რატომ აღარ იქნება საშუალო განათლება სავალდებულო და რა ბედი ეწევათ მათ, ვინც ვერ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს
საქართველოს მოსწავლე-აბიტურიენტებმა ის-ის იყო, მოიშუშეს განათლების რეფორმის პირველი ტალღით მიყენებული ჭრილობები და რეალობას შეეგუენ, რომ ამოქმედდა რუსთაველის უკვდავი პრინციპი: „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეფორმა) გაახარებს ვისმეს განაო“ და, ახლა უკვე მეორე ტალღამ უწიათ, რომლის მიზანიც პირველ ტალღაში მიღწეულის დანგრევა და ახლის შექმნაა, ოღონდ, ეს „ახალი“ – პირველი ტალღის მიერ დანგრეული ძველია. მოკლედ, ძველია თუ ახალია, 2011 წელს მეთორმეტეკლასელებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, თანაც, იმ საგნებში, რომელთა სკოლაში სწავლება დიდ ეჭვებს ბადებს (თუნდაც ახლა უკვე დაწუნებული ტრიმესტრული სწავლების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების გათვალისწინებით). რა სიახლეები ინერგება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში გამოსაშვები თუ მისაღები გამოცდების კუთხით, – ამ საკითხზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი გვესაუბრება.
– განათლების სისტემა არის ის სფერო, რომელიც უძლებს ასეთ გაუთავებელ ექსპერიმენტებს?
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ექსპერიმენტები ტარდებოდა განათლების სისტემაში, მაგრამ არავინ კამათობს იმაზე, რომ ამ სისტემის რეფორმირება აუცილებელი იყო. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ განათლების სისტემაში თავი უნდა შევიკავოთ რადიკალური ცვლილებებისგან. რადიკალურ ცვლილებებს პირადად მე ევოლუციური გზა მირჩევნია. სიმართლე გითხრათ, განათლების სისტემაში რეფორმა ყველა მიმართულებით დაინერგა და საგამოცდო სისტემა მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ასევე, არასწორია საუბარი იმაზე, რომ რეფორმის პირველი ეტაპის მიზანი მხოლოდ კორუფციის დამარცხება გახლდათ. მიზანი იყო კორუფციის დამარცხებაც, სასწავლო გეგმების შედგენაც, მასწავლებელთა სერტიფიცირებაც, ეფექტური სახელმძღვანელოების შექმნაც. უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება დაიგეგმა და ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი გახლდათ. არავინ დავობს, რომ თვალშისაცემი წარმატება მხოლოდ ამ მიმართულებით მივიღეთ და მას სხვა რეფორმებმა ფეხი ვერ აუბა. ჩვენი მიღწევები ძალიან მიხაროდა 2005 წელს, 2006 წელსაც, 2007-შიც, მაგრამ ექვსი წლის შემდეგაც, კითხვის პასუხად რა გაკეთდა განათლების სისტემაშიო, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასახელება, უკვე აღარ მიხარია, რადგან, ველოდით, რომ განათლების რეფორმის სხვა წარმატებებზეც ვისაუბრებდით.
– თუმცა, მაღალი ტრიბუნიდან ითქვა ისიც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები რისი მაქნისია, გამოდის, რომ მოსწავლეები მხოლოდ 4 საგანს სწავლობენო?
– ვერ დაგეთანხმებით, რადგან, ალბათ, გახსოვთ, რამდენი დისკუსია იყო, რომ, თუნდაც ერთი გამოცდა დაგვემატებინა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და, როგორც იქნა, მივაღწიეთ 4 სავალდებულო გამოცდას. პარალელურად ვცდილობთ იმ ხარვეზების გამოსწორებას, რაც არის საგამოცდო სისტემაში. თუმცა, სასწავლო სისტემის სტიმულირება და მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა საგამოცდო სისტემით კი არ უნდა მოახერხო, არამედ იმ კომპონენტებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. მაგრამ ესეც გზაა: სავალდებულო გახადო საგნების ჩაბარება და ამ გზით აიძულო მოსწავლეს სწავლა. ერთიანი ეროვნული გამოცდები და, თუნდაც, გამოსაშვები გამოცდების სახით ცენტრალიზებული გამოცდები, არ შეიძლება, ხელს უწყობდეს ან უშლიდეს სასწავლო პროცესს. სასწავლო პროცესს ხელს უწყობს ეფექტური სასწავლო გეგმა, ეფექტური სახელმძღვანელოები, კვალიფიციური მასწავლებლები და ასე შემდეგ. საგამოცდო სისტემა არის ამ ყველაფრის შემაჯამებელი საშუალება. მაგრამ ისევ ვიმეორებ, მე კარგად მესმის ამ გადაწყვეტილების არსი – თავიდან იწყება სასწავლო გეგმების რეფორმირება.
– რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმის პირველ ტალღაში შემუშავებული არც სასწავლო გეგმები ვარგოდა, არც სახელმძღვანელოები და არც სწავლების პრინციპი?
– ეს მკაფიოდ ითქვა და ამ საკითხს ნუ დავუბრუნდებით. მე ვამბობ, რომ თავიდან იწყება ახალი სასწავლო გეგმების შედგენა, ადეკვატური სახელმძღვანელოების მომზადება და ასე შემდეგ. ამას დრო სჭირდება, მაგრამ, შესაძლოა, უფრო მალე მოგვცეს ეფექტი.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეისწავლეს ქართველი მოსწავლეების განათლების დონე და წიგნიერება და ჩვენი მომავალი თაობა 45 ქვეყანას შორის ბოლო ოთხეულშია?
– საქართველოში ეს კვლევა ჩვენმა ცენტრმა ჩაატარა და ძალიან მინდა, განვმარტო: არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რადგან ჟურნალისტებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ საქართველო მოხვდა ბოლო მეოთხედში.
– კი ბატონო, გავყოთ 45 4-ზე, გამოდის 11,25, ესე იგი, 45 ქვეყანას შორის ვართ ბოლო ათეულში. ესეც საკმაოდ მძიმე ინფორმაციაა.
– ის, რომ არ გვაქვს კარგი შედეგები ერთი საკითხია, მაგრამ, არც ასე ცუდად გვაქვს საქმე.
– ეს შედეგიც მოწმობს, რომ სასწავლო პროგრამები შესაცვლელია, რადგან ვერ უზრუნველყოფს სწავლებას. ამ ფონზე, მომავალ წელს მოსწავლეებმა 10 გამოსაშვები გამოცდა უნდა ჩააბარონ?! ეჭვგარეშეა, რომ მოსწავლემ სკოლაში საშუალო განათლება უნდა მიიღოს, მაგრამ სახელმწიფოს, რომელმაც მას არაფერი ასწავლა 11 წლის განმავლობაში, რა მორალური და სამართლებრივი საფუძველი აქვს, მოითხოვოს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება?
– მოდი, სხვა კუთხით შევხედოთ საკითხს. 10 გამოცდა, ალბათ, არ იქნება, სავარაუდოდ, 8 გამოცდაზე შევჩერდებით და საუბარია იმაზე, რომ გადაილახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. იმ სავალდებულო საგნებში, რომლებიც სკოლაში 12 წლის განმავლობაში ისწავლება, მოსწავლემ უნდა დაასაბუთოს, რომ აქვს მინიმუმზე მინიმუმი ზოგადი განათლება.
– იცოდეს, რომ 2-ს პლუს 2 არის ოთხი და 3-ჯერ 3 – 9?
– არა, ასე უტრირებულად ნუ მიუდგებით ამ საკითხს, ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლება არ იქნება მინიმალური კომპეტენციის დადგენის კრიტერიუმი. საუბარია იმ მინიმალურ სტანდარტზე, როელიც მარტივად დაიძლევა მომავალი ერთი წლის განმავლობაში. უბრალოდ, ჩვენს მეთერთმეტეკლასელებს ნამდვილად მოუწევთ დიდი შრომა, რაშიც უდიდესი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სკოლამ. ბუნებრივია, ჩვენც, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომ ყველაზე ნაკლებად მოსწავლე დაიჩაგროს და ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა არ გაუჭირდეთ.
– ცნობილია, რომ სწავლება, ცოდნის მიღება არის პროცესი, უწყვეტი და თანმიმდევრული. როდესაც მოსწავლეს წლების განმავლობაში არ უსწავლია ფიზიკა, ქიმია, ალგებრა-გეომეტრია, შეიძლება, რაიმე ასწავლო ერთ წელიწადში ისე, რომ გამოცდა ჩააბაროს?
– გამოცდა რომ ჩააბაროს, შესაძლებელია.
– თუ ცოდნის შემოწმება არ არის მთავარი, მაშინ, რა საჭიროა ისეთი გამოსაშვები გამოცდა, რომელიც არა რეალურ ცოდნას, არამედ რაღაც გაუგებარ მინიმალურ დონეს ამოწმებს? ფაქტობრივად, მათ ხომ მაინც არ ეცოდინებათ ის საგნები?
– წინასწარ ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ადეკვატურად დავადგინოთ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. არა მგონია, არსებობდეს მშობელი, რომელსაც არ უნდოდეს, რომ მის შვილს, რომელიც 12 წლის განმავლობაში სკოლაში დადიოდა, არ ჰქონდეს ზოგადი განათლება.
– მეც ამას ვამბობ: გამოსაშვები გამოცდები, რომლებიც 2011 წელს უნდა ჩატარდეს, ცოდნას ვერ შეამოწმებს, იმიტომ რომ, გამოცდაჩაბარებულ მოსწავლეებს ცოდნა მაინც არ ექნებათ?
– ამას, ბუნებრივია, არ ეყოფა წელიწადი და წელიწად-ნახევარი. მე არ ვარ გამოსაშვები გამოცდების წინააღმდეგი, მაგრამ, ამ საკითხზე მსჯელობისას, გამოცდების 2011 წელს ჩატარების წინააღმდეგი ვიყავი. პირადად მე მეტ დროს მივცემდი მოსწავლეებს და ჩვენც უფრო მეტი დრო გვექნებოდა, რომ ადეკვატურად და კარგად მოვმზადებულიყავით. ახლა იძულებული ვართ, ამ წელიწად-ნახევარში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არსებულ რეალობას მოვარგოთ და, პარალელურად, პრიმიტიული არ გავხადოთ. ეს არ არის მარტივი საქმე, მართლაც, თავაუღებლად ვმუშაობთ.
– ძალიან ღელავენ ჩვენი მეთერთმეტეკლასელები. თუ არის ცნობილი, რა საგნების ჩაბარება მოუწევთ და ტექნიკურად როგორ განხორციელდება ეს?
– საგნების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია; ერთ-ერთი უცხო ენა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში ორი უცხო ენაა სავალდებულო; მაგრამ, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ რაიონებში ხშირად მხოლოდ ერთი უცხო ენის მასწავლებელი ჰყავთ.
– მაპატიეთ, უნდა გაგაწყვეტინოთ: ეს ის ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგიაა, რომლებსაც ტრიმესტრულად ასწავლიდნენ და რეალურად წელიწადში ორ-ორი გაკვეთილი რომ უტარდებოდათ?
– ჩემი მხრიდან, დავაწყნარებ მშობლებსა და მოსწავლეებს, რომ ჩვენ არ ვისხდებით კაბინეტებში და აქ არ გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ფიზიკისა და ქიმიის გამოცდა. შევარჩევთ ტესტურ დავალებებს – ისევ ჩვენს მოსწავლეებზე გამოვცდით და ამის მიხედვით შევარჩევთ. ეს სამუშაო წინ გვაქვს. წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი იმაზე, რა და როგორ იქნება. მაგრამ, ყველანაირად ვეცდებით, რომ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინოთ. რაც ყველაზე მთავარია: ტესტური დავალებების აპრობაციები დაგეგმილი გვაქვს აპრილ-მაისში, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, როგორი მომზადების დონეა სკოლებში და სექტემბრიდან ყველა მოსწავლესა და სკოლას უკვე დეტალური ინფორმაცია ექნებათ, როგორი იქნება ტესტების ფორმატი, რას გულისხმობს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამდენად, სკოლებს ექნება ერთი წელი იმისთვის, რომ მოსწავლეები მოამზადონ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადასალახავად.
– გამოსაშვები გამოცდების პროცედურა როგორ ჩატარდება?
– იცით, რომ ამ ცენტრალიზებული გამოცდის ერთი მიზანია ატესტატების გაცემა, ანუ მოსწავლეთა სერტიფიცირება და, მეორე – მათი სელექცია უმაღლეს სასწავლებლებში. მეთორმეტეკლასელი, თუ მას სურს სწავლის უმაღლესში გაგრძელება, ჩვეულებისამებრ, ჩვენთან გაივლის რეგისტრაციას – შეავსებს განაცხადს, აირჩევს სასურველ ფაკულტეტებს და ასე შემდეგ. ისინი, ვისაც არ სურს უმაღლესში ჩაბარება და მხოლოდ ატესტატის აღება უნდა, რეგისტრაციას ცალკე გაივლიან. საბოლოოდ, სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა ეს მოსწავლე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდება. ერთ დღეს ჩაბარდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, მეორე დღეს – მათემატიკის და ასე შემდეგ. ისინი, ვისაც უმაღლესში უნდათ ჩაბარება, ბუნებრივია, დამატებით ჩააბარებენ უნარ-ჩვევების გამოცდასაც. ანუ, ერთი საგნის ჩასაბარებლად მოსწავლეს ერთხელ მოუწევს მისვლა. შემდეგ უკვე ელოდება შედეგებს. ის, ვინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა საგანში, ავტომატურად იღებს მონაწილეობას კონკურსში, ოღონდ, იმ ოთხი გამოცდის შედეგებით, რომლებიც მითითებული აქვს.
– გასული წლის ჩათვლით, ერთ-ერთი მეოთხე, ასარჩევი საგანი იყო ქართული ლიტერატურა. როგორც მივხვდი, ქართული ლიტერატურა აღარ იქნება ცალკე საგამოცდო საგანი?
– წელს უკვე ყველა საგანი ცალ-ცალკე ბარდება, ასე იქნება მომავალ წელსაც. რაც შეეხება ქართული ლიტერატურის გამოცდას: ჩემი ვარაუდით, ალბათ, დავუბრუნდებით 2005 წლის მდგომარეობას, როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი თანაბრად იყო ფოკუსირებული ენასა და ლიტერატურაზე. შემდეგ, რადგან არაქართულენოვან აბიტურიენტებს უჭირდათ ამ ტესტის დაძლევა, იძულებული გავხდით, ფორმატი შეგვეცვალა – მართალია, სავალდებულო იყო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მაგრამ ტესტი ფოკუსირებული იყო ენობრივი კომპეტენციის შესაფასებლად და ლიტერატურის ცოდნას ისე, როგორც ეს საჭირო იყო, არ ამოწმებდა. ამიტომ დავამატეთ ცალკე გამოცდად ქართული ლიტერატურა, შესაძლებელია, რომ მომავალში ტესტმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში სრულფასოვნად შეაფასოს ლიტერატურის ცოდნაც.
– მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ნანახი მაქვს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები და მგონია, რომ ლიტერატურა თანაბრად იყო წარმოდგენილი, თემის დაწერაც სავალდებულო იყო. ვთქვათ, ისეა, როგორც თქვენ ამბობთ, ესე იგი, ამ მეორე ტალღას ახლა ქართული ლიტერატურის გამოცდა შეეწირა?
– არ შეეწირა, იმიტომ რომ, ქართული ლიტერატურა ენისა და ლიტერატურის ტესტში გაძლიერებულად შევა. ეს ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება.
– ერთიანი ეროვნული გამოცდები ფასიანი იყო, გამოსაშვები გამოცდებიც ფასიანი იქნება?
– ის, ვინც აპირებს სწავლის გაგრძელებას, გადაიხდის თანხას; მას, ვისაც მხოლოდ ატესტატი უნდა, თანხა არ ექნება გადასახდელი.
– 2011 წელს იქნებიან წინა წლებში სკოლადამთავრებული აბიტურიენტებიც, ისინი სად და როგორ ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს?
– ჩააბარებენ ჩვეულებრივად, მათაც ისეთივე ტესტები ექნებათ. ძალიან დეტალურად გიამბეთ ჩვენი სამზარეულოს შესახებ, შესაძლოა, ეს არც იყოს მკითხველისთვის საინტერესო.
– პირიქით, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება მკითხველისთვის.
– ერთი სიტყვით, 2011 წელს მეთორმეტეკლასელი ერთხელ გავა ერთი საგნის გამოცდაზე და ერთდროულად ატესტატსაც აიღებს და სელექციაშიც მიიღებს მონაწილეობას. ზუსტად ვიცი, რომ ოპონენტები გაგვაკრიტიკებენ როგორ შეიძლება, ერთი ტესტი ორი მიზნისთვის გამოიყენონო, მაგრამ ტესტში ცალკეა სასერტიფიკაციო მიზნები და ცალკე – სასელექციო მიზნები. მოსწავლისთვის ეს იქნება ერთი ტესტი, ის გამოცდაზე ერთ ტესტს აიღებს, მაგრამ, იმისთვის, რომ ატესტატი მიიღოს, მხოლოდ სასერტიფიკაციო ნაწილს შეავსებს, თუ მას უნდა მონაწილეობის მიღება სელექციაში, უფრო ფართო ტესტს უნდა უპასუხოს.
– უცბად რომ აღმოჩნდეს ოთხი-ხუთი წლის შემდეგ, რომ ამ მიდგომამაც არ გაამართლა, მერე რა ვქნათ?
– ოთხიოდე და ხუთიოდე წლის შემდეგ შეიძლება, გაამართლოს იმ სასწავლო პროგრამებმა, რომელთა რეფორმირებაზეც ახლა დაიწყო მუშაობა. არ უნდა ვიყოთ პესიმისტები.
– მე არ ვარ პესიმისტი, პირიქით, რეალისტი ვარ: ის, რაზეც ბოლო 5 წელია, გვიმტკიცებდნენ, დიდად წარმატებული რამააო, თურმე წარუმატებელი ყოფილა?!
– ჩვენ საგამოცდო სისტემაზე ვსაუბრობთ, ეს უფრო მოდიფიცირებული სისტემაა, ამკაცრებს ატესტატის მიღებას, აიძულებს მოსწავლეს, წიგნი დაიჭიროს ხელში, მასწავლებელს აიძულებს, კარგად ასწავლოს. თავიდანვე აღვნიშნე, რომ მთავარი და მნიშვნელოვანია, იქ გამოვასწოროთ, სადაც უამრავი ხარვეზი აღმოჩნდა: უნდა შეიქმნას ადეკვატური სასწავლო გეგმები, შესაბამისი ეფექტური სახელმძღვანელოები და მოვახერხოთ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. უამრავ ქვეყანაში ტარდება გამოსაშვები გამოცდები ცენტრალიზებული ფორმით. შემიძლია, გიპასუხოთ იმ ნაწილზე, რაც საგამოცდო სისტემას ეხება: საგამოცდო სისტემა არ არის ის, რაც პირდაპირ უკავშირდება განათლების სტიმულირებას. ხშირად ისმის ოპონენტებისგან, რა საჭიროა ამდენი გამოცდაო. ეს უკვე საკითხის არასწორად დაყენებაა. სასწავლო პროცესის სტიმულირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მივხედავთ სასწავლო პროცესს, მხოლოდ საგამოცდო სისტემის მოდიფიცირება სწავლებას ვერ გამოასწორებს.
– როგორც მივხვდი, აღორძინების გზაზეა კიდევ ერთი ტრადიცია – პროფსასწავლებლები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში კარგი სანტექნიკოსი ან ელექტრიკოსი უკვე დიდი ფუფუნებაა, ეს მართლაც დროულია. ამაზე რას გვეტყვით?
– არ ვიცი, სადაურია ეს ტრადიცია, მაგრამ ეს განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია. დავიწყოთ იქიდან, რომ ქვეყანას მართლაც სჭირდება ამ სახის სპეციალისტები და ამ რგოლის ამოვარდნა დიდი ხარვეზი იყო. თუ ეს აღორძინდა, მისასალმებელია, რადგან ამ სფეროს ყველგან სათანადო ყურადღება ექცევა. რადგან, როდესაც სპეციალისტებს ეძებ ქვეყნის გარეთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დიდი ნაკლი აქვს განათლების სისტემას. ჩვენ ვსაუბრობთ საშუალო პროფესიულ სასწავლებლებზე. ასეთი სასწავლებლის დამთავრებას არ სჭირდება საშუალო განათლება, მას საბაზოც ჰყოფნის, ანუ მეცხრე კლასის შემდეგაც შეუძლიათ მოსწავლეებს, ამ მიმართულებით განაგრძონ სწავლა. თუ მოსწავლე გადაწყვეტს, რომ 12 წელი ისწავლოს, არავინ დაუშლის, მაგრამ, თუ არ უნდა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, საშუალო პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად 9 კლასის განათლებაც საკმარისია და შეიძლება საუბარი იმაზე, რომ მიეცეს რაღაც ფორმის სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ მოისმინა 9 კლასი ან 12 კლასი.
– თქვენ, როგორც პროფესიონალი, რა სტრატეგიულ მიზნებს ხედავთ ამ რეფორმებად წოდებულ ცვლილებებში, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ აუარესებს განათლების დონეს? ყველანი რომ ბარმენები და მოსამსახურეები გავხდეთ თუ ის, რომ კარგი ხელოსანი სჯობია, მაგალითად, ცუდ ექიმს?
– ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე: არის თუ არა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ჰქონდეს ზოგადი განათლება. თუ ყველანი შევთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ისმის მეორე კითხვა: რას ვგულისხმობთ ზოგად განათლებაში? მე ხშირად ვისმენ ასეთ მოსაზრებებს: მომავალი ჟურნალისტი ან ფილოლოგი ვარ და რა ჯანდაბად მინდა ფიზიკისა და ქიმიის ცოდნაო.
– როგორ არ უნდა? თუნდაც იმიტომ, რომ შტეფსელში თითები არ შეყოს?
– რა თქმა უნდა, ამ საგნების ფუნდამენტური ცოდნა არ დასჭირდება მომავალ ფილოლოგს, მაგრამ, რა უნდა იცოდეს ფიზიკიდან, რაც გამოადგება?! ამას სჭირდება ექსპერტებისა და სპეციალისტების მუშაობა, მაგრამ შეთანხმება აუცილებელია: რა ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილი ჩვენი ბავშვები, როდესაც სკოლას დაამთავრებენ?! არ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს 20 კვადრატული მეტრი?!