კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის „ატორმუზებინებს“ ცოლს სოზარ სუბარი და რატომ უყურებს ის მეუღლის ყველა ორსულობას ეჭვის თვალით


სოზარ სუბარი თბილისის გარეუბანში, „ხრუშჩოვკის“ ბინაში გასათხოვარ დასთან, ცოლთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ცოლის, თამთას, თქმით, მასთან ცხოვრება ბედნიერებაა, რადგან პრეტენზიებს არაფერზე აცხადებს. მისი მშვიდი ხასიათი და ქცევის მანერებიც ოჯახისთვის მისაღებია, რამდენიმე ნიუანსი რომ არა: სიდედრის „ნაწვალებ“ საჭმელებს ზემოდან მაწონს ასხამს, ან, მწვანილებითა და სვანური მარილით შეზავებულ მაწონს მიირთმევს, სახლიდან გაუწმენდავი ფეხსაცმლით გადის და წვერს მანქანაში იპარსავს.


– იმერელი და სვანი როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს, რა უცნაურობები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

– სანამ შევუღლდებოდით, მანამდე ვიცნობდი სოზარის და-ძმებს, ნათესავებს. დედ-მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. ამდენად, როცა მათ ოჯახში შევედი, უცხო გარემო არ დამხვედრია. არაფერი გამიჭირდა, უფრო გამიკვირდა, რადგან ცოტა სხვანაირი ურთიერთობები დამხვდა. იმერელი ვარ და, საერთოდ, ყუბანეიშვილები ცნობილები ვართ, როგორც ხმაურიანი ხალხი, ბევრი ლაპარაკიც გვიყვარს. სოზარი და მისი და-ძმა კი სხვანაირები არიან – არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, ერთმანეთისთვის შენიშვნის მიცემა, ერთმანეთის საქმეებში ჩარევა. კარგად ვიცი სიტუაციაზე მორგება, მაგრამ მაინც გამიკვირდა. მე და სოზარი წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს. მისი ძმა დამწყები მძღოლი იყო და ხშირად გვატარებდა მანქანით. აღმოჩნდა, რომ კარგა ხანს არ იცოდა ჩემი სახელი, მერე ჰკითხა ჩემზე, რა ჰქვიაო.

– როგორც ჩანს, ვერ მოახერხე ქმრის შეცვლა, შენსავით აქტიური რომ გამხდარიყო და ბევრი ელაპარაკა.

– მე ვერ მოვახდინე გავლენა, ამათ შემცვალეს. მეც მივხვდი, რომ არ არის საჭირო ზედმეტი ლაპარაკი და ემოციები. ასეთი ურთიერთობა ჯობია, ზედმეტად თავი არ უნდა მოაბეზრო ადამიანს. თუმცა, ალბათ, სოზარმაც გადაიღო ჩემგან რაღაც. უფრო მეტად ყურადღებიანი, გახსნილი გახდა, თუნდაც ბავშვებთან. იმდენად თავმდაბალია, არ უყვარს, როცა ვინმე შეაქებს. პირიქით, ბრაზდება ხოლმე. მე მეუბნება, კარგად გეხერხება, ოჯახი წარმართო და ყველაფერს ორგანიზება გაუკეთო, იმას ეს დაავალო, ამას – ეს, თვითონ კი არაფრის კეთება არ გიყვარსო. სწორედ ეგაა მთავარი, რომ ყველა ჩართო საქმეში და მარტო შენს თავზე არ აიღო მთელი პასუხისმგებლობა-მეთქი, – ვპასუხობ. საქმის კეთება მიყვარს და ბევრ რამესაც ვაკეთებ, მაგრამ, სამი ფეხმძიმობა ისე გადავაბი, სულ წოლითი რეჟიმი მქონდა და მძიმე იყო ჩემთვის საქმის კეთება. ამიტომაც ძიძა ავიყვანეთ.

– ძიძა კარგია, მაგრამ ის, ალბათ, ვერ გამოგიყვანს მდგომარეობიდან, როცა ქმარი მეგობრებთან ერთად მოგადგება და სვანური საჭმელები არ დახვდება.

– სტუმრები რომ მოდიან, მარტო ჩემს თავზე არ ვიღებ ყველაფერს. სვანურ ოჯახში მოდიან და ყველა კუბდარს ელოდება, არადა, არ ვიცი ამ კუბდარის გამოცხობა და რა ვქნა?! ეს საქმე ჩემს მულს ევალება, რომელიც გასათხოვარია და ჩვენთან ცხოვრობს. ამას წინათ მოვინდომე, კუბდარი გამომეცხო. სატენიც ჩემმა მულმა შეაზავა და ცომიც მან მოზილა, მაგრამ, მაინც არ გამომივიდა და მერე ვთქვი, ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო ამ ყველაფრისთვის-მეთქი. ძირითადი რაღაცეები ვერ ვისწავლე, თორემ დანარჩენი, რაც სოზარს უყვარს, ყველაფერი ვიცი: მაწონი მწვანილებით, კარტოფილი – ყველით, ამას ხშირად ვუკეთებ.

– სვან მამაკაცებს თავისებური ხასიათი აქვთ. როგორ გამოხატავს გაბრაზებას შენი მეუღლე?

– ფიცხები არ არიან, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება – მტრისას! სოზარს არ უყვარს, ერთსა და იმავე შენიშვნას ორჯერ რომ მისცემ. არაფერს გეტყვის, მაგრამ, რომ ჩუმდება, ეს ნიშნავს, რომ უნდა „დაატორმუზო“. არც ბავშვების მიმართ არის მკაცრი, ამ ბოლო დროს დაიწყო – შუათანას ყურს აუწევს ხოლმე, თორემ, მე რომ გავუბრაზდებოდი ბავშვებს, შენიშვნას მაძლევდა – რატომ უბრაზდებიო. სოზარი იმ მამაკაცთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც არ მოსწონთ ცოლის სახლში ჯდომა. რაც მისი ცოლი გავხდი, მას შემდეგ სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ ვიმუშაო. მართლა ისეთი ფეხმძიმობა მქონდა, რომ არ გამოდიოდა მუშაობის დაწყება და ახლა დავიწყე.

– შენც, ალბათ, გაწყობდა ასეთი სიტუაცია, რომ არ გემუშავა.

– ზუსტად ამას მეუბნება: იმდენად არ გინდა მუშაობის დაწყება, სპეციალურად ფეხმძიმდებიო. ბოლოს მართლა აღარ იყო არაფრის საშუალება. ახლა ხომ ხედავ, რომ ხელფასი აღარ მაქვს და შენი მუშაობაა საჭიროო. მართალია, არ მაქვს მაღალი ხელფასი, მაგრამ მაინც ძალიან გამოგვადგა. სოზარს სტაბილური შემოსავალი არ აქვს, არ არის პარტიის წევრი, იქ არის როგორც თავმჯდომარე, რაც ხელფასს არ ითვალისწინებს. როცა ჰქონდა, იმისთვის მაინც არ გვყოფნიდა, რომ გამართულად გვეცხოვრა. როგორც ხედავ, გარეუბანში, პატარა, ძალიან სარემონტო ბინაში ვცხოვრობთ. უფროსი ბავშვი სასკოლოა და შეგუებული ვართ იმას, რომ კერძო სკოლაში ვერ შევიყვანთ. ერთს რომ შეიყვან, დანარჩენებიც ხომ უნდა მიიყვანო, ამიტომ, ზედმეტ რაღაცეებს არ ვითხოვთ. თვითონ სოზარია ისეთი, რომ მისთვის მატერიალური მხარე პრიორიტეტი არ არის. ხშირად გვქონია შემთხვევები, ბოლო კაპიკამდე დაგვიხარჯავს.

– ამ დროს ქმარს არ უდგახარ გვერდში? მე ვიცი ცოლები, რომლებსაც კარგად ეხერხებათ მძიმე სიტუაციებიდან გამოსვლა: ან გადანახული აქვთ ფული, ან ვინმესგან სესხულობენ, ან სახლიდან გაყიდიან რაღაცას...

– ჰყავს ნათესავები, მეგობრები, ვისგანაც შეუძლია, ისესხოს, მაგრამ საოცრად მორიდებულია. მე ამ დროს ვერაფერს ისეთს ვერ გავაკეთებ, რაც მას არ უნდა და ვიცი, რომ არ მოეწონება. არასდროს ვეტყვი, ფული მინდა რაღაცაზე და რამე მოიფიქრე-მეთქი. საჭმლისთვის ყოველთვის მაქვს რაღაც გადანახული.

– ისე, ხვდები, როდის სწყინს, რაზე ფიქრობს?

– შემიძლია, მივხვდე, როდის არის დაძაბული. რომ შევეკითხები, რაზე ფიქრობ-მეთქი, მეუბნება, როგორ ხვდები, რომ ვფიქრობო. თუ მე არ ვკითხე, არ არსებობს, დაჯდეს და მომიყვეს. თუ ჩავეკირკიტე, შეიძლება, საერთოდ აღარაფერი მითხრას. ისე უნდა მოვახერხო, არც ის იფიქროს, რომ ზედმეტად ვერევი მის საქმეებში და არც ის ეგონოს, რომ ვცდილობ, ვათქმევინო. ბუნებრივად უნდა იგრძნოს, რომ რაღაც მაინტერესებს. სოზარი ქალის აზრს, ზოგადად, პატივს სცემს. არასოდეს უხეშად და აგდებულად არ მომექცევა, რადგან იცის, რომ არც მე მოვექცევი ასე. ახალი გათხოვილი ვიყავი, სულ აგვიანებდა და ვერ ვეგუებოდი, მეგონა, რომ სულ ჩემთან უნდა ყოფილიყო. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, კიდევ კარგად ახერხებდა, რომ ხანდახან მაინც დავდიოდით და ვსეირნობდით. მეტყოდა, დღეს თუ ისეირნეო. როგორია მარტო სეირნობა?! ახლა შედარებით გაუჩნდა თავისუფალი დრო.

– როგორია ეს ადამიანი სახლში: რას ჭამს, სვამს, უყურებს თუ არა ტელევიზორს, რამდენ ხანს სძინავს, როდის იღვიძებს, მეზობლებთან თუ აქვს ურთიერთობა?

– ძალიან უყვარს ფეხზე მდგარს ჭამა. ვეუბნები, დაჯექი, ადამიანო, და ისე ჭამე-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ეჩქარება. არ უყვარს გაწმენდილი ფეხსაცმელი. არ ვიცი, ავიწყდება თუ ეზარება, შეუძლია, ისე გავიდეს სახლიდან, არ გაწმინდოს, მამაჩემი მოდის და გაწმენდილს უტოვებს ხოლმე. დღემდე არ უყვარს ჰალსტუხი. შეხვედრა რომ აქვს, გაიკეთებს, მაგრამ მერე უცებ მოიხსნის – ვერაფერს ვერ იტანს მოჭერილს. დედაჩემი როცა ჩვენთან იყო, კულინარიული შედევრებით ანებივრებდა, მაგრამ, სოზარი ყველაფერს მაწონს მოასხამდა და დედაჩემის გაკეთებული კერძი აზელილ-დაზელილი რჩებოდა. კვახი რომ კვახია, იმასაც მაწვნით მიირთმევს; მაწონში სვანურ მარილს ჩაყრის და ისე ჭამს. ასე რომ, მას რძის ნაწარმის გარეშე არ შეუძლია.

– ეგ არაფერი, ისევ მაწონი ჭამოს და ნერვები არ მოგიშალოს, არ გირჩევნია?

– რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, საპარსი წაუღია და მანქანაში გაუპარსავს პირი. ვეუბნები, ისე გააკეთე, რაღაცას მოაკელი ის ხუთი წუთი, რომ მოასწრო-მეთქი. ურჩევნია, საქმეს მოეკიდოს პასუხისმგებლობით, ვიდრე საკუთარ თავს დაახარჯოს დრო. მიყვარს, როცა სახლშია, ძალიან მეხმარება. არაფრით შეგაწუხებს, ჯუჯღუნა კაცების რიცხვს არ განეკუთვნება. მარტო ერთ სიტყვას გეტყვის და, ჩათვალე, რომ ის არის ყველაფერი, იმის მეტს არ იტყვის. თუ არ გააკეთებ, არც ეს იქნება მისთვის ტრაგედია. ზოგადად, სოზარი ჩემთვის არის ავტორიტეტი, ყველანაირი კარგი თვისების მქონე მამაკაცი, რომელსაც ვენდობი.

– ვიცი, რომ კარგა ხანს ვერ ხვდებოდა, რატომ ახსენებდა ყველგან შენს სახელს. მოგვიყევი ამის შესახებ.

– სანამ გავყვებოდი, იყო შემთხვევები, ვიღაც ნათესავი დაურეკავდა, სვანურად ლაპარაკობდნენ და ჩემს სახელს ახსენებდა. მიკვირდა, არ მიცნობს ის ადამიანი, არც მე ვიცნობ და რატომ ელაპარაკება ჩემზე-მეთქი. ლამის ყოველი მეორე სიტყვა იყო „თამთა“. ვიფიქრე, ალბათ, ეუბნება, თამთასთან ერთად ვარო, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, ასე ხშირად რატომ იმეორებდა ამას. მერე რომ ვკითხე, რატომ მახსენე-მეთქი, მიპასუხა, არ მიხსენებიხარო. ერთ დღესაც, თავისი ძმა ურეკავს. სოზარმა უთხრა: „თამთა მეშ“. ეს რომ გავიგონე, შევაწყვეტინე ლაპარაკი, – აი, ახლა ახსენე ჩემი სახელი-მეთქი. ის კი მიყურებს გაკვირვებული – რა უნდაო. თურმე „თამთა მეშ“ – „ნელ-ნელას“ ნიშნავს.

– მის ეჭვიანობაზე აღარაფერს გკითხავ, ამის დარდი, ალბათ, საერთოდ არ აქვს.

– ჰო, არ დამირეკავს და არ მკითხავს, სად მივდივარ, ვისთან ერთად ვარ, გვერდით ვინ მიზის. ადრე მწყინდა, რატომ არაფერს მეკითხება-მეთქი, მაგრამ, მერე მივხვდი – რა საჭიროა? სოზარი ისეთი ადამიანია, რომელიც პატივს სცემ შენს პირად ცხოვრებას, არ ჩაერევა შენს საქმეებში. მეც დარწმუნებული ვარ, არასოდეს ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც ჩემთვის გულსატკენი იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მაგის არ მეშინია. ვენდობი, მყარი ადამიანია.


скачать dle 11.3