ვინ მოკლა რობიკო სტურუამ სცენაზე და სად ეძებდნენ მას ოჯახის წევრები კარგა ხანს
ათეული წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დადგმულმა არაჩვეულებრივმა სპექტაკლებმა რობერტ სტურუას არნახული აღიარება მოუტანა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ დიდი ხელოვანის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ერთნაირად საინტერესოა. ამდენად, სტურუების დიდი საოჯახო სკივრიდან თქვენთვის თითქმის ყველაფერი გადმოვალაგეთ, რაც დაგაინტერესებდათ, მოგეწონებოდათ და ნათლად დაგანახვებდათ რეჟისორის ხასიათსა და თვისებებს. მასზე სასაუბროდ მისი მამიდაშვილი – ირიკა სტურუა და დისშვილი – ნინო არსენიშვილი დაგვთანხმდნენ.
ირიკა სტურუა: ჩვენი ოჯახი ყოველთვის მრავალრიცხოვანი, თბილი და ურთიერთმოყვარული იყო. რობიკო ჩემზე და თავის დაზე, ლენუკაზე, ოთხი წლით უფროსია (რობიკოს და გია არსენიშვილის მეუღლეა, – ე. პ.), ძალიან დიდი დაბადებულა – ოთხი კილო იყო. ისეთ ბოხ ხმაზე უტირია, ექიმს უთქვამს – შალიაპინი დაიბადაო და ჩვენები ძალიან ამაყობდნენ, რასაკვირველია, ოჯახში ბიჭი გაჩნდა და ყველას უხაროდა. თან, მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ: მამამისი, დევი – 21-ის, დედამისი, ცუცა – 18-ის. რობიკოს თავიდანვე უყვარდა თეატრი. მახსოვს, თოჯინების სპექტაკლებს გვიდგამდა. დაახლოებით ათი წლის იყო, ბიძაჩემმა (რობიკოს მამა, დევი სტურუა, მხატვარი იყო) მუყაოსგან სცენის მაკეტი გაუკეთა, ბებიაჩემმა სასცენო ფარდა შეუკერა. ბებია ხშირად გვიკერავდა რაღაცეებს და თარგები ჰქონდა. რობიკო გახსნიდა ამ სცენას, თოჯინებს გამოიყვანდა, ათამაშებდა და თვითონვე ახმოვანებდა. „უჟასები“ მისი საყვარელი ჟანრი იყო. ლენუკას ერთი დიდი დათუნია ჰქონდა და მონსტრის როლში ათამაშებდა. ხან, მის ყველაზე საყვარელ თოჯინას მოკლავდა სცენაზე და ლენიკო ამაზე საშინლად ტიროდა. ჩვენ კიდევ ერთი ბიძაშვილი გვყავდა, ვანიკო, საწყალი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლენუკას ეფერებოდა და აწყნარებდა. მე საზიზღარი ბავშვი ვიყავი, არაფერზე არ ვტიროდი. არდადეგებზე სოფელში მივდიოდით სამტრედიის რაიონში, სოფელ ნაბაკევში. რობიკოს ძალიან უყვარს ეს სოფელი. ახლა ყოველ ზაფხულს ყველა ერთად ვისვენებთ გრიგოლეთში. მთელი გზა ვეჯღანები, რომ სოფელში გაგვატაროს. ხვდება, რაც მინდა და მეტყვის, – ჰო, კარგი, კარგი გავივლითო. მივალთ, დავხედავთ, გავიხსენებთ ბავშვობის წლებს და კმაყოფილები განვაგრძობთ გზას. საოცარი წლები გვაქვს გატარებული. თავის დას საღამოობით ზღაპრებს, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს უყვებოდა. რაღაცეებს იგონებდა. მერე, ლენუკა რომ წამოიზარდა, იხსენებდა: რომ წამოვიზარდე და შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი წავიკითხე, გაცილებით საინტერესო აღმოჩნდაო.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რობიკო, მირიან შველიძე და რუსთაველის თეატრის მსახიობები ჩავიდნენ ჩვენთან სოფელში, სათევზაოდ წავიდნენ ცხენისწყალზე და დაიკარგნენ. ჩემი შვილებიც იქ იყვნენ, დაირაზმნენ და მოსაძებნად წავიდნენ. ახლა სიცილით ახსენდებათ.
– მისი სკოლის პერიოდიდან რას გაიხსენებდით?
– რობიკო ყოველთვის მრავალმხრივად ნიჭიერი და ინტერესიანი იყო. 51-ე, მაშინდელი რუსული სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. რობიკო ქართულ ოჯახში, ქართველ ბებიებთან გაიზარდა. ზოგჯერ რაღაცნაირად იტყვიან – მაგას რუსული სკოლა აქვს დამთავრებულიო. 4 წლის იყო, მან და ვანიკომ „ვეფხისტყაოსანი“ რომ იცოდნენ. გადასარევად იცოდნენ გეოგრაფია, რუკა. ომის დროს უცებ მონიშნავდნენ ხელით, სად რა ხდებოდა. რობიკოს კარგად ესმოდა მათემატიკა, ისევე, როგორც ფიზიკა, ქიმია და თავის დას ამეცადინებდა. ლენუკა რაღაცას კარგად რომ ვერ გაიგებდა, ეტყოდა: „დურა, დურა!“, მერე თვითონ მიუჯდებოდა მაგიდას და მის დავალებებს აკეთებდა.
– რობიკომ და დუდანამ სად გაიცნეს ერთმანეთი, როგორ გახსოვთ მათი დაქორწინება?
– რობიკო და გია ყანჩელი მეგობრები იყვნენ და შეთანხმდნენ, ერთ დღეს მოეყვანათ ცოლები. აეროპორტში გავაცილეთ. დეიდაჩემი, რობიკოს მამიდა, კიევში ცხოვრობდა და მასთან ჩავიდნენ. სასტუმრო და ყველაფერი დაახვედრა, რაც საჭირო იყო. რაც შეეხება მათ გაცნობას, დუდანას მეგობარი, ბელა თოფურია, გოგი ხარაბაძის ცოლია. თეატრში დადიოდნენ და იქიდან გაიცნეს ერთმანეთი. ორი წლის წინ რობიკომ და გიამ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში რესტორანში ერთად გადაიხადეს თავიანთი ქორწინების 40 წელი.
– ალბათ, სტუდენტობაც ისეთივე საინტერესო ჰქონდა, როგორც დანარჩენი პერიოდები. მოდი, მის მეგობრებზეც ვისაუბროთ.
– რობიკოს სკოლაშიც არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავდა და ინსტიტუტშიც. მისი სკოლის მეგობრები კარგად მახსოვს: არჩილ ჯანდიერი, პავლიკა შანიძე, გუგა ფაილოძე, მჭედლიშვილი... ინსტიტუტში ერთი მეგობარი ჰყავდა – დათო პაპუაშვილი, რომელიც კულინარიის ნიჭით გამოირჩეოდა. რომ მოვიდოდნენ, მთელ სახლში მადის აღმძვრელი სუნი იდგა. სახელდახელოდ გაშლიდნენ სუფრას. ლენუკა არ იყო მჭამელი ბავშვი, მაგრამ, გვიანიც რომ ყოფილიყო, მათ შეუერთდებოდა. დათო გაოგნებული იყო – გამაგებინეთ, ერთი, რატომ არის ეს ბავშვი გამხდარი, ყველაფერი გადაჭამაო.
ლენუკა რობიკოზე იხსენებდა: პირველად კარლსონი რომ წავიკითხე, თვალწინ ჩემი ძმა დამიდგა – მასაც კარლსონივით უყვარს ტკბილეული და ისეთივე ბავშვური და სასაცილოა. დღესაც ასეთია, მაინცდამაინც არ შეცვლილაო. მადას არასდროს უჩიოდა, დიდი გურმანია. ტკბილეულის გარდა, უყვარს ყველაფერი ქართული და გემრიელი, სიამოვნებით გეახლებათ წიწიბურას, უბრალო სუპებსაც... თვითონ ძალიან კარგად ამზადებს ლობიოს, სხვადასხვა კერძს, განსაკუთრებით – ზაფხულში, როცა გრიგოლეთში ვართ.
ნინო არსენიშვილი: ბიძაჩემს ყოველთვის ვსაყვედურობდით მოუცლელობის გამო, თუმცა ამას ყველა შეგუებული იყო. არ ვიცი, საიდან იგონებდა ამდენ თავგადასავლებს. მახსოვს, მე, ჩემი ძმა, ჩემი ბიძაშვილები (რობიკოს შვილები, ე.პ.), როგორი ინტერესით ვუსმენდით მის მონათხრობებს. პატარები რომ ვიყავით, თეატრში, სანაყინეში დავყავდით. მახსოვს, რამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი იყრიდა თავს ჩვენს ოჯახში. ბავშვებს გვეტყოდნენ – აბა, ჩქარა დაიძინეთო. დღესაც თვალწინ მიდგას, როიალზე როგორ შემოხტა კახი კავსაძე და დედაჩემი ემუდარებოდა, – ჩამოდი, ჩატყდებაო.
– ძალიან საინტერესოა, როგორ გახდა რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი?
ირიკა სტურუა:ზოგს ჰგონია, რომ რობიკოსთან ადვილად მოვიდა წარმატება. ადვილად არაფერი მოდის, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. პირველი სადიპლომო სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში გააკეთა. 49 წლის განმავლობაში ასი სპექტაკლი დადგა. დოდო ალექსიძე და მიშა თუმანიშვილი რობიკოს პედაგოგები იყვნენ და, რასაკვირველია, ყოველთვის გვერდში ედგნენ, როცა დამწყები რეჟისორი იყო.
– ყოველთვის ჰყავდა თეატრში თავისი რჩეული მსახიობები. თქვენთან თუ უხსენებია ისინი?
– ჩვენთან საუბარში ხშირად უხსენებია რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, თეატრში მთავარი ფიგურა იყო: ამ კაცთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. ლაპარაკს რომ ვიწყებ, უკვე იცის, რა უნდა ვთქვა და როგორ უნდა დავამთავროო. რასაკვირველია, სხვებსაც უდიდეს პატივს სცემს და მათ ნიჭზეც ულაპარაკია.
– როგორ ცხოვრობდა სტურუების ოჯახი, რა უჭირდა, რა ულხინდა?
– ვინმე გაჭირვებულს ყოველთვის ეხმარებოდნენ. 1992 წელი, საშინელი პერიოდი რომ იყო, არავის არაფერი რომ არ ჰქონდა, რობიკო თურქეთში წავიდა სპექტაკლის დასადგმელად. წასვლის წინ დამირეკა და მითხრა: რა გჭირდებათ, რა ჩამოგიტანოთო. მეც და ლენუკასაც შვილიშვილები ახალი გაჩენილები გვყავდა. მაშინ პამპერსი არ იშოვებოდა და, მახსოვს, დიდი ყუთებით ჩამოგვიტანა. რობიკოს ბიჭი გახარებული იყო – რა კარგია, ამის გამო ახალი ჩანთა ვიყიდეო. არ სჭირდებოდა თქმა, თვითონ იცოდა, რა უნდოდათ ბავშვებს და ის ჩამოჰქონდა. რობიკო ხომ ასეთი კეთილია და, დუდანა – ორჯერ უფრო კეთილი.
– მე ვიცი, რომ ბატონი რობიკო თურმე ფიზიკის ფაკულტეტზე აბარებდა. თეატრალურ ინსტიტუტში როგორ აღმოჩნდა?
– იმდენად კარგად ესმოდა ფიზიკა, ძალიან უნდოდა ჩაბარება, მაგრამ, არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა, საბუთები დარჩა თუ რაღაც დააკლდა, იქიდან რომ გამოსულა, გზაზე გადაუხვევია და თეატრალურისკენ წასულა. მერე მოსკოვში უნდოდა წასვლა კინოსარეჟისოროზე. ეს თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის გავლენა იყო. იმ დროს, მოგეხსენებათ, ჩვენთან არ იყო კინოსარეჟისორო და ამიტომ თეატრის სარეჟისოროზე ჩააბარა.
– როგორია რობიკო სტურუა გაბრაზებული?
– ძალიან კეთილი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. არასდროს ბრაზდება, თუ რამე არ მოსწონს, ჩუმად არის. ზოგჯერ, უარყოფით რეცენზიებს რომ წერენ მასზე, გამოწვევა უნდათ, რობიკოს არავითარი რეაქცია არ აქვს და სულ იმას ამბობს, – ამით უფრო ვიგებო. ჩვენ, ოჯახის წევრები უფრო განვიცდით.
– გაიხსენეთ კიდევ საინტერესო ამბები მისი ცხოვრებიდან.
– ერთხელ, სტუდენტობის დროს, ის და თავის მეგობარი მცხეთაში წავიდნენ ველოსიპედით ინტერესის გამო. რომ ჩამოვიდა, ვეღარ დადიოდა, კუნთები სტკიოდა. არაჩვეულებრივად ხატავდა. სტუდენტობის დროს თავისი სპექტაკლების მხატვარი იყო და დეკორაციებს აკეთებდა. გადასარევად უკრავდა ჯაზს, კლასიკას.
რუსთაველის თეატრში პოეზიის საღამო იყო და რობიკოც მონაწილეობდა. დეიდაჩემი 30 წელი ცხოვრობდა კიევში და ჩამოსული იყო. მისთვის თბილისში ჩამოსვლა და რობიკოს სპექტაკლების ნახვა დიდი ზეიმი იყო. რობიკოს დედა ეუბნება – საღამოს თეატრში წავიდეთ, პოეზიის საღამოა და რობიკოც გამოვაო. რას თამაშობსო, – იკითხა დეიდამ. ცუცამ უპასუხა – მარია კამოევას როლში იქნებაო. არადა, კამოევა პიანისტკა იყო. წავედით. დაიწყო საღამო. რობიკო გამოვიდა და როიალთან დაჯდა, დეიდამ ჰკითხა, – აბა, სად არის ჩვენი ბიჭიო. აგერ, როიალთან რომ ზის, რობიკოაო. მერე ბევრს იცინოდა დეიდა. ცუცამ რომ მითხრა, მარია კამოევას როლში იქნება, წარმოვიდგინე, კაბა ეცმეოდაო.
– გვითხარით რამე თქვენი გვარის შესახებ.
– სხვათა შორის, სტურუების გვარი იტალიურია. როგორც ჩვენები ამბობენ, ხიდების მშენებლები იყვნენ, დასავლეთ საქართველოში ჩამოიყვანეს და მერე დარჩნენო. ამიტომ ძალიან ვამაყობთ ჩვენი გვარით.
– როგორც ვიცი, უცხოეთში ხშირად დადის და საკმაოდ საინტერესო სპექტაკლებს დგამს.
– უცხოეთში სპექტაკლებს დგამს. გოგი მესხიშვილი, მირიან შველიძე, გია ყანჩელი, რობიკო, თავის დროზე ჯანსუღ კახიძე, ერთი გუნდი იყო. დღესაც, როცა რობიკო უცხოეთშია და სპექტაკლზე მუშაობს, გიას ურეკავს, ეუბნება, ასეთი და ასეთი მუსიკა მჭირდებაო და გიაც უგზავნის მასალას, თითქოს რობიკოს გულში იჯდაო, იმდენად ზუსტად აკეთებს.
– მისი შვილები რას საქმიანობენ?
– რობიკოს ორი ვაჟი ჰყავს – გაგა და მიხო. სამწუხაროდ, არ გაჰყვნენ მამის გზას. გაგა არქეოლოგია, მაგრამ ამჟამად თეატრში მუშაობს კომპიუტერზე, რეკლამებს აკეთებს. მიხო ოპერატორია და კინოსტუდიაში მუშაობს. გაგას მეუღლე, თამრიკო, მხატვარია და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მიხოს მეუღლეს ნინო ჰქვია. მათ ერთი ბიჭი ჰყავთ.