რატომ შეარქვეს ლადო ტატიშვილს „პასპორტი“ და რატომ არ უყვარს მას, უფროსი ძმისგან განსხვავებით, ტრადიციული დროსტარება
საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამაში ლადო ტატიშვილმა 2004 წელს მოსინჯა ბედი. მაშინ ის კულინარიულ რუბრიკას უძღვებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ლადო, განახლებულ დილაში გამოჩნდა და კულინარიიდან, მრჩეველი წამყვანის რანგში გადაინაცვლა. ლადო 31 წლისაა, ის ყოფილი „კავეენშიკია.“ მისი სატელევიზიო დებიუტი ჯერ კიდევ 1995 წელს შედგა. მუშაობდა სხვადასხვა არხებზე. ლადო პროფესიით იურისტია, თუმცა პროფილით არასდროს უმუშავია. ის იურიდიულ ფაკულტეტზე მხოლოდ და ხოლოდ მშობლების დაჟინებული თხოვნით აღმოჩნდა. ტელევიზიის გარდა, ის სარეკლამო სააგენტო „ზებრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ლადოს უფროსი ძმა, პოპულარულ სერიალ „შუა ქალაქის,“ პოპულარული სახე, ირაკლი ჩხეიძეა.
– განახლებულ „დილაში“, როგორც ვიცი, ახალი კადრები 35 წლის ზევით აიყვანეს, თუმცა შენ 31 წლის ხარ.
– ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 35 წლის ზევით ვარ (იცინის). ოთხეულში, რომელთან ერთადაც „დილა“ მიმყავს, ყველაზე პატარა და ნორჩი მე ვარ.
– კურიოზული ადამიანი ხარ?
– სიტუაციას გააჩნია. საკმაოდ ფრთხილი ვარ, ამიტომ გამოუვალ სიტუაციებში თითქმის არ ვვარდები.
– საკუთარი პროფესიით რატომ არასდროს გიმუშავია?
– საკუთარი პროფესიით მოღვაწეობა მაშინ დავასრულე, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე. იურიდიულ ფაკულტეტზე მშობლების გადაწყვეტილებით ჩავაბარე – ეს იყო და ეს. ჩემთვის არც უკითხავთ, მინდოდა თუ არა.
– შენთვის რომ ეკითხათ, რას აირჩევდი?
– ბევრი პროფესია მომწონდა, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერი გამოვიდოდი იურისტის გარდა. სკოლის ბოლო კლასები და უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომი პერიოდი უცხოეთში ვცხოვრობდი. იქ რომ ვთქვი, იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული-მეთქი, არ დამიჯერეს – 21 წლის ასაკში ეს მათთვის წარმოუდგენელია.
– უცხოეთში რას აკეთებდი?
– დუბლინში ძირითადად ვცდილობდი, რომ მესწავლა, პარალელურად, ვმუშაობდი. პირველად რომ წავედი დუბლინში 14 წლის ვიყავი. მშობლებმა ჩამსვეს თვითმფრინავში და გამიშვეს.
– 14 წლის ბავშვისთვის ძნელი არ იყო დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება?
– საშინელება იყო. თბილისში ყოველდღე ვურეკავდი ჩემებს, წამიყვანეთ-მეთქი. ძალიან რთული იყო, თუმცა ბევრი რამ ვისწავლე.
– არასდროს შეგშინებია, თუნდაც იმის, რომ უცხო ქვეყანაში დაკარგულიყავი?
– იცი რა, როცა პატარა ხარ და თავში „გიქრის“, მაშინ არაფრის გეშინია. შიშები ასაკთან ერთად მოდის. როცა თავში „გიქრის“, არაფერზე ფიქრობ.
– დაოჯახებული არ ხარ?
– არა, ჩემი გული თავისუფალია. მე თვითონ ვარ თავისუფალი ადამიანი.
– შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?
– ჩემთვის ეს ძალიან უხერხული შეკითხვაა, რადგან პასუხის გაცემა მე თვითონ მეუხერხულება. 31 წლის ვარ და ჯერ შეყვარებული არ ვყოფილვარ. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომანტიკულები რომ არიან. არსებობს ისეთებიც სხვაგვარად რომ უყურებენ ყველაფერს. ალბათ, მეც მათ კატეგორიას მივეკუთვნები, ან არ მაქვს ღმერთისგან ბოძებული ეს ნიჭი. შეყვარებული მე სხვა რაღაცეებზე ვარ.
– ორი დედმამიშვილი ხართ?
– კი, ერთი ძმა მყავს.
– გამოდის, რომ, რაც შენ ვერ მოახერხე, ოთარმა ორმაგად აანაზღაურა. მას უკვე მეორე ოჯახი აქვს შექმნილი.
– ოთარმა მაჯობა. ის ნატურით არის ასეთი, სულ შეყვარებული იყო.
– გარდა ამ თვისებისა, რით განსხვავდებით ძმები ერთმანეთისგან?
– მე და ოთარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ტიპაჟები ვართ. მე ვერ ვამჩნევ, მაგრამ როგორც ამბობენ, ფიზიკურად ერთმანეთს ვგავართ.
– არასდროს გქონია სურვილი ძმის გვერდით, „შუა ქალაქში“ აღმოჩენილიყავი?
– ჩემს ხასიათს ცუდად იცნობთ. ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ ეკრანზე გამოჩენისადმი ლტოლვა არასდროს მქონია. მე რომ ეს მდომებოდა, ძალიან ბევრ კარგ წინადადებას დავთანხმდებოდი. ასეთ საკითხებს რთულად ვუდგები. რაც არ მომწონს, იმას არასდროს გავაკეთებ.
– თუმცა, ალბათ კარგად გამოგივიდოდა სერიალში თამაში.
– ვიცი, რომ კარგად გამომივა, მაგრამ არ მინდა. იმას არ ვამბობ, რომ ვიღაცაზე ნიჭიერი ვარ, ან უკეთ შემიძლია. უბრალოდ ვიცი, რომ სერიალებში თამაში ჩემი საქმე არ არის.
– „შუა ქალაქის“ ფრაზებით თუ საუბრობ?
– მე საკუთარი ფრაზები მაქვს. სხვათა შორის, ოთარს თვითონ აქვს ბევრი ჩემი მიმიკა აღებული. მამისგან კი აღებული აქვს „ბუჰეჰეჰე“ – მამაჩვენი იცინის ასე.
– თავგადასავლების მოყვარული თუ ხარ?
– თავგადასავლებზე არ ვგიჟდები, მაგრამ მეგობრებთან ერთად ხშირად აღმოვჩენილვარ სახალისო სიტუაციებში – განსაკუთრებით მეზობელ რუსეთში, „კავეენის“ ვოიაჟების დროს. იმდენად კარგი დრო იყო, ერთად რომ შევიკრიბებით, ნოსტალგიაშიც კი ვვარდებით. რუსეთში ძალიან პოპულარულია „კავეენი“ და მონაწილეებიც – შესაბამისად. ჩვენი გამოსვლები ზეპირად იცოდნენ, განსაკუთრებით მესაზღვრეებმა. მათ გუნდის „პასპორტი“ შემარქვეს.
– რატომ?
– ყველაზე დასამახსოვრებელი ვიყავი ვიზუალურად. რომ დაგვინახავდნენ, გვკითხავდნენ, „ვი კავეენშიკი?“ „ა, გძე ვაშ პასპორტ?“ ჩვენები დაანახვებდნენ ჩემს თავს და ეტყოდნენ, „ვოტ ნაშ პასპორტ.“
– სხვა ფსევდონიმი თუ გაქვს?
– წიგნების წერას რომ დავიწყებ, მაშინ უფრო ადვილად შევარჩევ ფსევდონიმს. ისე, გვარიდან გამომდინარე, მე და ოთარს დიდ და პატარა „ტატიშას“ გვეძახიან.
– როგორი ბავშვები იყავით?
– სულ ვჩხუბობდით. ეზოში რომ ვიყავით და დედა დამიძახებდა, ამოდიო – სანამ ოთარი არ ამოვა არ ამოვალ-მეთქი, ვპასუხობდი. დაიძინეო, თუ მეტყოდნენ, სანამ ოთარი არ დაიძინებს – არ დავიძინებ-მეთქი. ამის გამო მერე მთელი ამბავი იყო. ერთადერთი, რაშიც მე და ოთარი ვთანხმდებოდით, ეს მუსიკა იყო. ღამე ოთახში ვიკეტებოდით და ვუსმენდით. ოთარი მოსკოვში ან ლენინგრადში რომ მიდიოდა, გადამყიდველებთან ყიდულობდა გენიალურ ფირფიტებს.
– ქეიფის და დროსტარების მოყვარული ხარ?
– სხვათა შორის, არა. ოთარი მეგობრებთან ერთად რომ ქეიფობს და დამირეკავს, მოდიო, ხშირ შემთხვევაში უარს ვეუბნები. სადღეგრძელოებსა და ტრადიციულ სუფრებზე დიდად არ ვგიჟდები. მირჩევნია, მყუდრო ბარში ან კაფეში შევიდე და იქ ვიყო.
– ნაბახუსევზე როგორ გრძნობ თავს?
– გადასარევად. არავინ არ მაწუხებს აბსოლუტურად და არც მე ვაწუხებ ვინმეს.
– რას შეუძლია შენი წყობიდან გამოყვანა?
– ჩემი წყობიდან გამოყვანა, თვითონაც არ ვიცი, რას შეუძლია. შეიძლება ძალიან პატარა რამეზე ავფეთქდე. ვინც კარგად მიცნობს, სახეზე მატყობს აფეთქებას რომ ვაპირებ და ცდილობს, სიტუაცია განმუხტოს. ძალიან იშვიათად გამოვდივარ წყობიდან, მაგრამ თუ გავბრაზდი, სერიოზულად ვბრაზდები. პირდაპირი ადამიანი ვარ და გულში არასდროს ვიტოვებ სათქმელს. ჩემი ეს თვისება ხშირად პრობლემებსაც მიქმნის ხოლმე.
– სარეკლამო სააგენტო „ზებრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარ. რომელია თქვენი დამზადებული რგოლი?
– „თი ბი სი-ს“ მადლობა ურთიერთობისთვის. ძალიან საინტერესო კლიპი იყო „შხეფი,“ ბავშვების ავტორბოლა და ასე შემდეგ.
– შენ რით განსხვავდები სხვებისგან?
– ყველა ადამიანს აქვს რაღაც, რითაც სხვისგან განსხვავდება. უბრალოდ, მან ეს არ იცის და უნდა აღმოაჩინოს. ალბათ, მეც განვსხვავდები სხვებისგან რაღაცით.
– ინტერვიუს დასასრულს, რას ეტყვი მკითხველს?
– დაბეჭდავთ რომ ვთქვა?
– კი.
– მკითხველს ერთ რამეს ვეტყვი: ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ერთი რამ მინდა ვურჩიო, დაანებოს ინტერვიუს კითხვას თავი, წიგნი გადაშალოს და წაიკითხოს.