გავისმქნეველნი
საფრთხობელა
ვიდრე ჩვენ გავას ვაქნევთ, ცხინვალში დაბუდებულმა ჯაყოებმა ახალი ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენეს. კერძოდ, გუდაურის ხეობის მიმდებარე ტერიტორიას (გუდას ხეობას) მოითხოვენ („ეტო სობსტვენნოსტ იუჟნოი ოსეტიიო“). უქმად არც ჩრდილოეთ ოსეთია – მას თრუსოს ხეობა მოსდომებია. ვინმე იური ძიცოითის აზრით (ჩემთვის – ვინმე, მათთვის – „პარლამენტის წევრი“), გუდას ხეობა ყოველთვის „იუჟნაია ოსეტია“ იყო, თრუსოს ხეობა კი – ჩრდილო ოსეთიო. მეტიც, ბრალსაც გვდებს, ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოსებს ეს ხეობები დაეტოვებინათო. ამიტომაც, თავდაპირველად, იქ ოსური მოსახლეობის დაბრუნებას ითხოვენ, შემდეგ კი – პატრონებისთვის (ჩრდილოეთ და „იუჟნაია ოსეტიასთვის“) დაბრუნებას. უფრო შორსაც მიდის (ან კი რატომ არ წავა, ჩვენი მზარეულების შეეშინდება თუ „მისტერების?!“), ახალგორში ქართველები არასდროს ცხოვრობდნენ, ისევე, როგორც დიდი ლიახვის ხეობაშიო. ციტატა ძუცოითის ნააზრევიდან: „იმედია, ქართველებად არ თვლიან ლენინგორელ სომხებს, რომლებმაც გადაიკეთეს გვარები და თამარაშენში ცხოვრობდნენ.“ თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ბრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იმით ამოიწურება, რომ სკოლის მოსწავლეებს ვაწერინებთ თემებს, სახელწოდებით: „ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია“ და ზედაც დავამატებთ, რომ ჯაყომ, რაც დაგვპირდა, ყველაფერი აგვისრულა (ჩვენ ცხვირწინ აღადგინა „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიული მთლიანობა!), არ არის გამორიცხული, სურვილები ამჯერადაც რეალობად აქციონ. ხოლო, რაკი ჩვენი ლამის უკვე ბოსტანშიც კი აღარ ეშინიათ ჩიტებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ, თუ ეს მოხდა, მტრის ჯინაზე, ჩვენი „მისტერები“ გავებს უფრო ენერგიულად გააქნევენ, პატივცემულ რეჟისორ ცინცაძეს კი (შესაძლოა, სხვებსაც) სევდის გასაქარვებლად იქნებ ახალი ეროტიკული ფანტაზიებიც მოეძალოს.