რკინისქალამნიანი – ბაზრობებზე
„მოვაჭრეთა წყლული მაჩნდეს წყლულად“
გასულ კვირას თბილისის ცენტრს მცირე მეწარმეებისა და წვრილ-წვრილ მოვაჭრეთა მცირე, მაგრამ მაინც პროტესტმა გადაუარა (ბუნებრივია, ეს ფაქტი საერთო მაუწყებლებს გამოეპარათ, მათ საერთოდ ეპარებათ, თუკი ავანსცენას რომელიმე ჩინოვნიკი არ ამშვენებს), რომელსაც „ხალხის პარტიის“ ლიდერი ბ-ნი დავითაშვილი ორგანიზატორობდა. პროტესტი ახალმა საგადასახადო ნოვაციამ გამოიწვია, რის მიხედვითაც, არასწორად შედგენილი სასაქონლო ზედნადების გამო წვრილ-წვრილ მეწარმეებს სოლიდური თანხით აჯარიმებდნენ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეული მეწარმე დააჯარიმეს, არა მხოლოდ საბითუმო მაღაზიებში კი პროდუქციის შეტანა საერთოდაც შეწყდა (საგადასახადო ინსპექტორების შიშით), ფინანსთა მინისტრმა ბ-ნ დავითაშვილს დეზინფორმაციაში დასდო ბრალი – კანონში არსად წერია, რომ ეს ნორმა წვრილ და ინდმეწარმეებს ეხებათო, თუმცა, არც ბ-ნი დავითაშვილი დარჩენია ვალში, რაკი არ იკრძალება, ესე იგი, ეხებათო. ამიტომაც ბ-ნმა ბაინდურაშვილმა რკინის ქალამანი ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა და საკუთარი ორთავ ფეხით შემოიარა ბაზრობები. ბუნებრივია, შემოივლიდა, რადგან არჩევნები ყურისძირშია, ლამის მთელი საქართველო კი იყიდე-გაყიდეთია დაკავებული. მეორე მხრივ, მართალია, ბ-ნი დავითაშვილი ბ-ნმა ბაინდურაშვილმა პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა, მაგრამ წერილობითი ჩვენება მაინც მისცა (დედას გეფიცებით, მამას გეფიცებით, წვრილ მეწარმეებს სასაქონლო ზედნადების შევსებას არ მოვთხოვთო). უფრო მეტიც, მოვაჭრეებთან მჭიდრო კონტაქტის მიზნით მედიასაბჭოც შეიქმნა (რათა ფინანსთა მინისტრს „მოვაჭრეთა წყლული აჩნდეს წყლულად“) და უახლოეს მომავალში საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვაც დაიწყება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მოარული ხმებით, საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვა და სარეკლამო რგოლების ტელეეთერით განთავსება ორი კურდღლის დაჭერის შესაძლებლობაა: ჯერ ერთი, ფულის დახარჯვის საშუალებასაც იძლევა (ანუ სარფიანია) და, რაც მთავარია, საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისასაც (როგორი გულისხმიერებით ეკიდება მთავრობა მოქალაქეთა გულისტკივილს), არც ისაა გამორიცხული, ის ზემოხსენებული ათეული მოვაჭრე საგადასახადოს აი, ამ ბედნიერი ფინალის დადგომის მიზნით დაეჯარიმებინა, რადგან ხერხი სჯობია ღონესა, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახლოს არჩევნებია.