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვერ მოვხვდი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მჭედლიძემ, დამპატიჟა თავისთან და მეც წავყევი. იქ ვითამაშე სხვადასხვა საინტერესო როლები, ანუ იქ დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა. 2 სეზონი გავატარე ზუგდიდში და შემდეგ გადმოვედი თბილისში. აქ ერთხანს ვიყავი ნიკოლოზ მოსეშვილთან ესტრადაზე, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში – ცოტა ხანს. მოგვიანებით, წამოვედი ფილარმონიაში და მოვხვდი გიორგი ცაბაძის საძმაკაცოში. სწორედ ამ პერიოდში იდგმებოდა მისი ოპერეტა „შესანიშნავი სამეული“. მან მომცა წინადადება, წამოდი თეატრში და დებიუტს გაგიკეთებო, მეც წამოვედი და მას შემდეგ, 1962 წლიდან, მუსკომედიის თეატრის მსახიობი ვარ. ერთი სიტყვით, ჩემი სამსახიობო კარიერის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.
– როგორც ვიცი, მიშა მესხთანაც დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ.
– მე 35-ე საფეხბურთო სკოლა დავამთავრე. ჩვენი საძმაკაცო გვქონდა. მიშა მესხი ჩვენზე უმცროსი იყო, მაგრამ ვმეგობრობდით, იმიტომ რომ სახელიანი კაცი იყო და ყველას გვიყვარდა. მაგარი იყო მიშა (იცინის), მაგრამ უფრო, იმ პერიოდში დავძმაკაცდით, როდესაც მან ფეხბურთს თავი დაანება. ფაქტობრივად, როცა თამადობდა ხელს ვერ შეუშლიდით და მერე „საბუტილნიკადაც“ კი გავიხადეთ. ერთად „ვშარაფობდით“ ხოლმე. მიშა მესხი კარგად სვამდა, მაგრად იტანდა კიდეც, იმიტომ რომ ძლიერი იყო და გვიანაც დაიწყო სმა. მიშამ გაბუტვა იცოდა ხოლმე საოცარი. მოგახლიდა: „შენ, ჩაჭრილი ხარ ჩემთან“. მასთან ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებდა. ახლაც, ყოველ წელიწადს მიშას დაბადების დღეს უხდის ჩვენი ერთი მეგობარი ზანგური ფანჩულიძე. მისი თაოსნობით, ყოველი წლის 12 იანვარს ვიკრიბებით ხოლმე მიშა მესხის საძმაკაცო და ტარდება მისი დაბადების დღის აღსანიშნავი ნადიმი. პატარა მიშა მესხთან ერთადაც მომიწია კამერის წინ დგომა. რეზო ჩხეიძის ფილმში „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“, სულ მეფერებოდა, ბაბუაჩემის ძმაკაცი ხარო. ნიჭიერი ბიჭი იყო ძალიან.
– თავად თუ თამაშობდით ფეხბურთს?
– თავის დროზე კარგად ვთამაშობდი. დღეს კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი, მაგრამ მაშინ სხვანაირი ფეხბურთი იყო. იქ, სადაც მიშა მესხი, ზაურ კალოევი, დოდიკა ხუნდაძე იყვნენ... მე რომ არ გამოვედი ფეხბურთელი, არ უნდა გაგიკვირდეთ. ისინი ძალიან მაგრები იყვნენ, მაშინ ვერ ვითამაშებდი.
– თქვენ მიერ განსახიერებული გმირების სახელებით მოგმართავდნენ ხოლმე?
– როგორ არა, ჯერ იყო და „აუ, ჭიპილია მოდისო“ იტყოდნენ, სადაც დამინახავდნენ, უფრო ადრე „კურკას“ მეძახდნენ.
– თქვენი მოშიაშვილიც ძალიან პოპულარულია „თეთრი ბაირაღებიდან“.
– პლეხანოვზე, ძველი კინოსტუდიის პავილიონში იყო დადგმული კამერა, „თეთრ ბაირაღებს“ რომ ვიღებდით. გადაღების დროს, სადაც რამაზ ჩხიკვაძეა, იქ ხომ ვერ დაჯდები მშვიდად, არის სიცილი და ხორხოცი. მახსოვის, ის თან ყვებოდა და თან თამაშობდა, თუ როგორ მიიყვანა თბილისელმა სომეხმა ერევნიდან ჩამოსული სომხები ზოოპარკში და როგორ უმტკიცებდა მათ, რომ სპილო მისი ძმაკაცი იყო. აქეთ-იქეთ, რამე... ამ, დროს, სპილო ხორთუმით მიაჭეჭყავს მას ვოლიერზე და სომეხი იხტიბარს არ იტეხს, ყვირის: „ჰა, სპილო, მაიცა, შე გოთვერანო“. ეს მოყოლილი არაფერია, რამაზის მიერ განსახიერებული უნდა ნახოთ.
გადაღებებს შორის შესვენებაზე ბიჭებმა მკითხეს: ბადრი, შენ ხომ ნაჯდომი ხარ და გვითხარი, რა განსხვავებაა, იმ კამერასა და ამ კამერას შორისო? მე ვუთხარი: იქ ვიჯექი და ვიჯექი. აქ კი ვიცი, რომ ყოველ საღამოს სახლში წავალ და შხაპს მივიღებ-მეთქი. (იცინის).
– რომელ კამერას გულისხმობდნენ?
– ბაქოში ვმსახურობდი ჯარში. 1954 წელი იყო. რუს ოფიცერს რაღაცაზე „შევესპორე“ და მითხრა: „ნუ, ტებია, ტი ბერიეც, ტი სტალინეც...“ ჰოდა, ერთი კარგად, გემრიელად ვთეთქვე წიხლი კბილებში და 3 კბილი ჩამოვუღე. თითო კბილზე თითო წელი მომცეს. ცოტა ხანს ბაქოში ვიჯექი, ცოტა ხანს – ყაზახეთში, „ცელინაზე“, ავაყვავე იქაურობა. მერე კუიბიშევის ჰესი ავაშენე და ვალმოხდილი დავბრუნდი საქართველოში. წელიწადსა და 10 თვეში მოვამთავრე ჩემი 3 წელი.
– როგორი იყო მაშინდელი ციხის კამერა?
– დღევანდელი კამერა არ ვიცი როგორია, მაგრამ ჩემ დროს, ახლა, უცნობი რომ იჯდა, ისეთი კარგი და კეთილმოწყობილი კამერა არ ყოფილა, ეგეთი რომ ყოფილიყო, არც მე გამოვიდოდი. (იცინის).
– ასე კარგად სად აითვისეთ ებრაული აქცენტი, რომლითაც განუმეორებელი და განსხვავებული გახდა თქვენი მოშიაშვილი?
– ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ხოლმე ქუთაისში ბიძაჩემთან, რომელიც ძალიან კარგად ლაპარაკობდა ებრაულად. ცხვარს უკლავდა და შაბათ-კვირას ლამპასაც უნთებდა ხოლმე მათ. შაბათს, ხომ იცით, ებრაელი ცეცხლს არ აანთებს, არ არსებობს. იმ ბიძისგან ავიღე ეს კილოც და „დაგენაცვლე“ – ხშირ-ხშირად რომ იმეორებს მოშიაშვილი.
– კიდევ რა ისტორიას გაიხსენებთ გადასაღები მოედნიდან?
– „ჩირიკი და ჩიკოტელას“ გადაღება იყო ბიწმინდში. გაჩერებული ვართ, მზეს ველოდებით. გადასაღები მოედნის გვერდით სკოლა იყო. მოდის ყელსახვევიანი ბავშვი. რამაზმა რაღაც ჩასაწერი მოიმარჯვა და ეძახის: მოდი, ბიძიკო, აქ. არ გინდა ჩაგწერო, „პიონერთა დაფიონში“ გამოხვალო. ასეთი დილის გადაცემა იყო რადიოში მაშინ პიონერებისთვის. კი მინდაო, – გაუხარდა პიონერს. – წადი მაშინ, შვილო, ერთი ბოთლი ღვინო მოიტანეო, – უთხრა „ჟურნალისტმა“. გაიქცა ბავშვი და მოცვივდნენ ბავშვები. მომრავლდნენ გადაცემაში მონაწილეობის მსურველები და შედეგად პურმარილიც გაიშალა.
„ჩირიკი და ჩიკოტელაში“ ერთი მომენტია, ვირს რომ ვუყოფ პირში ხელს. ამის გასაკეთებლად 3 ჩაის ჭიქა რახი დავლიე პირველად ჩემს ცხოვრებაში. გადაღების პროცესში ყოველ შაბათ-კვირას სპექტაკლზე სათამაშოდ ჩამოვდიოდი ხოლმე თბილისში. ჰოდა, ვირთან ერთად სცენები რომ დავამთავრე, ჩამოვედი და ორშაბათს რომ დავბრუნდი, ჩემი პარტნიორი ვირი მკვდარი დაგვხვდა. თოკით საბმელს შემოხვევია და დამხრჩვალა. ეს რომ ჯემალ ღაღანიძემ გაიგო, დაასკვნა: ბადრი რომ ცოლთან წავიდა, მაგ ვირმა ის ვერ აიტანა, იეჭვიანა და თავი მოიკლაო. (იცინის).
– სიტყვამ მოიტანა და ბევრი სიგიჟე ჩაგიდენიათ სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულის მოსაგებად?
– კარგი გოგოები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, თვითონ თუ მომცემდა ქალი მიზეზს, ქვეშიდან არ გამოვიდოდი. ერთხელ, მოსკოვში ვართ გასტროლებზე, სასტუმროში და ეს ქალბატონი (მეუღლეზე მანიშნებს. ე.ს.) ოთახში არ მიშვებს. გავედი გარეთ და ეგრეთ წოდებულ კარნიზებს ავყევი მეხუთე სართულამდე. შიშით ქვევით ვერ ვიხედებოდი და ვითომ თავს ვიმხნევებდი. ჰოდა, გადავძვერი ფანჯრიდან და გამოვეცხადე. (იცინის) რა იცოდა მაშინ, თუ ჩემი მეუღლე გახდებოდა. ჩემი მეუღლე ჩემს მეუღლეს თამაშობდა, „საბედისწერო ოპერაციაში“. ოპერიდან მოიწვიეს ამ სპექტაკლისთვის, მაგრამ ოპერაში ვინღა გაუშვა, ჩემი ცოლი გახდა და დარჩა და დარჩა ჩვენს თეატრში.
– სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვათ?
– ბავშვობიდან ვმღეროდი. მუსიკალური ფილმები რომ გამოდიოდა, ოც-ოცჯერ მაინც ვნახულობდით თითო სურათს ბიჭები. ძმაკაცები მომღერლები მყავს: მერაბ დონაძე, გივი წულუკიძე, ჩემი ვარანცოველები, უბნელები. ერთად ვიზრდებოდით, ვანცობდით და რას არ ვიგონებდით. ერთი ძმაკაცი გვყავდა – კაკო ლობჟანიძე, ცხონებული, რას არ მოიგონებდა ხოლმე. ერთ დღესაც გავიხედეთ და რას ვხედავთ, ძაღლის საბმელი რომაა, ეგრეთ წოდებული „აშეინიკი“, შეუბია კისერზე ვირთხისთვის. თავზე შლაპა დაუხურავს და პლეხანოვზე დაასეირნებდა დინჯად. (იცინის) გოგოებს აშინებდა. ეჰ, კარგი იყო ახალგაზრდობა, ნამეტანი მალე ჩაიქროლა ყველაფერმა. სიბერე ძალიან ადრე მოვიდა, მოხედვაც ვერ მოვასწარი.
ეკა სალაღაია