კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადმოიტანა ბოსხის ქაოსი თავის მიერ შექმნილ სამოსში ქართველმა დიზაინერმა, რომლის კოლექციამაც მოდის სამყაროს გაოცება გამოიწვია


სახელი – გიორგი, გვარი – ბეჟანიშვილი, ასაკი – 22 წლის, დაბადების ადგილი – თბილისი, ამჟამად ცხოვრობს ვენაში, სწავლობს – ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში, მოდის ფაკულტეტზე; ქმნის მამაკაცისა და ქალის სამოსს, მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი; მუზა – საკუთარი შეგრძნებები, ფერები – თამამი, უყვარს ექსპერიმენტები, იზიდავს ფერადი სამყარო, ცხოვრობს ძმასთან ერთად, ერთობა მეგობრებთან, რისკავს ხშირად, ეძებს ახალ-ახალ საქმიან კონტაქტებს და, რაც მთავარია, ძალიან ნიჭიერი და თავმდაბალია.


გიორგი ბეჟანიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მინდოდა დიზაინერობა, თუმცა ფერადი სამყარო ყოველთვის მიზიდავდა. სახლში უნდოდათ, რომ არქიტექტორი ვყოფილიყავი და ამიტომ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე განვაგრძე, მაგრამ პირველივე სემესტრში დავანებე უნივერსიტეტს თავი, რადგან სანდრო ჯანდიერის მოკლემეტრაჟიან ფილმზე დავიწყე მუშაობა – დიზაინერ სიმონ მაჩაბელის ასისტენტი გავხდი. ამ დროს გადავწყვიტე, სწავლა გამეგრძელებინა სამხატვრო აკადემიაში, ოღონდ, თეატრის მხატვრობაზე, რადგან, ჯერ კიდევ მეცხრე კლასიდან თეატრით ვიყავი გატაცებული, თითქმის ყველა სპექტაკლი, რაც თბილისში იდგმებოდა, ნანახი მქონდა.

– მომიყევი, როგორ აღმოჩნდი ვენაში?

– 18 წლის ვიყავი, როდესაც ვენაში ჩამოვედი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში ისწავლებოდა თეატრის მხატვრობა, მაგრამ მე გადავწყვიტე, მოდის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ეს უნივერსიტეტი უნიკალური და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუკეთესოა. მისი ისტორია გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო: თავიდან სამხატვრო აკადემია იყო, იქ მუშაობდა გუსტავ კლიმტი, შემდეგ ოსკარ კოკოშკა და ბევრი ცნობილი მხატვარი ასწავლიდა, ისევე, როგორც ჩვენს მოდის დეპარტამენტში ასწავლიდნენ კარლ ლაგერფელდი, ვივიენ ვესტვუდი, ვიქტორ ენდ როლფი და სხვა ცნობილი დიზაინერები. სკოლას ძალიან დიდი რეიტინგი აქვს და, შესაბამისად, აქ მიღების საკმაოდ მკაცრი წესებია: 200-300 ადამიანის პორტფოლიოდან იღებენ 25-ს, შემდეგ ისინი აბარებენ გამოცდას და მათგან არჩევენ შვიდს. იმ შვიდში მოვხვდი მეც. პირველი ექვსი თვე იყო საშინელება, ძალიან მიჭირდა, ბევრ პრობლემას შევეჯახე. პირველ კურსზე გვაკეთებინებდნენ ექსპერიმენტულ ქვედაბოლოებსა და საყელოებს. მე არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, სხვებს ვუყურებდი, რას ხატავდნენ და შემდეგ უკვე ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი დავძლიე და, მიმაჩნია, რომ ამ ოთხ წელიწადში ძალიან გავიზარდე, ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, მქონდა იმის ბედნიერება, რომ ვმუშაობდი ბელგიელ დიზაინერთან ვერონიკ ბრანქინოსთან, რომელიც იყო ჩემი პროფესორი. ახლა ის შეცვალა ძალიან ცნობილმა გერმანელმა დიზაინერმა, ბერნარდ ვილჰელმმა რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს და უკვე მასთან მომიწევს მუშაობა. ასევე, მომეცა საშუალება, მომეგო შვეიცარიული ტექსტილის პრიზი. ბოლო კოლექცია, რომელსაც „ჰორონიმუსი“ ჰქვია, უძვირფასესი ქსოვილებით შევქმენი. ამ კოლექციის ფასი არის ძალიან მაღალი და უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ თითო ქსოვილი 500-1 000 ევრო ღირს, ოტ-კუტურის ქსოვილებია, საუკეთესო ხარისხის.

– ვიცი, რომ 2008 წლის კოლექციისთვის დაჯილდოებული ხარ შვედეთის ტექსტილის პრიზით, ასევე, აიღე პრიზი ვენაში და გაიმარჯვე მოდის შეჯიბრებაში იტალიაში – ვენეციაში, წელს კი ლონდონში აჩვენე ახალი კოლექცია და ვენის ყოველწლიურ შოუში მონაწილეობდი. მომიყევი, როდის მოვიდა პირველი სერიოზული წარმატება?

– მეორე კურსზე გავაკეთე ქალის კოლექცია, მაგრამ, როცა დავამთავრე, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა, რაღაცამ არ დამაკმაყოფილა. ამიტომ, მესამე კურსზე გადავწყვიტე, გამერისკა და, რადგან მთელი ზაფხული დევენდრა ბანჰარტის მუსიკას ვუსმენდი, იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის მისი სასცენო გამოსვლა, მამაკაცის თავისუფალი, ბოჰემური გამოსახულება, გადავწყვიტე, გამეკეთებინა მამაკაცის კოლექცია, რომელიც დაახლოებით ასეთი იქნებოდა და, რაც მთავარია, მას საკუთარ თავზე გამოვცდიდი. მამაკაცის პირველი კოლექცია შედგებოდა ექვსი ძალიან ფერადი სილუეტისგან და ეს ერთგვარი რისკიც იყო, რადგან ჩვენთან სკოლაში ძირითადად კომერციული კოლექციები იქმნება. ყოველ წელს ვენაში იმართება მოდისა და ფოტოგრაფიის ფესტივალი, პირველი დღე ჩვენს კლასს ეთმობა, რომელსაც ჰქვია „მოდეკლასე“. როდესაც შოუზე ჩემი ფერადი კოლექცია გამოვიდა, მივხვდი, რომ ხალხი გაოცდა. შარვალი და ნაქსოვი პალტო მოდის მუზეუმმა 1 000 ევროდ შეიძინა, დღეს იქ ინახება და ჟან პოლ გოტიეს და კიდევ სხვა ცნობილი დიზაინერების შექმნილი სილუეტების გვერდით კიდია. მეორე დღეს ყოველდღიურ გაზეთში დაიბეჭდა ამ პალტოს ფოტო. ამ ჩვენებაზე მივიღე შვეიცარიული ტექსტილისა და ვენაში ძალიან ცნობილი მაღაზია „სონგის“ პრიზები, 1 000 ევრო; გარდა ამისა, მათ ვიტრინაში ჩემი კოლექცია ერთი თვის განმავლობაში იყო გამოფენილი და სამი თვის განმავლობაში იყიდებოდა – ეს იყო ჩემი პირველი დიდი წარმატება. ეს მაღაზია ყიდის ძალიან ცნობილ ლეიბლებს: „ბალენსიაგას“, „კომ დე გარსონს“... ჩემი პროფესორის შექმნილი სამოსის გვერდზე ეკიდა ჩემი სამოსი. სხვათა შორის, ამ პრიზს კურსდამთავრებულებს აძლევენ ხოლმე, არადა, მე მხოლოდ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი.

– რა იყო შვეიცარიის ტექსტილის პრიზი?

– „შვეიცარიის ტექსტილი“ – ეს არის სხვადასხვა კომპანიის გაერთიანება და ცნობილია უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით, ძალიან ბევრი დიზაინერი თანამშრომლობს მასთან. პრიზში შედიოდა ათასევროიანი ვაუჩერი, რომლითაც შემეძლო ქსოვილების გამოწერა, მაგრამ ეს 1 000 ევრო ამ ყველაფრისთვის არაფერია. ამიტომ, გადავწყვიტე, წავსულიყავი პარიზში, სადაც სექტემბერში იმართება „პრემიერვიზიონი“, ანუ ამ ქსოვილების ჩვენება და იქ ყველას პირადად შევხვდი, დაველაპარაკე და, 1 000 ევროს ნაცვლად ძალიან ბევრი სპონსორი გამომიჩნდა. მე კონტაქტები დავამყარე მათთან, ქსოვილები წამოვიღე, ციურიხშიც ჩავედი, დავდიოდი სოფლებში, ქარხნებში ქსოვილებს ვნახულობდი და ეს დამეხმარა იმაში, რომ ბოლო კოლექცია უმაღლეს დონეზე შემექმნა.

– შენს კოსტიუმებსა და ბოსხის „ტრიპტიქებს“ შორის ხშირად ავლებენ პარალელებს.

– როდესაც ვნახე ბოსხის „ტრიპტიქი“, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადავწყვიტე, ეს ქაოსი ქსოვილების ქაოსში გადამეტანა, რაც მთავარია, ძლიერი მამაკაცის გამოსახულებით. ამიტომაც არის ჩემს კოლექციაში გრძელი ხიფთანები, კიმონოები, ასევე, გავაკეთე ჩანთები ტყავისგან, ბეწვისგან. წელს ბრიტანულმა ჟურნალმა „ვოლფეიფარმა“ დაბეჭდა 25 კურსდამთავრებული დიზაინერის შესახებ, მათ შორის ვიყავით დევიდ კომა და მეც, თუმცა, ჯერ სკოლა არ დამიმთავრებია. როდესაც მკითხეს, თუ რა არის ჩემი შთაგონების წყარო, ვუპასუხე, რომ დღეს რასაც ვაკეთებ, ყველაფერი პირადი გამოცდილებიდან მოდის და ამას ემატება ხელოვნების ნიმუშით შთაგონებული ემოცია, „ჰირონიმუსისთვის“ კი ბოსხის „ტრიპტიქი“ აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. ეს კოლექცია ვაჩვენე ვენაში ყოველწლიურ ჩვენებაზე და მივიღე ავსტრიული ჟურნალის პრიზი, მათ გადაიღეს ჩემი კოლექცია ატომის რეაქტიულ ქარხანაში, რომელიც 15 წლის წინ ააშენეს, მაგრამ იმავე დღეს დახურეს, რადგან დიდი გამოსვლები იყო. იქ გადაღებული ფოტოები, ამ ჟურნალის 30 გვერდზე დაიბეჭდა.

– ლონდონის მოდის კვირეულშიც მიიღე მონაწილეობა?

– როდესაც ზაფხულში ბოლო კოლექციაზე მუშაობა დავამთავრე, ჩვენმა კლასმა მიიღო მოწვევა ლონდონის კურსდამთავრებულთა მოდის კვირეულზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კურსდამთავრებულები, მაგრამ მარტო მე წარმადგინეს და შოუ-რუმზე წავიღე ჩემი კოლექცია. ბევრს მოეწონა. ერთ-ერთი კონცეფტორის ბაიერი იყო მოსული და შემომთავაზა, მის მაღაზიაში გამეყიდა ეს კოლექცია, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ჯერჯერობით არ მაქვს დრო, რომ რომელიმე მაღაზიისთვის ვაწარმოო სამოსი. კოლექციაზე ვმუშაობდი თითქმის მთელი წლის განმავლობაში, 9 სილუეტი გავაკეთე თავისი აქსესუარებით, ჩანთებით, რქის სამაჯურებით. ზუსტ ფასს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ, შოუს დროს 24 სპონსორი ჰყავდა კლასს და აქედან 12 ჩემი იყო, მაგრამ, ქსოვილები იმდენად ძვირი ღირდა, რომ, შესაბამისად, კოლექციის ფასიც დიდი გამოვიდა. რა თქმა უნდა, მაღაზიაში დაკიდების შემდეგ, ფასი სამჯერ იზრდებოდა და, შესაბამისად, ძალიან ძვირად იყიდებოდა.

– ბოლო კოლექციიდან გაყიდე რამე?

– პარიზიდან ერთ-ერთმა ბაიერმა მომწერა, რომ უნდოდა პალტოს ყიდვა მაღაზიისთვის და გავყიდე. უბრალოდ, ჯერ ძნელია ჩემთვის კოლექციის გაყიდვა – ხან ფოტოსესიაზე მიდის, ხან ჩვენებაზე და არ მაქვს იმის დრო, რომ სხვა შევქმნა, ეს კი უფრო შოუზე საჩვენებელი კოლექციაა. ზაფხულში ეს კოლექცია ნამიბიაში წაიღო ერთმა ფოტოგრაფმა, რომელთანაც ვმუშაობ, აფრიკის უდაბნოში გადაიღო. თებერვალში ციურიხში იქნება ფოტოების გამოფენა და, შეიძლება, ჩემი კოლექციაც წავიღო.

– ამჟამად რაზე მუშაობ?

– სექტემბრიდან ვიწყებ დიპლომზე მუშაობას. ეს იქნება დიდი სიურპრიზი და, მინდა, რომ ეს კოლექცია გახდეს ჩემი სავიზიტო ბარათი. ეს იქნება მამაკაცის კოლექცია, სადაც დავანგრევ კლასიკურ მამაკაცურ სტილს – შარვლებს, პიჯაკებს, – თუმცა, ჯერ არ ვიცი, რა გამოვა. იქნება 10-15 სილუეტამდე და, მინდა, ფეხსაცმელებიც გავაკეთო, ოღონდ საქართველოში. თებერვალში ახალბედა დიზაინერებისთვის ლონდონში იმართება მოდის კვირეული და მივიღე შემოთავაზება, რომ ჩემი კოლექცია წავიღო. ასევე, ვაკეთებ ქალის კოლექციას, რაშიც ჩემი ახლო მეგობარი, ფრანცისკა მეხმარება. როდესაც მამაკაცის სამოსზე დავიწყე მუშაობა, ქალის კოლექცია გვერდზე გადავდე და ახლა უცებ გადავწყვიტე, დავბრუნებოდი, ოღონდ, ეს იქნება ექსპერიმენტული, იმავდროულად, ძალიან გლამურული და ელეგანტური. ესეც საკმაოდ სარისკო გამოვა და მისით უკვე დაინტერესდნენ. ახლა ვფიქრობ – თებერვალში მამაკაცის კოლექცია წავიღო ლონდონში თუ გაზაფხულზე – ქალის. მოკლედ, წინ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს.


скачать dle 11.3