რაში გამოუტყდა თეონა თავართქილაძე ქმარს წლების შემდეგ
თეონა თავართქილაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ყოველთვის მადლიერია იღბლის და ვისაც ცხოვრება ხშირად ანებივრებს სიურპრიზებით. კარგი ოჯახი, წარმატებული კარიერა, ერთგული მეგობრები – თეონა თავართქილაძეს ყველაფერი აქვს, რაც ქალს ბედნიერებისთვის სჭირდება. მართალია, ჯერ კიდევ აუსრულებელი დარჩა ერთი დიდი ოცნება, თუმცა, არც ამის გამო უჩივის იღბალს. ცოტა ხნის წინ სრულიად ახალ საქმეში მოსინჯა ძალები და ამჯერადაც გაუმართლა – მისი კაფე ძველ უბანში, სადაც კვირაში ერთხელ თბილისური ბომონდი მიმტანებად, ბარმენებად და დიჯეიდ მუშაობს, ძალიან პოპულარული გახდა, თეონამ კი ახალი ამპლუა მშვენივრად მოირგო...
თეონა თავართქილაძე: ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ასე იყო თავიდანვე: გამიმართლა, რომ გავჩნდი ჩემს ოჯახში და გავიზარდე იმ გარემოში, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. ოჯახმა მომცა დიდი სიყვარული, რომლითაც თავიდანვე განებივრებული ვიყავი, ამ სიყვარულმა კი მომცა დიდი სტიმული, მასწავლა კარგისა და ცუდის გარჩევა, რაც მერე ძალიან გამომადგა. იმ ყველაფრის დასაწყისი, რაც დღეს მაქვს, არის ჩემი ოჯახი: დედა, მამა და ჩემი და – სოფიკო, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე. დღესაც ნამდვილად განებივრებული ვარ ჩემი ოჯახის წევრებისგან – ვითვლები, რომ ვარ პატარა, ეს სტატუსი ვერ მოვიშორე და ძალიანაც მომწონს. (იცინის).
– ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვის დაუკავშირებს პირად ცხოვრებას. წლების წინ, როცა ძალიან პოპულარულ და ცნობილ ბიჭზე გათხოვდით, ესეც იღბლის წყალობა იყო თუ...
– ვფიქრობ, ამ არჩევანშიც გამიმართლა. მე და რეზი ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, გვქონდა საერთო წრე, საერთო მეგობრები; კარგად იცნობდნენ ერთმანეთს ჩვენი მშობლები, ხშირად ვისვენებდით ერთსა და იმავე კურორტებზე. ჩვენ რომ სხვადასხვა წრიდან ვყოფილიყავით, შესაძლოა, ჩვენი შეხვედრა არ შემდგარიყო. თუმცა, თუ ბედია, ალბათ, სადმე მაინც „მოვძებნიდით” ერთმანეთს. როცა საქმე ბედს ეხება, ძალიან მჯერა მინიშნებების, რაღაც-რაღაცეებს ამის მიხედვითაც კი „ვაწყობ“ ხოლმე. როცა მნიშვნელოვანი რამე უნდა მოხდეს, ცხოვრება რაღაც პატარ-პატარა „მინიშნებებს” მაძლევს და ვაღიარებ, რომ ამას ყურადღებას ვაქცევ. სანამ ჩემი და რეზის სიყვარული დაიწყებოდა, რეზი ჯერ მე მომწონდა, პირველად მე დავიწყე აქტიურობა და მოგვიანებით გამოვუტყდი ამაში (იცინის). მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და არც ქალური ხრიკების გამეგებოდა, ძალიან ბავშვურად, გულუბრყვილოდ ვაკეთებდი ყველაფერს. მაგალითად, როცა უცხოეთიდან დავბრუნდი თბილისში, ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული იყო რეზის ინტერვიუ და ჩემთვის ეს იყო მინიშნება, რომ ინტერვიუ მაინცდამაინც ჩემი ჩამოსვლის დროისთვის იყო გაკეთებული. მე გულდასმით წავიკითხე ეს ინტერვიუ და გავაკეთე ჩასწორებები – ისე გადავაკეთე მისი პასუხები, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო. შემდეგ ეს ჟურნალი რეზის გავუგზავნე...
– დიდხანს გაგრძელდა ეს ფარული „ბრძოლა“ თქვენს შორის?
– საკმაოდ (იცინის). უკვე გარკვეული გვქონდა ურთიერთობა, როცა მე უცხოეთში მომიწია წასვლა, რამაც საკმაოდ ცუდად იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე, თუმცა, დღეს ვფიქრობ, რომ ის განშორება ორივესთვის ერთგვარი გამოცდა იყო. მაშინ არ არსებობდა კომუნიკაციის ამდენი საშუალება, თან, რეზის ისეთი დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, წერილებსაც ვერ ვწერდით ერთმანეთს (იცინის). როცა დავბრუნდი, ჩვენ გავაგრძელეთ ურთიერთობა, დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რეზის ცოლი რომ ვარ. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ ერთმანეთის ცხოვრებაში, რეზიმ ძალიან გამომისწორა ხასიათი.
– თქვენ როგორ შეცვალეთ რეზის ცხოვრება?
– არ ვიცი... მე მგონი, მეც მაქვს შეტანილი წვლილი მის კარიერაში. ოთხი წელი ვიცხოვრეთ სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად – გერმანიაში. იმის მიუხედავად, რომ საშინლად არ მომწონდა გერმანია, ვიცოდი, ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, რეზი მაშინვე დაასრულებდა იქ თავის კარიერას, ამიტომ, ხმა არ ამომიღია და ვცხოვრობდი მარტო, მეგობრების, ახლობლების გარეშე. არც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლაა იოლი. ეს კარგია, როცა სამოგზაუროდ მიდიხარ, მაგრამ, როცა მუდმივად უნდა იარო აქეთ-იქით, გადაიტანო ყველაფერი და მერე ახალ ადგილზე ცხოვრებას მიეჩვიო, არ არის ადვილი... რეზის მაშინ ნამდვილად არ ჰქონდა რთული პერიოდი, რადგან საყვარელ საქმეს აკეთებდა და, თანაც – წარმატებით. ამას გარდა, სახლში ხვდებოდა სრული კომფორტი. მე კი, ისეთ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად გჭირდება ახლობლებთან ერთად ყოფნა, ვიყავი მარტო, თუმცა, ეს პერიოდი კარგად გამოვიყენე კიდეც – გავაჩინე და თავად გავზარდე შვილები, რასაც, თბილისში რომ ვყოფილიყავი, ვერ შევძლებდი – აქ ჩემს შვილებს ბებიები გაზრდიდნენ (იცინის).
– ყველაფერი აქვს თეონა თავართქილაძეს იმისთვის, რომ თქვას, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებულიო?
– რომ გითხრათ, ოცნება არ მაქვს-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ძალიან მინდოდა, რომ გოგონა მყოლოდა და ეს ოცნება ვერ ავისრულე. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბიჭი მეყოლება და ამიტომაც არ ვბედავ... მე, ჩემს დას და ჩემს მამიდაშვილებს – ყველას ბიჭები გვყავს, ასე მგონია, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, გოგო მაინც არ გვეყოლება. ქალიშვილი რეზისაც ძალიან უნდა, ვნახოთ, რა იქნება მომავალში, გამოგვივა თუ არა გოგო – აი, რაში არ მაქვს იღბალი (იცინის).
– აზარტულ თამაშებში თუ ხართ იღბლიანი, ოდესმე რამე მოგიგიათ?
– ამ მხრივაც მიმართლებს, რეზი ძალიან აზარტულია, თუმცა მას არც მე ჩამოვრჩები. ვერ ვიტყვი, რომ აზარტულ თამაშებში ოდესმე განსაკუთრებულად ვყოფილვარ ჩართული, მაგრამ, თითქმის ყველა მცდელობა წარმატებული იყო. მაგალითად, ერთხელ მე და რეზი ფრანკფურტის აეროპორტში სტუმრებს ველოდებოდით და მათ მოლოდინში შევედით კაზინოში. დროის გასაყვანად შევედით და 14 ათასი მარკა მოვიგეთ. ისე, დაუგეგმავად ვითამაშეთ და გაგვიმართლა. აგერ, 50 ათასიც ხომ მოვიგეთ „ვა-ბანკში.“ მართალია, რეზი და აჩი თამაშობდნენ და მე და ბავშვები ვგულშემატკივრობდით, მაგრამ, მაინც ხომ მოვიგეთ? ამას გარდა, პირველი კეისი, რომელიც თავიდან ავირჩიეთ, ჩემი დაბადების დღის რიცხვს დავამთხვიეთ. ამაზე წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები, თან, აღდგომაც იმ რიცხვში იყო. ბედნიერი რიცხვი აღმოჩნდა ჩვენთვის ცხრამეტი (იცინის).
– მოგებული თანხიდან თქვენ რა წილი გერგოთ?
– არც ერთი თეთრი, მეუღლეს წილში ბავშვები ჰყავდა, მე – არა (იცინის).
– თქვენ რატომ „დაგჩაგრათ?”
– მე გადავწყვიტე ასე. ძმებმა და ბავშვებმა გაინაწილეს მოგება, მე არაფერი მიმიღია და არც პრეტენზია მქონია...
– თქვენ თუ ჩასვით მეუღლე თქვენი ორიგინალური კაფეს წილში? ბიზნესში გიმართლებთ?
– არა, ჩემი მეუღლე არც კი მოდის აქ ხშირად, არ გიჟდება ხმაურიან ადგილებზე, სადილად შემოივლის ხოლმე (იცინის). მე ძალიან მინდოდა ასეთი კაფეს გაკეთება, ამ ადგილზე ვგიჟდებოდი და, როცა ვნახე, რომ აქ კაფეს გაკეთება შესაძლებელი იყო, მაშინვე განვახორციელე ეს იდეა. ვერ ვიტყვი, რომ კომერციული ინტერესები იყო ჩემთვის პრიორიტეტული, უბრალოდ, მინდოდა, რომ ყოფილიყო ადგილი, სადაც ადამიანები კომფორტულ გარემოში შეხვდებიან ერთმანეთს. ახლა „ათი ა” უამრავი ადამიანის შეხვედრის საყვარელი ადგილია, კომერციული საკითხების მოგვარება ვერ ვისწავლე. ამას წინათ გადაცემაში ვიყავი მიწვეული და წინასწარ ვთხოვე წამყვანს, რომ კომერციული შეკითხვები არ დაესვა ჩემთვის. ეს საკითხი კომპეტენტურ ხალხს აქვს ჩაბარებული.
– იოლად ჩააცვით თბილისურ ბომონდს მიმტანებისა და ბარმენების ფორმები?
– პრობლემა არავის ჰქონია, ყველაზე ორიგინალურად კი ამ როლს მოერგო ჩემი მეგობარი ფუფა გოგლიძე, რომელიც იყო ფეის-კონტროლი და რაციებით იდგა კარში. იმ დღეს საკმაოდ რთული იყო კაფეში შემოსვლა და მე ამ როლში არ გამოვდგებოდი, რადგან ასეთი მკაცრი ფეის-კონტროლი ვერ ვიქნებოდი. უკვე ოთხჯერ მოვაწყვეთ ეს აქცია – ხუთშაბათობით ბარის მომსახურე პერსონალი ჩვენ ვხდებით: დაცვა, ფეის-კონტროლი, დიჯეი, ბარმენი და მიმტანი – ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს. მე, მაგალითად, მიმტანი ვიყავი, თვითონ შევკერე ფორმები, ჩემთვის მიმტანის ფორმა გავაკეთე. პირველ დღეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ კედებზე უნდა გადავსულიყავი. ძალიან მომეწონა ეს ამპლუა, ყველაფერს მშვენივრად გავართვი თავი, საფერფლეების გამოცვლასაც კი. ჩვენი მიმტანები გვავარჯიშებდნენ, გვასწავლიდნენ, რომელი მხრიდან უნდა მიუდგე მაგიდას, რამდენ ხანში უნდა გამოცვალო თეფში, საფერფლე. უკვე ისე მივეჩვიეთ ამ საქმეს, რომ ვიცი, რომელი კლიენტი როგორ სვამს ვისკის (იცინის). ხუთშაბათობით ანშლაგები იყო ჩვენთან, სტუმრები თავიდან ძალიან დაბნეულები გვიყურებდნენ, მერე გავრცელდა ხმები და ჩვენს ახალ ამპლუას შეეჩვივნენ.
– „ჩაევიეს” გიტოვებდნენ კლიენტები?
– დიახ და საკმაოდ კარგად, მგონი, უფრო მეტსაც გვიტოვებენ. გავაკეთეთ სპეციალური გამჭვირვალე ყუთი, შევიძინეთ ორი ზარი და როცა ფულს გვიტოვებდნენ ვრეკავდით ზარს და ვამბობდით, ვინ რამდენი „ჩაევიე” აიღო. შეგროვილი თანხით ახალგორელ ბავშვებს საჩუქრები ვუყიდეთ საახალწლოდ. ახლა ცოტა დიდი შესვენება გამოგვივიდა, მალე ხუთშაბათის აქციას აუცილებლად გავაგრძელებთ და სიურპრიზებიც იქნება.
– რეზი როგორ შეხვდა თქვენს ახალ ამპლუას, სახლშიც ხომ არ გთხოვთ მიმტანის ფორმაში გამოწყობას?
– არა, ვერც ჩვენს აქციებზე ვერ მოვიზიდე (იცინის). როცა რეზი მირეკავს და ვეუბნები: ორი მაგიდა დამრჩა და, როგორც კი გავუშვებ, წამოვალ-მეთქი, მაშინვე ხდება ეს რეზისეული ხუმრობის თემა. სახლში რად უნდა, მიმტანის ფორმაში რომ ვიყო, ამ როლს ხომ ფორმის გარეშეც ვასრულებ? (იცინის).