თბილისის “იმიჯ ლაბორატორია„,ანუ სტილისტების სკოლა, მოდური ტენდენციებითა და ცნობილი ვიზაჟისტით უკვე თბილისშია
უკვე დიდი ხანია, ლანა მატახელია რუსეთში ცხოვრობს და იქ აქტიურად საქმიანობს, მაგრამ, გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოსულიყო და თავისი გამოცდილება ქართველებისთვისაც გაეზიარებინა, რაც, ჩემი აზრით, ნამდვილად გვჭირდება. მისი მეგობრების სიაში ძალიან ბევრი რუსი და ქართველი ცნობილი პიროვნებაა, რომლებიც ლანას თვალდახუჭული ენდობიან საქმეში. დღეს კი ლანას თბილისურ ლაბორატორიაში მაკიაჟისა და ვარცხნილობის შესახებ ძალიან ბევრი რამის სწავლა და, რაც მთავარია, გალამაზება და საკუთარი სტილის პოვნაა შესაძლებელი.
ლანა მატახელია: რვა წელია, ვიზაჟისტად ვმუშაობ ისეთ გადაცემებზე, რომლებიც მზადდება „ეს-ტე-ესისთვის“ და „დამაშნიასთვის“, ვმუშაობ „ერ-ტე-ერ-ზე“, „ტე-ენ-ტე-ზე“. რადგან ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში და გამეხსნა „იმიჯ ლაბორატორია“, ანუ სტილისტების სკოლა. მინდა, მსურველებს ვასწავლო, როგორ კეთდება მაკიაჟი, ვარცხნილობები, როგორ შეიძლება ქალისა და მამაკაცისთვის იმიჯის შეცვლა, მათთვის შესაფერისი სტილის, სამოსის შერჩევა. ჩვენი სკოლადამთავრებულები, წარჩინებული მოწაფეები, თამამად იმუშავებენ როგორც ტელევიზიაში, ისე ჟურნალებში, მოდის სფეროში. მათ ასევე ვასწავლით, როგორ უნდა გაიკეთონ მაკიაჟი თვითონ, სხვისი დახმარების გარეშე. ჩვენთან სწავლა ყოველდღეა, გვაქვს კურსები, რომელიც ეხება როგორც მაკიაჟს, ასევე ვარცხნილობასაც. რაც მთავარია, იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულ ნიჭს გამოავლენენ, ლაბორატორიაში დავტოვებთ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწონ. მათ სამუშაოს შემოთავაზებების დროს წავიყვან პრაქტიკაზე და, თუ კარგად იმუშავებენ, მარტოც გავუშვებ. ჯერჯერობით თბილისში ვარ, თუმცა რუსეთში ისევ ვმუშაობ და მინდა, რომ ჩვენს ლაბორატორიაში პროფესიონალი კადრები მოვამზადოთ, თანაც, მათ ექნებათ საშუალება გამოიყენონ სახისა და თმის საუკეთესო კოსმეტიკა და, შეიძინონ კიდეც. ჩვენ ასევე ვაკეთებთ საქორწილო, სადღესასწაულო ვარცხნილობებს, მაკიაჟს და, რაც მთავარია, ქართველებს ყოველთვის შევთავაზებთ სიახლეებს მოდის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის ტენდენციებში.