ინტიმური საუბრები
ჩემს დას ალფონსი ქმარი ჰყავს
ამ წერილს რომ წაიკითხავს, ვიცი, ჩემი და ძალიან გამიბრაზდება, სიძე ხომ, ალბათ, შუაზე გამგლეჯს, მაგრამ მაინც გწერთ. საშიშროების მიუხედავად, მინდა კიდეც, ჩემმა ძვირფასმა სიძემ წაიკითხოს და, ეგებ მიხვდეს, თავი კიტრად რომ მოაქვს, სინამდვილეში რა ნაძირალაც არის.
ჩემი და, ია, ათი წელია, გათხოვილია. ამ ათი წლიდან ხუთი წლის განმავლობაში მამაჩემი არჩენდა მის ოჯახს. ჩემი და სულ დეკრეტულ შვებულებაში იყო, რადგან სამი შვილი ზედიზედ გააჩინა და ამიტომ არ მუშაობდა, ჩემს სიძეს კი სიმბოლური სამსახური ჰქონდა – კვირაში ორჯერ მიდიოდა და რაღაც ორ კაპიკს აძლევდნენ და იმასაც საკუთარი თავისთვის ან ძმაკაცებში ხარჯავდა, შვილებს ერთ კანფეტსაც კი არ მოუტანდა, ჩემს დაზე აღარაფერს ვამბობ. საწყალმა მამაჩემმა ისე მიაჩვია მზამზარეულზე ცხოვრებას, საერთოდ აღარ მიაჩნდა თავი ვალდებულად, რომ ცოლ-შვილისთვის ელემენტარულ დონეზე მაინც მიეხედა. ასეთი იყო ყოველთვის, მაგრამ ვიდრე მამაჩემი ცოცხალი იყო და ჩემი დის ოჯახს არაფერს აკლებდა, მერაბის (ჩემი სიძის) საქციელი ისეთი თვალშისაცემი არ იყო (თუმცა, მამამ ერთი-ორჯერ თქვა, ეს ბიჭი მთლიანად შემაჯდა კისერზე და, ვატყობ, მომიწევს, ყური ავუწიოო). ისე შეირგო და მოირგო ყველაფერი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. ყველა „სიკეთესთან ერთად“ თავისი დაც მამაჩემის ნაყიდ ბინაში ჩაისახლა, დედამისი ხომ სანახევროდ იქ იყო – ვითომ ჩემი დის მისახმარებლად, სინამდვილეში კი დედაც და დაც თავიანთ ნესტიან სარდაფს გამოარიდა და სიმამრის ხარჯზე დაუსვა სახლში ჩემს დას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყოველ მეორე დღეს მოჰყავდა ძმაკაცები და დილამდე აქეიფებდა. ჩემი და ტრიალებდა და ემსახურებოდა, დედამთილი და მული კი გამოპრანჭულები ისხდნენ სუფრასთან და ჩემს დას ხან ყავის მოტანას ავალებდნენ, ხან – თეფშების გამოცვლას. მე და დედაჩემი დაპატიჟებული სტუმრების სიაშიც კი არ ვიყავით ხოლმე, თავის დას და დედას კი ჩემი სიძე მამაჩემის ხარჯზე უხდიდა დაბადების დღეებს, უშვებდა დასასვენებლად, მკურნალობდა, ასმევდა და აჭმევდა. ჩვენ კი, მისახმარებლად რომ მივსულიყავით, ის ორივე ქალბატონი ისე ცხვირით გვხვდებოდა, თითქოს მათ სახლში მივდიოდით და ვაწუხებდით.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი, ნაირ-ნაირები რომ მოაკლდათ, ძვირფასმა სამეულმა (სიძემ, მისმა დამ და დედამისმა) მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ თვითონ (ანუ ქალები) ბავშვებს და სახლს მიხედავდნენ, ჩემი და კი მუშაობას დაიწყებდა, რომ ოჯახი შეენახა.
– აბა, მარტო ჩემმა შვილმა მთელი ცხოვრება როგორ არჩინოს ოჯახი, ზოგს რა ბედი აქვს, ჩემი განებივრებული ბიჭი კი რა დღეშია, მაგას მოუკვდეს დედა! – ყველასთან ასე მოთქვამდა ქალბატონი მაყვალა.
ჩემმა სულელმა დამაც ხმა ვერ ამოიღო და დაბრუნდა თავის ძველ სამსახურში, სადაც სიხარულით მიიღეს, მაგრამ ისე დატვირთულია, დილის 9 საათიდან ღამის 10 საათამდე სახლში ვერ შედის, სახლში შესულს კი, იმის მაგივრად, რომ გაჩუმდნენ, სამივე იქით აყვედრის მისსავე მოტანილ პროდუქტსაც და, საერთოდ, ყველაფერს. მისი ქმარი კი ურცხვად ართმევს ყოველდღე ფულს სიგარეტისთვის, „სამოძრაო“ (როგორც თვითონ ამბობდა) და ჯიბის ფულად (აბა, ამ ხნის კაცი გარეთ რომ გავალ, 15-20 ლარი აღარ უნდა მედოს ჯიბეშიო?!). თავისი ხელფასი სადაც მიჰქონდა, უკვე გითხარით. ერთი სიტყვით, ეს ჩემი საცოდავი და ფეხქვეშ გაიდეს და მონად აქციეს, ეს კი ხმის ამოღებას ვერ ბედავს. ამას წინათ შავი დღე ვაყარე – ბოლოს და ბოლოს, მოსვი ყველა თავის ადგილზე, შენს სახლში ცხოვრობენ, შენს კისერზე არიან და კიდევ აქეთ „გიკაჩავებენ პრავას“ და როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე-მეთქი. იმან კი მითხრა, ოჯახში უსიამოვნებებს, მირჩევნია, ყველაფერი მოვითმინოო. ყველა სიკეთესთან ერთად, დედამთილი ბავშვებთან სულ ჩემს დაზე ჭორაობს და დასცინის. ლამისაა გული გამისკდეს.
ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს და, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ ამოვიღებდი ხმას, მაგრამ ერთხელ ისეთ სცენას შევესწარი, რომ ვერ მოვითმინე და ამ ჩემს ნაძირალა სიძესაც და იმ ორ ქაჯ დედაკაცსაც ისეთი დღე ვაყარე, სიკვდილი ვანატრებინე. მოკლედ, ჩემი დის დაბადების დღის წინა საღამოს მე და დედაჩემმა ბევრი პროდუქტი მივზიდეთ, ზოგი მზა კერძი და ზოგიც – გასაკეთებელი. მთელი ღამე გავათენეთ, ყველაფერი მოვამზადეთ, მეორე დღისთვის მარტო წვრილმანი რაღაცეები დაგვრჩა გასაკეთებელი და იას ვუთხარი, ხვალ მოვალთ და ყველაფერს მოვაგვარებთ, შენ ხელი არაფერს ახლო-მეთქი. მეორე დღეს მივედი და რას ვხედავ: სუფრა გაშლილია და ოთახი სავსეა ხალხით – ძირითადად მერაბისა და დედამისის მეგობარ-ნათესავებით (თუ არ ჩავთვლით იას ორ დაქალს, რომლებიც ჩემს დასთან ერთად სუფრას ემსახურებოდნენ). ჩვენ არც კი დაგველოდნენ. იას დედამთილი კი შვილის (მერაბის) სადღეგრძელოს ამბობდა: წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახი არჩინოს, ნულიდან დაიწყო და რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი მისი შრომითაა შექმნილი, დამხმარე არასდროს ჰყოლიაო. ამის გაგონებაზე უცებ ისე გადამეკეტა ტვინში რაღაც, რომ ვეღარ მოვითმინე და იქვე, ყველას გასაგონად, ჭიქით ხელში „ვადღეგრძელე“ ჩემი ნაძირალა სიძე და თავისი ორი ალქაჯიც ზედ მივაყოლე. ყველაფერი ღიმილით ვუამბე იქ დამსწრე საზოგადოებას: ის, რომ ბინაც, ავეჯიც და ყველა წვრილმანი და მსხვილმანი ჩემი მშობლების საჩუქარი, ანუ იას მზითევი იყო; ისიც, რომ ხუთი წელი, ანუ გარდაცვალებამდე, მთელი ოჯახი მამაჩემის კისერზე იყო, სიკვდილის შემდეგ კი ჩემი და, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, აიძულეს, რომ მონასავით ემუშავა, თან ქმარი ყოველდღე ართმევდა ფულს და თან იქით აყვედრიდა ყველაფერს. ბოლოს ვუთხარი, შენი თამადობით ყველა მუქთახორა ალფონსს გაუმარჯოს, ამ ორი გოიმი დედაკაცის თამადობით კი – მთელ საქაჯეთს-მეთქი. ვერც კი აღგიწერთ, იქ რა მოხდა. ვინ ვისზე იწევდა და ვინ ვის აკავებდა, არ მახსოვს. ყველაფერი კი იმით კინაღამ დამთავრდა, რომ ჩემი და, შვილებიანად, ლამის ქუჩაში აღმოჩნდა, ანუ ის ძვირფასი სამეული სახლიდან აგდებდა იას ბავშვებთან ერთად, თან ჩემმა ნაგავმა სიძემ ორჯერ ისე გაარტყა, კარადას მიანარცხა. ამან სულ გამაგიჟა და პატრულს გამოვუძახე, რის შედეგადაც მერაბი განყოფილებაში წაიყვანეს და ძალადობის მუხლი მიუყენეს.
ია დღემდე ნაწყენია ჩემზე – ავი იყო თუ კარგი იყო, ჩემს შვილებს მამა ჰყავდათ, შენ კი ოჯახი დამინგრიეო. ამ შტერს იმდენიც არ ესმის, რომ ქალისა და კაცის ერთ ბინაში ცხოვრება, თუნდაც შვილებთან ერთად, სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახი გაქვს.
ნათია, 28 წლის.
თბილისს ქალად დავუბრუნდი
დაახლოებით 13-14 წლის ასაკიდან, თავი ამქვეყნად ყველაზე უბედურ ადამიანად მიმაჩნდა, რადგან სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემი თანატოლი ბიჭებისგან განვსხვავდებოდი. მანამდე კი ვგრძნობდი, რომ ბიჭებიც და გოგოებიც, კლასშიც და უბანშიც, ცოტა აგდებულად მექცეოდნენ, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი, უფრო სწორად, მიზეზს საკუთარ საქციელში ვეძებდი, მაგრამ ყველაფერს მოგვიანებით მივხვდი, მერვე კლასში რომ ვიყავი, მეზობელთან მივედი დაბადების დღეზე და ერთ-ერთმა სტუმარმა, ჩემი ხნის ბიჭმა მასპინძელ გოგონას აგდებით ჰკითხა – ამ „პედიკს“ აქ რა უნდაო, მაშინ მივხვდი ყველაფერს და მაშინ დადგა ყველაფერი თავ-თავის ადგილას. ერთი მხრივ, დადგა, ანუ – გაირკვა (ჩემთვის) რაღაც-რაღაცეები, მეორე მხრივ კი, ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა. მაშინვე დავტოვე იქაურობა, სახლში დავბრუნდი და ოთახში შესვლისთანავე გონება დავკარგე.
რამდენიმე თვე ვებრძოდი სიკვდილს. ექიმებმა ძლივს გადამარჩინეს, მაგრამ, მერე უკვე სიცოცხლეს ვებრძოდი, უფრო სწორად – საკუთარ თავს, მაგრამ, ვერ მოვერიე და მთლად ჩავიკეტე საკუთარ ნაჭუჭში. სახლიდან საერთოდ აღარ გავდიოდი, სკოლაში სიარულიც კი შევწყვიტე. ჩემმა მასწავლებლებმა მეცხრე კლასის ბოლომდე მათრიეს ასე მიუსვლელად, მერე კი დედაჩემი დაიბარეს და ცხრა კლასის ატესტატი სახლში გამოატანეს – თქვენი შვილი მაინც ვეღარაფერს ისწავლის, რამე ხელობა ასწავლეთო. რაც უფრო ვიზრდებოდი, ჩემდა გულის გასახეთქად, მით უფრო ვნაზდებოდი. საწყალი მამაჩემი ჩემზე დარდმა იმსხვერპლა – სრულიად ახალგაზრდა, ინფარქტით გარდაიცვალა. ისე შემძულდა ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი საკუთარი თავი, რომ საშინლად აგრესიული და ანჩხლი გავხდი. დედამ ვერ გაუძლო ჩემს ასეთ ყოფას და ერთ დღეს თვითონ შემომთავაზა, – თუ გინდა, მივაყიდოთ აქაურობა და რუსეთში გადავიდეთ საცხოვრებლადო (მაშინ არც ისე რთული იყო ამის გაკეთება). სიხარულით დავთანხმდი. კარგ უბანში ვცხოვრობდით, ორსართულიან საკუთარ სახლში და კარგ ფასადაც გავყიდეთ. რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში სამოთახიანი ბინა ვიყიდეთ (იქ ახლობელი ცხოვრობდა და ის დაგვეხმარა), დედაჩემმა სამსახური იშოვა, მეც რაღაც სასწავლებელში ჩავაბარე და ვცხოვრობდით საშუალოდ. ჩემი „პედიკობა“ არავის მოხვედრია თვალში, რადგან იქ ბევრი იყო ჩემნაირი. არც ქართველობის გამო მჩაგრავდნენ, მაგრამ, რატომღაც (მერე მივხვდი, რომ „კონსპირაციის“ მიზნით), რუსული გვარი მივიღე და რუსად ჩავეწერე – ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. დაახლოებით ათი წლის შემდეგ დედაც გარდაიცვალა და დავრჩი აბსოლუტურად მარტო. ძალიან დიდხანს ვებრძოდი თავს, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ჩემი დიდი ხნის ოცნება ამესრულებინა. სანამ დედა ცოცხალი იყო, თქმასაც ვერ ვბედავდი, ახლა კი შემეძლო, როგორც მინდოდა, ისე მოვქცეულიყავი. გარკვეული თანხა მქონდა – ყოველ შემთხვევაში, იმდენი კი იყო, ოპერაციაზეც მყოფნოდა და სახარჯოდაც დამრჩენოდა. ყველაფერი დაწვრილებით გავარკვიე და ერთ დღესაც, კლინიკაში კაცის სახელითა და გვარით შევედი, იქიდან კი ქალის სახელით გამოვედი. ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს, ქალად ვიქეცი, თანაც ლამაზ ქალად. თაყვანისმცემლები არ მაკლდა, მაგრამ მეშინოდა და არავის ვიკარებდი. ორი წლის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნების დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. რამდენიმე ხანს თავს ვარწმუნებდი, რომ ჩემთვის რუსეთში ცხოვრება სჯობდა, მაგრამ ამ სურვილს ვერ მოვერიე. გავყიდე იქაური ბინა და დაახლოებით 14 წლის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, ოღონდ, რუსული სახელი და გვარი დავიტოვე – ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი. თბილისის ცენტრში ვიყიდე ოროთახიანი, გარემონტებული ბინა და ვცხოვრობდი, როგორც რიგითი გაუთხოვარი, ახალგაზრდა ქალი. მალე მეგობარი გოგონებიც გავიჩინე (ჩემი საიდუმლო არავისთვის გამიმხელია). ერთ-ერთმა სამსახურიც მიშოვა, სადაც უამრავი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. ერთს კი მართლა შევუყვარდი, იმ დონეზე, რომ ცოლობაც კი მთხოვა. სიმართლე გითხრათ, მეც შემიყვარდა, მაგრამ ცოლად მაინც ვერ მივყვები, არც ინტიმური ურთიერთობა გვქონია – ჯერ ერთი, მეშინია, ჩემი საიდუმლო არ გამჟღავნდეს, მეორეც, რა გარანტია მაქვს, რომ ტრადიციული, სტანდარტული ქართველი კაცი ჩემნაირ გადაკეთებულ ქალს შეირთავს ცოლად? – არავითარი. ამიტომ, ვარჩიე, შეყვარებულობის პერიოდი გამეხანგრძლივებინა. ჯერჯერობით „ვქაჩავ“ და ისევ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ, არ ვიცი, როდემდე გასტანს ასე.
ნონა, 33 წლის
(ალბათ, ხვდებით, რომ სახელიც და ასაკიც შეცვლილია).
ბებიაჩემმა დედაჩემი სახლიდან გააგდო
ბებიამ გამზარდა, მამის დედამ. დედაჩემი ბუნდოვნად მახსოვდა. არც ვცდილობდი, მისი სახე აღმედგინა ან ვინმესთვის სურათი მეთხოვა. 4 წლის ვიყავი, დედამ რომ მიგვატოვა და ვიღაც კაცს გაეკიდა – ამას ჩამაგონებდა ბებია წლების განმავლობაში და მეც მჯეროდა. „არაქალი, როკაპი, უჯიშო, როსკიპი“, – ეს ის ეპითეტებია, რომლებითაც ბებია თავის ყოფილ რძალს „ამკობდა“ ხოლმე ჩემი თანდასწრებით, მაგრამ მამასთან ვერ ბედავდა ასეთ ლაპარაკს, რადგან მან ერთხელ ძალიან მკაცრად აუკრძალა დედაჩემის სახელის ხსენებაც კი.
– ჰო, დაიცავი, დაიცავი! რქები დაგადგა, შვილი მიატოვა, საქვეყნოდ თავი მოგჭრა და მაინც იმას იცავ! – ასლუკუნდა ბებია, მაგრამ შვილის თანდასწრებით რძალს ვეღარ ლანძღავდა, მარტო მაშინ იოხებდა გულს, როცა ჩვენ ორნი ვიყავით მარტო. ამ ყველაფრის გამო მე საშინლად მძულდა დედა, ბებია კი ისე მიყვარდა, მამასაც კი მერჩივნა.
მამა დედას საერთოდ არ ახსენებდა – არც ავად, არც კარგად. ასეთი ტაბუდადებული იყო ჩვენს ოჯახში დედაჩემის სახელი.
რომ წამოვიზარდე, მერე გამიჩნდა უამრავი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. სულ მიკვირდა, თუ დედაჩემი ცოცხალია, ერთხელ მაინც როგორ არ დაინტერესდა, ვენახე-მეთქი. მე არც დედის ნათესავებს ვიცნობდი – ბებიამ მათი სახსენებელიც კი ამოშალა ჩემი ცხოვრებიდან.
ერთხელ, 15 წლის რომ ვიყავი, მეზობლის ბიჭთან შევედი რაღაცაზე. ბებიამისმა რომ დამინახა, თავის ქალიშვილს გადაულაპარაკა, როგორ ჰგავს ეს ბიჭი დედამისს, საწყალი გოგო რა დღეში ჩააგდო ამ აფთარმა დედაკაცმაო. როგორც ჩანს, ეს სიტყვები იყო ბოლო წვეთი. იმავე საღამოს დავიმარტოხელე ბებიაჩემი და კატეგორიულად მოვთხოვე, ყველაფერი დაწვრილებით ეამბნა დედაზე. მან კი იგივე ტექსტი ჩართო, რასაც წლების განმავლობაში მიმეორებდა. მე ამით არ დავკმაყოფილდი და სურათი მოვთხოვე. იმ აშარი ქალის სურათს სახლში როგორ გავაჩერებდი, ყველა დავწვიო, – მითხრა. თუ არ მაჩვენებ, მაშინ მე თვითონ მოვძებნი დედაჩემს და სიმართლესაც გავარკვევ-მეთქი, – დავემუქრე. არასოდეს დამავიწყდება ბებიაჩემის შეშინებული თვალები. დღესაც არ ვიცი, ასე რამ შეაშინა – იმან, რომ სიმართლეს გავიგებდი თუ იმან, რომ ბოლოს მაინც დედასთან წავიდოდი. ჯერ მიყურა ასე გულგახეთქილმა, მერე კი უცებ აფეთქდა: შენც იმის ჯიშის ხარ, უმადური, დაუნახავი და ორგული. სისხლში გაქვს გამოყოლილი ღალატი და იმიტომ არ აფასებ ჩემს ამაგსო. მერე კარი გაიჯახუნა, შეიკეტა თავის ოთახში და მთელი დღე საღამომდე მოთქვამდა. მეც გარეთ გავედი – არც მისი მოთქმის მოსმენა შემეძლო და არც მისი დაწყნარება და მოფერება.
სახლში გვიან დავბრუნდი. ჩემი შესვლა არავის გაუგია, რადგან ბებია და მამა მთელი ხმით უყვიროდნენ ერთმანეთს. ბებიაჩემი დედაჩემთან ერთად მეც ცუდად მიხსენიებდა. მამამ ცოტა ხანს აცალა და მერე ისე უღრიალა, მსგავსი ხმა, ადამიანის პირიდან ამოსული, არც მანამდე და არც მერე არ მომისმენია.
– გაჩუმდი! გაჩუმდი! შენი ხმა აღარ გამაგონო! – ყვიროდა მამა, – შენი ავადმყოფური ეჭვიანობის გამო მამაჩემიც ხომ გააგდე სახლიდან და ხომ დამტოვე უმამოდ! ესეც აღარ მაკმარე – ოჯახი დამინგრიე და იმავე მეთოდით მოისროლე აქედან ჩემი ერთადერთი შვილის დედა, რომელიც ძალიან მიყვარდა! ჩემი უმამობა არ იკმარე და ახლა შვილი დამიტოვე უდედოდ! მოსაკლავი ხარ! შენ რა დედა ხარ, რად მინდა ან შენი გაკეთებული საჭმელი, ან შენი გარეცხილ-გაუთოებული ტანსაცმელი?! სიცოცხლე გამიმწარე, ყველაზე უბედურ კაცად მაქციე! შენ გამიგდე სახლიდან ცოლი და შენ გამზარდე ასეთი უძლური და უუნარო, მონასავით მორჩილი და ამიტომაც ვერ დავიცავი შენგან ჩემი ოჯახი! დედა კი არა, ჯადოქარი ხარ, ბოროტი ჯადოქარი და ვერ გიტან!
ამ სიტყვების გაგონებაზე კინაღამ გული გამიჩერდა. მინდოდა, დავნახვებოდი, რომ ჩხუბი შეეწყვიტათ, მაგრამ უცებ ბებია აკივლდა საშინელი ხმით:
– უმადურო, ახია ჩემზე ყველაფერი! მაგრამ, იცოდე, მე არ გამიგდია შენი ცოლი, თვითონ გაიქცა, ვიღაც ვიგინდარას გაეკიდა და ქვეყნის დასაცინი გაგხადა!
– იმან კი არ მიგვატოვა, სამსახურიდან დაბრუნებული შენ აღარ შემოუშვი სახლში! ჩემოდნებში ჩაულაგე თავისი ნივთები, კარს გარეთ დაახვედრე და წერილიც დაუტოვე – ამ სახლის გზა და შენი ქმარ-შვილის სახელი დაივიწყეო. მერე კი მეზობლებში მოსჭერი თავი, ბავშვსაც უმალავდი და აძულებდი დედას. მამაჩემიც ასე არ გააგდე? მასზეც ასე უაზროდ და უსაფუძვლოდ არ ეჭვიანობდი? შენი ბრალია ყველაფერი. მე ხომ დამღუპე, ახლა ჩემს შვილს მიადექი და გინდა, ისიც შენს ჭკუაზე გადაიყვანო. აქამდე ბრმა ვიყავი, ახლა კი თვალი ამეხილა და შვილს აღარ დაგითმობ. მე და გივიკო ხვალვე გადავალთ ამ სახლიდან და იყავი მარტო, მეტის ღირსი მაინც არ ხარ!
ეს ჩხუბი მამაჩემის სტენოკარდიული შეტევით დამთავრდა. საავადმყოფოში მე ვადექი მამას თავზე. ბებიაჩემს აუკრძალა იქ მისვლა. ერთ დღეს კი მამას სანახავად ვიღაც ძალიან სიმპათიური ქალი მოვიდა. აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო, მაგრამ, დავინახე თუ არა, გულში რაღაცამ გამკრა. სანამ იმ ქალს ვაკვირდებოდი, მამამ დამიძახა და პირდაპირ მითხრა:
– გივიკო, გაიცანი, ეს დედაშენია და არავითარი ბრალი არ მიუძღვის შენ წინაშე!..
მერე აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, მამაჩემის პალატაში ცარიელ საწოლზე ვიწექი და თავთან დედა მეჯდა. მერე სამივე ვტიროდით.
რამდენიმე დღეში კი მამას სახლში მკურნალობა დაუნიშნეს და ჩვენ სამივე ერთად წავედით ჩვენს ახალ ბინაში. ბებია მარტო ცხოვრობდა. ისე გარდაიცვალა, რომ ის და მამა არ შერიგებულან. მე მაინც მეცოდებოდა, მამაჩემის ჩუმად თვეში ორ-სამჯერ მივდიოდი მასთან, პროდუქტები და წამლები მიმქონდა და ფულსაც ვუტოვებდი ხოლმე.
ახლა ბედნიერი ოჯახი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემსა და მამაჩემს უკვე ორი შვილიშვილი ჰყავთ, მაინც სულ თვალებში შესციცინებენ ერთმანეთს, და სხვათა შორის, ჩემს ცოლზეც მზე და მთვარე ამოსდით. დედაჩემი ბებიას საერთოდ არ ახსენებს, გარდა საკურთხის დღეებისა – ყოველ შაბათს ბებიას სახელზე სავსე ჩანთას მატანს ეკლესიაში.
ალეკო, 34 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.