რა შემთხვევაში „გადააგდებს“ ვლადიმირ პუტინი ზურაბ ნოღაიდელს და რატომ ვარაუდობს პაველ ფელგენგაუერი საომარი მოქმედებების განახლებას აპრილიდან
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ავღანეთისკენ სამხედრო ტვირთების გადასაზიდად საქართველოს ტერიტორია და მისი ინფრასტრუქტურა, პორტების ჩათვლით, დიდსულოვნად შესთავაზა. ცნობილია, რომ ამგვარი შეთავაზებები რფ-ზე ისე მოქმედებს, როგორც ხარზე – წითელი მოსასხამი. როგორც ჩანს, ეს ჭეშმარიტება ოკეანის გაღმაც იციან და, სავარაუდოდ, ამიტომაც შეთავაზებას ჯერჯერობით დუმილით პასუხობენ. რამდენად რეალურია, რომ ვაშინგტონი დათანხმდება ამ შეთავაზებას, როგორი რეაქცია აქვს რუსეთს და რა კავშირს ხედავს რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი საქართველოსადმი რუსულ ამჟამინდელ პოლიტიკასა და ზურაბ ნოღაიდელის მიერ აპრილში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შორის ამის შესახებ მასთან ინტერვიუთი შეიტყობთ.
– პაველ, რა მოტივებს ხედავთ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაში?
– ჯერჯერობით გაუგებარია, გამოიყენებს თუ არა ამერიკა საქართველოს ტერიტორიას სახმელეთო გადაზიდვებისთვის, რადგან ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც, გამოჩნდება თუ არა სხვა გზები. თუმცა ეს არ არის იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ლოგისტიკის პრობლემა. რუსეთს ეს საკითხი განსაკუთრებით არ აღელვებს, იმიტომ რომ ამით პოლიტიკური სიტუაცია არ იცვლება. ამიტომ არ ველი რაიმე განსაკუთრებულ რეაქციას.
– იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონი ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის?
– არა, პოლიტიკურად ეს საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი, თორემ ამ თვალსაზრისით არც ამერიკას აღელვებს ის და არც რუსეთს.
– ჩვენ გვახსოვს, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ამერიკული სამხედრო გემები შემოდიოდნენ შავ ზღვაში, რუსეთის ხელისუფლებას ძლიერი რეაქცია ჰქონდა.
– ეს სხვადასხვა საკითხია. მაშინ რუსეთის საზაფხულო დედაქალაქთან, სოჭთან, გამოჩნდა ამერიკული სამხედრო გემები, სიტუაცია კი ძალიან დაძაბული იყო. თუმცა სიტუაცია თქვენთან ახლაც ძალიან სახიფათოა, ახალი ომის ალბათობა მარტი-აპრილიდან მოყოლებული ისევ მაღალი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება დაკავშირებული იმასთან, გაივლიან თუ არა ავღანეთისკენ მიმავალი რაღაც კონტეინერები საქართველოზე.
– ანუ სააკაშვილი გრძნობს, რომ ომის ალბათობა მაღალია და ამიტომაც იჭერს თადარიგს?
– მან ესტონეთში ვიზიტის დროს განაცხადა ამის შესახებ. მოსკოვმა კი, პირიქით, ჟენევაში დასდო ბრალი საქართველოს აგრესიის მომზადებაში. თავის მხრივ, ნოღაიდელი აპრილში აქციების დაწყებას აპირებს „კონსერვატორებთან“ და სხვებთან ერთად. ასე რომ, აპრილში მხიარულება დაბრუნდება, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა ეს გადაზიდვები. ყველასთვის ცნობილია საქართველოს მისწრაფება, დაეყრდნოს დასავლეთსა და ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებაში და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.
– შეიცვალა რაიმე დასავლეთისა და ამერიკის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ?
– ისინი იმედოვნებენ, რომ ყველაფერი მშვიდად იქნება. მათ, როგორც წესი, ამის მეტი არაფერი უნდათ. მათი სურვილია, რომ ვითარება გაიყინოს და საქართველომ, თავისი პრობლემებით, არავის შეუშალოს ხელი.
– რატომ არ სარგებლობს ამერიკა რუსეთის მიერ შეთავაზებული საჰაერო გზით?
– ამ საჰაერო-სატრანზიტო გზამ არ იმუშავა, მაგრამ ლაპარაკობენ, რომ მალე ამუშავდება. ამჟამად ამერიკა იყენებს ბაზებს სპარსეთის ყურეში და იქიდან შეაქვს შეიარაღება პაკისტანის საჰაერო გზის გავლით. ამის პარალელურად, სხვა საჰაერო გზებსაც იყენებენ. ასე რომ, მართალია, ჩვენები აჯანჯლებენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკელები დამოკიდებული იყვნენ რუსეთის საჰაერო დერეფანზე. ყველა ელის, რომ საცაა ეს პრობლემაც მოგვარდება.
– რუსეთი კვლავ ადანაშაულებს საქართველოს, რომ ეს უკანასკნელი ომისთვის ემზადება. „აგვისტოს ტანკებში“ ვკითხულობთ, რომ საქართველოს ჯარის ბრძოლისუნარიანობა 2008 წლის შემდეგ გაიზარდაო, თუმცა მე ამის ნაკლებად მჯერა, თქვენი აზრით?
– არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ქართველები არ იყვნენ მზად რუსეთთან ომისთვის და ეს საკითხი არც განიხილებოდა. იმ ომის დაწყებამდეც ვეუბნებოდი, მათ შორის, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომ რუსეთი სრული ძალებით ჩაერთვებოდა ომში. ახლა თქვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ამისთვისაც მზადაა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ქართველებს უყვართ ლაპარაკი, ოღონდ რთული სათქმელია, რეალურად როგორ მოემზადნენ.
– რუსეთი რატომ ამტკიცებს, რომ საქართველო მოემზადა?
– პრინციპული ის კი არ არის, გაძლიერდა თუ არა ქართული ჯარი, არამედ ის, რომ თქვენი სამხედრო დანაკარგი მინიმალური იყო. მე ომის შემდეგ ვკითხე თქვენს თავდაცვის მინისტრს, რატომ არ დანაღმეთ გზები, როდესაც უკან იხევდით-მეთქი და მან მიპასუხა, რომ ნაღმები არ ჰქონდათ (იცინის). ვემზადებოდით ოტავის ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის, რომ აგვეკრძალა ნაღმების გამოყენებაო. ახლა, ალბათ, რაღაც ნაღმები მოიძიეს. აგვისტოში არც ბუნკერები გათხარეს, არც თავდაცვითი ომისთვის მოემზადნენ. ფიქრობდნენ, ყველაფერი ისევე იქნებოდა, როგორც 90-იან წლებში აფხაზეთში, როდესაც რუსეთი შენიღბულად იბრძოდა. ასე რომ, საქართველო მაშინ ომში სრულიად მოუმზადებელი ჩაერთო. თუმცა ომის შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ჯარი არაფრად ვარგა, უბრალოდ ისინი მზად იყვნენ, გაენადგურებინათ ოსური ფორმირებები, რაც მათ გააკეთეს კიდეც, მაგრამ რუსეთთან ომის ამოცანა მათ არ ჰქონიათ. ახლა ემზადებიან, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ.
– ვინ ამბობს?
– ოფიციალურადაც ამბობენ და არაოფიციალურ შეხვედრებზეც. საერთოდ, ქართველებს უყვართ ბევრი ლაპარაკი. ამიტომ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ, თუ მაშინ არ ესმოდათ, რა ელოდათ, ახლა უკვე იციან, რაც მოელით.
– როგორც სამხედრო ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, თეორიულად როგორი შესაძლებლობა აქვს ქართულ ჯარს რუსულთან მიმართებაში?
– ბუნებრივია, საქართველო რუსეთს ვერ დაამარცხებს, მაგრამ მას შეუძლია, შეაკავოს რუსეთის ჯარი და არ დაუშვას ბლიც-კრიგი, იმის იმედით, რომ, თუ რუსული აგრესია გაფართოვდება, მსოფლიო თანამეგობრობა ჩაერევა და რუსეთს გააჩერებენ დიპლომატიური გზით.
– თუ სწორად გავიგე, ქართული ჯარის მაქსიმუმია, თავიდან აიცილოს რუსეთის შეიარაღებული ძალების ბლიც-კრიგი?
– შეაკავოს შეტევა, დაღალოს მოწინააღმდეგე. ომი ფეხბურთივითაა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. საქართველოს ნაკრები „ნავერნო“ ვერ მოუგებს ბრაზილიის ნაკრებს.
– „ნავერნიაკა“.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტი ანგარიშის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა ხდება კაზუსებიც, როგორც, მაგალითად, გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში, როდესაც ამერიკის ნაკრებმა დაამარცხა ესპანეთის ნაკრები. ასევე ყველაფერი ხდება ომშიც.
– ამჯერად რა შეიძლება, გახდეს რუსეთისთვის ომის დაწყების მოტივი?
– მოტივები ძველია. რუსეთი შეეცდება, განამტკიცოს თავისი სრული ჰეგემონია პოსტსაბჭოთა სივრცეში და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰეგემონიის დამყარება მთელ კავკასიაში და არა მხოლოდ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“, ამისთვის კი აუცილებელია კავშირის დამყარება ჩვენს სამხედრო ნაწილებთან სომხეთში. ისინი დღეს მოწყვეტილი არიან, ამიტომ ახალი ტექნიკა ვერ შედის, ძველი კი ვერ გამოაქვთ. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში რუსული ძალები დასუსტდა. სომხეთთან ტრანზიტის არარსებობა გაუგებარს ხდის მომავალს. ასევე, გაუგებარია ჩვენი ვალდებულებები სომხეთის მიმართ. რუსეთი მზადაა და უკვე დაამტკიცა, რომ მზადაა თავისი ჰეგემონიის ძალით დასამყარებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში. დასავლეთი ამ ჰეგემონიას არ აღიარებს, მაგრამ არც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს მას. ამას დაამატეთ სუბიექტური მიზეზებიც: პირადი ზიზღი სააკაშვილისადმი. ისეთი რეჟიმისთვის კი, როგორიც რუსეთშია, პირადი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ჩვენთან გადაწყვეტილებებს იღებენ არა ინსტიტუციები, არამედ – პიროვნებები.
– ომის მიზანია სომხეთთან კავშირის და ზოგადად, რუსეთის ჰეგემონიის აღდგენაო, მაგრამ მოტივად რას აირჩევენ? თუ აი, ასე რუსეთი დაიკავებს საქართველოს ტერიტორიას სამხედრო ძალით და, უკაცრავად გამოთქმისთვის, მიაფურთხებს დასავლეთს?
– დასავლეთმა დაამტკიცა უკვე, რომ არ აპირებს რუსეთისთვის ხელის შეშლას.
– გასაგებია, მაგრამ მაშინ რუსეთს ჰქონდა ასეთი საბაბი: იცავდა ოსებსა და აფხაზებს განადგურებისგან. ახლა?
– ეკონომიკური კრიზისი მეტ-ნაკლებად დამთავრდა და რუსეთს აღარ სჭირდება დასავლური დახმარება. მე მაინც მგონია, რომ შეცდომა იქნება საქართველოსთან ომის დაწყება, მაგრამ ეს სავსებით შესაძლებელია. ტყუილად არ შეხვედრიან ნოღაიდელს.
– ეს როგორ გავიგოთ?
– პუტინი ადამიანებს ტყუილუბრალოდ არ ხვდება.
– რატომ აირჩიეს ნოღაიდელი. მე ვერ მოვუძებნე ახსნა, თქვენ?
– იმიტომ რომ ნინო არ ჩამოვიდა.
– მიიწვიეს?
– რამდენადაც ვიცი, მიიწვიეს, მაგრამ ნინომ არ მოინდომა შეხვედრა. იმისთვის, რომ მიიღო მმართველის იარლიყი, უნდა ეახლო დიდ ხანს და თაყვანი სცე. ასეთია წესი.
– ზურაბ ნოღაიდელი არც ისე პოპულარული პოლიტიკური პერსონაა საქართველოში?
– ეს კარგია, აბა, რაში გვჭირდება პოპულარული?! პოპულარული ხომ შიდა ძალებს დაეყრდნობა?! არაპოპულარული კი ჩვენ დაგვეყრდნობა. ასე რომ, არაპოპულარული გვირჩევნია.
– და აქვს ნოღაიდელს შესაძლებლობა, რომ გახდეს ამ ქვეყნის მმართველი?
– ხომ ვამბობ, რაც ნაკლებად პოპულარულია, მით უკეთესია. მისი შეცვლაც ადვილია იმ შემთხვევაში, თუ მორჩილად არ მოიქცევა.
– თუ ფსონი მორჩილ ნოღაიდელზე იდება, ეს ნიშნავს, რომ ომის საფრთხე მცირდება?
– პირიქით, იზრდება.
– ამიხსენით.
– გასულ წელს ფიქრობდნენ, რომ ოპოზიციას შეუძლია სააკაშვილის ჩამოგდება. დღეს მოსკოვში უკვე იციან, რომ ეს ილუზიაა. მით უმეტეს, რომ ზურაბს ამის არანაირი შანსი არ აქვს, არც მასთან მყოფ „კონსერვატორებსა“ და სხვა პოლიტიკურ ძალებს. ამიტომ ცხადია, რომ ჩვენ გარეშე არაფერი მოხდება.
– რა უნდა მოხდეს? რუსეთი დაეხმარება ნოღაიდელს, ჩამოაგდოს სააკაშვილი?
– რუსეთი გადაწყვეტს თავის პრობლემებს და შეიძლება, ნოღაიდელიც დანიშნოს მმართველად. ნოღაიდელის უპირატესობა ის არის, რომ არ აქვს შიდა მხარდაჭერა. ესე იგი, ის დაეყრდნობა მხოლოდ რუსეთს. ჩვენთან გუბერნატორებს ნიშნავენ არა იმ ნიშნით, რომ ისინი სარგებლობენ ადგილობრივი მხარდაჭერით, არამედ – უფრო პირიქით.
– არ ვამბობ, რომ უკეთესია ან უარესი, მაგრამ საქართველო არ არის რუსეთი?
– ჩვენთან მოსკოვი განიხილება, როგორც ყოფილი, შესაძლოა, მომავალი დედაქალაქი ახალი კავშირისა.
– რუსეთ-საქართველოს კავშირისა თუ?
– საერთოდ მთელი საბჭოთა კავშირის.
– თქვენ როგორ შეაფასეთ გიგი უგულავას განცხადება, რომ ნატოზე უარს იტყვის ტერიტორიების სანაცვლოდ?
– უგულავა „გოვორლივი“ ადამიანია. ერთობა ხოლმე რაღაცეების თქმით.
– ანუ წამოცდა?
– ასეთი სიგნალები სააკაშვილის ხალხის მხრიდან ომამდეც მოგვისმენია. მაგრამ ახლა იმას, რასაც ამბობს თბილისის მერი ან, საერთოდ სააკაშვილის ხალხი, აქ არავინ უსმენს.
– იმიტომ რომ სააკაშვილის ხალხია?
– დიახ. მათ შეუძლიათ თქვან, რაც გაუხარდებათ. ეს არაფერზე არ იმოქმედებს.
– რუსეთში მხოლოდ არაპოპულარულ ქართველ ოპოზიციონერებს უსმენენ?
– აქ ძალიან იყვნენ დაინტერესებული, ნინო ჩამოსულიყო. რომ ჩამოსულიყო, მას შესთავაზებდნენ ზემოხსენებულ იარლიყს, მაგრამ ის არ ჩამოვიდა, ესე იგი უკვე პატივს არ სცემენ.
– რატომ აბამს კრემლი კავშირებს სააკაშვილისგან განდგომილ ფიგურებთან? ნოღაიდელი, ბურჯანაძე?
– არ ვარ დარწმუნებული, პუტინს ასე კარგად ესმოდეს შიდა ქართული პოლიტიკა. ვინც მიუყვანა თავისმა გარემოცვამ, იმას შეხვდა. როგორც ჩანს, მისი გარემოცვისთვის ნოღაიდელი მნიშვნელოვანია.
– პუტინი აპირებს შეხვდეს ყველა ქართველ ოპოზიციონერს, ვისაც ამის სურვილი ექნება. მსურველთა დიდი რაოდენობა შეამცირებს ომის საფრთხეს?
– იყო მოსაზრება, რომ კიდევ ვიღაც ჩამოვა, მაგალითად, ლევანი. პუტინი, ალბათ, ყველას არ შეხვდება, თუმცა შეუძლია, ზურაბთან ეს სიტუაცია გადაათამაშონ.
– ანუ ზურაბი შეიძლება, „გადააგდონ“?
– შეიძლება. ის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ან პირიქით, მისგან რაღაც შექმნან. მიუხედავად ამისა, ომის საფრთხე მაინც გაიზრდება: არის მიზანიც და საშუალებაც, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია.
– რუსულ მოტივზე უკვე ისაუბრეთ. საქართველოს ხელისუფლების მოტივი რა შეიძლება, იყოს?
– არ მგონია, რომ ამჯერად საქართველოსგან წამოვიდეს ომის ინიციატივა. თქვენთან სხედან ევროკავშირის დამკვირვებლები და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ყველას დაანახვოს, რომ კარგად იქცევა და ყველაფერი დაბრალდეს რუსეთს. თუმცა რუსეთი ისევ გააჩაღებს საომარ პროპაგანდას, რომ საქართველოს უნდოდა ცხინვალის გადაწვა. არის ასეთი ანეკდოტი, ავტომანქანა გააჩერა „გაიშნიკმა“. მძღოლი ეუბნება, არაფერი დამირღვევიაო და „გაიშნიკი“ პასუხობს, მერე რა, რომ არ დაგირღვევია, ამის გამო ჩემი შვილები მშივრები უნდა ისხდნენო?
– ესე იგი, ან საქართველო ნებაყოფლობით იცვლის თავის ორიენტაციას და უბრუნდება რუსულ წიაღს, ან რუსეთი იპყრობს საქართველოს?
– ჩვენთან სხვადასხვა მოსაზრებებია: ნაწილი ფიქრობს, რომ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ დასავლეთთან, რადგან ამის გარეშე მოდერნიზაციას ვერ გავაკეთებთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იმოქმედებს დასავლეთი. შარშან ამერიკელებმა ზეწოლა გააკეთეს, დაუჯერეს მოსაზრებებს, მათ შორის, ჩემს მოსაზრებებსაც, რომ ომის საფრთხე არსებობდა და იმუშავეს. არ ვიცი, დამიჯერებენ თუ არა ამჯერად. სიმართლე გითხრათ, დასავლეთს ქართველები უკვე მობეზრდა. მეც მოვბეზრდი ჩემი განცხადებებით, რომ ომის საფრთხე იზრდება (იცინის).
– რუსეთის მიზანი რა არის: სააკაშვილის ჩამოგდება თუ საქართველოს ტერიტორიის კიდევ უფრო შემცირება?
– საქმე ეხება ჰეგემონიის აღდგენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, აი, ეს არის ზოგადი სტრატეგია. ამის გაკეთება კი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება: შესაძლოა, გაგზავნო ტანკები, რომ ისინი კიდევ 50 კილომეტრით წაიწიონ წინ და ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია მუშტში გვეყოლება. შესაძლოა, პოლიტიკური, დიპლომატიური მეთოდები გამოიყენონ. რუსეთისთვის სააკაშვილი დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორია. ის არავის მოსწონს რუსეთში, ლატინინას გარდა (იცინის).
– ამბობთ, 50 კილომეტრით წინ წაიწევენო, ეს კი უკვე თბილისია?
– მთავარია, გორთან გადაიკეტოს გზა, რომ გაითიშოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო.
– თქვენ ამბობდით, რომ მოსკოვში სააკაშვილისა და მერაბიშვილის შესაძლებლობები ჯეროვნად ვერ შეაფასესო. დღესაც ისევ იმ აზრზე ხართ? რას ურჩევდით მათ, ორივეს?
– მოემზადონ.
– რისთვის?
– გარღვევისთვის. ომისთვის.
– იმ ომისთვის, რომლის მაქსიმუმიც რუსული ჯარების ბლიც-კრიგის თავიდან აცილებაა?!
– მე არ ვიცი, მათ რა „ზაგატოვკები“ აქვთ. უფრო ადრეც უნდა მომზადებულიყვნენ. ამბობენ, რომ უკვე ყველაფერი იციან და ემზადებიან (იცინის).
– ესე იგი, აპრილს ველოდებით, რომ „გავერთოთ“?
– აპრილამდე შეგვიძლია, დავისვენოთ და მერე ვნახოთ. არ მომეწონა, რომ აპრილში ისევ იწყებენ აქციებს, იმიტომ რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არ არის შარშანდელი პერიოდი და შეიძლება, იქცეს პროვოკაციად შეკვეთით. შეიძლება, ამჯერად აგვისტოსთვის აღარც გადადონ ომის დაწყება და პირდაპირ აპრილში დაიწყოს. საფრთხე მაღალია, პროცენტებს არ ვიტყვი, ჯერ ადრეა. არ მაქვს იმდენად დადასტურებული ინფორმაცია, რომ პროცენტები დავითვალო.