ვინ დაუშალა ონისე ონიანს სამზარეულო და რა ფუნქციას ასრულებს კიბეზე „პროვოკაციული თოკი“
ერთი წელიც არაა, რაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ონისე ონიანი ოჯახთან ერთად პლეხანოვზე, პატარა და მყუდრო ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ბინა ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოში მდებარეობს, თუმცა მსახიობს სახლში ყველაფერი ისე აქვს მოწყობილი, რომ ასეთი ეზოებისთვის დამახასიათებელი ხმაური არ აწუხებს. დუპლექსის ტიპის, პატარა, მაგრამ ძალიან კომფორტული სახლი, ისეთ დადებით ემოციას იწვევს, რომ ონიანების ოჯახი მუდამ სტუმრებითაა სავსე... ეს მარტო სახლის დამსახურება რომ არ არის, ცხადია. ხელოვან მასპინძელს მასპინძლობაც ისევე ეხერხება, როგორც სცენაზე თამაში...
– ონისე, ალბათ, შემთხვევითობას ვერ დავაბრალებთ, რომ საყვარელ თეატრთან ასე ახლოს ცხოვრობ.
– არა, ეს ბინა ორი წლის წინ, ნამდვილად, შემთხვევით აღმოვაჩინეთ. მეგობრის მეუღლემ მითხრა: პატარა სახლი იყიდებაო, როგორც კი ვნახე, მაშინვე მივხვდი, აქ რისი გაკეთება შეიძლებოდა. არ მინდოდა სტანდარტული ბინა, ფართობი ფანტაზიების „გაშლის“ საშუალებას არ გვაძლევდა, თუმცა სტანდარტული სახლი მაინც არ გამოგვივიდა. ბინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში შევიძინეთ, თითქმის ყველაფრის გადაკეთება მოგვიწია. ძალიან მინდოდა, რომ ჩემს სახლს ყველა მხრიდან კარგი ხედი ჰქონოდა... მართალია აქედან ხედი არ ჩანს, მაგრამ ამ სახლს იმდენად ბევრი სხვა ხიბლი აქვს, რომ ხედს როგორც იქნა, შეველიე (იცინის).
– ეს თქვენი პირველი სახლია?
– საკმაოდ დიდხანს ვეწეოდით მომთაბარე ცხოვრებას. თითქმის ყველა უბანში მოგვიწია ცხოვრება. მერე კეთილმა ადამიანებმა „გვათხოვეს“ სახლი, საკმაოდ დიდხანს ვიცხოვრეთ იქ. ჩვენი საკუთარი პირველი სახლი მდებარეობდა საბურთალოს ქუჩაზე – პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი ბინა იყო, მერე მისი გაყიდვა მოგვიწია. არც ეს ბინაა დიდი, მაგრამ მთელი ეს სივრცე ერთ სიბრტყეზე რომ მდებარეობდეს, ალბათ, ბინა ასეთი კომფორტული არ გამოვიდოდა. რამდენიმე თვე ვარემონტებდით. თავიდან მე და თათია ვიყავით არქიტექტორები და დიზაინერები. ელიავას ბაზრობაც კარგად ავითვისეთ. მერე დაგვეხმარა პროფესიონალი ინჟინერი, რომელსაც კიბის უჯრედის გაჭრა ვანდეთ.
ონიანების ბინის ფართობი, 82 კვადრატული მეტრია და ორი სართულისგან შედგება. პირველ სართულზეა საკმაოდ დიდი ზომის სამზარეულო-სასადილო, დიდი ვიტრაჟით და ძალიან ლამაზი გარნიტურით. ონისე დიდ სასადილო ოთახს მეუღლის აჩემებას უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ მისმა იდეამ გაამართლა და დღეს ეს ოთახი სტუმრების ყველაზე საყვარელი ადგილია. ონიანების ბინაში თეთრი ფერი სჭარბობს, მეორე სართულის კედლები თეთრია. წინდახედული მასპინძლების აზრით თეთრი ფერი მათ მომავალში ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს და როცა მოისურვებენ კედლებს მარტივად გადაღებავენ სასურველ ფერად. ამ სართულზეა მოთავსებული ორი საძინებელი, სააბაზანო და დიდი ჰოლი, რომელსაც სასტუმრო ოთახის ფუნქციაც აქვს. ეს ოთახი მასპინძლებს უამრავი ორიგინალური სამშვენისით აქვთ გაფორმებული: ძველი ინგლისური საათი, თაღზე დახვეული თოკი, ნიღბები... ეს ყველაფერი სასტუმრო ოთახს ძალიან ლამაზ იერს აძლევს. ბინაში არაა არც ერთი ძვირფასი ნივთი, თუმცა ეს ონიანების ლამაზ სახლს ხიბლს ნამდვილად არ აკლებს...
– ონისე, აქაურობას ეტყობა, რომ ხელოვანი ცხოვრობს.
– ამ დიზაინის ავტორი ჩემი მეუღლეა. თათიას ძალიან უნდოდა, რომ ეს რკინის ბოძები დაემალა და ამიტომაც შეფუთა ის თოკებით, ყველგან თოკს რომ დაეძებდა, ეხუმრებოდნენ: ონისეს დახრჩობა ხომ არ გინდაო, მაგრამ ხშირ-ხშირად ვამოწმებ ამ „პროვოკაციული თოკის“ ბოლოს და ახსნის კვალი ჯერ არ ეტყობა (იცინის). კიბესთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს: ასე ძალიან უსახური მგონია და მინდა, ჩვენს მეგობრებს თითო საფეხური მოვახატვინოთ, მერე ლაკს გადავუსვამთ და ძალიან ორიგინალური კიბე გამოვა. ასე რომ, ჩვენი კიბის თითო საფეხურს თავისი პატრონი ჰყავს.
ამ სახლში ყველაზე მეტად მიყვარს სასადილო ოთახი, ყველა აქ ვცხოვრობთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კედლები გავაკეთეთ აზიურ სტილში, ფასადის მოზაიკით. თბილისში სახლებში ამას არ აკეთებენ, მაგრამ მე მომწონს. აქ საწოლიც რომ გვედგას, ალბათ, საერთოდ აღარ ავიდოდით ზემოთ. თათიამ მეტი ორიგინალობისთვის გადაწყვიტა, რომ სამზარეულოს გარნიტური დაეშალა და ცალ-ცალკე განელაგებინა. ასე რაღაც სხვანაირად შეივსო ეს ოთახი, რაც ახლა ძალიან მომწონს. ძალიან ორიგინალური საოჯახო ნივთებით გვამარაგებენ ჩვენი მეგობრებიც. მათ იციან ჩვენი გემოვნება და მოაქვთ ისეთი ნივთები, რაც აქაურობას ძალიან მოუხდება.
– სახლში გამწვანების უფროსი ვინ არის?
– მეც და თათიაც, მაგრამ ყვავილებს ძირითადად მე ვუვლი. როცა გარე აივანს გადავხურავთ, ჩვენს ყვავილნარსაც იქ მივუჩენთ ადგილს. ცოცხალი ნაძვის ხეც გვაქვს. ძალიან მომწონს სიმწვანე, ამ სახლს ეზო რომ ჰქონდეს, წალკოტად ვაქცევდი.
– თქვენი ოცნების სახლი როგორია?
თათია: ონისეს დიდი სახლი უნდა ჰქონდეს და ის ყოველთვის ხალხით იქნებოდა სავსე. ირგვლივ უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ონისე ყველას მოუყრიდა თავს სახლში და სულ ჟივილ-ხივილი ექნებოდა (იცინის). იტალიური ეზო შეიცვლებოდა სახელწოდებით „ონისეული ეზო“, რითაც ონისე ძალიან ბედნიერი იქნებოდა.